ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნინო ჩიჩუა ალის გი-ბლაშეს შესახებ

ნინო ჩიჩუა, 24 წლის, დაამთავრა ნიუ იორკის უნივერსიტეტის, ტიშ ხელოვნების სკოლა, კინოწარმოების ფაკულტეტი. საქართველოში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა Creative Initiatives, რომლის მიზანიცაა კულტურის და სახელოვნებო ტრადიციების კომერციალიზაცია, და ამ გზით, ქვეყანაში სახელოვნებო ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა.

დიდი იდეა: კინემატოგრაფი. როცა ადამიანები მიხვდნენ, რომ მოძრავი რეალობის აღბეჭდვა და გაშუქება შეუძლიათ. კინემატოგრაფმა თანამედროვე გართობის ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი.

მასზე პირველად შემთხვევით სტუდენტობისას გავიგე, მაგრამ არა სახელმძღვანელოებიდან ან პროფესორებისგან, რატომღაც ის ისტორიის და ოფიციალური განათლების სისტემის მიღმა რჩება. გავიგე მათგან, ვინც ალისზე დოკუმენტური ფილმის გაკეთება გადაწყვიტა.

ალის გი-ბლაშემ 1894 წელს საფრანგეთში გიმონტის (Gaumont) კინოკომპანიის მდივნობით დაიწყო, ორ წელიწადში უკვე რეჟისორი გახდა, შემდეგ კომპანიის კინოწარმოების ხელმძღვანელი და ბოლოს საკუთარი, ჰოლივუდის განვითარებამდე ყველაზე დიდი, კინოსტუდია ნიუ იორკის შტატში, „სოლაქსი“ (Solax) დააფუძნა. ბლანშემ პირველმა გადაიღო სიუჟეტის მქონე ფილმი („კომბოსტოს ფერია“), პირველმა გამოიყენა ფირის ხელით გაფერადების, სინქრონიზებული მუსიკისა და სპეცეფექტების ტექნიკები. ეს ყველაფერი მაშინ, როცა შეერთებულ შტატებში ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ალის გის ბიოგრაფია ამტკიცებს, რომ ისტორიულად იყვნენ ქალი ლიდერები, ქალი ინოვატორები. ბევრი მისი თანამედროვე ალბათ ფიქრობდა, რომ ის წარმოუდგენელ საქმეს ეჭიდებოდა. მან საკუთარი ხედვითა და ექსპერიმენტებით სულ ახლადწარმოშობილ სფეროში გაკვალა გზა.

კინოინდუსტრიამ, რომლის შექმნაშიც ალის გის დიდი წვლილი აქვს, დაივიწყა ის. მისი გადაღებული სამასამდე ფილმიდან ბევრი დაკარგული ეგონათ, მაგრამ საბედნიეროდ, ცოტა ხნის წინ, დიდი ნაწილი თავიდან აღმოაჩინეს. ისტორია მუდამ ახალი ფაქტებით, გამოტოვებული ფრაგმენტებით ივსება. და გასახარია, როცა ამ ფრაგმენტებში, მოულოდნელად, ალის გი-ბლაშესნაირ ინსპირაციულ ფიგურებს გადავაწყდებით ხოლმე.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა