ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნობელის პოლიტიკა დღეს | ტატო ანთაძე

1976 წელს, ნობელის პრემიის ცერემონიაზე, ერთ-ერთი გამპროტესტებელი დაცვამ კონვენციიდან ძალით გაიყვანა, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა პრემიის იმდროინდელ ლაურეატს, მილტონ ფრიდმანს დაუყვირა, „ფრიდმან წადი სახლში“.  მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს, მის გარშემო დისკუსია და კრიტიკა არ წყდება.

პრემია შვედი ქიმიკოსის და გამომგონებლის, ალფრედ ნობელის ანდერძის მიხედვით შეიქმნა. ამ უკანასკნელმა, თავისი ქონების 94% პროცენტი ნობელის ფონდს დაუტოვა, კერძო ორგანიზაციას, რომელიც 1900 წელს დაარსდა. ერთი წლის შემდეგ, ნობელის პრემია პირველად გაიცა ქიმიის, ლიტერატურის, მშვიდობის, ფიზიკის, ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგებში.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დარგებში პრიზს სხვადასხვა ორგანიზაციები გასცემენ, მაგალითად შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია პრემიას ქიმიის და ფიზიკის დარგებში გასცემს, ხოლო კაროლინსკას ინსტიტუტი ფიზიოლოგიის და მედიცინის. ნორვეგიის ნობელის კომიტეტი ლაურეატებს მშვიდობის დარგში არჩევს, შვედეთის აკადემია კი ლიტერატურაში.

1968 წელს ნობელის პრემიას კიდევ ერთი დარგი დაემატა, ეკონომიკური მეცნიერებები, რომლის ლეგიტიმურობა დღემდე დისკუსიის საგანია. ამის მიზეზებს ოდნავ მოგვიანებით განვიხილავ.

ნობელის ანდერძის მიხედვით, რომელიც მან 1895 წელს დატოვა, პრემია უნდა გადასცემოდათ მათ, „ვინც, წლების მანძილზე ყველაზე დიდი სარგებელი მოუტანეს კაცობრიობას“.  ალბათ აშკარაა, რომ კაცობრიობისთვის მოტანილი სარგებლის განსაზღვრა ცოტა რთული რამაა და სწორედ ამ სენტიმენტის გამოა ხშირად ნობელის პრემია გაკრიტიკებული.

ნობელიანტი გენიოსის არქეტიპი

ნობელის პრემიის ისტორიას თუ გადახედავთ, განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, აღმოაჩენთ, რომ უამრავი მნიშვნელოვანი აღმოჩენისთვის პრემიის მინიჭება ცოტა დაგვიანებით ხდება. მაგალითად, სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარი პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში 1983 წელს გახდა, როცა მისი ნაშრომი, რომლისთვისაც მან ჯილდო მიიღო, 1930-იან წლებში დაიწერა.

იყო შემთხვევა, როცა ჯილდო გაიცა, მაგრამ გაკეთებული აღმოჩენა გამცდარდა. მაგალითად, იოჰანეს ფიბიგერმა ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში პრიზი 1926 წელს მიიღო, რადგან მან თითქოს კიბოს გამომწვევი პარაზიტი აღმოაჩინა. 1928 წელს, მეცნიერის სიკვდილის შემდეგ, ხელახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიბიგერის კვლევა მცდარი იყო.

ნობელის პრემია  პოპულარულ კულტურაში თითქოს მეცნიერების ოსკარებად დამკვიდრდა. ბევრი ნახულობს ვინ მიიღო პრემია და რატომ, იმის მიუხედავად აინტერესებთ თუ არა რომელიმე სამეცნიერო დარგი ან კვლევა. ბევრმა ისიც არ იცის, რომ აინშტაინს ნობელის პრემია ზოგადი ფარდობითობის თეორიისთვის არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ფარდობითობის თეორიამ ფიზიკაში რევოლუცია მოახდინა. აინშტაინი პრემიით ფოტოელექტრული ეფექტის აღმოჩენის გამო დაჯილდოვდა.

როცა მეცნიერებას გვერდიდან უყურებ, მას რაღაცნაირი ხიბლი აქვს. შეამჩნევდით, რომ განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი დარგები, სადაც მკვლევრები „დიდი კითხვებისთვის“ ცდილობენ პასუხის გაცემას: როგორ შეიქმნა სამყარო? რა იყო დიდ აფეთქებამდე? რა ხდება შავ ხვრელში? და ა.შ. თითქოს, ასეთი დიადი კითხვებით შეპყრობილი ადამიანები გულანთებულად ბჭობენ ან საათობით წერენ რაღაც სიმბოლოებს ფურცელზე. შემდეგ კი ერთი, განსაკუთრებული ინდივიდი გამოჩნდება, რომელიც შესძახებს „ევრიკა“ და მსოფლიოს თავდაყირა დააყენებს.

მეცნიერებისადმი მსგავსი დამოკიდებულება ძალიან მიამიტურია, ხშირად საკმაოდ საშიშიც. სინამდვილეში აღმოჩენებს ერთეული „გენიოსები“ იშვიათად აკეთებენ, მათი კვლევა მნიშვნელოვნად ეყრდნობა სხვების სამეცნიერო საქმიანობას და პირიქით. საბუნებისმეტყველო მეცნიერება მთლიანად კოლაბორაციული დისციპლინაა. უშუალოდ საქმიანობა კი არც ისეთი პოეტური, როგორიც ეს ხალხს ხშირად ეჩვენება. ნებისმიერი სამეცნიერო კვლევა, განსაკუთრებით კი თეორიულ ფიზიკაში, ძალიან ბევრ მონოტონურ შრომას მოითხოვს და მუშაობის ყველაზე დიდი წილი ალბათ სტატიებზე საათობით მიშტერება და შფოთვაა იმის გამო, რომ „რაღაც არ გამოდის“.

„ნობელიანტი გენიოსის“ მითი, როგორც აღვნიშნე საშიშიც შეიძლება იყოს. ამის ნათელი ილუსტრაციაა ლაინუს პოლინგი, ბიოქიმიკოსი, რომელსაც ორი ნობელის პრემია აქვს. ის კვანტური ქიმიის და მოლეკულური ბიოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. პოლინგი შეპყრობილი იყო „ორთომოლეკულური მედიცინით“ და ამტკიცებდა, რომ ვიტამინების გიგანტური დოზების მიღებით, რიგი დაავადებების, მათ შორის კიბოს განკურნვა შეიძლებოდა.

პოლინგის ეს თეორია სამეცნიერო წრეებში პოპულარული არ ყოფილა, რადგან მისი კვლევების გამეორება ხშირად ვერ ხერხდებოდა და აშშ-ის პედიატრთა აკადემიის აზრით, ის საფრთხის შემცველი იყო. თუმცა, რადგან პოლინგი ცნობილ და გენიოს მეცნიერად მოიაზრებოდა, ბევრმა, განსაკუთრებით კი აშშ-ში, პოლინგის ფსევდო მეცნიერება ირწმუნა. ვიტამინების მუდმივი, გიგანტური დოზების მიღება ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის და ამ ფსევდო სამეცნიერო დებულებებს ბევრი ემსხვერპლა.

მაინც რა არისსასარგებლოაღმოჩენა?

ალფრედ ნობელის ანდერძის მიხედვით, პრემია მათ უნდა მიიღონ, „ვინც, წლების მანძილზე ყველაზე დიდი სარგებელი მოუტანეს კაცობრიობას“.  აშკარა უნდა იყოს, რომ კაცობრიობისთვის მოტანილი სარგებელი ძალიან სუბიექტური ცნებაა და ხშირად, ნობელის პრემიით დაჯილდოებულ მეცნიერებს, კაცობრიობისთვის მაინცდამაინც დიდი სარგებელი არ მოუტანიათ.

ეინდჰოვენის უნივერსიტეტის მკვლევრები, კრისტოფ ბარტნეკი და მატიას რაუტერბერგი მიიჩნევენ, რომ ნობელის პრემია ძირითადად აღმოჩენებისთვის გაიცემა და არა გამოგონებებისთვის, რაც ალფრედ ნობელის თავდაპირველ ხედვას აცდენილია.

რაც არუნდა თვალისმომჭრელი იყოს თეორიულ ფიზიკაში გაკეთებული აბსტრაქტული აღმოჩენები, მათ ისეთივე „რეალური სარგებელი“ ნაკლებად მოაქვთ კაცობრიობისთვის, როგორც გარკვეულ გამოგონებებს, როგორიცაა მაგალითად ტელეფონი ან მსოფლიო აბლაბუდა (World Wide Web), თუმცა მათ გამომგონებლებს ნობელის ჯილდო არ მიუღიათ

მსგავსი, ვფიქრობ უფრო პოტენტური კრიტიკა ვრცელდება ჯილდოზე ეკონომიკურ მეცნიერებებში. ეს უკანასკნელი, ნობელის პრემიის ისტორიაში შედარებით ახალია, ის შვედეთის ცენტრალური ბანკის ინიციატივით 1968 წელს შეიქმნა და შეიძლება ითქვას, ყველაზე ხშირად არის გაკრიტიკებული, მშვიდობის დარგში გაცემული პრემიების შემდეგ.

წლევანდელი ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში დევიდ კარდმა, ჯოშუა . ანგრისტმა და გუიდო . იმბენსმა მიიღეს. ფართო პუბლიკისთვის სავარაუდოდ განსაკუთრებით ყურადსაღებია დევიდ კარდის მრავალწლიანი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მინიმალური ხელფასის გაზრდას ისეთი ეფექტი არ აქვს შრომით ბაზარზე, როგორიც აქამდე გვეგონა. მაგალითად, კარდის კვლევა მიანიშნებს, რომ მინიმალური ხელფასის ზრდა სამსახურების დაკარგვას მაინცდამაინც არ განაპირობებს. თუმცა, რადგან მინიმალური ხელფასი საკმაოდ პოლიტიზებული საკითხია, წლევანდელი პრემიის ლეგიტიმურობაზე დავა არ წყდება.

კარდის კვლევა პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია და პოტენციურად ძალიან სასარგებლო, თუმცა ხშირად ეკონომიკურ მეცნიერებებში გაცემული ჯილდოები კრიტიკის საგანი იმიტომაა, რომ პრემიით დაჯილდოებული მეცნიერები მაინცდამაინც „სასარგებლო აღმოჩენებს“ არ აკეთებენ, მათი კვლევა ძირითადად ძალიან აბსტრაქტულია და მხოლოდ ეკონომისტებისთვისაა საინტერესო.

ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე და მშვიდობა მშვიდობის გარეშე

2019 წელს ნობელის პრემია ეკონომიკური მეცნიერებების დარგში ორმა ეკონომისტმა, პოლ მილგრომმა და რობერტ ვილსონმა მიიღო „აუქციონის თეორიის გაუმჯობესებისთვის და აუქციონის ახალი ფორმატების მოფიქრებისთვის“.

Bank of England-ის ყოფილი ეკონომისტის, დევიდ ბლენჩფლაუერის თქმით, „ეკონომიკაში ნობელის პრემია კიდევ ერთხელ რამდენიმე მოხუცმა თეთრკანიანმა კაცმა მიიღო, რომლებმაც წლების წინ ეზოთერული მათემატიკური ფორმულები გამოაქვეყნეს, რასაც არანაირი გავლენა არ აქვს ჩვეულებრივ ადამიანებზე“.

აუქციონის „ახალი ფორმატები“ მართლაც მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეკონომიკის ძალიან ვიწრო არეალში. მაგალითად, დასავლეთში „უსადენო სპექტრის“ გაყიდვა სწორედ ახალი აუქციონის ფორმატით ხდება. უსადენო სპექტრის გაყიდვაში იგულისხმება მაგალითად კომპანიისთვის 3G ინტერნეტის დისტრიბუციის უფლების მიყიდვა.

სპექტრის ახლებური „გაყიდვის“ მაგალითები პირველად არც ისე დიდი ხნის წინ ვიხილეთ, როცა მთავრობის მფლობელობაში არსებული 3G სპექტრის დისტრიბუციის უფლება კომპანიებმა Sprint და Verizon-მა 2002 წელს მოიპოვეს. ეს გარიგება მთავრობისთვის ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. აუქციონის თეორიის არსი სწორედ აქ იმალება, „როგორ გავყიდოთ რაღაც უსაფრთხოდ და მომგებიანად“, თუმცა რასაც ეკონომიკური თეორიები ხშირად არ ითვალისწინებენ, პოლიტიკაა.

მაგალითად, აშშ-ში „ინტერნეტის პრივატიზაციის“ შედეგად, ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ინტერნეტის პრობლემები დღემდე არსებობს. ბრიტანეთში აუქციონში გამარჯვებულ Vodafone-ს აქტივების გაყიდვა მოუწია, რომ არ გაკოტრებულიყო.

ბევრი ეკონომისტი იმაზეც მიანიშნებს, რომ პრივატიზაციის მსგავსი პრაქტიკა ძირითადად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, ისე, რომ მოსახლეობას პრივატიზაციაზე არანაირი გავლენა არ აქვს. ცხადია, აუქციონის თეორია ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა რესურსების ალოკაციის სხვა პროგრამებში, როგორიცაა სოციალური უსაფრთხოების პაკეტების განაწილებაში ან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში უბრალოდ ცხადყოფს, რომ ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე საკმაოდ აბსტრაქტული და არარელევანტური რამაა.

ეკონომიკის კატეგორიისადმი არსებული კრიტიკის მიუხედავად, ყველაზე ხშირად მშვიდობის დარგში გაცემულ ნობელის პრემიებს აკრიტიკებენ, რომლებიც ერთი შეხედვით კომიკურიც კი ჩანს ხოლმე. მაგალითად, 1973 წელს მშვიდობის კატეგორიაში ნობელის პრემია ჰენრი კისინჯერმა და ლე დუკ თომ ვიეტნამის კონფლიქტში შეთანხმების მიღწევისთვის მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ კისინჯერიამომისერთ-ერთიარქიტექტორიიყო.

1994 წელს ნობელის პრემია მიიღეს შიმონ პერესმა, იასერ არაფატმა და იზაკ რაბინმა - ოსლოს მოლაპარაკებებისთვის, რასაც პროტესტი მოჰყვა როგორც ისრაელში, ისე არაბულ სახელმწიფოებში. არაფატი დასავლეთში და ისრაელში ხშირად ტერორისტად მოიაზრებოდა, შიმონ პერესს კი კრიტიკოსები ადამიანის უფლებების დარღვევების მძიმე ბრალდებებს უყენებდნენ. 

ჯილდოს ყველა ვერ მიიღებს

მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემია საზოგადოებაში ძალიან პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება, აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ეს პრემია, სხვა პრიზების მსგავსად, სიმბოლურია. უამრავი მეცნიერია ისეთი, რომელთა შრომის გარეშეც არათუ ნობელიანტი მეცნიერები ვერ აწარმოებდნენ კვლევას, არამედ მსოფლიო ვერ იხილავდა იმ უპრეცედენტო ტექნოლოგიურ და სამეცნიერო პროგრესს, რომელიც ახლა გვაქვს.

შეამჩნევდით, რომ ლიტერატურის დარგში გაცემულ ნობელის პრემიებზე არაფერი მითქვამს, რადგან გარდა იმისა, რომ მხატვრული ლიტერატურის არაფერი გამეგება, ცოტა წარმოუდგენელიც კი მგონია რაიმე პრიზის არსებობა ამ დარგში.

ნობელის პრემია, კონკრეტული ორგანიზაციის მიერ, კონკრეტული წესებით გაიცემა. თუნდაც ის წესი, რომ პრემიის გადაცემა სამზე მეტი ადამიანისთვის არ შეიძლება, ალბათ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევების ნახევარზე მეტს უგულებელყოფს.

კრიტიკის მიუხედავად ნობელის პრემია, მისი სტატუსი, გარკვეული საკითხების პოპულარიზაციის საშუალებას იძლევა და მეცნიერების, ექიმების, მწერლების და ეკონომისტების ხმას აწვდენს საჯარო აუდიტორიას. მათი მიღწევები კი ბევრი ახალგაზრდა მწერლისთვის და მეცნიერისთვის შთაგონების წყაროა. საბოლოო ჯამში ნობელის პრემიის მთავარი მიზანიც სავარაუდოდ ესაა: წარსულის დაფასება და მომავლის შთაგონება.