გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეოლოგია და ომი უკრაინაში

„რუსკი მირ”-ის თეოლოგია და ომი უკრაინაში



თორნიკე მეტრეველის საუბარი ხოსე კაზანოვასთან

დიალოგში მონაწილეობენ: თორნიკე მეტრეველი, რელიგიის სოციოლოგი, სოციალური მეცნიერების დოქტორი, ლუნდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის უკრაინის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი.

ხოსე კაზანოვა, რელიგიის სოციოლოგი, პროფესორი-ემერიტუსი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ბერკლის ცენტრში. 1994 წელს გამოქვეყნებული კაზანოვას ნაშრომი Public Religions in the Modern World  მრავალ ენაზე ითარგმნა და კლასიკად იქცა, ხოლო კაზანოვას სეკურალიზაციის თეორიამ სოციოლოგიის დისციპლინაში ტრანსფორმაციული წვლილი შეიტანა, რის გამოც იგი რელიგიის სოციოლოგიური კვლევის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. Სოციოლოგიაში მისი დამსახურებისთვის პროფესორი კაზანოვა მრავალ პრესტიჟულ ჯილდოს და პრემიას ფლობს.

საუბარი ჩაწერილია თორნიკე მეტრეველის საავტორო პოდკასტების ციკლის ფარგლებში Religion in Praxis, რომელიც ლუნდის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ცენტრის მხარდაჭერით გამოდის.



ხოსე კაზანოვა: მეთერთმეტე საუკუნის, კიევის რუსეთისდროინდელ, უზამარაზარ, წმინდა სოფიოს ტაძარში ოთხი სხვადასხვა აღმსარებლობის მღვდელი წირავს: გიორგი კოვალენკო, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან,  რომელიც უკრაინის პატრიარქს ექვემდებარება - მამა ტომას კუშკა, უკრაინის ბერძნულ კათოლიკური ეკლესიიდან, მამა პეტრო ბალოგი, რომაულ-კათოლიკური ეკლესიიდან, დომინიკანელი, და პასტორი ფედორ რაიჩინეცი, პროტესტანტი, ევანგელისტი მღვდელთმსახური. 

შემდეგი ინფორმაცია: უკრაინაში ომის შედეგად განადგურდა ორმოცზე მეტი სხვადასხვა აღმსარებლობის ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. პარადოქსია, რომ უმრავლესობა უკრაინის იმ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნოდა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება. რუსული არმია თითქოს იმისთვის  შევიდა უკრაინაში, რომ ,,რუსი“ და  მართლმადიდებელი ეკლესია დაეცვათ, მაგრამ აი, ასე გამოვიდა. 

შემდეგი ინფორმაცია: ლვოვის რელიგიურმა საბჭომ უკვე 60 ათასზე მეტ ლტოლვილს მისცა თავშესაფარი. 

მნიშვნელოვანი ამბავი: მელიტოპოლის არქიეპისკოპოსი და  მელიტოპოლის მერი რუსებმა გაიტაცეს, ასევე გაიტაცეს ქალაქის პოლიციის უფროსი და საბჭოს რამდენიმე წევრი.

ესეც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა: 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რელიგიურ თემთა ნახევარი იქ უკვალოდ გაქრა. მათი უმეტესობა ბერძნულ-კათოლიკურ და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნებოდა და არა მოსკოვის საპატრიარქოს. 

ეს არის რელიგიათაშორისი დიალოგის სიმფონია - უკრაინაში ჰარმონიულად თანაარსებობს სხვადასხვა აღმსარებლობის ჯგუფი. ორგანიზაცია ,,აუკრო'' აერთიანებს  ყველა  უკრაინულ აღმსარებლობას: მართლმადიდებლურს, ბერძნულ-კათოლიკურს, რომაულ-კათოლიკურს, ბევრ პროტესტანტულ თემს: ბაპტისტებს, მეთოდისტებს, ლუთერანულ ეკლესიას, მორმონებს, იეჰოვას მოწმეებს, მუსლიმთა და იუდაისტურ ორგანიზაციებს. შარშან, უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღნიშვნას პატრიარქ ბართლომესთან ერთად ესწრებოდა ოცდაათი რელიგიური ლიდერი. არ იყო მხოლოდ უკრაინის პატრიარქი [გულისხმობს მიტროპოლიტ ონუფრის], რომელიც მოსკოვს ემორჩილება - ის ერთადერთია, ვინც უკრაინაზე კანონიკურ უფლებას იჩემებს და საკუთარ ტერიტორიაზე სხვა ეკლესიების არსებობას არ მიესალმება.
. მისთვის მაგალითად ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია უნიატურია - ყველა ერესზე უარესი. სხვა მიმართულების მართლმადიდებლებს სქიზმატიკოსებს უწოდებენ,  პროტესტანტები მათთვის ერეტიკოსები არიან და ასე შემდეგ.

ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონებში, ყირიმის ხელახალი ოკუპაციისას პირველი მსხვერპლი სხვა ეკლესიის წარმომადგენლები გახდნენ. ამ აგრესიის უკან კი მოსკოვის საპატრიარქო იდგა. ეს დუალისტური ამბავია: ცალ მხარეს -  უკრაინის პლურალისტური, ძალზე წარმატებული, მრავალფეროვანი რელიგიური სიტუაციაა, და, ამის საპირისპიროდ - ,,რუსკი მირის“ იდეოლოგია, რწმენა იმისა, რომ ისტორიული ,,რუს“-ის ყველა მკვიდრი (ბელარუსები, უკრაინელები) მეთერთმეტე საუკუნის, ერთი მთლიანი სივრცის და ტერიტორიის, ერთი ერის - რუსების ნაწილია, და ერთ ეკლესიასა და ერთ ,,ცარს“ - პუტინს უნდა ემორჩილებოდნენ. სწორედ ეს იდეოლოგია განსაზღვრავს პოლიტიკურ და თეოლოგიურ განზომილებასაც, ის ანიჭებს ლეგიტიმაციას ამ ომსაც, რომელიც, უკრაინელ ხალხს და უკრაინულ ქალაქებს ანადგურებს. ამგვარად, გვაქვს პარადოქსი: ომი, რომელიც ,,რუსი“ ხალხების ,,ხელახლა’’ გაერთიანების მოტივით მიმდინარეობს, და ამ დროს ნადგურდება უკრაინელი ხალხი -  3,5 მილიონი უკრაინელი უკვე დევნილია სხვა ქვეყნებში, 10-იოდე მილიონი - ქვეყნის შიგნით გადაადგილდა. ოთხიდან ერთ უკრაინელს ახლა თავის სახლში ცხოვრების საშუალება აქვს წართმეული.  

თორნიკე მეტრეველი: ,,რუსული სამყარო“  - ეს რაღაც ჰიბრიდული იდეაა, იდეოლოგია, გეოპოლიტიკური პროექტი, რომელსაც თეოლოგიური რიტორიკაც ახლავს. ომს უკრაინაში აქვს რაიმე თეოლოგიური დასაყრდენი? 

ხ. კ.: ,,რუსკი მირის“ კონცეფციას, არსებითად, ორი განზომილება აქვს. ერთი, მეტწილად, იმპერიულია, ხოლო მეორე - ის, რასაც პუტინი ხშირად ახსენებს, ,,რუსკი მირ“ - რუსული სამყარო, მარტივად, ნიშნავს რუსეთს გარეთ მცხოვრებ რუსულენოვან ხალხს - კერძოდ იმას, რომ ტერიტორიები, სანამ რუსულ ენაზე საუბრობენ, რუსულ სამყაროს ეკუთვნის. ამას ის ამტკიცებდა მანამდეც, სანამ უკრაინაში შეიჭრებოდა, ესვე მიიჩნია ამ ტერიტორიებზე შეჭრის უფლებად - ,,ჩვენი რუსი თანამემამულეების“ დაცვა. ასე გამოდის, რომ ირლანდიელი ხალხი გაერთიანებული სამეფოს ქვეშევრდომები არიან, რაკი ინგლისურ ენაზე მეტყველებენ, ან ლათინური ამერიკის მკვიდრნი ესპანეთის. ერთი სიტყვით, ეს ფუნდამენტურად კოლონიური და  იმპერიული იდეაა და არა რელიგიური განზომილება, რადგან პუტინს რელიგიური იდეოლოგია არ აინტერესებს. მისი პრეზიდენტობის პირველი ვადა ევრაზიულ იდეოლოგიას ეფუძნებოდა, მაგრამ 2010 წელს, მისი ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქომ ამ იდეოლოგიას თეოლოგიური განზომილება შესძინა - თითქოს ,,რუსკი მირ“ - ეს კიევის ,,რუსის“ სივრცეა, რომ მოსკოვის საპატრიარქო წარმოადგენს ერთადერთ კანონიკურ ეკლესიას ამ ტერიტორიაზე, სადაც ქრისტიანობის სხვა ფორმების ადგილი არ არის. 

პუტინმა 2014 წელს თქვა, რომ ყირიმი იმიტომაა რუსეთი, რომ მთავარი ვლადიმირი ხერსონში მოინათლა. ამ ლოგიკით, კიევი უფრო მეტად რუსეთი გამოდის, რადგან არსებობდა ,,კიევის რუსეთი“, ვლადიმირი კი კიევის მთავარი იყო. საქმე გვაქვს რუსეთის წარმოშობის მითოსურ იდეასთან, რაც გამორიცხავს უკრაინელების არსებობას. იმპერიული რუსეთი მუდამ აცხადებდა, რომ უკრაინა 19 საუკუნეში პოლონეთმა ,,გამოიგონა“, სინამდვილეში კი უკრაინელები ,,მალოროსები“ არიან, ,,მცირე რუსეთის“ ხალხი - იმპერიულ რუსეთში უკრაინის ოფიციალური სახელწოდება ხომ მალოროსია იყო. პუტინმაც ბევრჯერ გაიმეორა, რომ ეს ყალბი ქვეყანა ლენინის, სტალინის ან სულაც ამერიკის გამოგონილია; რომ ყოველთვის მოიძებნება ბოროტი გარე ძალა, ვინც ,,ჩვენს უკრაინელებს“ ტვინს ურეცხავს, რომ არა ისინი ჩვენ და ჩვენი ,,მცირე რუსები“ ძმებივით გავერთიანდებოდით. ასე იქმნება ურთიერთგამომრიცხავი სურათი: ერთი მხრივ - მტკიცება, რომ ისინი რუსების ძმები არიან და ამიტომ მათ გასათავისუფლებლად მოვიდნენ, მაგრამ უკრაინელები საკუთარ თავს აღარ ჰგვანან, ნაცისტი მმართველების ხელში „ბანდეროვცებად“ იქცნენ. აი, ეს იდეოლოგიაა საჭირო მათი ხოცვის ლეგიტიმაციისათვის.

კიევში პირველად 1989 წელს ვიყავი, ნიუ-იორკის სოციალური კვლევების ახალი სკოლის სემინარს ვატარებდი, რომელიც უკრაინის დემოკრატიზაციას ეძღვნებოდა. იქვე იყვნენ პოლონური დისიდენტური მოძრაობის წევრები, ადამ მიხნიკი, კურონი, ჩეხეთის რესპუბლიკიდან - ჰაველი და სხვები, უნგრეთიდან - იანოშ კენედი, უკრაინლები, სხვებიც. ჯგუფის ნახევარი ერთმანეთში მხოლოდ რუსულად საუბრობდა. არაფერი მესმოდა, მაგრამ მაინც ცხადი იყო, რომ იქ რუსულად მეტყველება რუსად ყოფნას სულაც არ ნიშნავდა. ენის მიხედვით შეუძლებელი იყო იდენტიფიცირება. უკრაინელები სამოქალაქო, პოლიტიკური ნაციაა და ეს მრავალეთნიკური, მრავალენოვანი, მულტირელიგიური სახელმწიფოა - დემოსი, ღია, ტოლერანტული, დემოკრატიული საზოგადოება.

თ. მ.: როგორ ფიქრობთ, არის მართლმადიდებლობა ინსტრუმენტი ამ სამხედრო კონფლიქტში?

ხ. კ.: საქმე გვაქვს მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტთან, მეტიც - მეტოქეობასთან - primus inter pares - მსოფლიო პატრიარქს (რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის მეთაურად ითვლება) და მოსკოვის საპატრიარქოს შორის, რომელიც უკანასკნელი ათი წელია, პრეტენზიას აცხადებს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი მართლმადიდებელი ეკლესიაა. 40-50 წელი მწიფდებოდა საერთო მართლმადიდებლური სინოდის იდეა, რაც საბოლოოდ, კრეტაზე 2016 წლის თავყრილობით დაგვირგვინდა. უკანასკნელ მომენტში, რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რამდენიმე სხვა ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ფაქტობრივად, ბოიკოტი გამოუცხადა შეხვედრას, რადგან იქ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი უნდა განხილულიყო. რუსები მსოფლიო პატრიარქს დაუპირისპირდნენ, რადგან მან  განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტომოსის გადაცემას აპირებდა. მეორე დღეს, პუტინმა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭო მოიწვია და მომხდარი ლამის რუსეთისათვის გამოცხადებულ ომად წარმოადგინა. შესაძლოა სწორედ მაშინ, ტომოსის საკითხის წამოჭრისას გადაწყდა რუსეთში, რომ ისინი უკრაინაში შეიჭრებოდნენ.  

თ. მ.: მოვლენების ამ ჯაჭვს - ყირიმის ანექსიას, ომს დონბასში, სრულმასშტაბიან ომს რომ გავყვეთ უკან - როგორ ხსნიან, რას ამბობენ რუსული და უკრაინული ეკლესიები ეთიკური, თეოლოგიური თუ სოციალური თვალსაზრისით? გუშინ, ღამით ვუსმენდი ტერნოპილის პოჩაევის ლავრაში წირვას და შევნიშნე, რომ მათ პირველად არ მოიხსენიეს კირილი, რუსეთის პატრიარქი. ეს მნიშვნელოვანი ამბავია. როგორც ვხედავთ, აქაც გარკვეული ტრანსფორმაციები მიმდინარეობს. ბევრი მღვდელი და ეპისკოპოსი დისტანცირდება მოსკოვის საპატრიარქოსგან და სწორედ ეს არის ,,რუსკი მირის“ დასრულების ნიშანი. დღეს იყო, მაგალითად, ახალ ამბებში - მთელი მონასტერი გადავიდა მოსკოვს დაქვემდებარებული ეკლესიიდან ავტოკეფალიურ უკრაინულში. ასეთები კიდევ მოხდება. 

ხ. კ.: უნდა გავიაზროთ, რომ 1987 წელს, ,,გლასნოსტის“ გავლენამ უკრაინამდე რომ მიაღწია, ერთადერთი ოფიციალური ეკლესია უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. ძალიან ცოტა იყო რომაულ-კათოლიკური, და საერთოდ არ იყო პროტესტანტული ეკლესიები, ისინი ,,იატაკქვეშეთში“ იმალებოდნენ. არ არსებობდა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიები, რადგან დევნიდნენ, ან ანადგურებდნენ. მათი მაღალი იერარქიის მღვდელმთავრები თავის დროზე გულაგში გადაასახლეს. მაგრამ დადგა 1987 წელი და ხალხმა, განსაკუთრებით ლვოვის ოლქში, მოსკოვის საპატრიარქოს ზურგი აქცია. მრევლი ან კათოლიკურ ეკლესიაში დაბრუნდა, ან იმ ეკლესიებს მიაშურეს, რომლებიც ახლა მოსკოვის საპატრიარქოსთანაა დაპირისპირებული. ამასობაში უკრაინელი მართლმადიდებლები ყველა შანსს იყენებდნენ საკუთარი, ავტოკეფალიური ეკლესიის აღსადგენად. ისინი ნელ-ნელა უკან იბრუნებდნენ ეკლესიების შენობებს. მოსკოვის საპატრიარქო კი ჩიოდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, რომ უკრაინაში მას დევნიან და რეპრესიებს განიცდის.

დღეს ვხედავთ, რომ ძალიან უჭირთ უკრაინელებს ამ ომის გამო მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის მრევლში დარჩენა. უკვე დაიწყო მრევლის მასობრივი გადინება. ეს კიდევ გაგრძელდება, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, ცხადია, მაინც დარჩება რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ისტორიული მონასტერი, მაგალითად, კიევის პეჩერის ლავრა და ბევრი სხვაც. ახლა ძალიან სწრაფად იცვლება ვითარება და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. კარგია, რომ უკრაინული მთავრობა ღიად ამბობს, რომ არ აპირებს რელიგიური თემებისათვის რაიმე აკრძალვის დაწესებას. ეს ცხადია ეხება იმ მართლმადიდებელ ეკლესიასაც, რომელიც რუსეთს ექვემდებარება. 

უკრაინული მხარე მართლაც თავშეკავებულად იქცევა. რუსეთში კი უტიფრად აცხადებენ, რომ უკრაინაში ეკლესიებს ,,პოგრომებს'' უწყობენ. რასაკვირველია, ეს სიცრუეა, მაგრამ ხანდახან პროვოკაციისათვის გამიზნული განცხადებები რეალობადაც იქცევა ხოლმე. იმედია, ასე არ მოხდება.

თ. მ.: როგორ ხედავთ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას სხვა ეკლესიებთან? ფიქრობთ თუ არა, რომ ორ საზოგადოებას შორის ხიდი სხვა ეკლესიებმა შეიძლება გადონ? 

ხ. კ.: აქ მთავარია რა პოზიცია ექნება რუსულ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიას. ოდესღაც ბრესტის უნიის იდეაც ეს იყო. ბრესტის უნიის გაფორმების შედეგად ჩამოყალიბდა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია - სწორედ მისი იდეა იყო კონსტანტინოპოლისა და რომის გაერთიანება. კონსტანტინოპოლსა და რომს კი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ,  მაგრამ მოსკოვსა და რომს შორის იყო გაწყვეტილი კავშირი იქამდე, სანამ რომის პაპმა პატრიარქ კირილეს ჰავანაში შეხვედრა არ შესთავაზა. ეს ერთადერთ ადგილი იყო, სადაც მიწვევას პატრიარქი მიიღებდა (ფიდელ კასტროსდროინდელი კუბა). შეხვედრა თითქოს მოსკოვის საპატრიარქოს ინტერესებში უნდა ყოფილიყო, რადგან მსოფლიო პატრიარქთან კონფლიქტში სწორედ ის იმყოფებოდა, თუმცა ინიციატივა პაპისგან მოდიოდა. დღეს კი სხვა ვითარებაა - უკრაინელ პატრიარქ ბართლომესა და რომის პაპს ძალზე ახლო ურთიერთობა აქვთ. ალბათ მხოლოდ კირილის და პუტინის შემდგომი რუსული მართლმადიდებელი ეკლესია შეძლებს იმპერიული პოლიტიკის ასოციაციებისგან გათავისუფლებას. დღეს მოსკოვის საპატრიარქოსა და მსოფლიო პატრიარქს შორის დაპირისპირება, ალექსანდრიის პატრიარქსა და აფრიკის მართლმადიდებელ ეკლესიებთან დაპირისპირებასაც ნიშნავს. ახლა რუსეთის საპატრიარქო იმას ცდილობს, როგორმე ეკლესიები ალექსანდრიის პატრიარქს დაუპირისპიროს. ეს უკანასკნელი კი აფრიკის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარია. ამგვარად, უკრაინაში დაწყებული ომი კონფლიქტს და დაპირისპირებას წარმოქმნის მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ დაახლოებით სამასმა მართლმადიდებელმა თეოლოგმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლის ტექსტიც გმობდა ამ ომის საფუძვლად გამოყენებულ ერეტიკულ, მანიქევლურ თეოლოგიას. პეტიციაში ისინი წერდნენ, რომ ეს ომი უბრალოდ არაქრისტიანულია და ,,რუსკი მირის“ თეოლოგიას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლურ თეოლოგიასთან. 

თ. მ.: ხომ არ არის დაყოფა თვით რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, რამაც შეიძლება იმედი ჩაგვისახოს, რომ ეკლესიებს შორის რაღაც განხეთქილება მოხდება შეიქმნება ახალი პლატფორმა, რომელსაც ჰუმანიტარული ძალისხმევა დაეფუძნება? 

ხ. კ.: იმის გათვალისწინებით, რომ უმკაცრესი რეპრესიები მიმდინარეობს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ომის წინააღმდეგ ილაშქრებს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, ეს, შესაძლოა, ნამდვილად ხდება. არიან ისეთები, ვინც კირილის პატრიარქობითაა უკმაყოფილო. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც რუსეთში აქციები ეწყობოდა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც აქციების დაშლისას მშვიდობიანი მანიფესტანტებისადმი ძალის გადამეტებულ გამოყენებას გმობდა. ჩვენამდე მაინც მოდის მათი ხმა: ამასწინათ მართლმადიდებელმა თეოლოგმა სერგეი ჩაპლინმა ძლიერი კრიტიკული წერილი დაწერა ომის გამამართლებელი თეოლოგიის წინააღმდეგ. ასევე კირილე ჰოვორუნმა, რომელიც უკრაინელია, მაგრამ მოსკოვის დიოცეზის წარმოადგენს, გააკრიტიკა ,,რუსკი მირის“ ,,ერეტიკული მანიქევლური თეოლოგია“. ვიცით, რომ პატრიარქი კირილის მიმართ არსებობს უკმაყოფილება, მაგრამ ამ ადამიანებს არ აქვთ თავიანთი მოსაზრების საჯაროდ გამოთქმის შესაძლებლობა. მხოლოდ კირილის შემდგომი ეკლესია და მხოლოდ პუტინის შემდგომი რუსეთი შექმნის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის განახლების შესაძლებლობას. 

თ. მ.: ფიქრობთ, თუ არა, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა იმპლიციტურად მილიტარისტულია და აგრესიულ სამხედრო-პოლიტიკურ პროექტებს სივრცეს და პლატფორმას უქმნის?

ხ. კ.: არ მგონია, რომ  მართლმადიდებლური ქრისტიანობა უფრო აგრესიულია, უფრო მილიტარისტული, ვიდრე ქრისტიანობის რომელიმე სხვა ფორმა. მაგრამ, როგორც რომის პაპმა თქვა, საამისო მარცვალი, ცდუნება, ფუნდამენტალიზმისაკენ გადახრის საშიშროება ყველა რელიგიაშია. ერთადერთი ნიშან-თვისება, რაც მართლმადიდებლობას განასხვავებს, ნაციონალური, ავტოკეფალიური ეკლესიების ქონაა, რასაც, სახელმწიფოსა და ეკლესიის კავშირი თუ დაემატა, შესაძლოა, გარემოებათა გარკვეული თანხვედრისას, რელიგიური  ნაციონალიზმის აღზევება მოიტანოს. ასე მოხდა სერბეთში. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ეს საფრთხე მხოლოდ ქრისტიანობაში არ იმალება. ვიცით, რომ ზოგი ისლამზეც ამასვე ამბობს. საუკუნეების განმავლობაში ისლამი ძალზე მშვიდობიანი რელიგია იყო და 1960-იან წლებში თუ თითქმის მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ძალადობა რევოლუციური სეკულარული ჯგუფებიდან მოდიოდა და არა ჯიჰადისტებისგან. დიახ, შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ისლამს ეს თანდაყოლილ ნიშან-თვისებად არ ჰქონია. გარკვეულ გარემოებებში წარმოიშობა ცდუნება ამა თუ იმ კლასის საკრალიზებისა (მმართველი კლასი იქნება ეს თუ დაბალი კლასი),  რევოლუციური მიზნებისა; ჩნდება ცივილიზიაციის კომუნიზმისგან დაცვის პრეტენზია - ნაცისტებს, მაგალითად, არიული რასის დაცვის პრეტენზია გაუჩნდათ და ამას შეერთებულ შტატებშიც კი ვხედავთ, თეთრი ქრისტიანი ნაციონალისტების  სახით. პურიზმიც მშვიდობიანი რელიგია იყო, სანამ ბირმასა და შრი-ლანკაში სხვა რელიგიების წინააღმდეგ არ გამოიყენეს. ეს შეიძლება ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. შუა საუკუნეების ესპანეთშიც, კათოლიკური ეკლესია ჯერ ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობდა, შემდეგ რამდენიმე სამოქალაქო ომი გვქონდა, ესპანელები იბრძოდნენ ქვეყნისთვის, ღმერთისთვის, მეფისათვის - დიახ, კათოლიციზმშიც არაერთხელ გამოუყენებიათ ძალადობრივი მიზნებით, ძალიან ბევრგან.

თ. მ.: კიდევ ერთი კითხვაც: არის თუ არა პუტინიზმი რელიგია და არის თუ არა, თქვენი მოსაზრებით, განსხვავება ნაციზმსა და პუტინიზმს შორის.

ხ. კ.: ამ კითხვაზე პასუხს ალბათ ისტორია გაგვცემს. ჩემმა მეგობარმა, ალექს მორტიმერმა ამასწინათ, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ძალზე საინტერესო სტატია დაწერა  და იქ გარკვეულ შედარებას მიმართავს: ბრეჟნევმა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში ჯარი შეიყვანა, მაგრამ იქ საოკუპაციოდ, სამოქალაქო პირების დასახოცად არ შესულა. თუ შევადარებთ, ეს უკანასკნელი ომი მასობრივი განადგურებისაკენ მიმართული ომია, ისეთივე, როგორიც გროზნოში, საქართველოში, შემდეგ ალეპოში - როდესაც ხანდახან მთელი ქალაქები ექცეოდა ცეცხლქვეშ და ნადგურდებოდა, ისეთივე, როგორიც მეორე მსოფლიო ომი. ჩვენ გვეგონა, რომ ამგვარ ომს აღარასოდეს მოვესწრებოდით ევროპაში, მაგრამ სწორედ ეს მოხდა. არა, პუტინიზმი, ნამდვილად არ არის რელიგია, რადგან მას იდეოლოგიური ცენტრი არ გააჩნია. პუტინიზმი ერთი მხრივ უკავშირდება საბჭოთა იდეოლოგიას, მაგრამ მეორე მხრივ, პუტინის წარსულს ,,კაგებეშნიკურ“ წარსულს. მას სტალინის მიმართ მეტი მოწიწება აქვს, ვიდრე ლენინისადმი. თუმცა ცხადია ისიც, რომ საბჭოთა კავშირს იგი ასე ადვილად ვერ აღადგენს. იმასაც კი ვერ ვიტყვი, რომ პუტინი რელიგიური ადამიანია ან რუსული მართლმადიდებლობა ესმის ან ანაღვლებს. არც რუსეთის იმპერიულ წარსულთან აქვს დიდი ბმა. მხოლოდ ის სურს, რომ რუსეთის ,,ცარი“ იყოს. ეს და რუსეთის საზღვრების გაფართოება, იმ ზღვრებამდე, რომლებიც რუსეთის იმპერიას და საბჭოთა კავშირს ჰქონდა. მაგრამ ეს არ არის იდეოლოგია იმ თვალსაზრისით, როგორითაც ნაციზმი იყო  - მთელი მსოფლიოს დაპყრობის, არიული რასის უპირატესობის მაღიარებელი, ებრაელობის ამოწყვეტის იდეოლოგია. აი, ეს ასპექტები აკლია მას, რათა ტოტალიტარულ იდეოლოგიად იქცეს. თუმცა, რაც უფრო დიდხანს  გრძელდება ომი და რაც უფრო ცხადი გახდება, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, უფრო გაიზრდება იმის შანსი, რომ პუტინი საშიშ, ფანატიკოს მმართველად გადაიქცეს. რუსეთი უფრო და უფრო მეტად დაემსგავსება სტალინისდროინდელ ქვეყანას. ხოლო თუ რუსეთის ფედერაციაში მოვლენები ასე განვითარდა, მისი ბირთვული არსენალის გათვალისწინებით, ეს მთელს მსოფლიოს შეიძლება თავსატეხად ექცეს.

პოდკასტს სრულად, ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ.  

პოდკასტების ციკლის მიზანია იმ  ფუნდამენტური ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური პროცესების გააზრება, რომლებიც გავლენას ახდენენ რელიგიის, ნაციონალიზმისა და თეოლოგიის ურთიერთობაზე.


ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ
ქავერ ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

logos
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა