ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ომის შემდეგ

ფრაგმენტები შეგროვებულია ფოკუს ჯგუფებისას პროექტისთვის „ყოველდღიური მშვიდობა კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებში“ 

 

პირველი რა გაისროლეს, თოფი იყო თუ ფეიერვერკი?
გორი

 
ჩემი არჩევანი რომ ყოფილიყო, ამ ქალაქში დაბადებას არ ავირჩევდი. ანუ ეს არის ქალაქი, რომელიც ერთ ადგილზე დგას, არც წინ მიდის, არც უკან მიდის, იმიტომ რომ ყოველთვის წარსულისკენ იხედება.
გორი


გორელების პირველი სადღეგრძელო არის მშვიდობა.
გორი


ბავშვი რომ ხატავდა, ხატავდა ყველაფერს შავ ფერში.
ზუგდიდი

 
ჩემს იარაღს მივცემდი, რომელსაც ვინახავ. აი, იარაღს მართლა დავთმობდი მშვიდობისთვის, მანამდე არ ჩავაბარებ. სხვათა შორის პირველად დავფიქრდი ამაზე.
ახალგორი


ეჰ, ნეტა აქ არ დავბადებულიყავი, სად წავიდე, ერთხელ რო ცხოვრობს ადამიანი და ესეთ შიშში? შენიანები გენატრება, არავის არ ენდობი, აბა, ეს ცხოვრებასა ნიშნავს?
ახალგორი

 
ერთი ძმაკაცი დაიღუპა იქით. რო არ წავსულიყავი, მთელი ცხოვრება უნდა მენანა, მარა აქ ეგ ვის აინტერესებს. რო ეთქვათ, ფული მოიტაო, მანქანასაც გავყიდდი და მივცემდი, მაგრამ არც ეგრე არაფერი გამოვიდა. ავიღეთ და მე და რამდენიმე ბიჭი გადავიპარეთ.

გვეშინოდა, ვინმე არ შეგვხვედრიყვნენ. თან ამბობენ, დანაღმულია ზოგანო. სახლში მოვიტყუეთ, ვითომ ერთ სოფელში მივდიოდით ძმაკაცთან.

გადავიპარეთ, დასაფლავებას დავესწარით და ისევ უკან გადმოვედით. იქიდან უკვე აღარ გვეშინოდა.

სახლებში რო მივედით, მაშინ მოვუყევით მშობლებს სად ვიყავით. იქითაც ვიღაცეებმა დაგვინახეს, მაინც ეტყოდნენ და ამათ ეგ უფრო ეწყინებოდათ. დედაჩემმა დამაფიცა, მეორედ ეგრე არ გააკეთოო. მამაჩემიც გამიბრაზდა, მაგრამ უფრო გამიგო. იცოდა, როგორ ახლოსაც ვიყავით იმ ბიჭთან. მაშინვე მივხვდი, სადაც მიდიოდით, მაგრამ არაფერი აღარ გითხარიო.

***

ეგერ, ზარდიანთკარში დაშლილ სახლებში ცხოვრობენ ისევ, ხო დაბრუნდა ეს ხალხი და წყალი ჩასდით, ფუფუნებაა სტაბილურობა.
გორი


ანუ, აქ შეიძლება ერთი კვირაც გავიდეს ისე, რომ არ გახსოვდეს ბაზები. მაგრამ საკმარისია, რომ საღამოს თბილისიდან აქ წამოხვიდე ან აქედან თბილისისკენ, ის შუქები ჩანს. კასპს რომ გამოცდები, ხელმარჯვნივ ჩანს. სტაფილოსფერ შუქებში რაცაა, წრიულად, სუ მაგათი ბაზებია. ბევრია.
გორი


ერთ ოთახში დასახლდა ხალხი, არა წყალი, არა აბანო, ყველაფერი საერთო როა და ბებია, ბაბუა, დედა, მამა და შვილები ერთად. ხო, ბუნებრივია, არა, რას შვება ახალგაზრდა ამ დროს – ეზოში იკრიბებიან, იწყებენ სმას. მე იმ საერთო საცხოვრებელში ამიტომ არ მივედი, ნათესავის ბინას შევეკედლე, ბიჭები მყავს და შეიძლება ვერ დამეჭირა. იმ საერთო საცხოვრებელში კიდევ ნელ-ნელა შემოსახლდა ვიღაც, ვინც ჯერ მოსაწევი მოუტანა ახალგაზრდებს, მერე წამალი და ის თაობა სულ დაიღუპა. ყველა საშოვარზე უნდა გავსულიყავით – დედაც და მამაც და ბებია-ბაბუას ვინ ეკითხება.
თბილისი

და მე თვითონ, რა, ბებერი ვიყავი? 32 წლის ვიყავი – რომ ჩამოვედი აფხაზეთიდან. 30 წლის მერე ხვდება ადამიანი, რომ უკვე ჯდება კალაპოტში, აი, ეს ყველაზე კარგი წლები ამოგვიღეს ჩვენს თაობას ცხოვრებიდან. და გადამიგდეს. ვინღა დარჩა მერე.
თბილისი

„სახელის გატეხვაა“ თემა. თუ ოდნავ მოკლე კაბა გაცვია, ეხლა მოკლე – როგორ, აი, მუხლს ზევით, და ოდნავ აესეთი – მოტკეცილი მაიკა, კომბინატში რო გაიარო, სახელი გაგიტყდება ეგრევე.
გორი

 

ჩემი და იყო ძალიან პატარა, 17 წლის, როცა ოჯახი შექმნა, ჩემი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, სამართალდამცავებიც ჩართეს და სახლში წამოიყვანეს, მაგრამ მაინც გაყვა. ისე მოხდა, რომ 6 წლის შემდეგ დაინგრა ოჯახი. პირველად როცა დამირეკა და მითხრა, ოჯახის სხვა წევრებს ვერ გაუბედა გამხელა. მეზობელი რას იტყვის, იქნებ მამამ სახლში არ დამაბრუნოსო. თვითმკვლელობაზე უფრო ბევრჯერ მიფიქრია, ვიდრე შენთვის გამხელაზეო.
ზუგდიდი

 

ახლობელი ოჯახია და ამ ოჯახმა იცოდა, შვილზე რომ ძალადობდა ქმარი, თვითონ შეატყობინა მშობლებს. იმათ კიდე, პირიქით, ჭაში დაიხჩე თავი თუ გინდაო, უთხრეს. რატომ გაყევი, თუ არ გინდოდაო. ის გოგო დღეს გარდაცვლილია, ცოცხალი აღარ არის.

ბიჭის ოჯახს არ დაატირებინეს, სახლში წამოასვენეს.
ზუგდიდი

 

გერმანიაში მიდიან ცოლები, ქმრები მერე ბემვეებზე ჯდებიან.
გორი

ესენიო ომის ბავშვები არიანო და ეგრეც არის. იცით, ის გასროლილი ტყვია მე სხვანაირად მესმის და ჩემი ასაკისას სხვანაირად, მე უკვე კარგად ვიცი ეს ომის შიში. თითქოს, რაღაცა სუნია სხვანაირი.
გორი

იქნებადა ბაღში წასვლის დროს რომელიღაცა ჯარისკაცი გამომეკიდოს და წამაპორწიალოს „საზღვრის“ იქით. ჩემი ნათესავი მოიტაცეს და რამდენიმე თვე ყავდათ.
გორი

იქით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსული პოლიგონია, სადაც ხშირად აქვთ მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო ტექნიკით წვრთნები. ამ დროს ჩვენთან მთელი სახლი ზანზარებს. სულ 12 კილომეტრია. ადამიანები გაუწონასწორებელ სიტუაციაში ვვარდებით, ბავშვები იმალებიან.
გორი

 

სოხუმი არ არის ქვა და რკინა და შენობები. სოხუმი არის საზოგადოება. ისეთი ჭრელი საზოგადოება, კი, ყველა რუსულ ენაზე ვსაუბრობდით იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი იყო. მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, რა ენაზე უნდა მელაპარაკა, როცა შევიკრიბებოდით: სომეხი, ებრაელი, ბერძენი, ქართველი, რუსი, ესტონელი. ეს იყო სოხუმი, ეს იყო მშვიდობა.
თბილისი

 

ითვლება, რომ რეაბილიტაციას არ ვსაჭიროებ, ვმუშაობ, სამსახური მაქვს, ბინა მაქვს, ღვთის მადლით, თავს კარგად ვგრძნობ. მაგრამ დღესაც, როცა თვითმფრინავი მიფრინავს, მე მას ვაფიქსირებ, განა შიში მაქვს, მაგრამ ვაფიქსირებ. 28 წელი გავიდა, მაგრამ ეს დაბომბვები ჯერ კიდევ არ არის გასული.
თბილისი

  

მე და ჩემი მეგობრები სტალინის ძეგლის დაბრუნების წინააღმდეგები ვიყავით და მაშინ მთელი ქალაქი ისეთ კომენტარებს გვიწერდა სოციალურ ქსელში, რომ პრაქტიკულად გვემუქრებოდნენ ქალაქიდან გასახლებით და ეზოსთან დაგხვდებით და ამას გიზამთ და ფიზიკური, სიტყვიერი და ყველანაირი მუქარა იყო.
გორი

 

ვიღაცის სახნავ მინდორზე თუ ყოველდღე მავთულხლართს აბამენ, ან ვიღაცას ახლა ახალგორში თუ ჰყავს ნათესავი და გადადის და გადმოდის, ან გალში, იმისთვის ომი გრძელდება, არ გრძელდება, აბა
თბილისი

 

ომის დროს იყო ფიზიკური დაბომბვები და მაშინ ეგ იყო საფრთხე, დევნილობის დასაწყის პერიოდში დანარჩენი საზოგადოების დამოკიდებულება იყო საფრთხე. ვხედავდი, რომ კორცხელში სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა ვერაფერს. გუშინწინ რომ აქციაზე ვიყავი და ვიღაც მოსაკლავად დამსდევდა, გუშინწინ ეგ იყო საფრთხე. მთავარი ის არის, რომ როგორიც ვარ, ისეთს, საზოგადოების ჩვეულებრივ წევრად აღმიქვამდნენ და ამის გამო არავინ მდევნიდეს. არ დავმალო, ვინ ვარ, რა ვარ, რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ. თუ ამის გამო მომსდევენ და მაქვს აზრის გამოხატვის საფრთხე, ჩემთვის იქ მშვიდობა არ არის.
თბილისი

 

მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე ამ ფრაზით: ჩვენ რომ სოხუმში ვიყავით... ჩვენ რომ კარგად ვცხოვრობდით... არ მინდა! დღეს მე სულ სხვა რამ მინდა. ჩემი ცხოვრება ჩემივე ხელებით უნდა ავაწყო. მე არ მაქვს შინაგანად განსაკუთრებული სიახლოვე მშობლების წარსულ ცხოვრებასთან... ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი, როდესაც უფროსები ამ წარსულით სულ უკან გწევენ და გაიძულებენ, იმათთან ერთად „იფანტაზიორო“ იმ განსხვავებულ წარსულ ცხოვრებაზე.
თბილისი

 

გორში რო გავდივარ ხოლმე გარეთ, არ მაქვს იმის შეგრძნება, რო სახლში უეჭველი ცოცხალი მივალ, ან ნაცემი ვიქნები. ადრე უფრო განსხვავებული სტილი მქონდა. რაღაც სუბკულტურებში ვიყავი და მსგავსი საფრთხეები იყო კიდეც. უკვე გარეთ ვეღარც გავდიოდი. ხანაც კიდევ, ვიღაც გადმოხტებოდა და „შე ისეთო, შე ასეთოო“, აი, ქართველი „გრუზინი“ კაცები რომ არიან ხოლმე.
გორი

 

ამ ჩვენს პირად მშვიდობიან არსებობასაც შეუქმნია პრობლემები. არა ომს, ან იარაღს, არამედ მეზობლის აზრს, ან მასწავლებლის შენიშვნას. და მერე ალბათ ამაზე უნდა დავიწყოთ საუბარი – ჩვენ რამდენად ვართ სხვების მშვიდობიანი არსებობის გარანტორები? უნებურად ანდა განზრახ, ხომ არ ვუქმნით საფრთხეს სხვებს? იმიტომ რომ შეუძლებელია, საფრთხეს წარმოვადგენდეთ ერთმანეთისთვის და მშვიდობაზე ვლაპარაკობდეთ.
გორი

 

პირადად მე ვარ ძალიან რეალისტიც და გულმართალიც. და აი, ვთვლი, რომ ენგურსაქეთა საქართველოში დევნილებს, როგორც მეორეხარისხოვან ქართველებს, ისე გვიყურებენ. აშკარად იგრძნობა ყველაფერში, დამერწმუნეთ.
თბილისი

 

მე ვცხოვრობ გეპეის სტუდენტურ საცხოვრებელში, 535 ოჯახია, ანუ 2000-ზე მეტი ადამიანი – კარგად დასახლებული ორი დაბა ვართ. ოთხი სული რომ ცხოვრობს 12 კვადრატში, რომელსაც შიგნით სველი წერტილის პირობებიც კი არ აქვს, რამდენი პრობლემის წინაშე იქნება? დევნილებმა ხელი ჩაიქნიეს. თვითონ იგვარებენ მინიმალურ დონეზე იმიტომ, რომ მათი ხმა პარლამენტში არ ისმის, ცენტრალურ ხელისუფლებაში არ ისმის, მედიაში არ ისმის. სად უნდა ილაპარაკონ? ვის უნდა გააგონონ? ყრუ კედელი.

ჩემს სართულზე 10 ოჯახი ვართ. ხო იყო ოთახების გაფართოება, გამოფართოება, შეჭრა, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით, ვის უფრო მეტად უჭირდა. მე ახლა არ მიჭირს ისე, – ვეტყოდით, – შენ შვიდი სული ხარ და 18 კვადრატში როგორ იქნები. შენ გაფართოება გჭირდება, ერთმანეთს ხომ არ დააწვებით? მოდი, ის მეორე ოთახი რომ არის, იმაში დაგეხმარები, გვერდში დაგიდგები, სხვა რომ არ შემოვიდეს, მოდი, შენ შემოდი. ასე ხელი შევუწყვეთ ერთმანეთს. ზოგჯერ ვფიქრობ, ბინის ფული თუ ვიშოვე და გადავედი, მერე როგორ ვიცხოვრო იქ? იქ შევალ და კარს გამოვიკეტავ, აქ კიდევ კარიდორული სისტემაა და 15 წელია, კარი არ დაგვიკეტია. მეზობლები ვუყურებთ ერთმანეთს. პრობლემები იმდენია, რო დაიწყონ ლაპარაკი… არც ვიცი, საიდან უნდა დაიწყონ.
თბილისი

 

მე გეტყვით, ეს იყო 2008 წელი, ომამდე. მინდორში წავიდნენ ჩვენი მეზობლები, მწყემსები იყვნენ და ამ მამაკაცს ახლდა თავისი ნათესავის შვილი, 14 წლის ბიჭი და მთელი დღე იქ იყვნენ. საჭმელი რო ჭამეს, მერე მიბრუნდნენ, ძროხებიც ისვენებდნენ, ხოდა, რომ მიბრუნდნენ, ამ ბავშვმა სათამაშო დაინახა, რომელიც დილით არ იყო. კი დაინახეს, როცა ჭამდნენ საჭმელს, რო ვიღაცამ ჩამოიარა, მაგრამ არ მიაქციეს ყურადღება და მერე ამ ბავშვმა რომ აიღო ეს სათამაშო, აფეთქდა ხელში და ბავშვი ჰაერში ნაწილებად დაიშალა.
გორი

 

logos
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა