ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ოქრომჭედელი მაწანწრის უბნიდან | ჯემალ სანდოშვილის ამბავი

თელავში, ხელოსნების რამდენიმე უბანი იყო. იყო ბაღებიც, სადაც ხელოსანთა ამქრები იკრიბებოდნენ – დასასვენებლად, მოსალხენად თუ ამქრული რიტუალებისთვის. ერთ-ერთი ასეთი უბანი იყო დაბახნები, სადაც ტყავის ხელოსნებს მოეყარათ თავი. მის მეზობელ უბანს მაწანწარას ეძახიან. იქ სხვადასხვა ხელობას მისდევდა ხალხი, თუმცა უფრო განვითარებული მეთუნეობა-მეჭურჭლეობა იყო.

მაწანწარა ისტორიულად სავაჭრო-საქარავნო გზის ნაწილი იყო. ვაჭრობა-ხელოსნობის ტრადიციის ჩამოყალიბებასაც ამან შეუწყო ხელი. თუმცა, იქ

ხელოსნობის განვითარება წყალთან, მაწანწრის ხევთან სიახლოვემაც განაპირობა. ქალაქში მაწანწრიდან შედიოდა თბილისიდან თუ ახმეტიდან მიმავალი მგზავრი.

უბნის მცხოვრებლები დღემდე იხსენებენ პაპა-ბებიების გადმოცემებს: ამ გზით გადიოდა ქალაქიდან ერეკლე მეფე, გომბორით თბილისისკენ ან თიანეთისკენ მიმავალიო. მაწანწარა თან მეთუნეობის და მექვევრეობის ტრადიციულ სოფელს, ვარდისუბანს, ესაზღვრება. მაწანწარაზე სწორედ ვარდისუბნელი და სხვა, მიმდებარე სოფლებიდან წამოსული ხელოსნები სახლდებოდნენ.

უცნობია, როდის დასახლდა მაწანწარა-დაბახნების მიდამოებში პირველი ხელოსანი და რა ხელობას მისდევდა, თუმცა ცხადია, მაწანწარა ნელ-ნელა ხელოსნების უბნად ჩამოყალიბდა და ეს შინაარსი უბნის არქიტექტურაზეც აისახა. დღევანდელ ჭავჭავაძის ქუჩაზე ჯერ კიდევ შემორჩენილია თაღოვანი ფორმის სივრცეები შენობების პირველ სართულებზე ან ნახევარსარდაფებში, სადაც სახელოსნოები მუშაობდნენ. იყვნენ ტყავის ოსტატები, ვიწროდ სპეციალიზებული მეტიკეები ან ყველის გუდების გამომყვანები, ფართო პროფილის მეთუნეები, რომლებიც კრამიტს, აგურს, თონეებსა და ქვევრებს ამზადებდნენ, ან მხოლოდ მეჭურჭლეები და მესაკირეები; მეწაღეები, მეაკვნეები, დურგლები, ქვის მთლელები, სათევზაო ბადეების და ფარდაგების მქსოველები.

იმ უბანში „ქართველები და სომხები ცხოვრობდნენო, – იხსენებენ მაწანწრელები, – სულ ხელოსანი ხალხი იყო. ქურდი და მამაძაღლი აქ არა გვყავდაო“.

მაწანწარაში მეზობლებმა ერთმანეთის გვერდში დგომა იცოდნენ ლხინშიც და ჭირშიც, ფულითაც და ხელითაცო. ქალაქში, ზემო უბანში, რომ გაიგებდნენ მაწანწრელი იყო, ჩვენი უბნის გოგოს გადაბრუნებულს ვერ ეტყოდა ვერავინ, იცოდნენ, მთელი უბანი გვერდში დავუდგებოდითო – ასეთ ამბებსაც ჰყვებიან.

მაწანწრის მცხოვრებლებს კარგად ახსოვთ საბჭოთა დროის ამბები და მათ შორის ისიც, თუ როგორ გამოჰქონდათ სახლების წინ, ვიწრო და გრძელ სკამებზე თავ-თავიანთი პროდუქტი ხელოსნებს გასაყიდად. ქუჩა ღია გამოფენა-ბაზრობას ემსგავსებოდა და ღია ცის ქვეშ გამართული „არაჩვეულებრივი გამოფენის“ მნახველი, უცებ მიხვდებოდა, თუ რომელ სახლში რა ხელობას მისდევდნენ.

უფრო ადრინდელი ამბების აღდგენა, საარქივო მასალის სიმწირის გამო, დღეს უკვე შეუძლებელია. უბნის ახლო წარსული კი თანამედროვეთა მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია და ამ მეხსიერების შეგროვება გადაწყვიტა სათემო განვითარების ცენტრმა პროექტით „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები“, რომელსაც ფრიდრიხ ებერტის ფონდმა დაუჭირა მხარი. კვლევის შედეგები წლის ბოლოს წიგნად გამოვა.

მოგონებების შეგროვების კვალზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ ოქრომჭედელს, ქართული, ტრადიციული იარაღის ოსტატს, ჯემალ სანდოშვილს ვესტუმრეთ. მის წინაპრებს, კერძოდ, მეწაღე პაპას, გრიგოლ ფარნაოზოვს, ამ უბანში იმხანად ჯერ კიდევ გზის პირას მდგარი, პატარა სახლი-სახელოსნო 1925 წელს უყიდია და ხელოსნების უბნის შრომით ფერხულში ჩაბმულა. მისი მეუღლეც, ანა ბადურაშვილი, მეთუნეების ოჯახიდან იყო – ქსოვდა ფარდაგებს და სათევზაო ბადეებს. ჯემალ სანდოშვილის მამა, მართალია, მეწაღეობას არ გაჰყვა, მაგრამ ხელმარჯვე მშენებელი იყო და დურგლობაც ეხერხებოდა. 

სახლი, რომლის განაპირა ოთახშიც, მისი პატარა და მყუდრო სახელოსნოა მოწყობილი, ახლა ცოტა სიღრმეში დგას. ვათვალიერებთ ჩაწიკწიკებულ სამუშაო იარაღებს და დაზგას. იქვე, კედელზე, ბებიის მოქსოვილი ძველი ფარდაგი კიდია და ზედ ქართული საბრძოლო იარაღია გამოფენილი: ხანჯლები, ხმლები, დანები, ნინძას საბრძოლო ვარსკვლავებიც კი.

მაწანწარაზე, სისხამ დილით იწყებოდა ფუსფუსი ნახევარსარდაფებსა თუ ღრმა სარდაფებში მოწყობილ სახელოსნოებში ან ქარხნებში – ადგილობრივები მათ საოჯახო სახელოსნოებს ეძახდნენ და ბავშვობაში ჯემალ სანდოშვილი ამ ყოველდღიურობის ნაწილი იყო. მეზობლად მჭედელი ერმანა მეტრეველი ცხოვრობდა, თან ნალბანდიც იყო: „საათობით ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მუშაობდა მთელი დღე მჭედელი. ხან სამეურნეო იარაღს, ცულისპირებს, ნალებს ჭედავდა და ხანაც ცხენებს აჭედებდა ამ ნალებს. მე კი პატარა ვიყავი, ვიდექი და ვუყურებდი დიდი ინტერესით. გარშემო მეჭურჭლეებიც ბევრნი იყვნენ. თითქმის ყველა ოჯახი ამ საქმეს მისდევდა. აქვე მეტყავეები, ძმები ბეგიჯანოვებიც ცხოვრობდნენ. დაგრეხილი დიდი ულვაშები ჰქონდათ და ყველის გუდებს და ღვინის ტიკებს ამზადებდნენ. პაპაჩემიც ცნობილი ხელოსანი იყო, ფეხსაცმელს კერავდა. ბონდრების დაკვირვებაც მაინტერესებდა, როგორ კრავდნენ კასრებს, კარაქის სადღვებელებს...“

თვითონ ჯერ თელავის სამხატვრო სკოლის პირველი თაობის კურსდამთავრებული გახდა; ხატვის გარდა, ძერწვა, ქანდაკება და ხელოვნების ისტორია ისწავლა, შემდეგ სწავლა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო. იქვე დაიწყო მუშაობა 1972 წელს, სადაც ხელოვნების ისტორიას კითხულობდა და თან კახელი ოქრომჭედლების და ხალხური ოსტატების შესახებ ამუშავებდა თემას. თელავსა და მის შემოგარენში მცხოვრები ხელოსნების და მოქმედი სახელოსნოების ამბებს სწავლობდა. თანდათანობით მთელი კახეთის მოცვაც უნდოდა, მაგრამ მერე, სამოქალაქო ომი დაიწყო და მისი კვლევითი საქმიანობაც შეჩერდა. ისე კი, თელავში მეთუნეები სჭარბობდნენ ოქრომჭედლებს.

„მაშინ, 1972-იან წლებში, ინსტიტუტში ძალიან დაბალი ხელფასები გვქონდა და არ მყოფნიდა. პატიოსნად ვმუშაობდი, ნიშნებზე დამატებითი ფულის შოვნა ჩემთვის მიუღებელი იყო, არ ვკისრულობდი და ამიტომ გადავწყვიტე გამომეჩინა დამატებითი საარსებო წყარო ოჯახის დასახმარებლად. ხელობები ბევრი ვიცოდი, ჩხირკედელა ვიყავი და უამრავი რამე მეხერხებოდა. ამ არჩევანს რომ ვაკეთებდი, ასე ვიფიქრე: ქალებს სამკაული სულ ეყვარებათ და უფრო გაიყიდება-მეთქი. თან ოქრომჭედლობა უბრალოდ ხელობა კი არა, ხელოვნებაა და ეს დამატებით მოტივაციას მაძლევდა. ძალიან კარგად შევისწავლე ოქრომჭედლობა, მე თვითონ მთელი ორი წელი ვამუშავებდი ლიტერატურას ქართული ოქრომჭედლობის შესახებ“.

ადგილზე კი ამ მიმართულებით არავინ მუშაობდა, ვერავის დაუდგებოდა შეგირდად. მასთან ერთად სამხატვრო სკოლაში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, ალექსი კევლიშვილი სწავლობდა, რომელმაც შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა ლითონ-ქანდაკების სპეციალობით და უკან დაბრუნებულმა ოქრომჭედლობას მიჰყო ხელი: „ძირითადად მელხიორში მუშაობდა, ოქრო-ვერცხლსა და იარაღს იშვიათად კიდებდა ხელს. მის მუშაობას ვაკვირდებოდი ხოლმე, და უფრო და უფრო გამიმყარდა ოქრომჭედლობის სურვილი. ძალიან მორიდებული ვიყავი და ასე ვერ ვთხოვე, მასწავლე-მეთქი, მაგრამ ვუყურებდი, როცა შემეძლო. თბილისშიც, მივლინებით რომ გამიშვებდნენ, საქმეებს მოვრჩებოდი და ნაცნობ ხელოსნებთან მივდიოდი, ოქრომჭედლებთან – ახლა იმათ საქმიანობას ვაკვირდებოდი. ასე ვისწავლე ხელობა, ყურებით, დაკვირვებით, ცდით და ლიტერატურის დამუშავებით. თვითნასწავლი ვარ“.

ჯერ სამკაულის კეთება და სახელოსნოს აღჭურვა დაიწყო. დედა ნერვიულობდა, მთელ შენს ხელფასს რომ მანდ უშვებ, რომ არ გაამართლოსო? მაგრამ გაამართლა. 1975 წელი იქნებოდა და თავისი პირველი ნაკეთობები, ბეჭდები, სამაჯურები და სხვა სამკაულები თანამშრომელ ქალებს აჩვენა. ყველაფერი დაიტაცეს და ისე გაიყიდა პირველი ნაკეთობები, არცერთი არ დარჩაო, ღიმილით იხსენებს.

თვითონ კი, სამკაულებზე მეტად, ქართული, ტრადიციული იარაღის დამზადება აინტერესებდა. ამ დარგის ოსტატი არავინ იყო: „ვფიქრობდი, ამ ხელობასაც შევისწავლი, მერე სხვას გადავცემ ცოდნას და ადგილზე ტრადიციაც დამკვიდრდება და გაგრძელდება-მეთქი“. ძველი იარაღის შეკეთება-რესტავრაციით დაიწყო და შემდეგ უკვე თავად ამზადებდა მოვარაყებულ საბრძოლო იარაღს. „საბჭოთა დროს სამკაულს ქალები მიკვეთავდნენ, იარაღს კი – კაცები. ზოგს თავისთვის უნდოდა, ზოგს საჩუქრად. იყო შემთხვევები, ძველი, მამაპაპისეული იარაღი მოჰქონდათ შესაკეთებლად და მეც სიამოვნებით ვაკეთებდი. ამ სახელოსნოში უამრავი ღამე მაქვს გათენებული. ისე გამიტაცებდა ხოლმე მუშაობა, განსაკუთრებით, როცა რაიმე ახალს და განსხვავებულს წამოვიწყებდი, რომ ყველაფერი მავიწყდებოდა. ვეღარც დაღლას ვგრძნობდი და დროც უცებ მიფრინავდა; მამლის ყივილი თუ გამახსენებდა გათენებას. ამ საქმით ვცხოვრობდი, შეკვეთის იმდენი მსურველი იყო, კვირები იცდიდნენ რიგში“.

„ყველაფერი მიყვარდა, კარგად გამოდიოდა, კვეხნაში არ ჩამითვალოთ. არ ვჩქარობდი, დიდხანს ვაკეთებდი და გულდასმით. ერთი წერტილი თუ არ მომეწონებოდა, შემკვეთს, რომელიც წუნს ვერასოდეს შეამჩნევდა, მაინც არ გავატანდი, გამოვასწორებდი, სხვას გავაკეთებდი. ამიტომ მეც კმაყოფილი ვიყავი და შემკვეთიც“. მართლაც, ჯემალს ყველა ნაკეთობა ეყიდებოდა. გაყიდვებში მეუღლე ეხმარებოდა და მისგან ხშირად გაუგია, ისე მოსწონთ, დგანან და ათვალიერებენო.

„ვცდილობდი, ჩემი სტილი მქონოდა, ორი ერთნაირი სამკაული არ გამეკეთებინა. ყველას ჰქონოდა განცდა, რომ მისი ერთადერთი და ორიგინალურია“.

ამ ხელობით 90-იან წლებშიც ჰქონდა შემოსავალი; მერე შეკვეთები ნელ-ნელა შეწყდა. დღეს ხელობით ვეღარ ცხოვრობს ჯემალ სანდოშვილი და შეკვეთებსაც იშვიათად იღებს, ხალხს ძალიან გაუჭირდა და იარაღისთვის აბა, ვისღა სცალიაო. ბატონი ჯემალი იმას უფრო განიცდის, რომ დღეს ქართული იარაღის ოსტატი კახეთში არავინაა მის გარდა და მე რომ აღარ ვიქნები, ეს ხელობა ჩვენს მხარეში სულ დაიკარგებაო. მის მოსწავლეებს შორის ოქრომჭედლობა კი ბევრმა ისწავლა, მაგრამ იარაღის კეთება, სამწუხაროდ, არავინ.

„სამი გოგო მყავს, მაგრამ ჩემი ხელობა არ აინტერესებთ. ვოცნებობდი, ბიჭიც მყოლოდა. ვფიქრობდი, ხელობას შევასწავლი-მეთქი. ჩვენ ხომ ხელოსნების ოჯახი ვართ, ერთი პაპა მეწაღე იყო, ბებია მქსოველი, მეორე პაპა – მეთუნე და მამა ხურო. ჯერჯერობით არც შვილიშვილს აინტერესებს და არც სხვა შეგირდები მყავს. ნეტა ვისმე ესწავლა! მინდოდა გამეკეთებინა სამხატვრო სკოლასავით, სულ მცირე ანაზღაურებაზეც თანახმა ვიყავი და ავიყვანდი მოსწავლეებს, ხელობას შევასწავლიდი. რამდენიმეჯერ მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებებს, მაგრამ არ მომაქციეს ყურადღება, არადა, კახეთში აღარავინ დარჩება ამ საქმის ხელოსანი. ამაზე ძალიან ვწუხვარ“.

1920-60-იან წლებში, მაწანწრელი ხელოსნები ქალაქ თელავის ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებლები იყვნენ საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლით, მაგრამ ეს საქმე „მძიმე-მძიმედ გაჩერდა 80-იანი წლებიდან. ქარხნული კერამიკა განვითარდა და ოჯახურ პირობებში დამზადებულზე მოთხოვნა დაეცა, იქ ზოგიერთი ნივთი, მაგალითად, გუდა, ტიკი, რუმბი, პატარა კასრები და სხვა, სულ გამოვიდა ხმარებიდან და ხელობის სწავლაც აღარავის უნდოდა. ასე ნელ-ნელა ქრებოდა სახელობო ტრადიციები. ოქრომჭედლობაც ძვირი სიამოვნებაა და აბა, ძვირიანი სამკაულის ან ქართული იარაღის თავი ვიღას ქონდა“.