გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ორი შველი და ერთი ფარშავანგი | მირანდა, ანტვერპენი

მირანდა, 25 წლის, ანტვერპენი

ადამიანი ერთხელ იბადება არა იმისთვის, რომ იარსებოს, არამედ იმისთვის, რომ იცხოვროს, ბედნიერი იყოს, მომავლის იმედი ჰქონდეს. სადაც ეს ყველაფერი წართმეული გაქვს, იქ არ უნდა გაჩერდე, რაც არ უნდა სამშობლო ერქვას და რა „უდიდესი ისტორიაც“ არ უნდა ჰქონდეს ამ შენს ქვეყანას.

ახლა მუშაობის დაწყებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დამრჩა, ინტეგრაციის კურსს უკვე მალე ვამთავრებ.

მარტო ვქირაობდი ბინას, მაგრამ ახლა ჩემი შეყვარებული ჩამოვიდა საქართველოდან და ერთად ვართ. ჩემს ხასიათს მხოლოდ ქართველი გაიგებდა. ფეისბუკით გავიცანი. პირველად რომ მომწერა, ისეთი დეპრესია მქონდა, სახლიდან ვერ გავდიოდი. კოშმარები მესიზმრებოდა, თითქოს ვიღაცას უნდა მოვეკალი, ის, რაც საქართველოში გამოვიარე და მაშინ დიდად ვერ განვიცადე, აქ ამოხეთქა.

ჩემი შეყვარებულის მშობლები მიცნობენ, ვსაუბრობთ ხოლმე კამერით. უბრალოდ არ იციან, რომ ტრანსგენდერი ვარ, ჩვეულებრივი გოგო ვგონივარ. ეგ ჯერ მოსაგვარებელი გვაქვს.

ჩემებთან მას მერე გავწყვიტე ურთიერთობა, რაც თბილისში დამჭრეს. საავადმყოფოში მარტო ჩემი მეგობრები და ორგანიზაციის თანამშრომლები მაკითხავდნენ. ჩემს პალატაში, გვერდით ერთი ბიჭი იწვა, რიგში იდგნენ ოჯახის წევრები, ვინ გაუთევდა ღამეს. არაფერი ისეთი არ სჭირდა. მაშინ მივხვდი, რომ სანახევრო ურთიერთობები აღარ უნდა შემენარჩუნებინა.

ძალიან მენატრება დედაჩემი. მაგრამ თან ვიცი, ჩემი ტრანსგენდერობა კი არ იყო მისთვის მიუღებელი, ჩემს მომავალზე კი არ დარდობდა, მე და შენს ძმას რას გვიკეთებ, დაფიქრდიო, მეუბნებოდა. მეზობლები რას იტყვიან, ნათესავები ხომ გადაირევიანო. საავადმყოფოში ერთხელაც არ დაურეკავს, არ უკითხავს, შვილო, როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდებაო. ძალიან ცხადად დავინახე, რომ ჯობდა საერთოდ წავსულიყავი საქართველოდან, შორს ვყოფილიყავი, ჩემი თავისთვისაც და მათთვისაც უკეთ ცხოვრების შანსი რომ მიმეცა.

ძალიან მომწონს აქ ცხოვრება. თავაწეული დავდივარ ქუჩაში. მინდა, გვერდზეც ის ადამიანები მყავდეს, ვინც ჩემით იამაყებენ.

საქართველოს ლგბტ თემიდან ძალიან ბევრი ვართ წამოსულები, ანტვერპენი მაინცდამაინც დიდი ქალაქი არ არის და ყველასთან გიწევს ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ყველას ერთმანეთი გულზე არ გვეხატება, მხოლოდ რამდენიმესთან ვარ ახლოს. მეგობრებმა ჩამინაცვლეს ოჯახი. ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა გამიჭირდეს მორალურად, თუნდაც ფინანსურად, რაც არ უნდა დამჭირდეს, ვისაც მე მეგობარს ვეძახი, მიწას გახეთქავენ და დამეხმარებიან - მარტო არასდროს დამტოვებენ. ეს არაერთხელ გამოგვიცდია.

აქ ასეთი პრინციპია, იმდენი უნდა იყოს სოციალური დახმარება, რომ ძლივს გყოფნიდეს, არ უნდა გაკმაყოფილებდეს, რომ სამსახურის დაწყების მოტივაცია გქონდეს. მე სწავლის გაგრძელება მინდა. იცის ჩემმა სოციალმა და ძალიან მიწყობს ხელს. ერთი წელი ვიმუშავებ, თან ნიდერლანდურ ენაზე ვივლი და მერე ვგეგმავ ჩაბარებას.

დაწვრილებით

მე სასწორი ვარ და ძალიან ბევრს ვფიქრობ, მომავალი ათი წელი უკვე დაგეგმილი მაქვს. შეიძლება ყველაფერი ზუსტად ისე არ გამოვიდეს, მაგრამ ჩემს გონებაში უკვე ვიცი, რა როგორ უნდა მოხდეს. მთავარია, ვიცი, რა მაქვს მიზანი, იქამდე როგორ მივალ, ეს აღარაა მნიშვნელოვანი. რაც მე მინდა, ცოტა ზღაპრულია, ვიღაცას შეიძლება სულელი ვეგონო, მაგრამ ძალიან მინდა მქონდეს სოფლის სახლი, პატარა ეზოთი, მყავდეს ქმარი და შვილები. ამ ეზოში იყოს ბევრი ყვავილი, სულ მწვანეთი იყოს დაფარული და იმ პატარა მინდორზე დარბოდეს ორი შველი და ერთი ფარშავანგი.

ეს არც ისე ძნელია. აქ ფერმებში იყიდება შველიც და ფარშავანგიც, როგორც ხბო და ქათამი ჩვენთან. ეზოიანი სახლი რომ მექნება, იქ ეგენიც მეყოლებიან. მე კი ვივლი, როგორც დედოფალი და დილაობით ჩემს ცხოველებს დავაპურებ ხოლმე. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა