ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თიბისი

პანდემიის დროის არტ სიზმრები თიბისი კონცეპტის სივრცეში

თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეებში ფოტო და მულტიმედია ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს

თიბისი კონცეპტის მიერ ორგანიზებულ ფოტო და მულტიმედია ხელოვნების გამოფენა მარჯანიშვილის N7-ში გაიხსნა. ის რადიკალურად განსხვავებულ ქართველ ხელოვანთა და არტისტთა ნამუშევრებს აერთიანებს.  „თიბისი კონცეპტის ამ ახალი გამოფენით გვსურს, რომ პანდემიის შემდეგ საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს დავუბრუნოთ. სახელოვნებო პროცესი და გამოფენები გავაცოცხლოთ, რათა ისინი ჩვენი რეალობის ნაწილად ვაქციოთ. თავის დროზე, თიბისი კონცეპტის შექმნა სწორედ ამგვარი არტისტული და სოციალური სივრცის მთლიანობას გულისხმობდა“, - ამბობს გამოფენის კურატორი ნინა ახვლედიანი.

 მოზღვავებული, მაგრამ აკრძალული სურვილები, ფრთაშეკვეცილი არტისტული ოცნებები; ჯერ კიდევ სოციალური დისტანციის გამო გაჩენილი დაუძლეველი შიშები და იმედები - ამ ყველაფრის დავიწყება (ან შესაძლოა გახსენებაც) ამ გამოფენაზეა შესაძლებელი.  გამოფენის მიზანია მაქსიმალურად მოიცვას და გააცოცხლოს დღევანდელი, იმპულსური და სოციალურად აქტუალური ხელოვნების არეალი.

ნინა ახვლედიანი გამოფენის შინაარსს ასე წარმოგვიდგენს: „თიბისი კონცეპტი ყოველთვის უჭერდა მხარს თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებას და ამჯერადაც საშუალებას აძლევს ხელოვნების მოყვარულებს ერთი თვის განმავლობაში ექვსი ქართველი არტისტის, ფოტოხელოვანის თუ მხატვრის ნამუშევრებს გაეცნონ. მაგალითად, დავით მესხის და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის სრულიად განსხვავებულ და კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას; ქეთი კაპანაძის ვერცხლისფერი მეტალით შესრულებულ რამდენიმე ნამუშევარს, რომელიც უშუალოდ თიბისი კონცეპტის დაკვეთით შეიქმნა და რომელიც მარჯანიშვილის სივრცის რეკონსტრუქციის შემდეგ პერმანენტულად რჩება საგამოფენო სივრცეში; ანა კე-ს პროექტს, რომელიც 2019 წელს, ვენეციის ბიენალეზე წარდგენილ საქართველოს პროექტს პირდაპირ უკავშირდება; გვანცა ჯიშკარიანის ფოტოებს, რომლებიც მინაზეა დატანილი  თუ ნატა სოფრომაძის ყვავილების ფოტოსერიას. ნაწილი მათგანი აქვე დარჩება და იმედია, დროთა განმავლობაში სივრცის ორგანულ ნაწილად იქცევა. ეს ნამუშევრები თიბისის კოლექციის ნაწილია. გალერეებთან და ხელოვანებთან კოლაბორციული თანამშრომლობის ფარგლებში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი სახელოვნებო კოლექცია შეგროვდა“, - დასძენს ნინა ახვლედიანი.

ვიზუალური ხელოვნების დაბრუნება-გაცოცხლება თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში, ერთგვარ ხეტიალს წააგავს სიზმრიდან ცხადში. ასეთ ირონიულ სიცხადეს იგრძნობთ დავით მესხის „ტანმოვარჯიშეების“ ფოტოგრაფიაში, ხოლო სიზმრისეულ ირეალობას - ქეთუთა მესხიშვილის „ძაღლის ღიმილში“, რომელშიც ძაღლი საერთოდ არ ჩანს და ღიმილს უფრო მომწვანო ღრუბლების ფორმა აქვს.

ქეთი კაპანაძის ვერცხლისფერი, მრგვალი მეტალის მრავალფიგურიანი ნამუშევარი გრძელი სათაურით „Irreversibility is a flow of on atoms which as Expressions of Vital…“  უფრო სოციალური და პოლიტიკური შთაბეჭდილებებისკენ გიბიძგებთ. გვანცა ჯიშკარიანის ნამუშევარი კი - Savanna Savage, რომელიც მრგვალ და მართკუთხა ფორმის შუშებზეა განფენილი, სავანების უსასრულობისა თუ ფერადოვნებისკენ გვეპატიჟება, ანა კე-ს სამნაწილიან პროექტში ძველი ქართული ანბანის ასოები არამხოლოდ ცალკე ინსტალაციად არის წარმოდგენილი, არამედ ინტერიერისა და არქიტექტურის მნიშვნელოვან დეტალებადაც. ნატა სოფრომაძის „საფლავის ყვავილები“, თითქოს პოეზიას და მელანქოლიას ამთლიანებს.




მეორე სართულზე განცალკევებითაა წარმოდგენილი ფოტოგრაფ დარო სულაკაურის პროექტი „სიზმარს ვხედავდი“ - წიგნი და დღიური, რომელიც ავტორის ფოტოგრაფიული რეფლექსიაა პანდემიის შთაბეჭდილებებზე. ავტორის ტექსტი და ფოტოები ცხადყოფს, რა ძლიერია პირადი განცდების კვალი და როგორ აისახება ის დღიურებში, რომელიც მან 11-მეტრიან, აკინძულ ინსტალაციად გარდაქმნა. აღსანიშნავია, რომ გამოფენა, ასევე, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებშია წარმოდგენილი.

ავტორი, ფოტოგრაფი დარო სულაკაური  ერთგვარ ხელნაკეთ წიგნს ქმნის. წიგნის თითოეული ნაჭერი უნიკალურია, რადგან ხელმოწერილი და დანომრილია. შეზღუდული ფორმატის დაკეცილ ხელნაწერში აღწერილია და გადმოცემულია ავტორის შეგრძნებებისა და ემოციის სრული დიაპაზონი - მძიმე და დეპრესიული განწყობიდან ექსპრესიულ და ცოცხალ შთაბეჭდილებამდე. დარბაზში წარმოდგენილია პანდემიის პერიოდში გადაღებული დაახლოებით 15 ფოტო ნამუშევარი, რომელიც წიგნში აღწერილი შთაბეჭდილებების ერთგვარი ვიზუალური გაგრძელებაა.

ფრაგმენტი დარო სულაკაურის დღიურიდან:

„როდესაც პანდემიის დროს პირველად გავედი გარეთ, მივხვდი, როგორი სიურრეალისტური გახდა გარესამყარო ჩემთვის. პირბადიანი ხალხი ტრანსპორტში, დაცარიელებული ქუჩები, დაბნეულობის და ქაოსის შეგრძნება მეუფლებოდა. ველოდებოდი იმ ცხოვრების დაბრუნებას, რომელიც ოდესღაც მქონდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ოჯახის ყველაზე ახლობელ ადამიანს სწორედ ამ საყოველთაო კარანტინის დროს დავკარგავდი.

თითქოს ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შეგრძნებებიც მასთან ერთად მოკვდა. ჩვეულებრივი დასაფლავების საშუალება კოვიდ-19-ის პირობებში აღარ იყო. პირბადეებით ვიყავით სასაფლაოზე მხოლოდ ჩვენ: ჩემი მშობლები, მამიდა და მესაფლავეები. მომაკვდინებელმა ვირუსმა სიკვდილის სევდა მოიტანა. მიჭირდა იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობდი, რაღაც უცნობი, სხვა ყველა ემოციისგან განსხვავებული შეგრძნება მქონდა, როგორც უცნაური სიზმარი, რომლის დასიზმრებაც გარდაუვალი იყო; თითქოს ცარიელ სივრცეში და ქუჩებში დავდიოდი, რომლებიც ხალხისა და საგნებისგან იყო დაცლილი“...

ასე რომ, ვისაც მძაფრი და მოულოდნელი შეგრძნებებით სავსე არტ-ხეტიალი იზიდავს სიზმარსა და ცხადში, შეუძლია თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეს მიაშუროს, რომელიც პანდემიიდან გამოფხიზლების საშუალებას მოგცემთ.