ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„პანორამა თბილისის“ პანორამული საფრთხე

ვინაიდან, „პანორამა თბილისის“ განხორციელების საკითხი სახელმწიფო ინსტიტუციებმა გადაუდებლად შესასრულებელ ამოცანად დაისახეს.

ვინაიდან, სამოქალაქო  პროტესტი და საზოგადოებრივი მოთხოვნები არ იქნა გაზიარებული.

ვინაიდან, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლების მხრიდან შეფასებულ იქნა „შეცდომაში შეყვანილ ექსპერტთა წერილად“.

ვინაიდან, პროექტის განხილვის პროცესს არ ახლდა საჯაროობა და რაც მთავარია, სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.

ვინაიდან, ვაცნობიერებთ, რომ ქალაქი გაუაზრებელი და დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის გამო დგას ტოტალური განადგურების წინაშე, სამოქალაქო მოძრაობა „ერთად“ იწყებს ქალაქის გადარჩენისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ, რომ ცალკეული ორგანიზაციების ბრძოლა ლოკალური თუ კომპლექსური პრობლემების წინაშე ვერ მოიტანს სასურველ შედეგს და მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ორგანიზაციას, პოლიტიკურ ძალას ცალსახად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ურბანულ, კულტურულ-მემკვიდრეობით, გარემოს დაცვით, სოციალურ, სამართლებრივ  სფეროში მიმდინარე საგანგაშო პროცესებთან მიმართებაში და შეუერთდნენ მოძრაობას, რომლის მიზანიც არის როგორც თბილისის, ასევე ქვეყნის გადარჩენა, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგებისგან!

ვინაიდან, დღეს აღარ არის დაპირისპირების და კონფრონტაციის დრო, სამოქალაქო მოძრაობა „ერთად“ ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას, ვინც იზიარებს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების წინააღმდეგ გაერთიანების აუცილებლობას, სთავაზობს „შეთანხმების მემორანდუმზე“ ხელმოწერას.

   

 

„პანორამა თბილისის“ პანორამული საფრთხე

დასაცავი ფასეულობა:

თბილისის უნიკალურობას განსაზღვრავს ბუნებრივი ლანდშაფტის დომინანტობა და მასზე მორგებული ურბანული არქიტექტურა. ქალაქის მთავარი და განუმეორებელი თავისებურებაა მთათა სისტემა, რომელმაც აქტიური როლი ითამაშა ქალაქის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში. საუკუნეთა მანძილზე ქალაქის საზღვრების განვრცობის მიუხედავად ყოველთვის რჩებოდა ხელუხლებელი ტერიტორია (თაბორის, სოლოლაკის, მთაწმინდის ქედი), რომელიც ისტორიულად არასოდეს ყოფილა განაშენიანებული.

დასაბუთება:

პროექტს არ ახლავს დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი „პანორამა თბილისის“ განხორციელება სოლოლაკის ქედის, თავისუფლების მოედნის და ერეკლეს მოედნის ტერიტორიაზე.

არ არის წარმოდგენილი სოციო-ეკონომიკური, ურბანული ან სხვა ხასიათის კვლევები იმის შესახებ, თუ რა სარგებელს მოუტანს „პანორამა თბილისი“  თბილისის ისტორიულ ნაწილს, როგორც ურბანულ ძეგლს.

სამართლებრივი ასპექტი:

როგორ მოარგეს პროექტს კანონმდებლობა - 2014 წლის 4 აპრილს (#265) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებაში, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა მე-5 პუნქტი. ამ ცვლილებით შესაძლებელი გახდა V კლასის კატეგორიაში შემავალი ობიექტებისათვის და კერძოდ ხაზობრივი ნაგებობებისთვის   არასრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის გამარტივებული წესით შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.

„პანორამა თბილისის“ V კლასის კატეგორიაში გაყვანით პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის ვალდებულება თბილისის მერიის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად დაეკისრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის მთავარი ამოცანაა ინვესტიციების მოზიდვა და არა ძეგლთადაცვითი პრინციპების გათვალისწინება.

რატომ შეიცვალა ზონის სტატუსი სოლოლაკის ქედთან მიმართებაში? - საქართველოს კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მუხლი 39-ს მიხედვით:

4. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) შემდეგი სამშენებლო სამუშაოები:

ა.ა) კულტურული ან ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ა.ბ) დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ მიზნებთან და ამოცანებთან ფუნქციურად დაკავშირებული ნაგებობების, საზოგადოებრივ ინტერესებთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობების ან სახელმწიფოებრივი ინტერესით განპირობებული იმგვარი ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა, რომლებიც მნიშვნელოვნად არ უცვლის სახეს ისტორიულ რელიეფსა და ლანდშაფტს, არ აუარესებს ზონაში დაცული და ვიზუალური დაცვის არეალებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის აღქმას;

ლანდშაფტის დაცვის ზონაში „პანორამა თბილისის“ განხორციელების შემთხვევაში კანონის მუხლი 45, პუნქტი 1-ს მიხედვით ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტან, მისი აღქმისათვის ხელის შემშლელ, ზონებში დაცული კულტურული მემკვიდრეობისათვის პრაქტიკულად თუ ესთეტიკურად ზიანის მომტან შენობას, ნაგებობას, საწარმოს, სახელოსნოს, საწყობს, ასევე სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადების წარმომქმნელ, ნიადაგის, ატმოსფეროსა და წყალსატევების გამაჭუჭყიანებელ სხვა ობიექტს მიენიჭებოდა შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსი. რაც თავისთავად ამგვარი ნაგებობის დემონტაჟის ვალდებულებას გულისხმობს.

 

საერთაშორისო ასპექტი:

„პანორამა თბილისი“ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ რატიფიცირებულ:

ორჰუსის კონვენციას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ვალდებულებას გარემოსდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ფაროს კონვენციას, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ინტერესები, საინვესტიციო კაპიტალი არ უნდა იყოს მიმართული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ.

გრანადის კონვენციას, რომლის საფუძველზეც ხელისუფლებამ არქიტექტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია, განვითარება და წარმოჩენა უნდა  გახადოს კულტურის, გარემოს დაცვის და მიწათმოწყობის პოლიტიკის უმთავრეს ელემენტად.

„პანორამა თბილისი“ ასევე ეწინააღმდეგება UNESCO-ს შემდეგ რეკომენდაციებს:

რეკომენდაცია საზოგადოებრივი ან კერძო სამუშაოების გამო საფრთხეში მყოფი კულტურული ობიექტების დაცვის შესახებ, 19 ნოემბერი, 1968.

რეკომენდაცია ეროვნულ დონეზე კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, 16 ნოემბერი, 1976

რეკომენდაცია ისტორიული არეალების თანამედროვე როლის და დაცვის შესახებ, 26 ნოემბერი, 1976

 

UNESCO:

თბილისის ისტორიული ნაწილის ნომინაცია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხდა 1999 წელს. 2001 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის ბიუროს 25-ე საგანგებო სესიაზე აღიარეს რა „თბილისის გამორჩეული უნივერსალური ღირებულება“ გადაავადეს ძეგლის UNESCO-ს ძეგლთა სიაში მიღება, სანამ საქართველო არ გააძლიერებდა ისტორიული ქალაქის დასაცავად წამოწყებულ ძალისხმევას და არ შექმნიდა ისტორიული ქალაქის სათანადო კონსერვაციისა და მასში ცვლილებების კონტროლისათვის აუცილებელ დაგეგმვის მექანიზმებს, როგორც გარდაუვალ პირობას, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მის შესატანად.

საპროექტო დოკუმენტაცია:

საპროექტო დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი. ამას ადასტურებს გაცემული ნებართვებიც, სადაც ნაკლული ნაწილის წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2017 წლის 31 მაისი.

საპროექტო ჯგუფმა არ გაითვალისწინა სახელოვნებათმცოდნეო კვლევაში ასახული რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც  მსგავის ტიპის პროექტის მშენებლობა გამოიწვევს არქიტექტურული ქედის საერთო ლანდშაფტური ხედის ვიზუალურ დათრგუნვას და ასევე-ის, რომ ცეკავშირის ადგილას დაგეგმილი შენობა სიმაღლეში არ უნდა ცდებოდეს, რუსთაველის #1-ში მდგარ საცხოვრებელი სახლის პარაპეტს.

ძალზე საკამათო და არაპროფესიულ დონეზეა შესრულებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც სკანდალურად ცნობილმა კომპანია „გამა-კონსალტინგმა“ შეასრულა.

პროექტში არ არის გათვალისწინებული რა  რისკი შეიძლება გამოიწვიოს სოლოლაკის ქედზე დაგეგმილი პროექტის განხორცილებამ, ვინაიდან მისი საძირკველი დგება ლეღვთახევში, იქ სადაც მოედინება წავკისისწყალი (ისეთივე მთის მდინარე , როგორიც ვერეა).

პროცედურული ასპექტი:

მიუხედავად მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესისა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცეკავშირის ადგილას მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის განთავსების მიზნით ქალაქმშენებლობითი პარამეტრების მომატების საკითხზე თანხმობა გასცა საზოგადოების ჩაურთველობის და პროცესის გაუმჭვირვალედ წარმართვის ფონზე.

სოლოლაკის ქედისთვის ლანდშაფტის ზონის დაცვის სტატუსის შეცვლასთან  დაკავშირებული საკითხი არ იყო შეტანილი საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგში. შესაბამისად, საზოგადოებამ არაფერი იცოდა მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ. საკრებულოს სხდომა ჩატარდა ფორსირებულ ვადებში (2014 წლის 29 და 30 დეკემბერი), დაინტერესებული საზოგადოების სხდომათა დარბაზში დასწრება განაპირობა ერთადერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის მიერ საშვების დაშვებამ და არა თბილისის საკანონმდებლო ორგანოს ღიაობამ, მაშინ როცა „ევროპული ქარტიის“ და „ორგანული კანონის თვითმმართველობის შესახებ“ თანახმად ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს პირდაპირი ვალდებულება გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა და თანამონაწილეობა.

თბილისის საკრებულომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების თხოვნა საკითხის 10 დღით გადავადების შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ გაითვალისწინა დაინტერესებული ადამიანების თხოვნა, რასაც ამყარებდა პეტიცია 4250 ხელმომწერით და ოფიციალურ წერილზე პასუხის გაუცემლად უგულებელყო „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება.

თბილისს არ ახსოვს იმ სიდიდის პროექტი როგორიცაა „პანორამა თბილისი“. სწორედ ამ მასშტაბის პროექტს უნდა ჰქონოდა სრულიად განსხვავებული საჯარო განხილვების და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.

 

ურბანიზაციის ასპექტი:

არსებობს სუბ-ურბანიზაციის ეტაპი, რომლის დროსაც ინვესტიციებით, საზოგადოებრივი ნაკადებით, ადმინისტრაციული ინსტიტუციებით გაჯერებული ცენტრალური უბნებიდან სივრცითი დეცენტრალიზაცია ხდება ახალ აგლომერაციებსა და პერიფერიულ ზონებში. ეს პროცესი თბილისში უკვე შეიმჩნევა. „პანორამა თბილისის“ პროექტი შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ისტორიულად კანონზომიერ ეტაპს და წარმოადგენს რეალურ საფრთხეს, რომ ისტორიული ქალაქი დადგეს ურბანული გენოციდის წინაშე.

პროექტის ისტორიული ქალაქის მიღმა განხორციელება შექმნის ახალი მიზიდულობის ცენტრს, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც აღნიშნული პროექტის განვითარება და გაფართოება, ასევე ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

 

სოციალური ასპექტი:

შეუწყნარებელია თბილისის მერიის პოზიცია, რომელიც საბიუჯეტო და შესაბამისად მოსახლეობის გადასახადების ხარჯზე აუმჯობესებს კერძო, კომერციული პროექტის მდგომარეობას, პუშკინის ქუჩის ესესტაკადის და შემოვლითი გზის მშენებლობის სახით.

„პანორამა-თბილისი“ არის კერძო, კომერციული და არა სოციალური პროექტი. მისი განხორციელება მომგებიანი იქნება პროექტის ინვესტორისთვის და არა ისტორიული ქალაქისა და მოსახლეობისთვის. არგუმენტი რომ მისი განხორციელების შემთხვევაში დასაქმდება 4 ათასი ადამიანი, ვერ ჩაითვლება მყარ საფუძვლად, ვინაიდან პროექტის სხვა ადგილას განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელია ანალოგიური რაოდენობის სამუშაო ადგილების გაჩენა.

ცეკავშირის ადგილას ასაშენებელი შენობის პირველი ვერსია ითვალისწინებდა რუსთაველის #1-ში მდგარი საცხოვრებელი სახლის ნახევრად დანგრევას. შენობას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მას არ აქვს კონსტრუქციული პრობლემა და მასში ცხოვრობს მოსახლეობა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, პროექტის ავტორებმა განაცხადეს რომ ეს იყო მხოლოდ კონცეფცია და რუსთაველის #1-ს აღარ დაანგრევდნენ. თუმცა, დამტკიცებული პროექტის მიხედვით საცხოვრებელი სახლის ეზოს მხარეს, ფასადიდან ერთი მეტრის დაშორებით შენდება 51 მეტრი სიგრძის ყრუ კედელი. ამ მშენებლობით უარესდება მაცხოვრებელთა სოციალური მდგომარეობა. ვინაიდან, ხელოვნურად ეცემა მათი ბინების საბაზრო ღირებულება. არსებობს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინვესტორმა იაფად გამოისყიდოს მოსახლეობის ბინები, რაც შესაძლებლობას მისცემს დაუბრუნდეს რუსთაველის #1-ის დანგრევის პირველად ვერსიას.

 

რისკები:

„თბილისის ისტორიული ნაწილი“ არის ძეგლის ოფიციალური სახელწოდება (1975-85 წწ), რომელიც შედგება დაცვის სამი ზონისაგან (1. სახელმწიფო დაცვის ზონა; 2. განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონა და 3. ლანდშაფტის დაცვის ზონა), სწორედ ამ საზღვრების ფარგლებშია წარდგენილი  UNESCO-ს სიაში მისაღებად. უპრეცენდენტოდ დიდი მასშტაბის პროექტის განხორციელება დაცულ საზღვრებში და ზონის სტატუსის შეცვლა უარყოფითად აისახება UNESCO-ს ექსპერტთა გადაწყვეტილებაზე და შესაძლებელია მსოფლიოს სხვა 11 ძეგლთან ერთად „წინასწარულ სიაში“ მყოფმა თბილისმა სამუდამოდ დაკარგოს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ნუსხაში მოხვედრის შანსი.

ძეგლის ნომინირების დროს ისტორიულ ნაწილში ჯერ კიდევ არ იყო განხორციელებული ისეთი ოდიოზური პროექტები, როგორიც არის სოლოლაკის ქედზე ბ. ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი, რიყის მილები, შანგრილა, „იმელის“ უკან სასტუმრო მილენიუმი, მხატვრის სახლის ადგილას მიმდინარე მშენებლობა....  ამ განუკითხაობის პროცესს აგვირგვინებს „პანორამა თბილისი“.

შემოვლითი გზის მშენებლობა დადებით ფაქტორად რომც მივიჩნიოთ, პანორამა თბილისის მშენებლობის პროცესში სატრანსპორტო თვალსაზრისით არსებობს რისკი, რომ გადაიტვირთოს სამივე სალოკაციო ტერიტორიასთან მისასვლელი გზები, რაც დისკომფორტს შეუქმნის როგორც ისტორიულ ზონაში მცხოვრებ და ზოგადად ქალაქის დანარჩენ მოსახლეობას, ასევე თბილისის სტუმრებს.

რუსთაველის #1-ს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუარესება და მათი იძულება დაბალ ფასად გაყიდონ უძრავი ქონება, წარმოადგენს ჯენტრიფიკაციის კლასიკურ მაგალითს, რაც შეიძლება შეუქცევად და განგრძობად პროცესში გადაიზარდოს.

პროექტის ავტორების თქმით დაგეგმილია ერეკლეს II-ს მოედანზე მდგარი შენობის რესტავრაცია. თუმცა,  მათივე დაკვეთით შესრულებულ, ზავრიევის ინსტიტუტის მიერ კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ მომზადებულ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ეს შენობა წარმოადგენს 125 წლის ნაგებობას, მისი ექსპლუატაციის ვადა ამოწურულია და კონსტრუქციული პრობლემების გამო არ ექვემდებარება გამაგრებას. ამ ფაქტის შემდეგ 2014 წელს მომზადდა ალტერნატიული დასკვნა სადაც დადასტურებულია, რომ  შენობის 80% მდგრადი და გამაგრებულია, დანარჩენი 20%-ის გამაგრებაც შესაძლებელია და ობიექტის დემონტაჟის საფუძველი არ არსებობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ შენობის რესტავრაციის ნებართვას 2017 წლის მარტში გასდის ვადა, შესაძლებელია ზავრიევის ინსტიტუტის დასკვნის საფუძველზე მოხდეს ისტორიული ნაგებობის დანგრევა. 

 

მესიჯები:

  • „პანორამა თბილისის“ განხორციელების  საკითხი სახელმწიფო ინსტიტუციებმა გადაუდებლად შესასრულებელ ამოცანად დაისახეს.
  • სამოქალაქო  პროტესტი და საზოგადოებრივი მოთხოვნები არ იქნა გაზიარებული.
  • ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლების მხრიდან შეფასებულ იქნა „შეცდომაში შეყვანილ ექსპერტთა წერილად“.
  • პროექტის განხილვის პროცესს არ ახლდა საჯაროობა და რაც მთავარია, სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.
  • ქალაქი გაუაზრებელი და დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის გამო დგას ტოტალური განადგურების წინაშე.
  • „პანორამა თბილისი“ კლავს თბილისის UNESCO-ში შესვლის შესაძლებლობას.
  • არასწორი ინვესტიცია კლავს ისტორიულ ქალაქს.
  • გარემოსდაცვითი თვალსაზრისით დაუშვებელია სოლოლაკის ქედის, როგორც ლანდშაფტური ტერიტორიის ხელყოფა.  
  • ბიძინა ივანიშვილთან მეზობლობა ძველ თბილისს ძვირად უჯდება.
  •  ბეტონის მოცულობებში დარგული ნერგები ვერ იქნება განადგურებული ეკო-სისტემის შემცვლელი.
  • „პანორამა-თბილისი“ არის კერძო, კომერციული და არა სოციალური პროექტი. მისი განხორციელება მომგებიანი იქნება პროექტის ინვესტორისთვის და არა ისტორიული ქალაქისა და მოსახლეობისთვის.
  • არგუმენტი რომ მისი განხორციელების შემთხვევაში დასაქმდება რამდენიმე ათასი ადამიანი, ვერ ჩაითვლება მყარ საფუძვლად, ვინაიდან პროექტის სხვა ადგილას განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელია სამუშაო ადგილების გაჩენა.
  • ქალაქი ეკუთვნის ხალხს და არა კონკრეტულ მიწაზე საკუთრების უფლების მქონე  იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს.

 ავტორი: ცირა ელისაშვილი

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა