ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პერსონალური კალენდარი

როგორ გავაკეთოთ

პერსონალური კალენდარი,

რომელიც ჩვენი ინტერესების, გატაცებების, სურვილების,

გეგმებისა და ოცნებების ამსახველი იქნება?

ამისთვის 3 ნაბიჯია საჭირო:

 

კალენდრის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:

მუყაოსავით სქელი, დიდი ზომის ქაღალდი, ჭიკარტი, ძაფი, ფანქარი, მაკრატელი, სახაზავი და მინიმუმ თორმეტფერიანი კალმისტრების შეკვრა.

 

ნაბიჯი 1

გაშალეთ ქაღალდი მაგიდაზე, ცენტრში დაამაგრეთ ჭიკარტით. ჭიკარტს გამოაბით ძაფი, ძაფის ბოლოს კი – ფანქარი. დაჭიმეთ ძაფი, შემოხაზეთ ფანქრით მაქსიმალურად დიდი წრეწირი და ამოჭერით.

ნაბიჯი 2

კალენდარზე თვეების წრის დასატანად, ამოჭერით ჟურნალიდან ტრაფარეტები ნომერი 1 და ნომერი 2. დაამთხვიეთ ისინი ქაღალდის ცენტრს და მათ გარშემო შემოხაზეთ ორი წრეწირი. ამ წრეებს შორის დარჩენილი სივრცე დაყავით 12 თანაბარ ნაწილად ტრაფარეტი 1-ის დახმარებით და შიგნით ჩაწერეთ თვეების სახელები.

ნაბიჯი 3

ტრაფარეტი 2-ის დახმარებით დიდი წრე დაყავით 32 ნაწილად და გაავლეთ სხივები ფურცლის კიდემდე (გამოგივათ 32-ნაჭრიანი პიცა). დანომრეთ სეგმენტები (პიცის ნაჭრები). ეს რიცხვები შეესაბამება თვეში დღეების რაოდენობას +1. 32-ე სეგმენტში ჩაწერეთ წელი და, თუ გნებავთ, დასახული მიზანი.

როგორ გამოვიყენოთ კალენდარი:

კალენდარი ცენტრში მიამაგრეთ ჭიკარტით კედელზე ისე, რომ შევსების დროს თავისუფლად იტრიალოს. ყოველი ახალი თვის დასაწყისში შეარჩიეთ ახალი ფერის კალმისტარი. მაგალითად, იანვარი იყოს ნარინჯისფერი და, შესაბამისად, თვეების წრეზე იანვრის სეგმენტი გააფერადეთ ნარინჯისფრად. ამის შემდეგ, დღეების სეგმენტში ისევ ნარინჯისფერი კალმისტრით დაიწყეთ წერა და 1-დან 31 იანვრამდე ფერი არ შეცვალოთ.

თებერვალი გააგრძელეთ სხვა ფერით, მაგალითად, ცისფრით და ასე შემდეგ. თუ მთელი წლის განმავლობაში ბეჯითად წერეთ, თითო პიცის ნაჭერში წლის ბოლოს გექნებათ 12 სხვადასხვა ფერის ჩანაწერი (პიცის ინგრედიენტი).

რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ

ეს განსაკუთრებული კალენდარი:

სადღაც, ალბათ ფეისბუკზე წავიკითხე, რომ იაპონელებს ჰქონიათ სიზარმაცის დაძლევის ასეთი მეთოდი: დღეში მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში აკეთებენ გარკვეულ საქმეს. ეს კალენდარიც რაღაც მსგავსია. მისი კეთება მაშინ დავიწყე, როდესაც ჩემს საქმეში გავიჭედე. კრიზისის დაძლევის ჩემი მეთოდი ასეთი იყო: კალენდარი სახელოსნოში მეკიდა და ყოველდღე მასში უნდა ჩამეწერა რამე, თუნდაც ერთი სიტყვა. ეს იმ დღის „პროგრამა მინიმუმის“ შესრულებას ნიშნავდა და ამის გარდა რომც არაფერი გამეკეთებინა, სინდისის ქენჯნას აღარ ვგრძნობდი.

ეს ამ კალენდრის DIY (Do It Yourself, გააკეთე საკუთარი ხელით) ვერსიაა. ახალი წლიდან თუ გინდათ, რომ რამე ახალი წამოიწყოთ ან ძველს თავი დაანებოთ, ეს კალენდარი დაგეხმარებათ. წლის ბოლოს თვალნათლივ დაინახავთ, რას დააკელით ხელი და რას პირიქით – წარმატებით გაართვით თავი. მაგალითად, თუ გინდათ, რომ ახალი წლიდან დაიწყოთ:

ვარჯიში,

მედიტაცია,

ახალი წიგნების კითხვა,

ახალი საქმე,

უცხო ენის სწავლა,

ტორტების გამოცხობა,

სიმღერა,

ცეკვა,

ხატვა,

ახალ ხალხთან ურთიერთობა,

ფულის დაზოგვა/შეგროვება,

ფეისბუკში ნაკლები დროის გატარება,

სიგარეტის/ნარკოტიკის გადაგდება,

ანდა სხვა უამრავი რამ,

ყოველდღიურად შეავსეთ ეს კალენდარი და ჩათვალეთ, რომ ნახევარი საქმე გაკეთებულია – თქვენ უკვე გაქვთ თქვენი გეგმების, სურვილების, ფიქრების, მისწრაფებების, ოცნებების კალენდარი. მასზე ყველაფერი დროში გაწერილი და აღრიცხულია, თან სხვების ანდა გარემოფაქტორების მიერ კი არა – თქვენ მიერ გაწერილი და აღრიცხული, თქვენი გათვლებით და ვარაუდებით. ამიტომ ვეღარ მოიტყუებთ თავს, ვერც მიზნები გაგისხლტებათ თვალსა და ხელს შუა, რადგან ყველაფერი კალენდარზეა და ვეღარ მოიმიზეზებთ, რომ მიგავიწყდათ, რუტინამ ჩაყლაპა და ასე შემდეგ. შეხედავთ კალენდარს და გაიცნობთ საკუთარ თავს – ისეთი ინტერესების მქონეს და საერთოდ ისეთს, როგორიც, ვთქვათ, 2016 წელს იქნებით.

ავტორი: სოფო ტაბატაძე

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა