
ფიქრის გორა
უმთავრეს სასეირნო და გასართობ ადგილებად ითვლებოდა ფიქრის გორა და ის ადგილი, სადაც ამჟამად ზოოპარკია.
აქ იყო ვერის საქეიფო ბაღები: ედემი, ფანტაზია, რასსვეტი. ზაფხულის სიცხიან დღეებში ვერელები საღამოობით გადიოდნენ ფიქრის გორაზე. ვერის ბაღების წინ, საქართველოს სამხედრო გზატკეცილზე, იდგა ლურჯად შეღებილი პატარა დუქანი.
მის აივანზე ყოველთვის წამოწოლილი იყო დუქნის პატრონი, შუახნის წვერებიანი კაცი, რის გამოც ამ დუქანს „წვერიანის დუქანს“ ეძახდნენ. როდესაც რუსეთისაკენ მიმავალი საფოსტო სადგურიდან გამოსული დილიჟანსი ამ დუქანს მიუახლოვდებოდა,
წითელჩოხიანი სქელ-სქელი კონდუქტორი – ვანო ახმაურებდა თავის საყვირს. ნამძინარევი „წვერიანი“ დადგებოდა დუქნის კარში, თეფშზე დაწყობილ ჭიქებს ღვინით შეავსებდა, მგზავრებს მიაწოდებდა და შესძახებდა: „ნი უეზჟაი გალუბჩიკ მოი!“.
ასეთივე სიტყვები ამკობდა დუქნის ფირნიშსაც. შორეულ ქვეყნებში მიმავალი მგზავრები ხშირად ჩამოდიოდნენ ეტლიდან,
შევიდოდნენ დუქანში და შეუკვეთავდნენ მწვადებს. მათ აღარ ესმოდათ კონდუქტორის საყვირის ხმა.
მალე ისიცა და მეეტლეც ჩაებმებოდნენ საერთო ქეიფში. დუქნის წინ კი დიდხანს იდგა დაცარიელებული დილიჟანსი...
ტექსტი: ვანო ნაცვლიშვილი, 1964 წ.