ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #შრომა

პირველი პირველი მაისი | გიორგი ჭკადუა

ნაწყვეტი სტატიიდან: „მთელი ქალაქის მუშა და ხელოსანი ხალხი ფეხზედ სდგას“
სტატია სრულად: ინდიგოს 47-ე ნომერში


მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ნიშნავდა არა მხოლოდ საქართველოში მუშების მდგომარეობის გაპროტესტებას, არამედ საერთაშორისო მოძრაობაში ჩაბმას, რომელიც ევროპაში უკვე მძლავრობდა და თავის თავში სოციალისტურ იდეებსაც მოიაზრებდა. მოგონებების მიხედვით, 1898 წელს პირველმაისობას 35 კაცი ესწრებოდა. 1899-ში – 75. 1900 წელს კი რაოდენობა 500-600 კაცამდე გაიზარდა.

ყველაზე მასშტაბური პირველმაისობა 1901 წლის 18 აპრილისთვის დაიგეგმა. მუშების მხრიდან მთავარი ორგანიზატორები არაქელა ოქუაშვილი და ზაქარია ჩოდრიშვილი იყვნენ. მათ სურდათ, რომ კალენდრულად ევროპის პირველ მაისს დამთხვეოდნენ და 18 აპრილზეც ამიტომ შეჯერდნენ. თუმცა, დემონსტრაციისთვის ადგილის ასარჩევად ქალაქში გასულებს პოლიციელებით სავსე ქუჩები დახვდათ. სამხედრო წვრთნებს გადიოდნენ მხედრები და იუნკრები. დიდი ალბათობით, გაცემულები იყვნენ. თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დემონსტრაცია ოთხი დღის დაგვიანებით 22 აპრილს „იარმურკაზე“ მოეწყოთ. კვირას იქ დიდი ბაზრობა იმართებოდა და უამრავი ხალხი ირეოდა. ეს ხელსაყრელი მომენტი იყო მუშებისთვის, რომ შეუმჩნევლად გადაადგილებულიყვნენ. თუმცა, მთავრობამ ესეც შეიტყო. „იარმურკაზე“ მისულებმა ნახეს, რომ გარშემო ოფიცრები იყვნენ ჩასაფრებულები.

მთელ მოედანზე ფარდაგებია გაშლილი. რიგებად არის ჩამწკრივებული დახლები და გასაყიდი საქონელი. სამუშაო იარაღებიდან დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული, ყველაფერი იყიდება. ხალხი ირევა. მუშები შუადღის 12 საათს ელოდებიან. მოედანზე, მიხა ჩოდრიშვილის ცნობით, ჯოხებით შეიარაღებული 400-500 მუშაა. გავარდა ზარბაზანი. „ზაქრო არ მშორდება, ჩემთან არის. წავჩურჩულე: დროშას ვერ ავიტანთ ერევნის მოედნამდე, ხედავ რა პირობებია-მეთქი. – შე ყურუმსაღო შენა, განა მიტანას აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს ბაირაღის აწევას. თუ შენ არ შეგიძლია, მოიტა მე ავწევო – მიპასუხა მან. ეს სიტყვები ხანჯალივით მომხვდა გულში. ხომ არ ჰგონია, ვშიშობ-მეთქი, გავიფიქრე. აღარაფერი არ ვუთხარი, გავშალე დროშა: ზედ მარქსის, ლასალის, ენგელსის სურათები იყო. ქართულ-სომხურ-რუსულად ეწერა: „8 საათის სამუშაო დღე, ძმობა-ერთობა-თავისუფლება“. ორბელიანის სახლში პოლიცია იყო ჩასაფრებული. გამოცვივდნენ და ატყდა ჩხუბი. ბაირაღს ბოქაულმა სტაცა ხელი. დროშა გაიხა. „ბაირაღი არ დახიოთ, შეინახეთ“, – გაისმა ზემდგომის ხმა, – „ასეთი განკარგულებისთვის გულში მადლობა ვუთხარი კიდევაც“. დროშა მაინც გადარჩა. არაქელამ იარაღი მოიხსნა და ჩაბარდა.

1902 წლის პირველ მაისსაც სცადეს დემონსტრაციის მოწყობა. თუმცა, გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) პროსპექტზე პოლიცია იყო მობილიზებული. ამ დროს მუშებმა შეამჩნიეს, რომ ქაშუეთისკენ დიდი სამგლოვიარო პროცესია მიემართებოდა. მათ შეერივნენ და ეკლესიასთან მისვლის წამს გაშალეს დროშა. ცხადია, ისინიც პოლიციამ დაშალა. აი, 1903 წელს კი, რუსთაველის თეატრიდან ოპერის შენობამდე ღია დემონსტრაცია მოეწყო.

სიუჟეტური ხაზის ცვლილებას კიდევ ერთხელ უნდა დავაკვირდეთ. მოგონებებსა და გაზეთის სტატიებში „პირველმაისობას“ შემოკლებით „მაისობასაც“ ეძახდნენ. მეც ამ საკვანძო სიტყვით ვეძებდი საგაზეთო სტატიებს. ვიცოდი, რომ პირველმაისობა პირველად 1898 წელს მოეწყო, საგაზეთო სტატიები კი გაცილებით უფრო ადრეული წლებისაც შემხვდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში სხვა ტრადიციული დღესასწაულიც არის, რომელსაც ასევე „მაისობა“ ერქვა და ასევე პირველ მაისს აღინიშნებოდა. პრესის მიხედვით, ამ დროს იკვლებოდა საკლავი, დასავლეთში იმართებოდა ბურთაობა და დოღი. დიდი ალბათობით, გაზაფხულის შესაგებებელი დღესასწაული იყო.

ამავდროულად, არსებობდა კიდევ ერთი ტრადიციული რიტუალიც, რომელიც შვიდ მაისს წვიმის წამოსვლის სათხოვნელად სრულდებოდა. გაზეთების სტატიებს ქრონოლოგიურად თუ დავალაგებთ, აშკარად გამოჩნდება, რომ ტრადიციულ „მაისობას“ ნელ-ნელა „პირველმაისობა“ ცვლის. მეტიც, მაშინ, როდესაც თბილისში რამდენიმეჯერ შეიკრიბნენ მუშები პირველ მაისს, პარალელურად, სხვა ქალაქებში ჯერ კიდევ ტრადიციულ მაისობას აღნიშნავდნენ. ქრონოლოგიურად დალაგების შემდეგ კი, როცა ამ დღეობების აღწერილობას წავიკითხავთ, ისიც გამოჩნდება, რომ, ხშირად, ტრადიციულ დღესასწაულზე შეკრებილი მუშები ჩუმ-ჩუმად თავიანთ ახალ პრობლემებზე საუბრობდნენ. პოლიციას თვალში არ ხვდებოდა ფორმით ტრადიციული, შინაარსით კი სრულიად ახალი თავყრილობები.

1926 წლის პირველ მაისს გაზეთ „კომუნისტში“ დაბეჭდილ ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ ქუთაისში 1903 წელს მოწყობილ „პირველმაისობაზე“. ქალაქგარეთ მინდორზე სუფრა იყო გაშლილი.

„ვის სცალია ჭამისთვის. ეს, ალბათ, იმისთვის არის მოტანილი, რომ თუ, ვინიცობაა ვინმე წამოგვადგა თავზე, ეჭვი არ აიღოს“.

„აქ პირველათ დავინახე მარქსისა და ლასალის სურათები. ერთმა უცხომ მოგვითხრო, თუ ვინ იყვნენ ისინი და რისთვის იბრძოდენ. ილაპარაკა სხვებმაც, მაგრამ სიტყვების შინაარსი მე აღარ მახსოვს. აქ ყველაზე უფრო წარმტაცი და მომხიბლავი იყო არა სიტყვების შინაარსი, არამედ თვით სიტყვები, ხმები, ხმაური, ამხანაგები ერთად თავმოყრილი“.

ეს შეკრება არაქელას მიერ მოთხრობილ ამბავს წააგავს, როცა მათ თითქმის არ ესმოდათ არაფერი, რასაც მუშათა წრეებში უკითხავდნენ. თუმცა, ეს არ აინტერესებდათ. მათთვის მთავარი ხმაა, სიტყვების წყობა, რომელთა მნიშვნელობაც არ იციან, მაგრამ ხვდებიან, რომ უსამართლობის განცდას სწორედ ეს სიტყვები გამოხატავს.