გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ინტერვიუ სანდრო ასათიანთან

ქაოსის დიზაინერი - ინტერვიუ სანდრო ასათიანთან



სანდრო ასათიანი რამდენიმე პროფესიას ითავსებს, ის ერთდროულად მხატვარი, მწერალი და ლექტორია, რაც მთავარია - ვიზიონერი, რომელიც ახალგაზრდა თაობას ეხმარება მათი მიზნების მიღწევაში. 2015 წელს სანდრომ მეგობრებთან ერთად დააარსა “ჯეოლაბი”, სივრცე, სადაც ასწავლიდნენ პროგრამირებას, ვებდიზაინს, ვიდეოთამაშების კეთებას და ა.შ., ასევე გამოიყენებოდა co-working სივრცედ, ტარდებოდა უამრავი ლექცია, გარდა ამისა სანდრო აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო სივრცეში ჩეთბოტების ინტეგრაციაზე, სწორედ მასთან ერთად 2014 წელს შევქმენი პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი
“კიბერ გალაკტიონი”, რომელიც დღესაც აქტიურია ფეისბუქის მესენჯერში. დღეს, სანდრო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია “უნილაბის” დირექტორია. ჩემთვის ინოვაციები ციფრულ-არტ ტექნოლოგიებში სულ სანდროსთან ასოცირდება. ამიტომ საინტერესოდ ჩავთვალე მასთან გაგვესაუბრა მის ხედვებსა და წარსულ თუ მიმდინარე პროექტებზე.



ზურა ჯიშკარიანი: სანდრო, კაცობრიობამ რაც ამბის თხრობა დაიწყო, მუდმივად ჰყვება ტექნოლოგიებზე მითებსა თუ ლეგენდებში, რა კავშირია შენთვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მითოსს შორის?

სანდრო ასათიანი: ჩემი აზრით, კაცობრიობა თავისი ისტორიის მანძილზე ზღაპრებში, თქმულებებში, მითებში, რელიგიებში ინახავდა საკუთარ სურვილებს. დღეს ტექნოლოგიები შესაძლებლობას გვაძლევს რეალობად ვაქციოთ ის, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. მაგალითად, ზღაპრული რუკა, რომელშიც ჩვენი სამყაროს ნებისმიერი ადგილი ნახვა შეიძლებოდა. მაგიური სარკე, რომელშიც შეგეძლო შენგან ძალიან შორს მყოფი ადამიანი დაგენახა და მანძილის მიუხედავად მასთან გესაუბრა. ვირტუალური რეალობა ხომ საერთოდ ზღაპრული სამყაროა, რომელშიც ნებისმიერი ფანტასტიკური სურვილი შეიძლება რეალობად იქცეს.

თანამედროვე ტექნოლოგიები არის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება კაცობრიობამ თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.

ზ.ჯ:  შენ 10 წელზე მეტია ახორციელებ ტექნო-არტ პროექტებს, მათგან რომელს გამოყოფდი რომ გაგვიზიარო?

ს.ა: რამდენიმე წლის წინ ფლორენციაში გამოფენა მქონდა. ამ გამოფენას Panroboticum ერქვა.  გამოფენის კონცეფცია ასეთი იყო: „Panroboticum” უცნაური რობოტების, სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობების, კომპიუტერული პროგრამების და აპლიკაციების გამოფენაა.

panroboticum

პროგრამულ პროდუქტებს მათი შემქმნელები, საკუთარ პიროვნულ თვისებებს გადასცემენ. ზოგჯერ ეს სპეციალურად, ზოგჯერ კი შემთხვევით ხდება. თუკი კომპიუტერული პროგრამა გამუდმებით ყურადღებას ითხოვს, ესე იგი ვიღაცამ ის ასე დააპროგრამა. შეუძლებელია, რომ რომელიმე პროგრამას, ვინმეს თვალთვალის სურვილი დამოუკიდებლად გაუჩნდეს. გაუმაძღარი ან ხარბი იყოს. უბრალოდ ასეთი პროგრამები ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების მატარებელი ადამიანების მიერ არიან აწყობილი. კომპიუტერული პროგრამები სარკეა, რომელშიც ჩვენი, ადამიანების თვისებები, სისუსტეები, მარტოობის გრძნობა ირეკლება.

ხელოვნური ინტელექტის სახითაც ადამიანებს სინამდვილეში საკუთარი თავის გვეშინია. გვეშინია, რომ ხელოვნურ ინტელექტში ჩვენი, ადამიანების დესტრუქციული თვისებები გამოვლინდება.

მაგრამ თუკი რობოტებს, კომპიუტერულ მოწყობილობებს, სხვადასხვა პროგრამებს, ხელოვნურ ინტელექტს, ადამიანების აუხდენელ ოცნებებს გადავცემთ, მაშინ შევძლებთ ავიხდინოთ ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში, თქმულებებში, მითებში, რელიგიებში, ზღაპრებში ვინახავდით.“

შემდეგ ეს კონცეფცია პატარა მოთხრობად ტრანსფორმირდა, რომელმაც ჩემი მოთხრობების კრებულში გადმოინაცვლა.

ზ.ჯ: შენ მუშაობ საგანმანათლებლო სივრცეში ჩეთბოტების დანერგვაზე, როგორია ეს პროცესი? რაში ეხმარებათ ის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს?  ვისთვის იქმნება ჩეთბოტები და რა ეტაპზე ხართ ახლა?

ს.ა: ჩეთბოტები მოსწავლეებისათვის იქმნება. პირველ ეტაპზე III - IV კლასელებისათვის გავაკეთეთ რამდენიმე თემატური ჩეთბოტი. განსაკუთრებით პანდემიის დროს, ბავშვებს კომუნიკაცია სჭირდებოდათ და უფროსებს ხშირად მათთვის არ ეცალათ. თავად უფროსებისათვის ჩეტით კომუნიკაცია ჩვეულებრივ ამბად იქცა. ბავშვები ხედავენ ამას და ისინიც ცდილობენ სხვადასხვა მესინჯერის გამოყენებას. არადა, არასრულწლოვანისათვის ეს გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება მეორე მხარეს, ვინ დაელაპარაკება მას. ეს ჩეთბოტები კი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ მათთვის. ასე შეიქმნა კომპიუტერული ტექნოლოგიების, ხელოვნების, ბუნებისმეტყველების და მუსიკის  საგანმანათლებლო ჩეთბოტები.

ეს მოლაპარაკე პროგრამები ბავშვებს კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდებში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება. იმ უნარების განვითარებაში რაც მათ მომავალში გამოადგებათ.

ამ ეტაპზე საქართველოს რეგიონების ჩეთბოტების შექმნაზე ვმუშაობთ V - VI კლასელებისათვის. ასეთი სახით  ინფორმაციის მიღება მათთვის ბევრად მისაღები და გასაგებია.

კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განვახორციელეთ „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ არის. ამ პროექტის ფარგლებში თავად ბავშვები ქმნიდნენ მწერლების ან მათი პერსონაჟების ჩეთბოტებს. ეს ერთგვარი მოლაპარაკე წიგნების ბიბლიოთეკაა. თითოეული მოლაპარაკე წიგნის შესაქმნელად სკოლის მოსწავლეს პირველ ეტაპზე მათი უკეთ გაცნობა, მათი სალაპარაკო ენის შესწავლა ჭირდებოდა.

ზ.ჯ: მზადდება შენი ციფრული წიგნი «ქაოსიდან კოსმოსამდე», რაზეა ეს წიგნი და ვინ იქნება მისი მკითხველი?

ს.ა: ეს ჩემი მოთხრობების კრებულია. თავიდან როდესაც ამ კრებულზე ვმუშაობდი მისი გამოცემა ქაღალდის ფურცელზე მქონდა ჩაფიქრებული მაგრამ ბოლოს ვიფიქრე, რომ ასეთ შემთხვევაში ამ წიგნის მკითხველთა აუდიტორია წიგნის ტირაჟით იქნებოდა შემოფარგლული. ბოლოს გადავწყვიტე წიგნი ინტერნეტში გამომეცა. ანუ წიგნის ვებგვერდი კი არ გამეკეთებინა, არამედ ინტერნეტ გამოცემა მომემზადებინა.

კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა პერიოდში წიგნს განსხვავებული სახით გამოსცემდნენ. უძველესი შუმერული წიგნები თიხის ფირფიტების იყო. ჩვენი გადმოსახედიდან, ისინი აგურებს უფრო ჰგვანან, ვიდრე წიგნებს. ეგვიპტელები წიგნებს პაპირუსზე წერდნენ, მასალიდან გამომდინარე, ასეთ წიგნებს გრძელი გრაგნილების სახე ჰქონდათ. შუასაუკუნეების ხელნაწერი წიგნები, ფოლიანტები, ძალიან დიდი ზომის იყო. ასეთ წიგნთან ერთად შენს ოთახში ვერ განმარტოვდებოდი, ასეთ წიგნს მუხლებზე ვერ დაიდებდი, მათ სპეციალურად მოწყობილ მაგიდებზე დებდნენ და ისე კითხულობდნენ.

წიგნის გარეგანი ფორმის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა წიგნის ავტორი, მისი გამომცემელი და წიგნის მკითხველი. იცვლებოდა თავად ამბავიც რომელსაც წიგნში ჰყვება. არ იცვლება ის უსაზღვრო შესაძლებლობები, რომელსაც წიგნი გვაძლევს. ვიმოგზაუროთ იქ, სადაც არ ვყოფილვართ, გავიზიაროთ ამბები, რომელიც ჩვენ არ გადაგვხდენია თავს, მაგრამ ჩვენთვის მაინც ღირებული და მნიშვნელოვანია. გავიზიაროთ აზრები, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა.

ჩემ წიგნს საერთოდ არ ექნება მატერიალური გარსი. ის მხოლოდ კომპიუტერულ მოწყობილობაში ჩაწერილი ბინარული მონაცემების სახით იარსებებს. მისი ფორმა იმ მოწყობილობით იქნება განპირობებული, რომელშიც ეს წიგნი იქნება ჩატვირთული.

ამ წიგნით მოყოლილი ამბები ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ადამიანის მაგიურ შესაძლებლობებზეა. თავად წიგნში მოთხრობილი ამბების წაკითხვა, მოსმენა ტექნოლოგიების წყალობით იქნება შესაძლებელი.

წიგნი აწყობის ეტაპზეა და მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის საშუალებით.

ზ.ჯ: საქართველოში ბოლო დროს ტრანსჰუმანისტები და პოსტჰუმანისტები მომრავლდნენ, (მათ შორის შენს გარშემო), შენ რომელ ბანაკს მიაკუთვნებ თავს და როგორ აფასებ ამ პროცესებს?

ს.ა: ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ. ტექნოლოგიები შესაძლებლობას გვაძლევენ დავინახოთ ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით. გავაკეთოთ ის, რაც აქამდე შეუძლებელი იყო და მხოლოდ ზღაპრებში, თქმულებებში, მითებში რელიგიებში იყო კაცობრიობის აუხდენელი ოცნებების სახით შენახული. თუკი ადრე წინასწარმეტყველები, რელიგიების შემქმნელები, პოეტები, მწერლები გვეხმარებოდნენ დაგვენახა ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ჰორიზონტს მიღმა იყო ახლა მეცნიერები, პროგრამისტები, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები ჩვენ თვალწინ ანგრევენ რეალობის ჩარჩოებს. მეცნიერები გახდნენ თანამედროვე სამყაროს „დრაივერები“.

ზ.ჯ: რა არის კიბერ ლაბორატორია «უნილაბი» და რა სამუშაოები ტარდება მანდ?

ს.ა: უნილაბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერ ლაბორატორიაა. აქ ილიაუნის სტუდენტებს შეუძლიათ დაეუფლონ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ მომავლის პროფესიებს. ან შეიძინონ ამ პროფესიებთან დაკავშირებული გამოცდილება.

შესაბამისად:

  • თუ სტუდენტს არ აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასურველი ცოდნა, მას შეუძლია გაიაროს შესაბამისი სასწავლო კურსი. უნილაბის მიერ მომზადებული ვიდეო კურსების დახმარებით ან მოკლე კურსების საშუალებით;

  • თუ სტუდენტს აქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ არ აქვს გამოცდილება, მას შეუძლია კარიერული აქსელერაციის პროგრამა გაიაროს;

  • ხოლო თუ სტუდენტი მიიღებს ცოდნას და შემდეგ კარიერული აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში დააგროვებს გამოცდილებას, მოამზადებს საკუთარი ნამუშევრების პორთფოლიოს, მაშინ მას მარტივად შეეძლება სამსახურის შოვნა ან თვითდასაქმება.

თავის დროზე, როდესაც უნილაბის კონცეფციაზე ვმუშაობდი ასეთი ტექსტი დავწერე:

ადამიანები დაუსრულებლად ვმოგზაურობთ მომავალში, ყოველი ახალი დღე ერთი პატარა ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ მომავალში ვდგამთ. მიუხედავად იმისა რომ ტექნოლოგიების განვითარებამ ცხოვრების ტემპი ააჩქარა, ჩვენი მოგზაურობა მომავალში ისეთივე ნელი და დამღლელია როგორც ეს ტექნოლოგიების განვითარებამდე იყო.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავინახოთ ერთი დღით შეცვლილი საკუთარი თავი. ერთი დღის სისწრაფით აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები და გავაკვირვოთ ახლად შეძენილი უნარებით ირგვლივ მყოფი ადამიანები. მივაღწიოთ წარმატებას და საკუთარი განვითარების ახალი გზები დავსახოთ.

უნილაბი არის სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს ნახტომი საკუთარ მომავალში. დაინახოს დღეს, როგორი შეიძლება იყოს ბევრი წლის მერე. აღმოაჩინოს საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები. გადაახტეს დღეებს და გაიგოს ის, რის გაგებასაც ბევრი დრო დაჭირდებოდა. უნილაბი არის სივრცე, რომელიც ეხმარება ნებისმიერ მსურველს საკუთარი, თუნდაც უცნობი შესაძლებლობების რეალიზაციაში.

ზ.ჯ:  რა იქნებოდა შენი მესიჯი ახალგაზრდა დამწყები კიბერნავტებისთვის?

ს.ა: არ აქვს მნიშვნელობა სად დაიბადე. რომელ ქვეყანაში, რომელ ქალაქში. ასეთი შესაძლებლობები როგორიც დღეს აქვს ადამიანს კაცობრიობას, არასოდეს არ გვქონია. ამიტომ ვუსურვებდი, რომ შეეცადონ ამოხსნან ჩვენი რეალობის ალგორითმები და გააკვირვონ ჩვენი სამყარო მათ მიერ დანახულით, აღმოჩენილით. რაც მთავარია, დაგვეხმარონ ავისრულოთ კაცობრიობის ოცნებები უკვდავებასა და სამყაროს შეცნობაზე.


ქავერის ილუსტრაცია: მილენა მირზოიანი 
ილუსტრაციაში გამოყენებული ფოტო: კიკალა სტუდიო 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა