ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რა წავაკითხოთ ბავშვებს

დეკემბერი საბავშვო წიგნების თვეა. მით უმეტეს, თუ თქვენთან ხუთი წლის წიგნის ჭია ცხოვრობს, რომელიც ბაღიდან დაითხოვეს და თქვენი დროის უდიდესი ნაწილი უნდა შესანსლოს. ამიტომაც საათობით ვდგავართ თაროსთან და წასაკითხს ვარჩევთ. საბავშვო ლიტერატურას ჩვენთან მხოლოდ გიორგი არ კითხულობს, მშობლებსაც ძალიან გვიყვარს და სამივესთვის საერთოა ჭეშმარიტება – კარგი საბავშვო წიგნი ყოველთვის ცოტაა!

როდესაც მოსწავლეებისთვის საკლასო თუ საშინაო ტექსტებს ვარჩევ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ გასაგები, ადეკვატური, მხიარული წიგნების მნიშვნელობას. ყოველი ახალი წიგნი, გარდა იმისა, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებული სიხარულია, დამატებითი სასწავლო რესურსიცაა სკოლებისთვის.

განსაკუთრებით სასარგებლოა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საკითხავი. ასეთ ბიბლიოთეკას „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გვთავაზობს. ირმა მალაციძის „ანდაზები, არაკები“ ქართული ანდაზების მოტივზე შეთხზულ დიდაქტიკურ ამბებსა და არაკებს აერთიანებს. განსაკუთრებით გამიხარდა, როდესაც ამავე სერიაში ნინო ნაკაშიძის „უღუ და თეთ“ და არჩილ სულაკაურის „ცისფერი ირემი“ დავინახე. ქართული საბავშვო ლიტერატურა თავიდან გვაქვს გადასაკითხი, ამაში დარწმუნებული ვარ.

ბავშვებისათვის ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების მარტივი და გასაგები ენით მიწოდება მნიშვნელოვანი საქმეა, ამ მხრივ გამოირჩევა გამომცემლობა „საუნჯის“ „ქართული ხალხური სიტყვიერება ბავშვებისათვის“, რომელიც გივი ჩიღვინაძემ შეადგინა. ქართულ მითოლოგიას მწერალი ნატო დავითაშვილი აცოცხლებს. წელს გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ კიდევ ერთი წიგნი, „აიას გზა“ გამოსცა, რომელიც განსაკუთრებით უფროსკლასელებს მოეწონებათ. ხოლო პატარებს, გამომცემლობა „ინტელექტის“ თაროზე ნატალია ნადირაშვილის „ახალი ძველი ზღაპრები“ ელოდებათ. თუმცა, საბავშვო წიგნების თვალსაზრისით 2015 მაინც ნათარგმნი წიგნების წელია.

თუ მწვანეთითება ტისტუს საოცარი ამბავი ბავშვობაში ძალიან გიყვარდათ და მერე, წიგნების თაროზე გაცრეცილ წიგნს ვეღარ პოულობთ, „წიგნები ბათუმში“ ახალ, ფერად გამოცემას გთავაზობთ. აქვეა პატარა მკითხველისთვის როალდ დალის „სასწაულმოქმედი მისტერ ფოქსი“ და „მატილდა“, ხოლო უფრო მოზრდილთათვის ცნობილი ბესტსელერები, ქეთრინ პატერსონის „ხიდი ტერაბითიაში“ და კლაივ ლუისის „ნარნიას ქრონიკების“ პირველი წიგნი – „ჯადოქრის დისწული“. ამავე გამომცემლობის თაროზე კიდევ ერთი წიგნი დევს, ანა გავალდას „35 კილო იმედი“, რომელიც, პირველ რიგში, მშობლებმა უნდა წაიკითხონ, ხოლო მასწავლებლებმა სახელმძღვანელოდ გაიხადონ.

თუ გსურთ, თქვენს შვილებს და მოსწავლეებს უკეთ გაუგოთ, „ბაკურ სულაკაურის“ მსოფლიო ბესტსელერი, ჯეფ კინის „წრიპა ბიჭის“ ამბავი წაიკითხეთ. არ გამოგრჩეთ ელეონორ პორტერის „პოლიანა“, რომელიც „ელფმა“ გამოსცა. წიგნის მთარგმნელი პერსონაჟზე სულ რამდენიმე წლითაა უფროსი, თარგმანი კი მართლაც შესანიშნავია.

ვფიქრობ, თქვენი პატარა მკითხველებისთვის საშობაო საჩუქრები წელს გამოცემულ წიგნებში აუცილებლად მოიძებნება, მომავალი წლისთვის კი ქართველი ავტორების მეტი კარგი საბავშვო წიგნი ვისურვოთ.

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა