ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Refugees Welcome

ანგელა მერკელის პოლიტიკამ და უკვე გაცვეთილმა ფრაზამ - "ჩვენ ამას გავუმკლავდებით" - ანუ მიგრანტების ახალ-ახალ ტალღებს გავუმკლავდებით - გერმანიის უამრავი მოქალაქის ყოველდღიურობა შეცვალა. პრინციპში, შეცვალა თავად გერმანიაც - კანის ფერით, აზროვნების მოდელით, საკუთარი თავის ახლებურად აღქმით. ცვლილების ეს პროცესი კვლავაც გრძელდება და ამ პროცესს ინდიგოსთვის გერმანიაში მცხოვრები ქართველი, პოტსდამისა და ბერლინის უნივერსიტეტების საერთო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ირინე ბერიძე აკვირდება. "აღმოსავლეთ ევროპის კულტურის კვლევის" ფარგლებში, ირინე გერმანიაში თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურას პოსტკოლონიალური/მიგრაციის და ტრანსნაციონალური/ტრანსკულტურული თეორიების გამოყენებით იკვლევს.

ბევრი მეკითხება გერმანიაში ე.წ. ლტოლვილთა კრიზისის შედეგად ტერორიზმის გამძაფრებულ შიშსა თუ ხალხში გავრცელებულ პანიკაზე. არც შიში და არც პანიკა არ იგრძნობა-მეთქი, ვპასუხობ და ვგრძნობ, რომ ჩემი არ სჯერათ.

ალბათ ქართულმა მედიამ ამ მიმართულებითაც ბეჯითად იმუშავა. ინტერნეტშიც ხშირად წააწყდებით ფრაზას: „გერმანია მოსიარულე ბომბებით აივსო“.

ყველგან ტერორისტები ელანდებათ. მე კიდევ სულ სხვა კუთხით მინდა ამ საკითხს მივუახლოვდე. კონკრეტული ადამიანების ინდივიდუალური ბიოგრაფიების გავლით.

გასული ზაფხულის შემდეგ ევროპა ლტოლვილების ახალმა ტალღამ ააფორიაქა. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უარს აცხადებენ ლტოლვილების თანაბარ გადანაწილებაზე, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, დაჟინებით იმეორებს უკვე გაცვეთილ ფრაზას „Wir schaffen das“ (ჩვენ ამას გავუმკლავდებით). ეს ბარაკ ობამასეული (Yes, we can) ფრაზა მომავლის სცენარების დაუსრულებლად განვითარების საშუალებას იძლევა. შარშანდლიდან დღემდე უკვე მილიონამდე ლტოლვილმა მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. ამ დროისათვის ლტოლვილები სირიიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან, ჩეჩნეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან გერმანიის ყველა მიწაზე სპეციალურ თავშესაფრებში ცხოვრობენ. ზოგმა მარტომ, ზოგმაც კი ოჯახის თანხლებით, გამოიარა ეს, ხშირ შემთხვევაში, ჯოჯოხეთური გზა ხმელეთიდან წყლის და წყლიდან ისევ ხმელეთის გავლით.

ამ ერთი წლის მანძილზე საჯარო სივრცე გერმანიაში საგრძნობლად შეიცვალა. ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში შეამჩნევთ უმეტესად შუახნის მამაკაცებს, დაბნეული სახეებით, ხელში უამრავი ფურცლით, თვალების ცეცებით რომ მიიკვლევენ გზას ხალხის მასაში. ადრე დილით, სამსახურში მიმავალ გზაზეც შეხვდებით მამაკაცებს გერმანული ენის სახელმძღვანელოებით. ისინი გერმანული ენის სავალდებულო კურსს გადიან. ამასწინათ ერთ ასეთ ჯგუფთან ერთად ვიმგზავრე მეტროთი. სირიიდან იყვნენ. ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრების დახმარებით გერმანულის დავალებას წერდა. მეორე მას ტელეფონის ლექსიკონით სიტყვებს უთარგმნიდა. ამ დროს მესამე, მათზე ოდნავ უფროსი მამაკაცი, გერმანულად მესიჯებს სწერდა, სავარაუდოდ, მეგობარ გოგონას. ყველა ახალ მოსულ შეტყობინებაზე თვალები სიხარულისაგან უციმციმებდა. მომეჩვენა, რომ შეხვედრის დროზე შეთანხმებას ცდილობდა. ბოლოს გაეღიმა, მეგობრებს გადახედა და უთხრა – „Kein Problem“ (არ არის პრობლემა) მომწერაო. მეც გამეღიმა და მერკელის ფრაზა გამახსენდა – „Kein Problem. Wir schaffen das!“

როცა გერმანიის მოქალაქეების ერთი მცირე ნაწილი აჩრდილებზე ნადირობდა და ლტოლვილთა ჯერ კიდევ აუშენებელ თავშესაფარს ცეცხლს უკიდებდა, მეორე უფრო დიდი ნაწილი პატარა, ლოკალურ ინიციატივებს აფუძნებდა ლტოლვილთა პირველადი დახმარების, მათი უკეთესი ჩართულობის და ინტეგრაციის მიზნით. ბერლინი ამის საუკეთესო მაგალითია. ამ დროისათვის უკვე უამრავი თემის გარშემო შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც, ხან არაბულ სამზარეულოზე, ხან არაბულ ლიტერატურასა და კულტურაზე, ხან საბავშვო და ქალთა საკითხებზე ამზადებენ პროექტებს ლტოლვილებთან ერთად ლტოლვილებისათვის.

ვცდილობ წარმოვიდგინო, თუ რა ბიუროკრატიულ წინაღობებს და ენობრივ სირთულეებს ეჭიდებიან ისინი ინტეგრაციის ამ რთულ პროცესში. გერმანია მკაცრად განსაზღვრული კანონებისა და ნორმების ქვეყანაა, რაც უცხოელთა მომსახურების ბიუროებში ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს. ენის სწრაფი შესწავლა ალბათ ამ შემთხვევაში იმ მნიშვნელოვანი იარაღის ქონის ტოლფასია, რის გარეშეც

აქ ფეხის მოკიდება წარმოუდგენელია. ეს მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული. ამასწინათ ბერლინის მეტროში ერთ ახალგაზრდა სირიელ მამაკაცს გზა მივასწავლე. დამშვიდობებისას მომაძახა, ეგებ დავმეგობრდეთ, რომ გერმანული ენა სწრაფად გავაუმჯობესოო. მასაც გერმანულის A1 დონის სახელმძღვანელო ეჭირა ხელში. ენის კურსიდან ლტოლვილთა თავშესაფარში ბრუნდებოდა და გზა აერია. სწრაფად გავცვალეთ ნომრები. შევპირდი, რომ სხვა ჩემს სირიელ ნაცნობებს დავაკავშირებდი. რამდენიმე თვეა, ერთ სირიელ ლტოლვილთან ვმეგობრობ. ის ალეპოდანაა და გასულ ზაფხულს ჩამოვიდა გერმანიაში. 200 კილომეტრი ფეხით ვიარეო, მითხრა. ფეისბუკის პროფილზე შევიხედე და მისი ფოტო ვნახე. ყავარჯნებით იდგა სამედიცინო პუნქტთან და ალეპოში დარჩენილ ოჯახის წევრებს და მეგობრებს სწერდა, რომ მშვიდობიანად ჩამოვიდა. გერმანიამდე ორჯერ ჩავიდა ნავით თურქეთში. ორივეჯერ უკან გააბრუნეს. მესამე ცდაზე გაუმართლა. ჯერ 25 წლისაა. ალეპოში ომამდე თავისი პატარა ბიზნესი ჰქონია. შეყვარებული ერთ-ერთი აფეთქების დროს დაღუპულა. იმ დღეს შეატყობინეს, რომ ბიძამისიც გარდაიცვალა. აქ უკვე ფეხბურთის მწვრთნელად მუშაობს და რამდენიმე სპორტულ პროგრამაში მონაწილეობს. მალე პოტსდამის უნივერსიტეტშიც ჩააბარებს. ამჟამად ოჯახის დანარჩენი წევრების ჩამოყვანის დეტალებს არკვევს. ათზე მეტნი არიან. გაჭირდება, მაგრამ გამოვაო, მითხრა იმედიანად.

ლტოლვილთა ერთ-ერთ ბანაკში ჩეჩენი ახალგაზრდა გავიცანი. ავადაა და რამდენჯერმე ექიმთან ვახლდი. რუსულიდან ვთარგმნიდი. გროზნოში აღარ ჩამესვლება, მომკლავენო. გრძელი, ხშირი წვერი აქვს და ვიზუალურად მთლიანად ჯდება ტერორისტების გავრცელებულ საერთო ხატში. დავაკვირდი და მივხვდი, რომ ყოველთვის, როცა საჯარო ტრანსპორტით ვმგზავრობ, გვერდით არავინ მიჯდებაო. ორივეს გაგვეცინა. თავშესაფრის კოორდინატორი წვერის მოჭრას ურჩევს თურმე. მეც მკითხა აზრი. გავეხუმრე, ჰიპსტერი უფრო ჰგონიხარ ხალხს, ვიდრე ტერორისტი და ამიტომაც გერიდებიან-მეთქი. შიში და პანიკა, რომელიც, რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, გერმანიის გარეთ უფრო მეტი სიმძაფრით აღიქმება, ვიდრე – გერმანიაში, მედიის მიერ შეთხზული მითია.

სკანდალებსა და შემზარავ ამბებზე მონადირე ქართული მედია ამ საკითხშიც ჩვეული მიმართულებით მუშაობს. იმის ალბათობა, რომ უამრავ ლტოლვილს შორის არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციის დავალებით შემოვიდნენ გერმანიის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, არსებობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ დრომდე ტერორისტული მოტივებით ჩადენილი მხოლოდ ორი დანაშაული არის დაფიქსირებული. უცნობია ის ფაქტიც, ითხოვეს თუ არა ამ ადამიანებმა სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად თავშესაფარი, თუ მათი რადიკალიზაცია აქ, ადგილზე მოხდა, რასაც შესაძლოა უამრავი ფსიქოლოგიური, ფინანსური თუ სხვა მიზეზი უძღოდა წინ. ამ ერთეული შემთხვევების გამოძიება სპეციალური სამსახურების საქმეა.

ამ ფონზე იმაზე საუბარი, სწორი იყო თუ არა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, რაციონალური

პერსპექტივიდან სულ მცირე ალოგიკური, ემოციური კუთხით კი, ცინიკური მგონია.

სხვადასხვა გერმანულ რადიკალურ-მემარჯვენე თუ ნაციონალისტური ჯგუფის მიერ გავრცელებულ პოპულისტურ განცხადებებში ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმ გარემოებაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ლტოლვილთა ამ ნაკადის შეჩერება და გერმანიის გარეთ, დისტანციაზე მისი მოგვარება. ერთ-ერთი პარტიის ლიდერი იმასაც მოითხოვდა, რომ აკრძალვების მიუხედავად, საზღვრის გადმოლახვის შემთხვევაში, ლტოლვილთა წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინათ. მე კი მგონია, რომ არც გერმანიას, როგორც სახელმწიფოს, და არც ლტოლვილებს, როგორც ინდივიდებს, არ ჰქონიათ სხვა არჩევანის საშუალება. სირიელ ლტოლვილთა შემთხვევაში საკითხი მარტივ, სიკვდილ-სიცოცხლის ფორმულას უკავშირდება.

ლტოლვილთა მხოლოდ ნაწილს მიეცა შანსი იმისა, რომ სამშობლოსგან მოშორებით, უცხო ქვეყანაში, უამრავ რთულ ბიუროკრატიულ წინაღობასთან გამკლავების შემდეგ, ახალი ცხოვრების დაწყების იმედი ჰქონოდათ, ერთი სიტყვით – ბანალურად, უბრალოდ სიცოცხლე აერჩიათ.

ერთხელ მეგობარმა მითხრა, ლტოლვილთა ეს ნაკადი ჩვენი ქვეყნისთვის ახალი შანსია, რომლის არგამოყენებაც უდიდესი შეცდომა იქნებაო. მეც ასე მგონია: ადამიანთა ნაწილისთვის ეს ფიზიკური გადარჩენის შანსია, ნაწილისთვის – უკეთესი მომავლის შანსი, დამხვედრთათვის კი – საკუთარი თავის უკეთ შეცნობის შანსი; უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ დავფიქრდეთ ჩვენს თავებში მყარად ჩაბეჭდილ დოგმებსა თუ კლიშეებზე, ოდნავ მაინც მოვარყიოთ სამყაროს ჩვენეული ხედვა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვერ სცდება ევროცენტრისტულ, კოლონიალისტურ თუ რომანტიზაცია-ეგზოტიზაციის ხაზს.

ფოტო: DW

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა