ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რევოლუციების ხუთი საფეხური | ინტერვიუ ალექსანდრე მიქაბერიძესთან

ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ჯეიმს სმიტ ნოელის სპეციალური კოლექციის კურატორი

ესაუბრნენ გიო ჭკადუა და ნინო ლომაძე


რას ვარქმევთ დღეს რევოლუციას და როგორ იცვლება ამ სიტყვის დეფინიცია საფრანგეთის რევოლუციიდან დღემდე?

სიტყვა „რევოლუციის” ლათინური ფუძე revolvere ბრუნვას ნიშნავს და მას სწორედ ამ გაგებით იყენებდა შუა საუკუნეების საზოგადოება, მათ შორის, ნიკოლაი კოპერნიკიც თავის სახელგანთქმულ წიგნში De revolutionibus orbium coelestium (1543). თუმცა მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ამ სიტყვის მნიშვნელობა ძირეულად შეიცვალა, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ კი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური წესრიგის ცვლილებასთან გაიგივდა.

1789 წლის 14 ივლისს პარიზის მოსახლეობამ მეფის ხელისუფლების სიმბოლოდ ქცეული ბასტილიის ციხე რომ აიღო და გაბრაზებულმა ლუდოვიკო XVI-მ წამოიძახა, ეს ამბოხიაო, ლაროშფუკო-ლიანკურის თავადმა იქვე მიუგო: „არა, სირ, ეს რევოლუციაა!“ შეიძლება ითქვას, სწორედ იმ მომენტში შეიძინა ამ სიტყვამ თანამედროვე გაგება. პარიზის მოვლენები არ გამოუწვევია მხოლოდ დამშეული მოსახლეობის მოთხოვნებს, ბასტილიაზე იერიში პასუხობდა ვერსალში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა თუ რეფორმებს და მხარს უჭერდა ეროვნული კრების გამოცხადებას, რასაც ჰქონდა თავისი შედეგიც. მეფემ ცნო ეროვნული კრება და დაიწყო სოციალურ-პოლიტიკური წესრიგის გარდაქმნა, დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, ისტორიაა.

არსებობს რევოლუციის ორი ურთიერთსაპირისპირო ხედვა: ერთი მხრივ, ეს არის გმირული ეპოპეა, ჩაგრული მასების ამბოხი უსამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ხალხს თავისუფლებისა და ღირსების მოპოვების საშუალებას აძლევს და, ამავდროულად, ამართლებს რევოლუციური პროცესების თანმდევ ძალადობას: ძველი წესრიგის მორღვევა და ახლისთვის საფუძვლის ჩაყრა მსხვერპლს მოითხოვს, რათა ის უფრო დიდ და უკეთეს იდეალებს ემსახუროს. ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციათა ქომაგების ასეთი ხედვა მოგვიანებით უფრო მკაფიო იდეოლოგიურ ჩარჩოში მოაქციეს ახალი თაობის რევოლუციონერებმა (მარქსი, ლენინი, მაო ძედუნი და სხვები).

მეორე, აბსოლუტურად საპირისპირო ხედვით, რევოლუცია სოციალური თუ პოლიტიკური იდეალების ხორცშესხმისა და ახალი საზოგადოების შექმნის შესაძლებლობა კი არა, ქაოსია, რომელიც ათავისუფლებს ბრბოს და ანადგურებს ყველაფერს.

ცნობილი გამოთქმის თანახმად, „რევოლუცია საკუთარ შვილებსაც ჭამს,“ არარეალურ იდეალებს ქმნის და გაუმართლებელი მსხვერპლი და ნგრევა მოაქვს.

სწორედ ამ მოსაზრებას იზიარებდნენ ინგლისელი მოაზროვნეები, ედმუნდ ბურკის ჩათვლით. ისინი უფრთხოდნენ საფრანგეთის რევოლუციის ექსცესებს, ხაზს უსვამდნენ რევოლუციური იდეალებით გამოწვეულ პრობლემებს და ყურადღებას ამახვილებდნენ გაუმართლებელ ხოცვა-ჟლეტაზე. მოგვიანებით, მსგავსი კრიტიკა გვხდება რუსეთისა და ჩინეთის რევოლუციების მიმართაც, ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე რომ იმსხვერპლეს.

ნებისმიერი რევოლუცია რთული ისტორიული ფენომენია, მრავალი მიზეზითა და ფაქტორით, და ძირითადად სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებას გულისხმობს. ზოგიერთმა რევოლუციურმა პროცესმა მეტი თავისუფლება მოიტანა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მათ სასტიკი დიქტატურა მოჰყვა.

რევოლუცია მიწისძვრას ჰგავს ‒ გეოლოგები აკვირდებიან უამრავ სუსტ, ხშირად ადამიანისთვის შეუმჩნეველ რხევებს, რომლებიც მიწისძვრას უძღვის; მიუთითებენ, დაახლოებით სად შეიძლება წარმოიშვას ის, მაგრამ კონკრეტულ ადგილსა და დროს ვერ განსაზღვრავენ. რევოლუციის კვლევისას ისტორიკოსებიც მსგავსი დილემის წინაშე ვართ ‒ დაძაბულობის განმმუხტველ შემთხვევით მოვლენებში, უბრალო „ბიძგებში“ უნდა განვასხვაოთ გარდამავალი ცვლილებები, გრძელვადიანი, ტექტონიკური პროცესები, რომლებიც ქანებში დაგროვებული ენერგიის ამოფრქვევას ‒ რევოლუციას‒ მოასწავებენ.

ჩემი ხედვით, რევოლუცია ხუთსაფეხურიანი პროცესია:

პირველ საფეხურზე რღვევას იწყებს არსებული სოციალურ-პოლიტიკური წესრიგი, რადგან ელიტები ვეღარ წყვეტენ მათ წინაშე მდგარ ფუნდამენტურ პრობლემებს (კორუფცია, პოლიტიკური ელიტის შიდა დაპირისპირებები, არამყარი იდეოლოგია, ფისკალური კრიზისი, ომი და სხვა).

ლენინის ცნობილი გამოთქმის არ იყოს, „ქვედა ფენებს არ სურთ ძველებურად ცხოვრება, ზედა ფენებს კი არ ძალუძთ ძველი ცხოვრების შენარჩუნება“.

რევოლუციას არ იწვევს მხოლოდ მასების იმედგაცრუება ან სიღარიბე; მეტიც, ეკონომიკური სიდუხჭირე თითქმის არასდროს ხდება მისი მიზეზი (ამბოხის ‒ კი, მაგრამ არა რევოლუციის). 1840-იანი წლების ირლანდიაში კარტოფილის დიდი შიმშილობაც არ დასრულებულა რევოლუციით. რუსეთის იმპერიაშიც სიდუხჭირემ არაერთი ადგილობრივი ამბოხი გამოიწვია, მაგრამ 1917 წლამდე არცერთი მათგანი არ ჩამოყალიბებულა რევოლუციად.

რევოლუციები ხშირად იწყება ზედა ფენებიდან (როგორც აშშ-ში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მოხდა), ვინაიდან მდაბიო მოსახლეობას, გლეხებსა და მუშებს, როგორც წესი, უჭირთ თვითორგანიზება, სამოქმედო პროგრამის ჩამოყალიბება და, რაც მთავარია, დაპირისპირება ხელისუფლების დასაცავად მობილიზებულ სამხედრო ძალებთან. რევოლუცია ხდება მაშინ, როდესაც ზედა ფენაში ‒ საშუალო კლასსა და ელიტაში ‒ მწვავდება გაუცხოება, შიდა დაპირისპირება, და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ან რევოლუციის იდეალებს იზიარებს, ან, სულ მცირე, განზე დგება. ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ რაც უფრო იზრდება ზედა ფენების გაუცხოება არსებული ხელისუფლების მიმართ, მით უფრო ადვილად შეუძლიათ მათ საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამოყენება სოციალურ-პოლიტიკური წყობის შესაცვლელად (საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ).

რევოლუციას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს ‒ სიდუხჭირე, კორუფცია, უთანასწორობა, უსამართლობა, უკეთესი მომავლის არარსებობა და ა.შ. ასეთ დროს ხალხის უკმაყოფილება ემყარება რწმენას, რომ მათი პრობლემები კონკრეტული რეჟიმის უსამართლო ქმედებათა შედეგია, რაც მასებს უბიძგებს ცვლილებათა მოთხოვნისაკენ. ეს შეიძლება გამოიხატოს საზოგადოებრივი ჯგუფების (მაგ: გლეხთა კომუნები, მუშათა გაერთიანებები, სტუდენტური ან ახალგაზრდული ორგანიზაციები, პროფესიული ჯგუფები) სპონტანურად შექმნით, მარშებით, დემონსტრაციებითა და სხვა სახის პროტესტით. მაგალითად, ყველას გვახსოვს უკანასკნელი ათწლეულის მრავალათასიანი რევოლუციური დემონსტრაციები არაბულ სამყაროში, მათ შორის, კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, თუმცა ელიტის უკმაყოფილო ნაწილმა შეიძლება განგებაც დარაზმოს მოსახლეობა ხელისუფლების წინააღმდეგ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოდერნიზაცია. ტრადიციული წესრიგის, ურთიერთობისა და დამოკიდებულებების მოშლა, როგორც წესი, არ იწვევს რევოლუციურ პროცესებს, ხშირად პირიქით, აძლიერებს კიდეც ავტორიტარულ რეჟიმებს, თუმცა ზოგ ქვეყანაში მას მაინც შეურყევია რეჟიმები. მაგალითად, პრუსიის მოდერნიზაციამ, რევოლუციის ნაცვლად, იმპერია წარმოშვა; ჩინეთის მოდერნიზაციამ ხელი შეუწყო „ორუელის სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით მოსახლეობას არნახულ ზედამხედველობას უწევს; თუმცა რამდენიმე ქვეყანაში (მაგ: იაპონიაში 1868 წელს და ჩინეთში 1911 წელს) რევოლუციები მოდერნიზაციის დაწყებისთანავე მოხდა, სხვა ქვეყნებში კი (მაგ: აღმოსავლეთ ევროპაში 1989–91 წლებში) ‒მოდერნიზაციის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგ.

რევოლუციური ქაოსის პირველ საფეხურზე ხშირად ჩნდებიან ლიდერები მწირი ადმინისტრაციულ-მმართველობითი გამოცდილებით, რომლებიც, როგორც წესი, ხელისუფლებაში მოდიან ძალადობრივი გზებით და ზომიერი მმართველობით ხასიათდებიან (გავიხსენოთ საფრანგეთის რევოლუციის პირველი ორი წელიწადი, ან 1917 წელს რუსეთის იმპერიაში შექმნილი დროებითი ხელისუფლება). ხშირად ახალი ხელისუფლების ზომიერი პოლიტიკა ვერ ამართლებს თანამებრძოლთა რადიკალურ მოლოდინებს, რადგან მთავრობისგან, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ და, ამავე დროს, მყისიერ ცვლილებებს მოელიან.

მეორე საფეხური სისხლისღვრასა და ძალადობას გულისხმობს. მცირე დემონსტრაციები თუ ამბოხი ფართოვდება და ხელისუფლება კარგავს კონტროლს თავისი მოსახლეობისა თუ ტერიტორიის ნაწილზე; ოპოზიცია შეიძლება ძალზე მცირე არეალსაც აკონტროლებდეს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია მისი მზადყოფნა ბრძოლის გასაგრძელებლად. ასეთ დროს ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს დემონსტრაცია ან ჩაახშოს ამბოხი, სირთულეებს აწყდება; პოლიციის ძალები ვერ უმკლავდებიან არეულობას და მთავრობა იძულებულია, სამხედრო ძალები მოიხმოს, რომლებიც უარს ამბობენ გადამწყვეტ მოქმედებაზე, განზე დგებიან, ან რევოლუციონერთა მხარეზე გადადიან (რაც, თავის მხრივ, ასევე ცხადყოფს რეჟიმის სისუსტეს). მასობრივი დემონსტრაციები იწყება სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში და, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხელისუფლება ემხობა, ან იძულებული ხდება, გადადგეს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, საფრანგეთის რევოლუციით დაწყებული, „ფერადი რევოლუციებითა“ და „არაბული გაზაფხულით” დასრულებული.

თუ რევოლუციური პროცესი ქვეყნის ან იმპერიის პერიფერიაში იწყება, ხშირად ბრძოლა დიდხანს გრძელდება. რევოლუციონერები ქვეყნის ცენტრიდან მოშორებულ მთიან ან ტყიან ადგილებს იყენებენ საკუთარი ძალების მობილიზაციისა და იდეოლოგიური თუ სამხედრო ბრძოლებისთვის. ასეთი გრძელვადიანი სამოქალაქო დაპირისპირებისას, ოპოზიცია ქმნის სამხედრო ძალას/არმიას, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების დამარცხება (მაგ: ამერიკის რევოლუცია, ჩინეთის კომუნისტური რევოლუცია, კუბის რევოლუცია და ა.შ.).

ბოლო ათწლეულებში გვხდება ახალი სახის რევოლუციური პროცესიც ‒ არაძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება, აქცენტი სახალხო დემონსტრაციებზე, გაფიცვებზე, დაუმორჩილებლობასა და ბოიკოტზე, რომლებიც ხელისუფლებას აიძულებს მოლაპარაკებაზე წასვლას (მაგ: პოლონეთის სოლიდარობის მოძრაობა და ჩეხოსლოვაკიის „ხავერდოვანი“ რევოლუცია).

რევოლუციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა საერთაშორისო თანადგომა, რომელსაც ან ოპოზიცია მოიპოვებს, ან ხელისუფლება. არაერთი რევოლუციური პროცესი დასრულდა კონტრრევოლუციური ინტერვენციის შედეგად. 1848-1849 წლის უნგრეთის რევოლუცია ამის კარგი მაგალითია.

მესამე საფეხურზე პროცესები ხშირად გასაოცარი სისწრაფით ვითარდება და ახალი მთავრობა ხელისუფლებაში ბევრისთვის მოულოდნელად მოდის. თავიდან საზოგადოების დიდი ნაწილი ძველი რეჟიმის დამხობას დიდი სიხარულით ეგებება, მაგრამ „რევოლუციური თაფლობისთვე“, ახლადმოპოვებული თავისუფლებით ტკბობა, როგორც წესი, ხანმოკლეა და რევოლუცია „საკუთარი შვილების განადგურებას“ იწყებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს: საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის საერთო ამოცანების/მიზნების დაწესება ურთულესი ამოცანაა და მოითხოვს იდეოლოგიას, რომელიც შექმნის რევოლუციურ ცვლილებათა დამაჯერებელ და უმეტესობისთვის მისაღებ ნარატივს. ეს ნარატივი შეიძლება ექცეოდეს რელიგიურ ჩარჩოებშიც (მაგ: პურიტანიზმი მე-17 საუკუნის ინგლისში, ან ისლამური რადიკალიზმი თანამედროვე სამყაროში) და ნაციონალისტური თავისუფლების ფარგლებშიც. ზოგადად, ის აუცილებლად უნდა ფოკუსირდებოდეს არსებული წესწყობილების უსამართლობასა და რევოლუციაში მონაწილე ჯგუფების საერთო იდენტობაზე, ასევე, ახალი სამართლიანი საზოგადოებისკენ სწრაფვაზე. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მიდგომაა აპელირება ადგილობრივ წარსულზე, ტრადიციებსა და ეროვნულ/ისტორიულ გმირებზე (მაგ: ამერიკელი და ფრანგი რევოლუციონერები იშველიებდნენ ძველბერძნულ და რომაულ ისტორიას და საუბრობდნენ ტირანიასა თუ უსამართლობასთან ბრძოლაზე).

ამ ნარატივის ჩამოყალიბება და გაზიარება რთული ამოცანაა, ვინაიდან თითოეულ ჩვენგანს საკუთარი მოსაზრებები და მისწრაფებები აქვს. რა გასაკვირია ხალხში უთანხმოება, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცვლილებებსა და მათ ფორმას. ახალმა მთავრობამ არაერთი კრიტიკული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: სად გავა თანასწორობის ზღვარი? როგორი სტრუქტურა ექნება ხელისუფლებას? ვის ხელში აღმოჩნდება ძალაუფლება? ვინ გააკონტროლებს ჯარს? როგორი იქნება ახალი სოციალური და ეკონომიკური რეალობა? როგორ უნდა მოვექცეთ უმცირესობებს?

ძალიან ხშირად ამ სტადიაზე რევოლუციონერებს შორის ჩნდება განხეთქილება, რადიკალური ჯგუფები ხშირად ანაცვლებენ ზომიერებს გადატრიალებისა ან აჯანყების გზით. ძალაუფლებაში დასარჩენად და ცვლილებათა გასატარებლად, რევოლუციურ ხელისუფლებას სჭირდება რეპრესიული სისტემის ჩამოყალიბება. ამ ფაზისთვის დამახასიათებელი სამოქალაქო ან გარეშე მტერთან წარმოებული ომების გამო, იოლია ახალი რეპრესიული მანქანის გამართლება: „თუ თავი არ დავიცავით, დავკარგავთ იმას, რაც მოვიპოვეთ ‒ რევოლუციას.“ ახალი უშიშროების სისტემა კი ხშირად უფრო ამწვავებს პოლიტიკურ რეალობას და შესაძლოა, გაცილებით დაუნდობელიც აღმოჩნდეს, ძველ რეჟიმთან შედარებით (მაგ: 1792-1794 წლების მოვლენები საფრანგეთში ‒რევოლუციის რადიკალიზაცია სწორედ სამხედრო ფრონტზე განცდილ წარუმატებლობათა ფონზე). თავიანთი პოლიტიკისადმი ერთგულების მოთხოვნით, რევოლუციონერთა ახალმა თაობამ შეიძლება წმენდა, ტერორი დაიწყოს, დასაჯოს ათასობით ადამიანი. რევოლუციონერები ხშირად ერთმანეთს დაერევიან ხოლმე, ასახლებენ, ანადგურებენ ყოფილ თანამებრძოლებს (მაგ: დანტონი, ტროცკი, ზაპატა, ლინ ბიაო, ესკალანტე და ა.შ. ისინი თანაგუნდელებმა რევოლუციის ღმერთებს შესწირეს).

მეოთხე საფეხურზე ხშირად ვხვდებით იდეალისტურ კონცეფციებს საზოგადოებისა და ადამიანური ბუნების ტრანსფორმაციის შესახებ (მაგ: რობესპიერის ცნობილი საუბარი სათნოების რესპუბლიკის შექმნაზე; ბოლშევიკების მცდელობები ახალი საბჭოთა მოქალაქის შესაქმნელად; ჩინეთის „კულტურული რევოლუცია“ და ა.შ.). ამ ეტაპზე ხშირად რევოლუციონერები დარწმუნებულნი არიან, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა საკუთარი შეცდომების კი არა, საზოგადოების უკმარი ძალისხმევის შედეგია. ამიტომ, მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს „ურჩი“ ხალხის დასამორჩილებლად, რათა მათ ბოლოსდაბოლოს მიიღონ და გაითავისონ ცვლილებები. ამ პროცესში ხშირად ხელშემშლელად სახელდება სხვა სახელმწიფო, გარეშე მტერი, რომელსაც შიგნითაც აღმოაჩნდება ხოლმე მოკავშირეები და გაუთავებლად ქვეყნდება ღალატის მამხილებელი დოკუმენტები. რეალურად კი, სხვების დადანაშაულებით, ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ირიდებს და, რაც მთავარია, ლეგიტიმაციას აღწევს. ამ პოლიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი და სოციალური სიდუხჭირე, სამოქალაქო ან საერთაშორისო ომიც კი, რასაც მეოცე საუკუნეში მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა.

მეხუთე საფეხურზე რევოლუციური სულისკვეთება ძალას კარგავს და იფიტება. რევოლუციონერები ხელისუფლებაში რეპრესიული ძალების წყალობით რჩებიან. რევოლუცია სრულდება. თუმცა, რაღაც მომენტში ისევ გაისმის კითხვა: შეუძლია პოლიტიკურ ელიტას საზოგადოების ფუნდამენტურ პრობლემათა გადაჭრა? ამ კითხვის პასუხი ან პირველ საფეხურზე გვაბრუნებს, ან რევოლუციის „ძველი“ იდეალების გასაცოცხლებლად ხელისუფლებას ცვლილებებისკენ უბიძგებს (მაგ: სტალინის კოლექტივიზაციის კამპანია 1930-იან წლებში, მაოს კულტურული რევოლუცია 1960-იან წლებში და ლაზარო კარდენასის რეფორმები 1930-იანი წლების მექსიკაში).

ეს ფორმულა შეგვიძლია ნებისმიერ რევოლუციას მოვარგოთ. მაგალითად, მარტის რევოლუციამ რუსეთში ზომიერი, ლიბერალური ხელისუფლება მოიყვანა, რომლის წევრებიც ბურჟუაზიული და თავადაზნაურული წრეებიდან იყვნენ. მათ საკმაოდ პროგრესული რეფორმები წამოიწყეს, მაგრამ ქვეყანაში საზოგადოება კიდევ უფრო რადიკალურ ცვლილებებს ელოდა.

ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა ‒ ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში იყო ჩართული. ივნისის შეტევამ სავალალო შედეგი მოუტანა რუსულ ჯარს, ამ მღელვარების ფონზე მოიკრიბა ძალები ბოლშევიკურმა მოძრაობამ, რომელიც ომის დაუყონებლივ დასრულებას ითხოვდა. 1917 წლის ნოემბერში მათ დაამხეს კიდეც დროებითი ზომიერი ხელისუფლება სამხედრო გადატრიალებით და ახალი, რადიკალური რევოლუციური პროცესი წამოიწყეს.

საფრანგეთის რევოლუციის პირველი ორი წელიც ლიბერალური გახლდათ, მომდევნო ორი უკვე გამოირჩეოდა რადიკალიზმით.

სრულიად განსხვავებულია რუსეთისა და საფრანგეთისგან ამერიკის რევოლუცია, რადგან ის მოიცავს არა სოციალურ-ეკონომიკურ, არამედ უმთავრესად პოლიტიკურ ცვლილებებს. შეიძლება ითქვას, ის არც კი დასრულებულა.

ლიბერალური სისტემა ხომ არ გულისხმობს სრულ თანასწორობას?! 1783 წელს, ამერიკის რევოლუციური ომის დასასრულს, ახალი ხელისუფლება ჯარს იყენებდა გაქცეულ მონათა დასაკავებლად. გამოდის, რომ ის რევოლუციური ჯარიც იყო (ბრიტანელები ხომ დაამარცხეს და თავისუფლება მოიპოვეს) და კონტრრევოლუციურიც (თუკი სოციალურ-ეკონომიკური კუთხიდან შევხედავთ). ქვეყნის კონსტიტუციაში მონათმფლობელობა ისევ დაკანონებული დარჩა, პოლიტიკური თანასწორობა კი მე-20 საუკუნემდე არ ასახულა. როდესაც საფრანგეთის რევოლუციამ ფუნდამენტური ცვლილებები მოიტანა, გაუქმდა მონათმფლობელობა და დაწესდა ბევრად დემოკრატიული საარჩევნო ცენზი.

რევოლუციისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა განსხვავებები მონაწილეთა და წინამძღოლთა მოსაზრებებსა და მისწრაფებებს შორის. მაგალითად, რას გულისხმობდა თანასწორობა XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დასაწყისში? მონათმფლობელობის გაუქმებას? ქალებისთვის თანასწორობის მინიჭებას? ან ჰქონდა თუ არა ქონებრივ ცენზს, კლასობრივ წარმომავლობას ადგილი ახალ საზოგადოებაში? ამ კითხვაზე პასუხი გულისხმობდა მასებისთვის პოლიტიკური ხმის მიცემას, რისთვისაც, ცხადია, ბევრი არ იყო მზად.

დღესაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში თანასწორობას ისევ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავს. საზოგადოებაში, სადაც ის კანონითაა გარანტირებული, თუმცა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები არსებობს, შეგიძლია, გავლენა ფინანსური რესურსით იქონიო. სხვა თუ არაფერი, შესაძლოა იყიდო ხმა და ასე გააუვნებელყო რევოლუციური საფრთხე.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულისკვეთება ხშირად ქმნის ძლიერ მუხტს რევოლუციის წარმატებისთვის. მაგალითად, გავიხსენოთ ბელგიის 1830 წლის რევოლუცია, რომ არაფერი ვთქვათ ქართულ გამოცდილებაზეც, სადაც ეროვნულმა სულისკვეთებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. თუმცა რევოლუციურ პროცესებში სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები გაცილებით მტკივნეულად აღიქმება და რეაქციებიც მყისიერია. შეგვიძლია, ბევრი ვისაუბროთ თავისუფლებასა და ადამიანთა უფლებებზე, მაგრამ დღის ბოლოს საჭმელ-სასმელი აუცილებლად გვჭირდება. ამასთანავე, რევოლუციისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ სულისკვეთება და აღტკინება, არამედ გადაღლილობაც, რაც მის შედეგსაც განსაზღვრავს. თუ ახალ ხელისუფლებას არ ძალუძს არსებულ დაბრკოლებათა გადალახვა, იქმნება მუდმივი რევოლუციური არეულობის საფრთხე. მაგალითად, საფრანგეთში ათწლიანი ორომტრიალის შემდეგ, მოსახლეობა იმდენად გადაიღალა, რომ სავსებით მისაღებად მიიჩნია სამხედრო გადატრიალება და ავტორიტარული ხელისუფლების დამყარება.

იგივე შეიძლება ითქვას რუსეთზეც, სადაც 90-იანი წლების ფუნდამენტური ცვლილებებით გაბეზრებულმა საზოგადოებამ ვერ შეძლო ახალ ავტორიტარულ სახელმწიფოსთან გამკლავება და მივიღეთ პუტინის დღევანდელი რეჟიმი.

საქართველოც მუდმივი „რევოლუციების“ ქვეყნად იქცა: 1989 წლიდან განუწყვეტლივ ამ პროცესში ვართ. ჯერ კიდევ ვერ გავითავისეთ განსხვავებულ აზრსა და ხედვასთან თანაარსებობა და ისევ Zero-sum game-ის მიდგომით ვმოქმედებთ ‒ ან სრულად იგებ და მოწინააღმდეგეს ანადგურებ, ან ამ ბედს თავად იზიარებ. უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში ერთი პოლიტიკური ძალა გამუდმებით ცდილობს მეორის განადგურებას. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი გადაღლილია და ისეთ ცვლილებებს ითხოვს, რაც მის კეთილდღეობაზე აისახება. გაურკვეველია ჩვენი პოლიტიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მუხტიც: ხშირად ეროვნული პოლიტიკა გაიგივებულია ეთნიკურ პოლიტიკასთან, საქართველოს მოქალაქეობა კი ‒ ეთნიკურ იდენტობასთან. ეს ნიშნავს, რომ ახალი მოქალაქეობრივი ცნობიერება ჯერ არ ჩამოყალიბებულა, არადა, ეროვნული ნარატივის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

არც რუსეთში არსებობს დღეს სამოქალაქო საზოგადოება და ინსტიტუციები. ამიტომ, რევოლუციის ნიშნებს ვერც იქ ვხედავ. ტოტალიტარული სისტემა მთელი გაქანებით მუშაობს პროპაგანდისა და საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, ეფექტიანად აკონტროლებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს.

ხვალ რომ პუტინი აღარ იყოს, ეს სტრუქტურული პრობლემები ქვეყანაში მაინც დარჩება. დარჩება ტოტალიტარული სისტემაც, ვინაიდან, სტალინის რეჟიმის მსგავსად, ის მილიონობით ადამიანისგან შედგება, რომელთა შორისაც არის ძალოვან სტრუქტურათა უზარმაზარი შტატიც. სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მათთვის ეს სისტემა უფრო ხელსაყრელია, ის სტაბილურ შემოსავალს გულისხმობს. სანქციების შედეგი კი ჯერ არ დამდგარა. საზოგადოება არ მისულა იმ ზღვართან, სადაც უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ცვლილებების დროა.

ქავერ ილუსტრაცია: თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) კომუნიკაციის დიზაინის კურსის სტუდენტი გვანცა გლოველი


logos

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა