გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დღიური | ინტერვიუ რეზო კიკნაძესთან

ინდიგო: რა არის მუსიკა?

რეზო: ყოველ სემესტრში, როცა ვასწავლი ელექტროაკუსტიკური მუსიკის შესავალს, სტუდენტებს ეძლევათ ეგეთი თემა - „რა არის მუსიკა“ და იმათ უნდა დაწერონ არა ის, რომ ჩემთვის მუსიკა არის ჰარმონია, სიმშვიდე ან მსგავსი რამ, არამედ უნდა გადმოსცენ საკუთარი დაკვირვება მუსიკაზე და თქვან, რა თვისებებით განსაზღვრავენ მუსიკას. მყავდა ერთი სტუდენტი, რომელმაც ამის პასუხად ერთწინადადებიანი ესე დაწერა:

“ყველა ხმა, რომელიც ჩვენში აღძრავს რაიმე განცდას, არის მუსიკა.”

ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ მაინც ჩავუთვალე, იდეურად იმდენად „გაარტყა”, რომ უნდა ჩამეთვალა.

ინდიგო:  ვინ არის მუსიკოსი?

რეზო: მუსიკოსი არის ის ადამიანი, რომელიც თავის მუსიკად დანახულ გარემოებას რაღაცნაირად ემსახურება, თუნდაც მას გადმოსცემს რაღაც ბგერებით, ან გადმოსცემს საკუთარი ბგერებით, რომლებსაც აღწერს ისე, რომ სხვებმა უნდა შეასრულონ ეს ბგერები, ანდაც გადმოსცემს ისეთ რაღაცას, რაც მხოლოდ მან დაინახა და თავისი პროფესიული შესაძლებლობებით ცდილობს, სხვამაც დაინახოს.

ინდიგო: რატომ უკრავთ სტუდენტებთან ერთად?

რეზო: ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ერთი ის, რომ სტუდენტები თვითონ არიან ისეთი დამკვრელები, რომლებთან ერთად დაკვრაც ძალიან ბევრი მიზეზით და თვისებით შენთვის შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან სასწავლო რაღაც. მათთან ურთიერთობის დროს ყველაზე ადვილია, შენი სტუდენტობა რაღაცნაირად გამოავლინო. თავის მხრივ, სტუდენტობა არ არის არც ასაკობრივი და არც სტატუსებრივი მდგომარეობა. სტუდენტობა შეიძლება გაგრძელდეს - ლათინური სიტყვა studens არის აღნიშვნა იმისი, რაღაცას ძალიან რომ ესწრაფვი, რაღაცას ძალიან რომ ცდილობ და რაღაცა ძალიან რომ მოგიწადინებია. სტუდენტობა არ იწყება არც პირველი კურსით და არც დიპლომით, არც მაგისტრის ან დოქტორის ხარისხით მთავრდება, არამედ სტუდენტობა კარგ და ჩვენთვის სამაგალითო ადამიანებში გრძელდება მთელი ცხოვრება. ჯაზის მუსიკოსებიდან უამრავი მაგალითი გვაქვს ამისი, როცა თვითონაც აღიარებენ ხოლმე, რომ სტუდენტივით მეცადინეობენ ცხოვრების ბოლომდე, სანამ დაკვრის თავი აქვთ. მათთან ერთად დაკვრა საერთოდ არ არის განსაკუთრებული მოვლენა, ვიღაც რომ სტუდენტი არის, ვიღაც აღარ არის და მათთან ერთად უკრავ, ეს არის უკვე გარეგნული შთაბეჭდილება, თორემ როცა ერთად ვუკრავთ, ყველანი მაინც სტუდენტები ვართ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

 ინდიგო: იმპროვიზაცია გირჩევნიათ თუ უკვე არსებული მუსიკის დაკვრა - კომპოზიცია?

რეზო: იმპროვიზაციაც იმავე თვისებებით სულდგმულობს, რითაც დაწერილი მუსიკა. იმპროვიზაციაში ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაც იმპროვიზაცია არ არის და დაწერილი მუსიკა, ანუ კომპოზიციაა. უფრო სწორად, იმპროვიზაცია იგივე კომპოზიციაა. თუ უცბად მოვინდომებთ იმპროვიზაციის და კომპოზიციის ერთმანეთისთვის დაპირისპირებას, დავინახავთ, რომ ერთმანეთისგან ვერანაირად ვერ განვაცალკევებთ, რადგან ერთი ყოველთვის არის მეორეში და მეორე ყოველთვის არის პირველში. არ არსებობს მხოლოდ კომპონირებული და მხოლოდ დაგეგმილი რაღაცა, ამ დაგეგმილის შიგნითვე უკვე არის ისეთი რაღაცები მომხდარი, რომელიც იყო სპონტანური და დაუგეგმავი. მეორე მხრივ, იმპროვიზაციაც არასდროს არ არის ბოლომდე სპონტანური, რადგან როგორც კი არის რაღაც განზრახვა, იმ წუთშივე ამოქმედდება შენთვის კომპოზიტორული მექანიზმები იმისთვის, რომ ამ სათქმელს რაღაცნაირი ფორმა მისცე. სულ რომ გაგიჟებული და თავდავიწყებით უკრავდე, სულ რომ ინსტრუმენტებს ლეწავდე, მაშინაც კი შენი საკომპოზიციო, კომპოზიტორული საწყისი ძალიან აქტიურია, რადგან ყველაფერს, რასაც აკეთებ შენი ინსტრუმენტით, არის კომპოზიცია. დაწერილი მუსიკის, ანუ კომპოზიციის შემსრულებლის, კლასიკური ნაწარმოების, ინტერპრეტატორის მუსიკა სავსეა იმპროვიზაციით და სპონტანურობით, მაგალითად, გლეინ გულდი სტუდიაში ჩაწერილ მუსიკას ამჯობინებდა თავის საკონცერტო ნამუშევრებს, რადგანაც სტუდიაში შეეძლო, სპონტანურად ეცვალა ტემპი, ხასიათი, არტიკულაცია და შემდეგ სხვადასხვა დროს ჩაწერილი ეს სპონტანური „მელოდიები“ ერთმანეთთან შეეერთებინა. საბოლოოდ პროდუქტი კომპონირებულია იმპროვიზაციული და სპონტანური გადაწყვეტილებებისგან. ვერ ვიტყვი, რომელი მირჩევნია, რადგან ორივე ერთდროულად  არის ჩემთვის.

ინდიგო: როგორი იქნება ჯაზი 20-30 წლის შემდეგ?

რეზო: როგორიც დღეს არის. ჯაზი ყოველთვის ისეთი იყო, როგორიც იყო. ცხოვრებას გარეგნული თვისებები და ენობრივი ცვლილებები  ახასიათებს, ადამიანი კი პრინციპში მაინც იგივე რჩება. სუბსტანცია არ იცვლება, ეს ჩვენი დამოკიდებულებაა, რომელიც შეგვიძლია აღვზარდოთ, განვავითაროთ, გავაღრმავოთ და რომელშიც შეგვიძლია ჩავიყურყუმელაოთ. ჯაზი დღესაც ისეთია, როგორიც 100 წლის წინ იყო. 30 წლის შემდეგაც ჯაზის სუბსტანცია იგივე იქნება.

ინდიგო: ჯაზს რა უხდება?

რეზო: ჯაზს რა უხდება, არ ვიცი... ცხოვრებას რა უხდება? ან ადამიანის სურვილს, რომ რაღაცები გამოთქვას? იქნება ეს თუშეთში დაამღეროს, ან რამე ლექსი გამოთქვას რომელიმე პოეტმა, ან უცბად ვიღაცამ დაიყვიროს, მთელი მისი ემოცია და ტექნიკა ჩადოს იმაში, რომ საშინლად ჩამწვდომი და სხვებზე ზემოქმედების მომხდენი ხმით თქვას, როგორ მარტოა, ან ენატრება ვიღაც, როგორ უყვარს ვიღაც, ან უხარია.

არ ვიცი, რა უხდება, ალბათ, რაც სხვა ყველა გულწრფელ ხელოვნებას უხდება, ის უხდება ამასაც. თუმცა მართალია, ღვინო უხდება, არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი.

 ინდიგო: კოლტრეინი, მაილს დევისი თუ ჩარლი პარკერი?

რეზო: ჩარლ პარკერზე ვიტყოდი, რომ მთავარი მიზეზი იყო ჩემთვის, საერთოდ მუსიკოსი რომ გავხდი. ამიტომ პარკერი მაინც განსაკუთრებული მგონია. არ ვიტყუები არასდროს, როცა ვამბობ, რომ როცა ჩარლი პარკერი გაისმის სადმე, იმ წუთშივე არ მეზარება იმის კონსტატირება, რომ ჩარლი პარკერის მსგავსი ბგერა და რაღაც არავის არ აქვს. ეს არის ძალიან სუბიექტური, ვიღაცისთვის შეიძლება მისი მუსიკა ძალიან ძველმოდური იყოს, თუმცა მე მგონია, რომ მის ხმაში, მის ვიბრატორში, მის შეცდომებში და ყველაფერში მესმის რაღაც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ - ჩარლი პარკერი.

ინდიგო: ყველაზე ცუდი მოვლენა ჯაზის ან, ზოგადად, მუსიკის ისტორიაში.

რეზო: ყველაზე ცუდი მოვლენა მუსიკის ისტორიაში მისი გამოყენებაა საბაზრო დანიშნულებით, მერე ზოგიერთი მუსიკადაც დამკვიდრებულა. რაღაცების გასაღებაში ვიღაც რომ თავის ამპლუას ნახავს, ფულს რომ გააკეთებს პროდუქტის გაყიდვით და შემდეგ ამ პროდუქტის შემქმნელს რომ უთხრას, მიდი, კიდევ გააკეთე ეგეთებიო. ეს შემქმნელი გადაწყვეტს, რომ ამას მეტი ფული მოაქვს და ამას გავაკეთებო, ეს იქნება ყველაზე ცუდი რამ. თუმცა ეს ხდება, შეიძლება ჩვენც გვემართებოდეს ხოლმე.

ინდიგო: მუსიკოსი რომ არა, რეზო კიკნაძე იქნებოდა...

რეზო: არ ვიცი, რაღაც მხრივ მუსიკოსიც არ ვარ. ძალიან ბევრი ეძახის მუსიკოსს საკუთარ თავს და იმათგან ბევრი რამით განვსხვავდები. მაიმედებს ის ფაქტი, რომ ბევრი ჩემთვის სათაყვანებელი მუსიკოსი ჩვეულებრივ მუსიკოსს არ ჰგავს. მუსიკოსობა ხომ არ არის იარლიყი, რომ მივიწებოთ. თუ ამ მუსიკას გავუბედავთ, რომ ორი რაღაც გავაჩხაკუნოთ მოკრძალებით, უკვე კარგია. შესაძლოა დაგვაინტერესოს თუნდაც ფიზიკამ, არქიტექტურამ და იქაც რაღაცები ვაკეთოთ, ამით მუსიკოსობა კი არ შეგვიწყვეტია, განვავრცეთ ერთი შეხედვით არამუსიკალურ რაღაცებზე, მგონი მაშინ შეიძლება ვეზიაროთ მთავარ მუსიკას, რომელიც აუცილებელი არ არის, რაიმე ინსტრუმენტებით სრულდებოდეს ვიღაცის მოსასმენად. მუსიკა პირველ რიგში უნდა განვიცადოთ და დავინახოთ ისე, რომ არც კი ჟღერდეს.

ფოტო: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა