გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სადღაც შორს | ნაჯა ორაშვილი, გიორგი კიკონიშვილი

კერილ ჩერჩილის დისტოპიური პიესა „შორს“ აღწერს ძალადობით სავსე ცივ სამყაროს, სადაც ადამიანები, ამინდი, გრავიტაცია, ცხოველები, ჰეროინი, ნავთობიც კი ერთმანეთთან ომში არიან ჩართულები, ორ მხარედ გაყოფილ სამყაროში არც ხეზე მჯდომი ჩიტის და არც მდინარის ნდობა არ შეიძლება. პიესის ბოლოს მთავარი გმირი ჯოანა, რომელსაც რომელიც მდინარის მეორე მხარეს სურს გადასვლა, დიდხანს ფიქრობს, თუ ვის მხარეს არის მდინარე, ენდოს თუ არა? ცურვაში დაეხმარება თუ დაახრჩობს?

ნაწყვეტი მონოლოგიდან: “Who's going to mobilise darkness and silence? That's what I wondered at night. By the third day I could hardly walk but I got down to the river. There was a camp of Chilean soldiers upstream but they hadn't seen me and fourteen black and white cows downstream having a drink so I knew I'd have to go straight across. But I didn't know whose side the river was on, it might help me swim or it might drown me. In the middle the current was running much faster, the water was brown, I didn't know if that meant anything. I stood on the bank a long time. But I knew it was my only way of getting here so at last I put one foot in the river. It was very cold but so far that was all. When you've just stepped in you can't tell what's going to happen. The water laps around your ankles in any case”

 

ბექა წიქარიშვილი: შფოთვა იმდენად ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, არსებობდა თუ არა უშფოთველი ცხოვრება, აღარც მახსოვს.

ანა კაპანაძე: ადრე მიყვარდა ხოლმე მანქანით სიარული, უბრალოდ რომ იყურები და არაფერს გრძნობ, არც მშვიდად ხარ, უბრალოდ ზიხარ. დღეს მოვდიოდით მანქანით, ვიჯექი და მივხვდი, რომ, აი, ისევ ვზივარ მანქანაში და არაფრის მეშინია, შემიძლია ვიყურო ფანჯარაში და... როგორი განცდაა, იცი? როგორი ბედნიერი ხარ სინამდვილეში, როდესაც უბრალოდ შეგიძლია იჯდე და არაფრის გეშინოდეს. შიშს ვერ აკონტროლებ, ან გრძნობ, ან არა. რაციონალური შიში შიში არ არის, სიფრთხილეა, რომელიც მოგიწოდებს, რომ თავი გადაირჩინო. აი, შიში კი, ნამდვილი შიში, ძალიან საშიშია.

ბექა წიქარიშვილი: ცარიელი შიში?

ანა კაპანაძე: ჰო, ცარიელი, რომელსაც ვერ ებრძვი, რომელიც პიროვნებას გართმევს, რასაც ფიქრობდი, რისიც გჯეროდა, რაც გახსოვდა, ყველაფერს შლის.

ბექა წიქარიშვილი: სისტემაც ასე მუშაობს, პანიკის დანერგვით მეხსიერების წაშლით და მუდმივი აფექტებით.

ნაჯა ორაშვილი: პროგრამული კოდები მართავენ ჩვენს ცხოვრებას.

გიორგი კიკონიშვილი: ფიქრზე არის მიბმული უკვე.

ბექა წიქარიშვილი: ეს არის გვიანდელი კაპიტალიზმის ლოგიკა, გენაცვალე.

ნაჯა ორაშვილი: ჰო, მეტავერსი.

ძალაუფლების ცენტრები ყოველდღიურად ქმნის იმგვარ დღის წესრიგს, რომელიც მოქმედებს როგორც მოკლევადიანი შოკური თერაპია და საზოგადოებას მუდმივ ღრმა ჰიპნოზის მდგომარეობაში ამყოფებს. თითქოს მძაფრსიუჟეტიან ფილმში ვართ და მას ბოლო აღარ უჩანს. ამ ამბებს „სთორებივით“ ვუყურებთ, ჩვენ თვალწინ იქმნება და წამში იშლება ჩვენი ყოველდღიურობა, სადაც მუდმივად არსებობს ტრაგედია, რომელიც ადამიანების ემოციური მდგომარეობით საზრდოობს და ამაში ჩართულია ყველა გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი და ადამიანი, მედია. ეს დღის წესრიგი გაიძულებს, რომ ყოველ დღე იყო ამ ყველაფრის ნაწილი. ალგორითმია შექმნილი ამისთვის, რომ წინა დღე დაივიწყო.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ემპათიის ნაცვლად გულგრილობას და სასოწარკვეთას იწვევს. მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემიამ ჩვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ყოფა უფრო დაამძიმა, როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად შეძლებს ჩიხში შესული საზოგადოება ცვლილებების მიღწევას? რამდენად გვეყოფა ძალა, ვიპოვოთ გამოსავალი?

ანა კაპანაძე: როდესაც პირველად ხდება, ძალიან ტრაგიკულია, მაგრამ როდესაც ხშირად ხდება, იმუნიტეტს გამოიმუშავებ. ყოველდღიურობის ნაწილია, რეკლამასავით უყურებ ამ ტრაგედიებს. სხვა გზაც არ გაქვს, ეს არის საკუთარი ფსიქიკის დაცვის მექანიზმი, რომ გადარჩე. გარკვეული პერიოდის შემდეგ აცნობიერებ, რომ დიდი მნიშვნელობაც აღარ აქვს და ინფანტილური, ნეიტრალური დამოკიდებულება გიყალიბდება.

ხან გრძნობ, რომ კიდევ შეგიძლია საკუთარ თავში ემპათია იპოვო, მაგრამ თან ხვდები, რამდენად შეუძლებელია იდეალების დასაცავად საკუთარ თავში ძალების მოკრება. ცოტა უცნაურია, ერთი მხრივ იცავ თავს, მაგრამ თან სულ დიალოგში ხარ საკუთარ თავთან, რომ სადღაც ნამდვილად ცივდება ადამიანი.

ბექა წიქარიშვილი: პირველადი ამოცანა ასეთ დროს სწორი ანალიზის გაკეთებაა, თუ რა მდგომარეობაში ხარ. ყოველი მომდევნო დღე ახალი აფექტის მოლოდინით თენდება. ეს მუდმივი აფექტები, საბოლოო ჯამში, ადეკვატური რეფლექსიის შესაძლებლობასაც ახშობს, გიტოვებს ორ არჩევანს, ან ხდები მისი ნაწილი, ან გაურბიხარ. მაგრამ ცხადია ვერსად გაექცევი. თუ ამ მდგომარეობის გადალახვაზეა საუბარი, მასობრივი თვითგამორკვევის და კოლექტიური ანალიზის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში. აქედან უნდა დაიწყო, იმისთვის, რომ მერე ცვლილების გზაც გამოჩნდეს.

ნაჯა ორაშვილი: კოლექტიური პოლიტიკური ცნობიერების ამაღლების გზაზე უამრავი ხილული და უხილავი ბარიერი ჩნდება. პირველ ეტაპზე, ხალხმა თვითგამორკვევის უფლება უნდა მოიპოვოს. თუმცა იმ პირობებში, როდესაც ეროვნული შეჯიბრია გამოცხადებული საზოგადოებაში უნდობლობის გაღრმავებასა და პანიკის დათესვაზე, სადაც მშვიდობა უარყოფილია და ყველა საერთო სახალხო მღელვარების წარმოებაშია ჩართული, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის დაწყება?

ბექა წიქარიშვილი: იდეაში, ჩვენი გამოცდილება, უკვე სხვებმაც იციან და ჩვენც ვიცით, ხომ?! ოთხივე წარმოვადგენთ იმ ჯგუფს, რომელიც საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის იბრძოდა და გარკვეული მოტივაცია ჰქონდა, რომ საზოგადოების შიგნით პოზიტიური გარდაქმნები დაეწყო. რაც ძალიან იშვიათობაა – ფაქტობრივად, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე. როცა ცვლილებისთვის ორგანიზდებოდა საზოგადოება, ეგრევე ჩახშობას ექვემდებარებოდა, ეჯახებოდა დიდ რაღაცას, რაც მერე მას ანგრევდა. ასე მოხდა ეროვნული მოძრაობის, ასე მოხდა, ალბათ, შემდეგაც სხვადასხვა ორგანიზების შემთხვევებშიც. ჩვენც ამ გამოცდილებას ვატარებთ, რაც აღარ ტოვებს ადგილს ბრძოლისთვის, ეს არის დღევანდელი ველი – სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული. დღეს, ფაქტობრივად, საზოგადოების ორგანიზების მცდელობა გარდაქმნების დასაწყებად ყველანაირად ჩახშობილია. არ არსებობს არც ადგილი, არც სივრცე, არც მედია, არც პოლიტიკური ძალა.

გიორგი კიკონიშვილი: ეგ ადგილი თავისით არასდროს იარსებებს იმიტომ, რომ როცა შენი მიზანი ზუსტად ამ ძალაუფლებრივი სისტემის, მიდგომების და დამოკიდებულებების შეცვლაა, აქ არასოდეს იქნება შენი ადგილი. თვითონ უნდა შექმნა დისკურსი თანამოაზრეების შემოკრებით და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ამ იდეების გაზიარებით, მსჯელობით, წინააღმდეგობით, შეთანხმებით.

ნაჯა ორაშვილი: შიში პოლიტიკური გავლენის იარაღია, მაგრამ რა ჩანს ისტერიის მიღმა? რაზე დარდობს და წუხს ხალხი, რისი ეშინიათ ყველაზე მეტად?

ბექა წიქარიშვილი: ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სრულიად პირველადი ამოცანა გადარჩენისთვის ბრძოლაა.

ანა კაპანაძე: ხალხის შფოთვა ყველაზე მეტად მიემართება მიტოვებულობის განცდას. ადამიანები საკუთარ პრობლემებთან სრულიად მარტო არიან.

გიორგი კიკონიშვილი: მახსენდება ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ახალი ამბის სათაური: „დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრი აირჩიეს“. დავიბენი, პირველად ეს სათაური რომ შემხვდა. მიზანი თავისთავად კეთილშობილურია, მაგრამ შემზარა იმის წარმოდგენამ, რომ მარტოობასთან გასამკლავებლად ადამიანებს მინისტრები სჭირდებათ.

ბექა წიქარიშვილი: ეს არის სოციალური სხეულის მოშლა, საზოგადოების წევრებს შორის კავშირი ფაქტობრივად მორღვეულია, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რაშიც იმყოფებიან, მატერიალური გადარჩენის საშუალებებისთვის ბრძოლა იქნება, თუ სხვა ყოველდღიურობის. ძალიან სიმბოლურია ჩემთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ამბავი. მგონია, რომ მთელი ქვეყანა ნანგრევებშია მოყოლილი და იქიდან ვიღაცა იძახის, რომ სუნთქვა შეუძლია. ეს არის, ალბათ, ხატი მდგომარეობის, რაშიც დღეს თავი ამოყო ამ ქვეყნის საზოგადოებამ.

გიორგი კიკონიშვილი: საზოგადოებრივი ერთობა საერთო საჭიროებებისთვის, შეთანხმებისთვის, და მათ მოსაპოვებლად, დასაცავად, მგონი, არც არასდროს ყოფილა. შეიძლება იმ მდგომარეობაში ვართ, რომ კი არ ჩამოიშალა, სულ დაშლილი იყო და ახლა ვიწყებთ ამის გააზრებას – პრობლემის იდენტიფიცირებას, რაც თავის მხრივ არის პირველი ნაბიჯი პრობლემის გადასაჭრელად.

ნაჯა ორაშვილი: სიღარიბის გარდა, სისტემას სხვა უამრავი ინსტრუმენტი აქვს ძალაუფლების განსახორციელებლად. 2006 წელს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის იდეა და მასზე დაფუძნებული მასობრივი კონტროლის სადამსჯელო სტრატეგია შეიფუთა, როგორც დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური გზა, მაგრამ სინამდვილეში მუშაობდა, როგორც ტერორის და დაშინების მანქანა.

ჩვენი მეხსიერებიდან ნელ-ნელა იშლება ტრაგიკული ისტორიები. ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას შეწირული თაობა ტრავმებს ახლაც იშუშებს და სახელმწიფოს მხრიდან დასჯის ნაცვლად ზრუნვის ჰუმანურ პოლიტიკას ამაოდ ელის. თქვენი აზრით, როგორ და რატომ იქცა ნარკოპოლიტიკა ტერორის ინსტრუმენტად და იარაღზე უფრო ძლიერ ბრძოლის საშუალებად?

Society


ბექა წიქარიშვილი:
უბრალოდ ვერ მოხდა არტიკულირება იმის, თვითონ ნარკოტიკის მოხმარება რისი შედეგია. ეს ხომ თავისთავადი მოცემულობა არ არის?! კვლევებით დგინდება, რომ პირდაპირი კავშირია სოციალურ უთანასწორობასა და მოხმარების დიდ მასშტაბებს შორის. რატომ ვართ მსოფლიოში მესამე ადგილზე მოხმარების მაღალი მაჩვენებლით, იმიტომ ხომ არა, რომ ქვეყანა სოციალური კატასტროფის მდგომარეობაშია?! უფუნქციოდ დარჩენილი მშიერი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეძებს წამალს.

ამ პრობლემის სათავეს სისტემა არ პასუხობს. პასუხს უარეს მეთოდებში პოულობს, როგორიც არის ამ ჯგუფების რეპრესია და მუდმივი დეჰუმანიზება. არადა, ეს ჯგუფი საზოგადოების დიდი ნაწილია, უარყოფილი, გარიყული, მარგინალიზებულია და თვალს არ უსწორებს არავინ, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა, მათი ყოფა ჩვენი ყოველდღიურობის შედეგია.

ანა კაპანაძე: ძალიან მომგებიანი პოზიციაა ძალაუფლებისთვის, როდესაც საზოგადოების ამხელა ნაწილი უბრალოდ დამოკიდებული და უნარებჩამორთმეული გყავს.

გიორგი კიკონიშვილი: ორმაგად ტრაგიკულია ისიც, რომ ამ საკითხთან მიმართებაშიც თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი იდენტურად მოქმედებს. ვერბალურადაც კი, ერთი და იმავე სიტყვებით მოიხსენიებენ მათ. გავიხსენოთ ბოლო შემთხვევა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეებში, როდესაც ვნახეთ, როგორ იყენებს არსებული ხელისუფლება ამ ადამიანებს თავისი მიზნებისთვის, ხოლო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ თვითონ უნდა ჩაანაცვლონ ხელისუფლება სასიკეთო ცვლილებების დასაწყებად, მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილის ჩათვლით, სრულ დეჰუმანიზაციას ეწევა. არავინ სვამს კითხვას – როგორ მოვიდნენ ეს ადამიანები აქამდე? რომელი პოლიტიკის შედეგებს იმკიან?

ნაჯა ორაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის შედეგად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მოხდა და მნიშვნელოვნად შემცირდა სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის ჩაგდება კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს მისწრაფებას – არ დათმოს დევნის, დამცირების და ჩაგვრის ბერკეტი. ეს კარგად გამოჩნდა 5 ივლისის ძალადობის მსხვერპლის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულ მაგალითზე. ფარული ჩანაწერების გასაჯაროებით, სისტემამ არა მხოლოდ აირიდა პასუხისმგებლობა და სიკვდილის ტვირთი თავად მსხვერპლს აჰკიდა, არამედ გამოიყენა საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი სტიგმა, ეს იყო გარდაცვლილი ადამიანის სრული დისკრედიტაცია – რითაც, თითქოს, ითქვა, რომ ნარკომომხმარებლის არც სიცოცხლე და არც სიკვდილი არ არის მნიშვნელოვანი.

მალევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერი და 2018 წლის 12 მაისის საპოლიციო რეიდების ავტორი – გიორგი გახარია, რომელმაც საჯაროდ დადო და შემდეგ არ შეასრულა ნარკოპოლიტიკის რეფორმირების პირობა, თვითონვე იქცა საკუთარი სისტემის მსხვერპლად. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი იმიჯის შესალახად ნარკოტიკის მოხმარებით მანიპულირებამ დაგვანახვა, რომ ნარკოპოლიტიკა, როგორც სადამსჯელო მექანიზმი, არსად გამქრალა, ის ისევ ერთგულად ემსახურება სისტემას და არავის ინდობს. ამ მანიპულაციისთვის ნოყიერი ნიადაგი კი სწორედ საზოგადოებაში გავრცელებული შიშები და ფობიებია.

ბექა წიქარიშვილი: ძალაუფლების მიმდინარე რყევები გვთიშავს, გვანგრევს, ერთმანეთს გვაძულებს, ერთმანეთის მიმართ ეჭვებს გვიჩენს, გვაპირისპირებს, გვაშანტაჟებს. საერთო ენაა დაკარგული. ეს არის ამ კონფლიქტის ლოგიკა. საზოგადოებაში ვერგადახარშულ პრობლემებს და საკითხებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყენებს ძალაუფლება ინსტრუმენტად, იგივე ეხება ქვიარ თემსაც.

ნაჯა ორაშვილი: სამწუხაროდ, სისტემა, რომელიც მეგონა, რომ დაინგრა, არ დანგრეულა, ისევ ძველებურად გუგუნებს. რთულია ამის აღიარება, მაგრამ სიმართლეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ გავუსწორეთ თვალი სისტემის და საზოგადოების ერთ სხეულად გამთლიანებას, მისი დაშლა ან გარდაქმნა, მხოლოდ ხალხის გაძლიერებით არის შესაძლებელი. მაგრამ იმ მოცემულობაში, როდესაც სრულიად დეჰუმანიზებულია სოციალური ურთიერთობები, უიმედობის ჩაკეტილ წრეში გამომწყვდეულები ერთმანეთს ეჭვის თვალით ვუყურებთ, მეგობრებს აღარ ვენდობით, თანამებრძოლების აღარ გვჯერა, სხვების კი არა, საკუთარი თავის დარწმუნებაც რთულია.

ხშირად ვფიქრობ, რომ ჩიხიდან გამოსავალი სრულ ნიჰილიზმში უნდა ვეძიოთ, მაგრამ გვაქვს სასოწარკვეთის უფლება? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აზრის პოლიციის აჩრდილი ჩვენს დაშვებულ შეცდომებს გამალებით ეძებს? ამიტომ ჩუმად ხარ გატრუნული, არ მოძრაობ, არც სუნთქავ, მთელი ძალით ცდილობ, არაფერი შეგეშალოს, მაგრამ, მერე უკვე შენი სიჩუმეც პრობლემა ხდება, მიგითითებენ თქვა ის, რისი მოსმენაც უნდათ, იდგე იქ, სადაც მათი სიმართლე დგას.

ანა კაპანაძე: ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდი ხანი, როდესაც კარებზე ისმოდა კაკუნი, პირველი, რასაც ვფიქრობდი, ეს იყო პოლიცია და მეშინოდა. არა იმიტომ, რომ შეიძლებოდა კონკრეტულად ჩემთვის დაეშავებინა, უბრალოდ მეგონა, რომ ეს იყო აუცილებლად პოლიცია. დღეს, ამდენი წლის მერე, კარზე როცა აკაკუნებენ, აღარ მაქვს ეგ განცდა, რაღაცნაირად გადავლახე, მაგრამ ახლა მგონია, რომ ეს იქნება ადამიანი, რომელიც რაღაცას დამიშავებს.

ბექა წიქარიშვილი: საშინელებაა, წარმოიდგინე, როგორ არ ენდობი ადამიანებს უკვე შენ გარშემო, კოშმარია! შეიძლება მართლა პოლიციის შიში ჯობდეს.

ანა კაპანაძე: ჰოდა, არ ვიცი, რა უფრო უარესია, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც ძალადობს, თუ საზოგადოება, რომელიც შენ გვერდით უნდა იდგეს, მაგრამ მისი გეშინია.

გიორგი კიკონიშვილი: ჰოდა, მაგ ურთიერთნდობის დასაბრუნებლად, მივუბრუნდეთ ისევ კულტურას და განათლების სისტემას, რომელზეც ეს კულტურა დგას. სკოლაში მთელი განათლების სისტემა იდგა შეცდომების გასწორებაზე, მასწავლებლის ფუნქცია სხვა ფაქტობრივად არაფერი ყოფილა, წითლად უნდა გაეხაზა და გაესწორებინა მხოლოდ შეცდომები, მაგრამ ამ გაწითლებულ ტექსტში სწორად რა გააკეთე, სად გქონდა საინტერესო მიგნება, ან რა გამოხატე, რა გაწუხებდა, რა მოგწონდა, ეს თითქმის არასდროს აღინიშნებოდა ხოლმე და კულტურაც ასეთია. ამაზე ვართ მომართული ჩვენ, როგორც საზოგადოება, რომ უნდა მიუთითო, ასწავლო, შეცდომები გაუსწორო და არა იმისთვის, რომ შეცდომები ერთად გამოვასწოროთ და ამით წინ წავიწიოთ, პრობლემა გადავჭრათ. ასე დაუნდობლად ვექცევით ერთმანეთის ღირსებას და ამიტომაც ვკარგავთ საერთო ენას.

ეს მგონი, ყველაზე ტრაგიკული მდგომარეობაა, რასაც საზოგადოებამ მივაღწიეთ – ყველას ერთმანეთის ეშინია, ყველა ყველას წინააღმდეგ და ყველა ერთმანეთისგან გამიჯნული და განდეგილია. დარწმუნებული ვარ, რომ ის შიშები, რაც ჩვენ გვაქვს, აქვს იმასაც, ვისიც გვეშინია. ამ შიშის დაძლევით და საჯაროდ იმის თქმით, თუ რასაც ვფიქრობთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ბევრი ადამიანია იმავე მდგომარეობაში და ვერ ამბობს. ეს შეიძლება კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს განხეთქილების დასრულებისა და შეთანხმების მისაღწევად.

ბექა წიქარიშვილი: ეს არის ერთადერთი იარაღი, რაც საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს – კონსოლიდაცია, მაგრამ ბრძოლები, რომელიც დღეს წარმოებს და ამოფარებულია კონსოლიდაციის ფარდას, რეალურად დამანგრეველი ბრძოლებია. დღეს მებრძოლი პოლიტიკური ძალები, მთელი თავიანთი ისტორიული გამოცდილებით, უფრო ხლეჩენ და ანაწევრებენ, ამიტომ კონსოლიდაციის ჩანასახები და იმპულსები სულ სხვაგან არის მოსაძებნი. ჩემთვის, ერთ-ერთი ასეთი კონსოლიდაციის მაგალითი არის რიონის ხეობა.

ნაჯა ორაშვილი: ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი შიში მარტოობაა, მაგრამ დღეს გაბატონებული ინდივიდუალიზმის დისკურსი ზუსტად რომ მარტოობაზე დგას.

თუ თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებსა და მიმდინარე დიდ გარდაქმნებს დავაკვირდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ გლობალურად, მთელი სამყარო იზოლაციამ, ჩაკეტილობამ, ერთმანეთისგან დისტანცირებამ მოიცვა. რეალობასთან ფიზიკური შემხებლობა სიმულაციამ ისე ჩაანაცვლა, რომ აღარც კი ვიცით, სად გადის ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს შორის. ტექნოლოგიებმა, რომელსაც, თითქოს, ადამიანები ერთმანეთთან უნდა დავეკავშირებინეთ, გონებაზე სრული კონტროლი მოიპოვა და ერთმანეთისგან გაგვთიშა. ჩვენი წუთიერი ბედნიერებები კი მთლიანად ალგორითმზე გახდა დამოკიდებული.

ანა კაპანაძე: ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი ალბათ სწორედ ბედნიერად ყოფნაა, სად შეიძლება სიხარული ვეძებოთ?

ბექა წიქარიშვილი: ყველაზე დიდი სილაღე და ბედნიერების განცდა, საზოგადო სიკეთისთვის ბრძოლაშია და გამოსავალიც ეს არის.

ნაჯა ორაშვილი: და ღირს მდინარეში მეორედ შესვლა?

hb
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა