გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სამი ამბავი 1956 წლის 9 მარტზე

„ხალხო, სტალინმა ლენინს აკოცოს... არა, ლენინმა აკოცოს სტალინს’’, - 1956 წლის 9 მარტს თბილისში,  ნელი სვლით მიმავალ საბარგო მანქანაზე სტალინისა და ლენინის გრიმით გორიდან ჩამოსული მსახიობები იდგნენ და მრავალრიცხოვან პროცესიას მიუძღოდნენ.
უშიშროების ცნობით, იმ დღეს ქუჩაში გამოსული იყო ოცი ათასამდე ადამიანი.
ბევრი რაიონიდანაც ჩამოსულიყო.
ხალხი მსახიობებს მსგავსი შეძახილებით ეხმაურებოდა. ისინიც თავისებურად ამხნევებდნენ დემონსტრანტებს.
ყველანი ერთად მიდიოდნენ საპროტესტო აქციისკენ.
მოსახლეობა იცავდა სტალინს.

კომუნისტური პარტიის მე-20 საკავშირო ყრილობაზე ხრუშჩოვმა სტალინის კულტი დაგმო. ქართველებმა ეს პირად შეურაცხყოფად მიიღეს.

ხრუშჩოვმა  ყრილობაზე თქვა, რომ “ქართველმა სტალინმა” მარქსისა და ლენინის გზას უღალატა.

სტალინის პოლიტიკის ამგვარმა შეფასებამ საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია. ყოველწლიურად, სტალინის გარდაცვალების დღეს, 5 მარტს, სამგლოვიარო მარში იმართებოდა. თუმცა, ხრუშჩოვის მოხსენების გამო, 1956 წლის გამოსვლებმა სახე იცვალა.

რა მოთხოვნები ჰქონდათ მომიტინგეებს?

1. მოხსნან ხრუშჩოვი, ბულგანინი და მიქოიანი;

2. მჟავანაძე გადაიყვანონ საკავშირო ცეკაში;

3. მთავრობაში შეიყვანონ სტალინის შვილი;

4. ლენინის მოედანზე ლენინის გვერდით დადგან სტალინის ძეგლი და მოედანს დაარქვან ლენინ-სტალინის მოედანი.

შეკრებაზე ააჟღერეს პირველი რესპუბლიკის ჰიმნიც, რაც  აკრძალული იყო და გამოსვლების პათოსს არა თუ არ ერგებოდა, ეწინააღმდეგებოდა კიდეც.

9 მარტის საღამოს დემონსტრანტების ნაწილმა გადაწყვიტა, ბარემ დაბადების დღის მისალოცი დეპეშა მოლოტოვისთვის გაეგზავნათ. ამ მიზნით კავშირგაბმულობის შენობისკენ დაიძრნენ. შენობაში ათი დემონსტრანტი დაუბრკოლებლად შეუშვეს, თუმცა მალევე დააპატიმრეს. ხალხი დაპატიმრებულთა გამოხსნას და შენობაში შესვლას ცდილობდა, სწორედ ამ დროს დაიწყო დარბევა. 

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა დარბევას?

დარბევა აჯანყების ჩახშობას უფრო ჰგავდა. ისროდნენ ტყვიებს. გამოიყვანეს ტანკებიც. უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით კავშირგაბმულობის სახლთან და სტალინის მონუმენტთან 15 ადამიანი გარდაიცვალა. დაიჭრა  54 (მათგან შვიდი მოგვიანებით გარდაიცვალა). დააპატიმრეს 200 ადამიანი.

რატომ არ გვახსოვს 9 მარტის ამბავი?

დარბევიდან მესამე დღეს, 11 მარტს, გაზეთ ,,ავანგარდში’’ გამოქვეყნდა სტატია ,,ი.ბ. სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავი’’. სტატიაში შეჯამებულია ,,ლენინის გამოჩენილი მოწაფის’’ იოსებ სტალინის მოღვაწეობა, ხოლო მე-20 ყრილობაზე ხრუშჩოვის ტექსტიდან მხოლოდ ეს ამონარიდი ქვეყნდება:

,,პარტიის მე-19 ყრილობის ცოტა ხნის შემდეგ სიკვდილმა ჩვენს რიგებს გამოსტაცა იოსებ ბესარიონის-ძე სტალინი, - თქვა ამხ. ნ. ს. ხრუშჩოვმა - სოციალიზმის მტრებს იმედი ჰქონდათ, რომ პარტიის რიგებში შეიქმნებოდა დაბნეულობა, მის ხელმძღვანელობაში უთანხმოება, მისი საშინაო და საგარეო პიოლიტიკის განხორციელებაში მერყეობა. მაგრამ ეს ვარაუდი ჩაიფუშა, კომუნისტური პარტია კიდევ უფრო მჭირდროდ დაირაზმა თავისი ცენტრალური კომიტეტის გარშემო, უფრო მაღლა აღმართა მარქსიზმ ლენინიზმის ... დროშა’’.

სტატიაში 9 მარტის გამოსვლებზე, შესაბამისად, დარბევაზე, დაღუპულებსა და დაპატიმრებულებზე არაფერია ნათქვამი. დახოცილი მომიტინგეების გვამებიც სწრაფად მოაცილეს ქალაქს. ამ დღეს შემდეგ უკვე შეგნებულად არ იხსენებდნენ დემონსტრაციის მონაწილეებიც. მთავარი მიზეზი ჯერ ტოტალიტარული სისტემის წინაშე შიში იყო, შემდეგ უკვე - სტალინის დაცვის გამო შექმნილი უხერხულობა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა