ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შევარდენი, ქალაქი, ვერტიკალი | თინათინ ხომერიკი

წინასიტყვაობა

 „მუდამ გარე ცხოვრებასთან შერწყმა მწყუროდა. იქ, გარეთ, საგანთა განაპირას ყოფნა, რათა ადამიანობის სიბილწე სიცარიელესა და მდუმარებას ისე ჩამოერეცხა, როგორც მელა განიბანს საკუთარ სუნს წყლის ცივ არამიწიერებაში; ქალაქს უცხოდ მსურდა დავბრუნებოდი. ხეტიალი ნეტარების ელდას გგვრის, რომელიც დაბრუნებისთანავე ქრება“.[1]

ასე წერს ჯ. ა. ბეიკერი 1967 წელს გამოცემულ წიგნში „შევარდენი“ (The Peregrine), რომელიც გამოცემიდან დღემდე ისე იქცა უამრავი ადამიანის იდუმალ საგანძურად, რომ  წიგნი და  მისი ავტორი არასდროს მონათლულან საყოველთაოდ განთქმულ „დიდ წიგნად“ და „დიდ მწერლად“.

„შევარდენი“ 2020 წლის მაისში წავიკითხე, როცა მომაკვდინებელი ვირუსის ეპიდემია უკვე შემზარავ პანდემიად იყო ქცეული და მასზე სულ უფრო ხშირად საუბრობდნენ, როგორც „ბუნების შურისძიებაზე“ ადამიანის მიერ მისი ხარბად განადგურების საპასუხოდ. მე კი, როგორც მკვლევარი, ქალაქისა და უსაფრთხოების საკითხზე ვმუშაობდი, შინ გამოკეტილი ვიჯექი და საათობით ვუკირკიტებდი თბილისის ციფრულ სატელიტურ რუკებს, ვირტუალური სოციალური ქსელების მიმოწერებსა და ქალაქის მცხოვრებთა შფოთვით სავსე ზეპირ მონათხრობს ქალაქთან მზარდ გაუცხოებაზე, ქაოსური განაშენიანებით გამოწვეულ კლაუსტროფობიის, უმწეობის და განდევნილობის განცდაზე, გარემოს ყოვლისმომცველ დაბინძურებასა და ქალაქისგან, როგორც მტრისგან გაქცევაზე „სადმე, სიმწვანეში“.

წიგნი სულ რამდენიმე დღეში, თითქმის თავაუღებლად წავიკითხე და იმ რამდენიმე დღის მანძილზე  ის გადარჩენის, რაღაცისგან თავის დაღწევის გზად იქცა. თუმცა, ეს ყველაფერი მაშინ საერთოდ არ გამიაზრებია - არც კონტექსტი, არც „კავშირები“. უბრალოდ, ვკითხულობდი. სამეცნიერო ლიტერატურის „ანალიტიკური კითხვისგან“ განსხვავებით, როცა გამუდმებით ჩერდები, რაღაცას ინიშნავ, კონტექსტს ეძებ, ადარებ, „ნამდვილი წიგნის კითხვა“ ამის ადგილს არ ტოვებს.

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს 1967 წელს ბრიტანეთში გამოცემულ წიგნს ფრინველის შესახებ, სამხრეთკავკასიური პოსტსაბჭოთა ქალაქის საფრთხესა და უსაფრთხოებას და ტექნოლოგიურ ცვლილებას, რომელიც ჩვენს მზერას ჰორიზონტალურის ნაცვლად, ვერტიკალური ხაზის გასწვრივ მიმართავს? ახლა, როცა უკან ვიხედები, ერთი შეხედვით, უწესრიგოდ გაბნეული წერტილები ერთ სისტემად ლაგდება და ერთმანეთს ხილული მონაკვეთებით ებმის.

 

ჯ.ა. ბეიკერი და მისი „შევარდენი“

ჯონ ალეკ ბეიკერი 1926 წელს დაიბადა ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში და 61 წელი ისე იცოცხლა, რომ დაბა ჩელმსფორდის შემოგარენს თითქმის არ გასცილებია. ის არც ორნიტოლოგი იყო და არც ლიტერატორი და პირადად არცერთ მწერალს არ შეხვედროდა. ფორმალური განათლება 16 წლის ასაკში დაასრულა და 60-იანი წლების შუახნებამდე, სანამ „შევარდნის“ წერას შეუდგებოდა და სამსახურს თავს დაანებებდა, „საავტომობილო ასოციაციაში“, ოფისის რიგით თანამშრომლად მუშაობდა. თუმცა, მანქანის მართვა არასდროს უსწავლია და მისი ერთადერთი სამგზავრო საშუალება ველოსიპედი იყო.

ჯ.ა. ბეიკერის შესახებ მისი წიგნების გამოქვეყნების შემდეგაც კი დიდხანს არაფერი იყო ცნობილი და მისი პიროვნების თაობაზე მკითხველებს შორის ათასგვარი ზეპირი გადმოცემა და ლეგენდა ვრცელდებოდა. ბრწყინვალე სამწერლო სტილისა და ფართო განათლების შემხედველი, ბევრი ფიქრობდა, რომ ის ბიბლიოთეკარი უნდა ყოფილიყო. გარეგნულად ტანმორჩილ, მხრებში მოხრილ, სათვალიან მწიგნობრად წარმოიდგენდნენ ხოლმე. ბეიკერი სათვალეს მართლაც ატარებდა, რადგან ბავშვობიდან ძალზე ახლომხედველი იყო. გარდა ამისა, ართრიტის მძიმე ფორმაც აწუხებდა, რომელიც, ასაკთან ერთად, უკიდურესად გაურთულდა. გავრცელებული წარმოდგენის საპირისპიროდ, ბავშვობის მეგობრები ახალგაზრდა ბეიკერს მაღალ, მხარბეჭიან  ყმაწვილად აღწერენ, რომელიც მოსიყვარულე, მხიარული მეგობარი და ახლომხედველობისა და ართრიტის მიუხედავად, შესანიშნავი სპორტსმენი იყო. მუშაობით კი, როგორც უკვე ვახსენეთ, ჯერ „საავტომობილო ასოციაციაში“ მუშაობდა, შემდეგ კი - ველად და შინ, სადაც თავისი ორად-ორი წიგნი - „შევარდენი“ და „ზაფხულის ბორცვი“ დაწერა. „შევარდნის“ დამთავრებიდან სულ რამდენიმე წელიწადში სახსრების დაავადება იმდენად გაუმწვავდა, რომ ხელის მტევნების გაშლაც კი უჭირდა და ვერაგმა სნეულებამ, საბოლოოდ, შინ გამოკეტა. 1987 წელს სამოცდაერთი წლის ბეიკერი სიმსივნით გარდაიცვალა, რომელიც, როგორც ამბობენ, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო წამლებმა გამოიწვია.

რატომ დაწერა ბეიკერმა „შევარდენი“? ორნიტოლოგი ჯონ ფენშოუ წერს, რომ კოლექციონერების მიერ შევარდენზე გაჩაღებული ნადირობის შედეგად, მე-19 საუკუნიდან ბრიტანეთში ამ ფრინველის პოპულაციამ მკვეთრად იწყო შემცირება. საფოსტო მტრედების მტაცებლისაგან დაცვის საბაბით, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ბრიტანეთის მთავრობამ შევარდნების დევნა ოფიციალურად გამოაცხადა. 50-იანი წლებიდან კი, როცა ორგანოქლორინის ჯგუფის სასოფლო-სამეურნეო პესტიციდების გამოყენებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, შევარდნისათვის ეს საბედისწერო წყევლად იქცა. „დდტ“ და სხვა მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები ზრდასრულ შევარდნებს ერთმანეთის მიყოლებით ხოცავდა. შევარდენი - ცხოველთა სამყაროს უსწრაფესი ქმნილება[2] და სწორუპოვარი მონადირე ადამიანის მიერ გამოწვეული გამანადგურებელი საფრთხის წინაშე უმწეო აღმოჩნდა. ჯ.ა. ბეიკერმა შევარდენზე დაკვირვება სწორედ ამ დროიდან დაიწყო.

ბეიკერი წერს: „თითო-ოროლა შევარდენიღა დარჩენილა და მალე, მათი რიცხვი კიდევ უფრო იკლებს. ვგონებ, ვეღარც გადარჩნენ. ბევრი მათგანი ზურგზე მწოლიარე კვდება. სამეურნეო ქიმიკატის ბინძური, მუხანათური მტვრით დადამბლავებული და დახრუკული, სიკვდილისწინა კრუნჩხვაში აზრმიუცემლად ებღაუჭება ზეცას კლანჭებით. სანამ გვიანი იქნებოდა, შევეცადე, ამ ფრინველის განსაცვიფრებელი სილამაზე მომეხელთებინა და მისი საბინადრო არემარის საოცრება ამეწერა, მიწისა, რომელიც, ჩემს განცდაში, აფრიკასავით საუცხოო და დიდებულია. ეს მიწა მარსივით მომაკვდავია, თუმცა ძველი ელვარება ჯერ კიდევ შერჩენია“.

ათი წლის მანძილზე, 1954-დან 1963 წლის ჩათვლით, ჯ.ა. ბეიკერი ყოველდღე ჯდებოდა ველოსიპედზე და შევარდენზე დასაკვირვებლად, ველად მიდიოდა. თან მხოლოდ სათვალთვალო ჭოგრიტი, ბლოკნოტი, ფანქარი და ცოლის მომზადებული მცირე საგზალი მიჰქონდა. ეს ცნობისმოყვარე გატაცება მალე შეპყრობილობად ექცა. მონუსხული აკვირდებოდა, როგორ დაფრინავდა, ნადირობდა,  ბანაობდა, თვლემდა და ისევ ნადირობდა შევარდენი. ამ დაკვირვებას დღიურებში იწერდა, რომლებიც შემდეგ წიგნად აქცია, დღიურების დიდი ნაწილი კი, ჩვენთვის უცნობი მიზეზით, გაანადგურა. ბეიკერის ტექსტში დეტალური, თითქმის პედანტური ნატურალისტური აღწერა წყალივით გადაედინება რიტმულ, მძაფრ, სუნთქვისშემკვრელ პოეტურ თხრობაში, თხრობიდან - შელოცვაში, ეული კაცის მონოლოგური თვითინსტრუქციიდან კი - მანიფესტში:

„შევარდნის ველურ სიმფრთხალეს მისებრ უცვლელი ქცევის რიტუალით დაუურვე. მზერის სიკაშკაშე დაბურე, დამალე ხელების თეთრი ცახცახი, სახე მოიჩრდილე, შუქის სიმძაფრე რომ არ აირეკლოს, ხისებრ გარინდებას მიეც. შევარდენი შორიდან, მკაფიოდ დანახულს არაფერს უფრთხის. ღია სივრციდან მიეახლე მტკიცე, უდრეკი ნაბიჯით. დაე, მის თვალში შენი ტანის განფენილობამ იზარდოს, მოხაზულობას კი ნუ შეიცვლი. ნუ დაიმალები, თუკი თავს უკვალოდ ვერ შეინიღბავ. მარტო იყავ. ადამიანის შემპარავ სიუცხოვეს გაექეც, ფერმების მტრულ მზერას ზიზღით განერიდე. შიში ისწავლე. საერთო შიში კავშირთა შორის უმჭიდროესია. მონადირე თვით იმ ნადირად უნდა იქცეს, რომელსაც კვალში ჩასდგომია. დაე, მყისიერ „ახლას“ ხეში შესობილ ისრის მთრთოლარე სიმძაფრე დაჰყვეს. „გუშინ“ მრუმე და ერთგვაროვანია. ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ არ იყავ შობილი. შეუპოვრად იარე, მტკიცედ იდექ, მისდიე, თვალი ადევნე“.

 

ვერტიკალური პერსპექტივა

მტკნარი სამეცნიერო ანალიზი ვერასდროს გადმოსცემს იმ ჰიპნოტური მონუსხულობის განცდას, რომელსაც „შევარდენი“ მკითხველში აღძრავს. ისინი, ვინც „შევარდენზე“ წერენ და საუბრობენ, ამ ეფექტის ახსნის მცდელობისას, პირველ რიგში, მისი პროზის „ბრწყინვალე პოეტურ ენაზე“, „სტრუქტურასა“ და „სინესთეზიურობაზე“ მიუთითებენ. მაგრამ ბეიკერის ამ წიგნის კიდევ ერთი განმაცვიფრებელი, უჩვეულო მახასიათებელი მისი თხრობის პერსპექტივაა, რომელიც ტრადიციული, ჰორიზონტის ხაზზე აგებული პროზისაგან განსხვავებით, ვერტიკალურია. თხრობის ვერტიკალურობაზე კი უცნაურმა მოვლენამ დამაფიქრა - წიგნის ნახევარი რომ ჩავამთავრე, უჩვეულო, მძაფრი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი ვიგრძენი.

2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „თავისუფალი ვარდნა“ გერმანელი რეჟისორი და მწერალი, ჰიტო შტაიერლი წერს, როგორ შეცვალა ტრადიციული, ჰორიზონტალურ ლოგიკაზე აგებული პერსპექტივა ვერტიკალურმა. „წრფივი პერსპექტივა მაყურებლის მიმართ ამბივალენტურ მოქმედებას ასრულებს. როცა მთლიანი პარადიგმა ერთი მაყურებლის თვალებში იკვეთება, მაყურებელი ამ კვეთით განპირობებული მსოფლხედვის ცენტრად იქცევა. მაყურებელი გაუჩინარების წერტილშია არეკლილი და ამგვარად, მის მიერვე კონსტრუირდება. გაუჩინარების წერტილი დამკვირვებელს სხეულსა და პოზიციას ანიჭებს“. ტრადიციული ხელოვნება მთლიანად ამ სისტემაზეა აგებული. ჩვენს თავს, ჩვენს მდებარეობას ყოველთვის ჰორიზონტის ხაზთან მიმართებაში განვსაზღვრავთ. როცა ეს ლოგიკა ირღვევა, სივრცეში ჩვენი ორიენტირების მექანიზმიც თავგზააბნეულია. ასე ხდება მაშინაც, როცა ეს მდებარეობა, ან მოძრაობა არა რეალური, სხეულებრივი, არამედ წარმოსახვითია. შტაიერლი ამბობს, რომ ჰორიზონტალური პერსპექტივის ოდესღაც მარადიულად მიჩნეულ წონასწორობას ყველაზე შესამჩნევად დღეს თანამედროვე კულტურა და მისი ტექნოლოგიები არყევს - დრონები, სატელიტური რუკები, რომელთა მეშვეობით დედამიწას ზევიდან უკვე ყოველდღიურად დავცქერით.

თუმცა, კინოში ეს გაცილებით უფრო ადრე ხდება. მიხეილ კალატოზოვის „მე ვარ კუბას“ (1964) დამატყვევებელ, საბოლოო გრძელ კადრში კამერა (და შესაბამისად, ჩვენი თვალი) სრულიად უჩვეულო მოძრაობას მიეცემა - მოედნიდან, სადაც სამგლოვიარო პროცესიის ნაკადი მიედინება, ის თანდათანობით ზევით, წარმოსახვითი ვერტიკალური ხაზის გასწვრივ იწყებს გამაბრუებელ აღმავალ ლივლივს. კამერა აივნებიდან გადმოცვენილი ყვავილების ვარდნის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. ეს კონტრასტი მაყურებელში სასწაულის განცდას აღძრავს და ის გრავიტაციის კანონის სრული უგულებელყოფით მოგვრილ ექსტატიურ თავბრუსხვევას ნებდება. სახურავის სიმაღლეზე ასული კამერა წამით ყოვნდება, თითქოს ორჭოფობს და შემდეგ, კიდევ უფრო მოულოდნელად, შენობის გასწვრივ, ჰორიზონტალურად აგრძელებს ცურვას.

„შევარდენი“ „მე ვარ კუბას“ გამოსვლიდან სამ წელიწადში, 1967 წელს გამოქვეყნდა. კინოში ვერტიკალურ პერსპექტივას ხშირად „ღმერთის თვალს“ უწოდებენ. ვისია „ბეიკერის თვალი“?

„შევარდნის“ ავტორის ვერტიკალური პერსპექტივა ორმხრივია და მიმართულებას იმის მიხედვით იცვლის, თუ სად „ხედავს“ საკუთარ თავს ავტორი და ვინ არის ის იმ წამს - კაცი, რომელიც მიწაზე დგას და ჭოგრიტით ხელში აკვირდება შევარდნის მოქმედებას (რომელიც, როგორც წესი, ჰაერშივე იჭერს და კლავს თავის მსხვერპლს) თუ ფრინველი, რომელიც ამ მოქმედებას ასრულებს. „შევარდენში“ ეს ორი - აღმავალი და დაღმავალი - პერსპექტივა გამუდმებით ცვლის ერთმანეთს და რამდენიმე მონაკვეთის შემდეგ მკითხველს წიგნი პირდაპირი მნიშვნელობით ახვევს თავბრუს.

 

გარდასახვა. გაქცევა.

წიგნზე საუბრისას, „შევარდნის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, კინორეჟისორი ვერნერ ჰერცოგი ყურადღებას იმას მიაპყრობს, თუ როგორ ერწყმის თხრობისას ბეიკერი ფრინველს, როგორ ხდება მისგან განუყოფელი. შევარდნის პიკირების[3] აღწერისას, ბეიკერი, ნაცვლად იმისა, რომ დაწეროს: „და ის გაეშურა ... “, წერს: „და ჩვენ გავეშურეთ ... “. ამას რეჟისორი, ძველბერძნული გაგებით, „ექსტასისს“ უწოდებს - მდგომარეობას, როცა ადამიანი საკუთარი არსებობიდან გადის და დასძენს, ფილმზე მუშაობისას მეც ასე ვარო.

ბეიკერის ექსტასისის ბუნება უფრო სპეციფიკურია - ის არა უბრალოდ, „საკუთარი თავიდან გადის“, არამედ ფრინველად გარდაისახება. ტოტემურ გარდასახვაზე მსჯელობისას, ელიას კანეტი[4] ამ მოვლენის ერთ-ერთ ფორმად  „მდევრისაგან თავის დაღწევის მიზნით გარდასახვას“ განიხილავს. კანეტის თქმით, ეს ხრიკი მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოების მითებსა და ზღაპრებში გამუდმებით გვხვდება. „გარდასახვით გაქცევის“ ერთ-ერთ მაგალითად მას ლურიტიას - მკვიდრი ჩრდილოავსტრალიელი ხალხის გადმოცემა მოჰყავს მითიური წინაპრების - ტუკუტიტების შესახებ. ტუკუტიტები მიწიდან ადამიანის სახით ამოვიდნენ და ადამიანებად რჩებოდნენ, ვიდრე შავ-თეთრმა ძაღლმა-ურჩხულმა მათზე ნადირობა არ წამოიწყო. ტუკუტიტები მდევარს გაურბოდნენ, თუმცა მისგან თავდასაღწევად სისწრაფე არ ჰყოფნიდათ, ამიტომ სხვადასხვა ცხოველად - კენგურუებად, არწივებად, ემუებად - იწყეს გარდასახვა. თითოეული მათგანი მხოლოდ ერთი სახეობის ცხოველად იქცეოდა და მის სახეს დევნის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებდა. ძაღლი-ურჩხულის განგმირვის შემდეგ, ტუკუტიტები ისევ ადამიანებად იქცნენ, თუმცა იმ ცხოველად გარდასახვის უნარი, რომლის სახესაც დევნისას იღებდნენ, არ დაუკარგავთ.[5]

მაინც, რას გაურბის ბეიკერი „ტოტემური გარდასახვის“ მეშვეობით?

1942 წელს, როცა ბეიკერი სკოლას ამთავრებდა, მეორე მსოფლიო ომი იყო გაჩაღებული. ომის მომდევნო წლებში კი ის ჩელმსფორდის საომარი აღჭურვილობის შესაფუთ ქარხანაში მუშაობდა. რობერტ მაკფერლეინი წერს, რომ ბეიკერი წიგნისთვის ნიადაგს იმ დროისთვის ამზადებდა, როცა წყალბადისა და ატომური ბომბების გამოცდა დაიწყო და „კუბის კრიზისისას“ წერდა. 1957 წელს კი ბრედველ-ონ-სიზე, ბეიკერის დაკვირვების სივრცის შუაგულში, ბირთვული ენერგიის სადგურის მშენებლობა დაიწყო. ეს ის დროა, როცა სიკვდილი „ზევიდან“, ციდან მოდის და ავტორის თქმით, ეს წიგნიც ამ განცდით, „ბირთვული შფოთვით“ არის გაჟღენთილი.

შევარდნად გარდასახვით ბეიკერი ორ რამეს გაურბის. პირველი მდევარი „ადამიანთა სამყაროა“, რომელიც მისთვის აუტანელი გახდა. ომი, ბირთვული საშიშროება და ბუნების „დასამორჩილებლად“ ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების ხარბი გამოყენება ბეიკერის მშობლიურ ლანდშაფტს, რომელთანაც მთელი მისი ცხოვრებაა გადაჯაჭვული, ულმობელი განადგურებით ემუქრება. მეორე მდევარი, რომელსაც ის გარდასახვის გზით გაურბის, ადამიანის სხეულის შეზღუდული ბუნება და ის შეუქცევადი სნეულებაა, რომელიც, თანდათანობით, ხეიბრად აქცევს. შევარდენი ბეიკერის სარკისებრი ანარეკლია - თუ ბეიკერი ახლომხედველია, შევარდნის მზერა ადამიანისთვის წარმოუდგენლად მკაფიოა. ბეიკერი მიწაზეა მიჯაჭვული და მასზე გადაადგილებაც უჭირს, შევარდენი კი სივრცეში თავბრუდამხვევი სიჩქარით,  დაუბრკოლებლად მოძრაობს. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უძველეს საგმირო ეპოსში -  შევარდნად გარდასახვით, ბეიკერი ბედისწერის კანონს არღვევს და ადამიანის შესაძლებლობის ზღვარს მიღმა გადის. ეს ჰუბრისი კი, საბოლოოდ, მწარედ ისჯება - ესექსის ცივ ზამთარში ფრინველის წლობით დევნა ბეიკერის სენს კიდევ უფრო ამძიმებს და „შევარდნის“ გამოქვეყნებიდან რამდენიმე წელიწადში, ის საპყრად იქცევა. ბეიკერი-ადამიანისთვის შევარდენი ერთდროულად ხსნაც არის და ნემესისიც.

 

ვერტიკალურობის ძალაუფლება

ზევიდან ქვევით მომავალ საფრთხეს - ომს, ატომურ ბომბს, დედამიწაზე მოფრქვეულ მომწამვლელ ქიმიკატებს - ბეიკერი ქვევიდან ზევით აღმავალ მზერას უპირისპირებს. თუ „ზევიდან ქვევით“ მომავალი ძალაუფლება „გაბატონებულთა ძალაუფლებაა“, ბეიკერი ქვევიდან ზევით მიმართულ მზერას ისე იყენებს, როგორც „სუსტის იარაღს“. ეს, ერთი შეხედვით, განწირული, დონკიხოტური მცდელობა ტრიუმფად იქცევა. ბეიკერი, ერთსა და იმავე დროს, არის კიდეც შევარდენი და არც არის - მისი თვალი ფრინველს თან დაჰყვება, მაგრამ ამავე დროს, ქვევიდან უმზერს. მისი მიზანი შევარდნის დაუფლება, დამარცხება როდია. ის მაშინ „იმარჯვებს“, როცა ბოლოს და ბოლოს, შევარდენს ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდება, ფრინველი კი მის დანახვაზე ფრთებს ოდნავ არხევს, მაგრამ გაფრენას არ ჩქარობს. კაცი და შევარდენი ერთმანეთს თვალებში უყურებენ და კაცმა უკვე იცის, რომ ის აღარ გაფრინდება. ფრინველი თვალებს მილულავს და იძინებს. ბეიკერი ამ გაელვებისას ჯონ ალეკ ბეიკერი კი არა, ადამიანიც აღარ არის. ამ მიღების, შევარდნის მიერ „ცნობის“ წამს ის, ბოლოს და ბოლოს, „გარეთ“, საკუთარი ადამიანობის მიღმა ხვდება.

ბეიკერის გამარჯვება მხოლოდ სიმბოლური არ ყოფილა. შევარდენი გადარჩა. ორნიტოლოგ ჯონ ფენშოუს თქმით, შევარდნის პოპულაცია განადგურებისაგან, ერთი მხრივ, მეცნიერებამ იხსნა - კერძოდ, კონსერვაციონისტმა დერეკ რატკლიფმა, რომლის კვლევამ მკაფიოდ აჩვენა ბრიტანეთში პესტიციდების გამოყენებასა და მტაცებელ ფრინველთა სიკვდილიანობას შორის უშუალო კავშირი. მეორე მხრივ კი, ეს ლიტერატურამ შეძლო - რეიჩელ კარსონის 1962 წლის წიგნმა, „მდუმარე გაზაფხული“ და ცხადია, ბეიკერის „შევარდენმა“.

რას გაურბის ადამიანი დღეს? როგორ მუშაობს „ვერტიკალური პერსპექტივა“ გლობალური საინფორმაციო საზოგადოების ყოველდღიურობაში?

ტექნოლოგიებით დატვირთულ ჩვენს გლობალურ ყოველდღიურობას თვალთვალის, ვერსად დამალვის საფრთხის ბუნდოვანი განცდა ისევე ავსებს, როგორც „ბირთვული შფოთვა“ ბეიკერის თაობის ყოფას. დრონები და სატელიტური მოწყობილობები “საინფორმაციო ეპოქის“  ადამიანში ღრმად ამბივალენტურ განცდებს აღძრავს - ერთი მხრივ, ეს ტექნოლოგიური მიღწევები უტილიტარული აღტაცების საგნებია, მეორე მხრივ კი - პირადულობის, ინტიმურობის, იდუმალების დაკარგვის საფრთხის მომასწავებელი ნიშნები, რომელთა მიღმა კონკრეტული აქტორი, ან ფიგურა როდი ილანდება. ამ საფრთხეს სახე არ აქვს. საინფორმაციო ეპოქის ადამიანს აგენტობას უსახო ძალაუფლება ართმევს, რომელიც მას „ზევიდან ქვევით“ დასცქერის.

 

ქალაქი - ჰორიზონტალური გაფართოების ვერტიკალი

„საფრთხე“ ზოგადსაკაცობრიოსთან ერთად, კულტურულად სპეციფიკური მოვლენაა. ჩვენს აღქმაში საფრთხის გლობალური მნიშვნელობები განუწყვეტლივ ეჯაჭვება მის ადგილობრივ, საგანგებო გამოცდილებაზე დაფუძნებულ განცდას.

2016 წელს, როცა თბილისის სხვადასხვა წერტილში მცხოვრები მოქალაქეების ზეპირი ისტორიების ჩაწერა დავიწყე, ჩემი თავდაპირველი მიზანი თბილისში მათი ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილებაზე დაკვირვება იყო. თუმცა, როცა ათიოდე ინტერვიუს შემდეგ შევჩერდი და ტექსტების გაანალიზებას შევუდექი, შევნიშნე, რომ ეს ამბები არა იმდენად სენტიმენტალური, ნოსტალგიური მოგონებების, არამედ შფოთვის ისტორიები იყო. სხვადასხვა სქესის, ასაკის, წარმომავლობისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანის ამბავი, თითქოს გრავიტაციის ძალით, საფრთხისა და შფოთვის განცდისაკენ მიიწევდა. თითოეულისათვის საფრთხე სხვადასხვა, ხშირად - ურთიერთსაწინააღმდეგო რამეს ნიშნავდა, მაგრამ მონათხრობთა უმეტესობა ერთ იდეას უტრიალებდა - მშობლიური ქალაქისგან გაუცხოების, მასში ადგილის ვერმოძებნის საფრთხეს. ქალაქს თითქოს მყუდროება დაერღვა და ერთ მშვენიერ დღეს, ხმაურიან, მტვრიან, გაავებულ ურჩხულად გაიღვიძა. ეს „გამოღვიძება“, ცხადია, მყისიერი არ ყოფილა. პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და მის მიღმა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენათა მთელი ჯაჭვია, რომელიც თბილისს ისეთად აქცევს, როგორიც დღეს არის.[6] ამ ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი კი საზოგადოებრივი სივრცის შევიწროება და ზოგჯერ, გაქრობაა. ამ მოკვეთილი ნაწილების ფანტომური ტკივილი და მისგან გაქცევის სურვილი ზეპირ ისტორიებს გამჭოლად გასდევს.

თბილისი შედგებოდა იმ ხეებით, რაღაცებით რაც სიმყუდროვეს ქმნიდა და ამხელა ქალაქი იყო ერთი მყუდრო ოთახივით და ეხლა შანსი არ არი, სად უნდა წახვიდე. ერთადერთი სადაც თბილისში ვგრძნობ თავს მყუდროდ არის გამოფენაზე, დიდუბეში ჩემთან და ვაკის პარკში, იმიტომ რომ ბავშვობა მაქ გატარებული იქ

 - მიყვება 30 წლის სანდრო.

„მწვანე, ღია სივრცეების გარეშე ქალაქი გაუსაძლისი ხდება“

-  ამას 33 წლის დათო მეუბნება, რომელიც საბურთალოზე დაიბადა და რაც სრულწლოვანი გახდა, თბილისის სხვადასხვა უბანში ქირაობს ბინას.

„მეც ვიყიდე ეხლა აგარაკი მუხიანში და კერძო სახლი მინდა ავაშენო, იქ დავსახლდეთ. სადაც ურთიერთობა გვაქვს, ყველა ამბობს, „მიწა უნდა ვიყიდო, სახლი ავაშენო და გადავიდე“

- მეუბნება გლდანელი ხათუნა, 41 წლის.

„ზუსტად ვიცი, რომ არ ვიცხოვრებ თბილისში, მეც სადმე მოვხევ ალბათ, თბილისთან ახლოს მიწას ვიყიდი და იქ გადავალ. ჰაერი აღარ არი თბილისში“

- ამბობს 29 წლის ლაშა, რომელიც ჩუღურეთში დაიბადა და გაიზარდა.

თბილისში საჯარო სივრცის ქაოსური მითვისება ყველაზე მწვავედ 1990-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. საჯარო სივრცეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული მწვანე სივრცეებია - პარკები, სკვერები, მოედნები, სადაც გამონაბოლქვით, ხმაურით, მჭახე გარე ეკრანებით, ბილბორდებით დარეტიანებულ მოქალაქეს სულის მოთქმა უნდა შეეძლოს. ქალაქში გაჩაღებული სამშენებლო ბუმი მოქალაქეს ხმაურით, მტვრით, სივრცითი შევიწროებით ემუქრება. მშენებლობის ხმაური აკუსტიკური სიგნალია, რომელიც ავისმომასწავებელ საფრთხეს მაშინაც კი შეგახსენებს, როცა მას ვერ ხედავ. ქალაქის წიაღში კი თავშესაფარი არსად არის - პარკებს, ჭალებს, ეზოებს გამუდმებით „ვიღაც სხვა“ ისაკუთრებს. ქალაქი მოქალაქისთვის მდევრად იქცა, რომელსაც ის ხან რეალურად, ხან - წარმოსახვაში, მომხმარებლურ ოცნებებში გაურბის.

სამშენებლო ბიზნესი ყნოსვით გრძნობს ამ რენტაბელურ შფოთვას და ხსნის გზად მოქალაქეებს „მშენებლობით მშენებლობის დათრგუნვას“ სთავაზობს: “არ გინდა ხმაურიან, მტვრიან, გადატვირთულ ქალაქის ცენტრში ცხოვრება? - იყიდე ბინა ჩვენს უმაღლესი კლასის მრავალსართულიან „მწვანე კომპლექსში“, ქალაქთან ახლოს ...“. ამ სარეკლამო ტექსტებს თან დრონით გადაღებული შთამბეჭდავი საჰაერო ფოტოებიც ახლავს, ზევიდან - ქვევით. ზოგჯერ, ეს „პრემიუმ კლასის კომპლექსები“ გამოცარიელებული ვერტიკალური ჯურღმულებია, სადაც თითქმის არავინ ცხოვრობს. ბინები ძვირია. სარეკლამო ზედხედებისა და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების ეს მკაფიო „ვერტიკალურობა“ სიმბოლურად, კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვინ არის ქალაქში „უფროსი“. ხელმოკლე მოქალაქემ კი უკვე აღარ იცის, სად წავიდეს.

ძვირია ქალაქის შემოგარენის მიწებიც, სადაც ხათუნა და ლაშა მიწის ყიდვასა და კერძო სახლის აშენებაზე ოცნებობენ. კოჯორი, კიკეთი, მუხათწყარო, შინდისი, ბეთანია - რაც უფრო ახლოს არის მიწა თბილისთან, მით უფრო ნაკლებად მიუწვდება მასზე ხელი რიგით თბილისელს. ქალაქიდან გაქცევის მსურველი ახლა უკვე „ცოტა მოშორებითაც“ ეძებს ნაკვეთს, უფრო იაფად.

 

ბოლოსიტყვაობა

თბილისიდან 35 კილომეტრის დაშორებით, სოფლად, პატარა ბაღში ვზივარ. ირგვლივ სიმშვიდე და სიმწვანეა. ვარდები ყვავის, გრილა და ხიდან შაშვების სტვენა ისმის. თუმცა, თბილისის მზარდი სუბურბანიზაცია იმას მოასწავებს, რომ ეს ყველაფერი იმაზე უფრო სწრაფად შეიცვლება, ვიდრე გვგონია. მდინარის გაღმა ფერდობები, სადაც ოდესღაც მხოლოდ მამაპაპისეული ყანები იყო, ელვის სისწრაფით იყიდება და მალე იმ ახალმოსახლეების გალავნით შემოსაზღვრული სახლებით გაივსება, თბილისის ხმაურს, გამონაბოლქვს და შფოთვას რომ გაურბიან. ბედის ირონიით, ეს მხოლოდ იმ საფრთხის გაფართოებას გამოიწვევს, რომლისგანაც თბილისელები ასე გამალებით ცდილობენ თავის დაღწევას. სოფლის გზებზე მანქანები მომრავლდება, იმატებს ხმაური და გამონაბოლქვი, დასახლების სიმჭიდროვე გაიზრდება, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ცხოვრება გაძვირდება, საქონელსა და მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნა სუპერმარკეტებს, საქალაქო ტიპის ინფრასტრუქტურას და კარჩაკეტილ, გალავნებით შემოსაზღვრულ ცხოვრების წესს გააჩენს. მოქალაქე კი, თვალუწვდენელ ბეტონის გალავანთან ერთად, ისევ საკუთარი შიშებით დარჩება გარშემორტყმული. როცა ამაზე ვფიქრობ, მწარე პესიმიზმი მიპყრობს, რომლისგანაც ხსნას ვეღარ ვხედავ. მაგრამ მერე ისევ ბეიკერი და მისი „შევარდენი“ მახსენდება, რომელიც, როგორც იმედის ნაპერწკალი, გამოკრთება, ქრება და კვლავ გამოკრთება გაზაფხულის რბილი საღამოს ბინდბუნდში.



ფოტო: კადრი ფილმიდან "მე ვარ კუბა" (1964)

შენიშვნები

[1] აქ და ყველგან თარგმანი ინგლისურიდან ჩემია. წიგნის ქართული თარგმანი არ მოგვეპოვება და ტექსტზე მუშაობისას ბეიკერის წიგნის ორ ინგლისურენოვან გამოცემას ვეყრდნობოდი: Collins-ის მიერ 2011 წელს გამოცემულ „შევარდენს“ ჯონ ფენშოუსა და მარკ კოკერის წინასიტყვაობით და 2017 წლის „ქინდლის“ გამოცემას, რომელსაც რობერტ მაკფერლეინის ბოლოსიტყვაობა აქვს დართული. 

[2] შევარდნის ფრენის სიჩქარის უმაღლესი აღრიცხული ნიშნული 389 კმ/სთ-ია.

[3] პიკირება - ავიაციაში ასე თვითმფრინავის სწრაფ დაღმასვლას უწოდებენ. ფრინველზე დამკვირვებლები კი ამ ტერმინს იმ მოქმედების ასაწერად იყენებენ, როცა მტაცებელი მსხვერპლზე თავდასხმისას მოწყვეტით, ტყვიასავით ეშვება ქვევით.

[4] კანეტი იქვე ახსენებს ძველბერძნულ მითოლოგიურ სიუჟეტებს პროტევსის, თეტისის, დაფნეს გარდასახვით გაქცევის შესახებ; ქართულ ხალხურ ზღაპარსაც იმოწმებს („ოსტატი და შეგირდი“), სადაც ბოროტი ოსტატისაგან თავის დასაღწევად შეგირდი ხან თაგვად იქცევა, ხან თევზად, ხან - ნემსად და ასე ახერხებს მდევრისაგან დასხლტომას. აქვე საუბრობს მკვიდრ სამხრეთაფრიკულ საზოგადოებებზეც, სადაც ცხოველად „ქცევა“ - მისი სხეულის საკუთარი ტანით შეგრძნება და მისი მოახლოების ასე წინასწარმეტყველება ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

 [6] მოცემული სტატიის ფორმატისა და ფარგლების გათვალისწინებით, ამ საკითხს დეტალურად არ მიმოვიხილავ. უკანასკნელ ხანებში თბილისის სივრცის ტრანსფორმაციისა და მისი თანამდევი მოვლენების შესახებ იხ. გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.  



გამოყენებული ლიტერატურა

Baker, J.A. 2004. The Peregrine. New York: NYRB Classics.

—. 2011. The Peregrine: The Hill of Summer & Diaries: The Complete Works of J. A. Baker. William Collins.

Canetti, Elias. 1984. Crowds and Power. New York: Macmillan.

Humay Akhundzade, Evia Hovhannisyan, David Chigholashvili, Elena Darjania, Esma Berikishvili, Nino Rcheulishvili, Hovhannes Hovhannisyan, Irakli Zhvania, David Sichinava, Natia Gvianishvili and Nano Zazanashvili. 2015. From Private to Public: Transformation of Social Spaces in the South Caucasus. Tbilisi: Heinrich Boell Foundation.

Low, Setha. 2001. "The Edge and the Center: Gated Communities and the Discourse of Urban Fear." American Anthropologist 103, no. 1 45-58.

Michael, Gentile, Joseph Salukvadze and David Gogishvili. 2015. "Newbuild gentrification, teleurbanization and urban growth: placing the cities of the post-communist south in the gentrification debate." Geografie 120, no. 2 134-163.

Salukvadze, Joseph and David Sichinava 2019. " Changing Times, Persistent Inequalities? - Patterns of Housing Infrastructure Development in the South Caucasus." In Post-Socialist Urban Infrastructures, 72-88. Oxfordshire: Routledge.

Steyerl, Hito. 2011. "In Free Fall: A Thought Experiment on Vertical Perspective." E-flux #24.

ვერულაშვილი, თათა. 2021. დახურული სამეზობლოები - განსახლების ახალი ფორმა თბილისში. თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

ჩქარეული, თამუნა. 2021. "ვინ იცხოვრებს ახალ სახლში - რატომ არის თბილისში ცარიელი კორპუსები?" რადიო თავისუფლება, მაისი 19.