გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გელა ჩარკვიანი და ნანა ჩარკვიანი
თეგები: #სიბერე

სიბერე ახალი ეტაპია | გელა ჩარკვიანი

ფრაგმენტი 2017 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან "სიბერე ახალი ეტაპია"

დიპლომატი, მწერალი, მუსიკოსი, დოკუმენტური პროზაიკოსი, ნანას ბაბუა

„მე არ მჯერა, რომ ვინმესგან ან რამისგან იღებ ინსპირაციას. შენ თუ გინდა რამე გააკეთო, უნდა იმუშაო და ინსპირაცია თვითონ მოდის.

ცხადია, ასაკთან ერთად ეს იცვლება. ახალგაზრდობაში ადამიანს უფრო მეტი მოტივი აქვს მუშაობისთვის: პატივმოყვარეობის, აღიარების სურვილი და რეფერენტული ჯგუფიც  ვისი აზრიც აინტერესებს  უფრო დიდია. 

ჩემს ასაკში ეს ჯგუფი დაპატარავდა იმიტომ, რომ უმეტესობა ამქვეყნიდან წასულია. ვისთვის ვაკეთებ რამეს?  მოტივაცია ნაკლებია.

თუმცა არის სხვა სტიმულებიც: მთელი ცხოვრება რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ ბოლო დროს გაცილებით მეტი გავაკეთე სხვა თვალსაზრისით: ბოლო 5 წელიწადში 5 წიგნი გამოვაქვეყნე. აქედან 3 ბესტსელერია  ეს არაა პატარა ამბავი.

ეს მე ტრაგედიებმა გამიკეთეს. მუშაობა იყო ალტერნატივა იმისა, რომ თავი არ მომეკლა. როდესაც ჩემი ვაჟი, ირაკლი, გარდაიცვალა, მაშინ ჯერ კიდევ მყავდა ჩემი საყვარელი მეუღლე: ნანა. 

ჩვენ ამ გლოვას ვიზიარებდით და რაღაცნაირად, ჩემთვის ამის ატანა შეიძლებოდა.

დაწვრილებით

მარტოობაში გაძლება ძალიან ძნელი იყო.  ამიტომ ყოველდღიურად ვმუშაობდი. ვწერდი მუსიკას. მერე წიგნების წერა დავიწყე. დღეში 9 საათს ვმუშაობდი, მაგრამ გვერდნახევარზე მეტის დაწერა მაინც შეუძლებელია, როცა უბრალო ენით წერ. უბრალოდ წერა ძნელია. საშინელი სამუშაო იყო და „იშიაზი” მივიღე კიდეც შედეგად. 

შედეგი მომწონს, კარგია. ყველა მეუბნება, რომ წიგნი ადვილად იკითხება.

როცა ირაკლი გარდაიცვალა, მალევე ლონდონში წავედი ელჩად. ახალი გარემო, ახალი გამოწვევები, ახალი ადამიანები და მართლაც საჭირო საქმე იყო ის ყველაფერი. 

შვილიშვილი მოგვიანებით წავიყვანე  ნანას 5 წლის შეუსრულდა და pre-school-ში წაყვანა უკვე შეიძლებოდა. ინგლისში ნანა ყოველთვის მე მიმყავდა სკოლაში და მომყავდა უკან სახლში. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლთან ერთად შემეძლო გამეგზავნა, ეს არასოდეს გამიკეთებია. ნანა დაობლებული იყო  მამა არ ჰყავდა და მინდოდა ეგრძნო, რომ გვერდით  ბაბუა ჰყავდა, მამის როლში.

ჩემთვის ახლა წარსული ცხოვრება ილუზორულია და ყველა და ყველაფერი ქიმერები არიან. ცხოვრებასაც ასე ვუყურებ: მის სინამდვილეში ხშირად ეჭვი მეპარება“.

სტატია მომზადდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით

ავტორები: ეკა ჭითანავა, ცირა გვასალია   
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა