ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

სიჩუმის კარტოგრაფია | ადრიანა რიჩი

ადრიანა რიჩი - თანამედროვე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოეტი და ინტელექტუალია

 1.
 საუბარი ყოველთვის ტყუილით იწყება.
 და ყველა ე.წ. საერთო ენაზე მოსაუბრე
 გრძნობს ყინულის ბარიერს, მუღამის კარგვას,
 გამოფიტვას, თითქოს ბუნების წინააღმდეგ წასულიყოს.

 ლექსიც შეიძლება დაიწყოს ტყუილით. და იყოს დაფლეთილი.
 დიალოგს აქვს ხოლმე კანონები,
 თავს რომ იმუხტავენ თავიანთივე ცრუ ენერგიით.
 მათ ვერ დაფხრეწ, სისხლში იფილტრება, იმეორებს საკუთარ თავს.
 განუმეორებელი სტილით აღწერს
 იზოლაციას, რომელსაც უარყოფს. 

 2.
 კლასიკური მუსიკის არხი ოთახში საათობით მოწკრიალე
 ტელეფონის აღება აღება ტელეფონის ტელეფონის აღება ტელეფონის
 მარცვლები ძველი ხელნაწერების ექოთი ისევ და ისევ და ისევ
 მატყუარას სიმარტოვე, ტყუილის ფორმალურ ქსელში მცხოვრების.
 ხმადაბლა საუბარი, რათა ტერორი ჩაიძიროს გამოუთქმელი სიტყვების ფსკერზე.

3.
მეცნიერების ტექნოლოგია რიტუალები ეტიკეტი
ტერმინების გაბუნდოვანება სიჩუმე არარსებობა სიტყვების
ან მუსიკის ან სულაც უხეში ბგერების 

სიჩუმე შეიძლება იყოს გეგმა – პედანტურად შესრულებული.
ცხოვრების პროექტი.

ეს აწმყოა მას აქვს ფორმის ისტორია
ნუ აურევ არყოფნის რაიმე სახეში. 

4.
როგორი მშვიდი, როგორი უვნებელი
მეჩვენება ეს სიტყვები
თუმცა კი დაიწყო დარდსა და ბრაზში
შემიძლია კი შევაბიჯო ამ აბსტრაქტულ ფილმში
შენი ან ჩემი დაშავების გარეშე?
ტკივილი მანამდეც ბლომად იყო...
იქნებ ამიტომაც უკრავს კლასიკური მუსიკა ან სულაც ჯაზი,
რომ ადგილი დაუთმოს ტკივილს.

5.
გაშიშვლებული სიჩუმე
დრეიერის „ჟანა დარკის ვნებაში“
ფალკონეს სახე, შეჭრილი თმა, დიადი გეოგრაფია
კამერით უხმოდ მიმოხილული.
რა იქნებოდა, პოეზია რომ ყოფილიყო
იქ, სადაც ეს შეიძლებოდა,
ცარიელი ადგილებივით კი არა
და მნიშვნელობებზე კანივით გადაკრული სიტყვებივით კი არა,
არამედ სიჩუმესავით, რომელიც გადაეფარებოდა ღამის დასასრულს,
სადაც ორი ადამიანი გათენებამდე ილაპარაკებდა. 

6.
არალეგიტიმური ხმა
ის საკუთარ თავსაც აღარ უსმენს
ამიტომაც
სვამს კითხვას: როგორღა ვიცხოვრო?
ეს იყო სიჩუმე, რომლის შენგრევაც მინდოდა შენში,
მე მქონდა კითხვები, მაგრამ შენ არ უპასუხებდი
მქონდა პასუხები, მაგრამ შენ არ გამოიყენებდი
ეს არაფერს ნიშნავს, არც შენთვის და შესაძლოა არც სხვებისთვის. 

7.
ეს გაცვეთილი თემა იყო ჩემთვისაც კი:
ენას არ შეუძლია ყველაფერი –
მიაჩხაპნე კედელზე სადაც მკვდარი პოეტები
წვანან მავზოლეუმებში
ნეტავ პოეტის სურვილს
შეეძლოს ლექსი გარდაქმნას საგნად
გრანიტის ხელშესახებ ფრაგმენტად
აწეულ სველ თავად
და შეეძლოს უბრალოდ თვალი თვალში გაგიყაროს
და ზურგი არ შეგაქცევინოს
მანამ სანამ ორივენი – ამ საქმეში გამოცდილები –
საბოლოოდ არ განვიმარტებით მის მზერაში.

8.
არა. მეყაროს ეს მტვერი.
ეს გაცრეცილი ზოზინა ღრუბლები
ეს სასტიკად ზუსტად მოძრავი სიტყვები,
როგორც ბრმა ბავშვის თითები
ან როგორც ახალშობილის დამშეული პირი

არავის შეუძლია მომცეს ის, რაც შეუძლია მომცეს
დიდი ხანია ამ მეთოდს ვენდობი
თუნდაც ქატო იყრებოდეს ტომრიდან
ან კოლბის ალი ნელდებოდეს და იისფერდებოდეს

თუ დროდადრო რაიმე მშურს
მშურს თვალებში წმინდა ალის გაკრთომის
ვისიო ბეატიფიცა
დროდადრო კი ელევსინურ იეროფანტად
გადაქცევის სურვილი მიტანს
ხორბლის მწიფე თავთავით ხელში
კონკრეტული და მარადიული სამყაროს დასაბრუნებლად 

სინამდვილეში კი რასაც საბოლოოდ ვირჩევ 
ეს სიტყვებია ეს ჩურჩულები ეს ლაპარაკები
საიდანაც დროგამოშვებით ჭეშმარიტება
ამოისვრის წვიმას და სიმწვანეს.

ავტორი: ადრიანა რიჩი