ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

SOU Festival : Alva Noto - მიმოხილვა

„ამბობენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ძალიან მაღალი და ან ძალიან დაბალი სიხშირეების გაგება. მე სულ ვთვლიდი, რომ მათი აღქმა შესაძლებელია. თავიდან, მუსიკის კეთების ნაცვლად, სწორედ ეს დეტალი მაინტერესებდა, მექანიზმი თუ როგორ აღვიქვამთ საუნდს“ – SOU Festival-ზე Raster-Noton -ის შოუქესი Alva Noto-მ გახსნა.

Raster-Noton თავიდანვე მიზანმიმართულად მიჰყვებოდა ერთ პრინციპს, ხელოვნების და მეცნიერების შესაძლებლობების ოპტიმიზაციით შეექმნათ გარკვეული ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ადამიანის შემოქმდებით პოტენციალს ბევრად უფრო სრულყოფილად გამოხატავდა, ვიდრე ამას მეცნიერება ან ხელოვნება აკეთებს. Carsten Nicolai-ის, იგივე Alva Noto ამ პრინციპს გენიოსების დილეტანტობას ეძახდა და თვლიდა, რომ ამ მიდგომის საბოლოო მიზანი სულაც არ იყო ერთი რომელიმე ფორმისადმი უპირატესობის მინიჭება. ეს ეხებოდა მუსიკასაც. უფრო მეტიც, Nicolai ხშირად აღნიშნავდა, რომ ელექტრონული ჟღერადობით მისი დაინტერესება ძირითადად იმან გამოწვია, რომ მას გარკვეული შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა სხვა სფეროში, ვიზუალურ ხელოვნებაში. კრიზისიდან თავის დაღწევის გზა აღმოჩნდა ექსპერიმენტული აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ის ფორმა, რომელიც SOU-ს სტუმრებმა მარჯანიშვილის თეატრში იხილეს.

ჩემი აზრით, ფესტივალის ორგანიზატორების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოწვეული არტისტებისთვის ადეკვატური სამოქმედო სივრცის შექმნა იყო. მარჯანიშვილის თეატრი ამ კუთხით ნამდვილად კარგი არჩევანი გამოდგა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ის ცალსახად სახელოვნებო სივრცეა, მან ალვა ნოტოს შოუს მაინც მნიშვნელოვნად შეუნარჩუნა აკადემიური ელფერი. ეს შეფერილობა თეატრის ფოიეშივე იგრძნობდა.

ნებისმიერი აუდიო-ვიზუალური შოუს მიზანი ისაა, რომ ვიზუალი და მუსიკა ერთ პროცესად შეიკრას. Alva Noto-ს ლაივში ვიზუალი მუშაობდა როგორც მუხრუჭი, რომელიც მსმენელს აბსტრაქტული ბგერების ტალღაში ჩაძირვისგან იცავდა. TouchDesign-ში აგებული ინსტალაციები მთლიანად მათემატიკურ პრინციპებზე იყო აგებული, რაც ფერებს, ფორმებს, ხილვად ტალღებს და სხვა უწვრილეს სტრუქტურულ დეტალებს ერთ სისტემაში აქცევდა. ლაივის მიმდინარეობისას კი აქცენტი სხვადასხვა ვიზუალურ ქვესისტემებზე კეთდებოდა, რაც ერთი შეხედვით ჰოლისტურ სურათს ნაწილ-ნაწილ აწვდიდა მსმენელ/მაყურებელს. ამ ტაქტიკას ანალოგიურად იმეორებდა მუსიკაც, რაც იმდენად ჰარმონიულ სურათს ქმნიდა, რომ ძალიან რთული იყო აუდიო და ვიზუალური ასპექტის ერთმანეთისგან დაცილება. ნებისმიერ აუდიო იმპულსს სინქრონულად მიჰყვებოდა თავისი ვიზუალური ექვივალენტი, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თითქოს არტისტი ბგერის შესაბამის აღქმის ხატებს გამზადებულად „არიგებდა“. 

შოუს შედარებით მშვიდად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე დაიწყო. პირველი წუთები ძირითადად იმპულსურ ბგერებზე იყო აგებული, რომლებიც თანდათან უფრო ინტენსიური და შესამჩნევი ხდებოდა. დაკვრის ასეთი ტექნიკა, როგორც წესი  კარგად ცნობილ არტისტულ სტრატეგიას ახმოვანებს: მონოტონურობით გამოწვეული „შიმშილით“ მანიპულირებისას ძალიან ადვილი ხდება მსმენელის ტონუსში მოყვანა, მით უმეტეს, როდესაც კარგი ვიზუალური კონტენტიც ხელს გიწყობს. ალვა ნოტო სწორედ ასე მოიქცა, სივრცული, ცივი ემბინეტ შესავლის მერე, იგი უფრო უხეშ ჟღერადობაზე გადავიდა და რიტმული სექციის ფორმირებაში ბიტიც ჩართო. თუმცა, ეს არ იყო ლაივის საბოლოო მუსიკალური სახე.  არტისტი ცალკეულ ტრეკებზე აქცენტს ნაკლებად აკეთებდა (თუ არ ჩავთვლით Uni Acronym-ს, რომელსაც სოლო „გამოსვლა“ ჰქონდა). ის ცდილობდა ერთი ორგანული შოუ შეექმნა, სადაც ნაწილებზე მნიშვნელოვანი მთელი იქნებოდა. ეს ამოცანა ნამდვილად წარმატებით შესრულდა. ლაივის დრამატურგიული ორიენტაციის მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო რამდენიმე ბრეიქი, რომელიც საერთო რიტმიდან აგდებდა მსმენელს. შემდეგ ისევ თავიდან იწყებოდა მოგზაურობა. ასეთი რისკის გაწევა არტისტულ სიძლიერესა და თავდაჯერებულობაზე მეტყველებს, რაც Carsten Nicolai-სთვის უცხო ნამდვილად არ არის.  ძალიან რთულია დაასახელო არტისტი, რომელიც  სრულაიდ უსულო ციფრებსა და ფორმებში ისეთ შინაარს ჩადებს, როგორიც ალვა ნოტომ აჩვენა SOU-ზე. შოუს ნებისმიერი, ცალკეული მონაკვეთი იყო სრულიად თვითმყოფადი, მაგრამ ჯამში ეს ფრაგმენტები ბევრად უფრო მეტს ქმნიდნენ, ვიდრე მათი არითმეტიკული ჯამისგან შეიძლებოდა მიგვეღო.

მსმენელის თუ მაყურებლის რეაქციებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ შოუ მათთვის ძალიან ეფექტური იყო. თუმცა, Raster-Noton-ის დოზა ფესტივალზე ამით არ დასრულებულა, რადგან SOU-ს შემდეგი სტუმარი აუდიო-ვიზუალური ხელოვნების კიდევ ერთი ჯადოქარი, რიოჯი იკედაა. 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა