გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სტივ ვაი თბილისში

30 ივლისს, Tbilisi Open Air 2016-ის ფარგლებში, საქართველოში პირველად, კონცერტი გამართა ინსტრუმენტული როკის ცოცხალმა ლეგენდამ, ამერიკელმა გიტარისტმა სტივ ვაიმ. 56 წლის მუსიკოსი, რომელიც არაერთი პრესტიჟული ჯილდოს, და მათ შორის სამი გრემის მფლობელია, თავის ჟანრში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და გავლენიან ინსტრუმენტალისტად მიიჩნევა. წარმატებული სოლო კარიერის გარდა, სტივ ვაი მსმენელისთვის ცნობილია ფრენკ ზაპასთან, დევიდ ლი როტთან, ოზი ოზბორნთან, ალკატრასთან და ვაითსნეიქთან თანამშრომლობით. 1996 წლიდან მოყოლებული, იგი აქტიურად მონაწილეობს საკონცერტო ტურნეში G3, რომელიც მისი მეგობარი გიტარისტის, ჯო სატრიანის ინიციატივით შეიქმნა და მათ გარდა, ინსტრუმენტული როკ მუსიკის არარეთ ცნობილ სახეს აერთიანებს.
ვირტუოზი გიტარისტის თბილისური ვიზიტი გახლდათ მსოფლიო ტურნეს ნაწილი, რომელიც მისი ყველაზე წარმატებული ალბომის, Passion and Warfare-ს გამოშვებიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად მოეწყო. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, ექსკლუზიურად ინდიგოსთვის, სტივ ვაის პორტალ guitars.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, იასონ ნაჭყებია ესაუბრა.

- სტივ, დიდი მადლობა, რომ სასაუბროდ გამონახეთ დრო. აეროპორტში ბევრი თაყვანისმცემელი დაგხვდათ, რადგან თქვენს აქ ჩამოსვლას დიდი ხანია ველოდებით. საქართველოში ფართო აუდიტორია გყავთ, რა გსმენიათ ჩვენი ქვეყნის შესახებ?

- უკანასკნელი 37 წლის მანძილზე სულ ვმოგზაურობ. მიყვარს ისეთი ადგილების სტუმრობა, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, სწორედ ამიტომ, ჩემს მენეჯმენტს ყოველთვის ვავალებდი საკონცერტოდ ისეთი მიმართულებების არჩევას, რომლებიც, მოცემული დროისთვის, სიახლეს წარმოადგენდნენ. ერთ-ერთი პირველი ამერიკელი გახლდით ვინც 90-იანი წლების დასაწყისში, აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში გამართა კონცერტები. საქართველოში დღემდე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა აქ ჩამოსვლა ყოველთვის მსურდა. ერთადერთი, რაც აქამდე თქვენი ქვეყნის შესახებ ვიცოდი იყო ის, რომ ჩემი უფროსი ვაჟის მეგობარი გოგონა თბილისში დაიბადა. რამდემინე წლის წინაც ვფიქრობდი თქვენთან სტუმრობას, თუმცა ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია გქონდათ.

-  თქვენ ალბათ რუსეთ-საქართველოს ომს გულისხმობთ.

- დიახ. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი არეულობების გამო, თურქეთშიც მომიწია ვიზიტის გაუქმება, სადაც უკვე მრავალი წელია კონცერტებს ვმართავ. ამდენად, არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ვახერხებ ვიზიტს დაგეგმილ ადგილებში, მაგრამ დღეს მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბევრი რამ მიამბო საქართველოს შესახებ. გავიგე, რომ რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანი და ტოლერანტული ქვეყანა ხართ.

- ინსტრუმენტული როკის ჟანრში, Passion and Warfare აღიარებულია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი. როგორია მისი შექმნის მოკლე ისტორია და რატომ შეურჩიეთ ასეთი სახელი?

- კომპოზიტორობა ადრეული ასაკიდანვე მხიბლავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც წამოვიზარდე და ლედ ზეპელინი აღმოვაჩინე, მუსიკის შექმნის სურვილი უკვე როკის ჟანრში გამიჩნდა. ძალიან მიყვარდა გიტარა, 70-იანი წლების როკ შემსრულებლებიდან არაერთი კერპი მყავდა. როდესაც Passion and Warfare-ზე მუშაობა დავიწყე, მეგონა რომ თითქოს, ჩემ მუსიკალურ კარიერას ზურგი შევაქციე, რადგან იმ დროისთვის ეს გახლდათ სრულიად განსხვავებული ხასიათის ინსტრუმენტული როკ ალმობი. მე ვაკეთებდი ისეთ მუსიკას, როგორიც მსურდა, ყოველგვარი წარმატების მოლოდინის გარეშე. შენი ქმნილება ანაბეჭდია იმისა, თუ რას წარმოადგენდი მისი შექმნის დროს. მთელი ცხოვრების მანძილზე ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა ჩვენ გარშემო, ვინ ვართ ადამიანები, რა არის ცხოვრების არსი.

Passion and Warfare-ზე მუშაობის დროს ჩემში მიდიოდა შინაგანი ბრძოლა ტრადიციულ რელიგიურ აღმზრდელობასა და თავისუფლების სურვილს შორის.

როდესაც რელიგიური საფუძვლებიდან გამოდიხარ, ხანდახან, ადგილი აქვს დაძაბულობას და გაუგებრობას, რადგან რელიგია შეუვალია და ადგენს წესებსა და რეგულაციებს. Passion and Warfare არის ანარეკლი იმისა, თუ რა ხდებოდა ჩემში მისი შექმნის პროცესში. მე მქონდა დიდი ვნება მუსიკისადმი და ამავდროულად ჩემში მიმდინარეობდა ღირებულებათა ომი.

- თქვენ მეგობარ გიტარისტს, სტივ მორსს ვკითხე, თუ როგორი იყო მისი შთაბეჭდილებები G3 ტურნეს შესახებ და მან მიპასუხა, რომ G3-ში მონაწილეობა მისთვის სკოლაში დაბრუნებას ჰგავდა, სადაც მან ოსტატებისგან მიიღო გაკვეთილი. მუსიკალური თვალსაზრისით თქვენ რა შეიძინეთ G3-ში მონაწილეობით?

- სათქმელად რთულია. ყველაფერი ჯო სატრიანიმ დაიწყო, როდესაც G3-ის იდეის შესახებ მესაუბრა და მისი ერთად განხორციელება შემომთავაზა. მას შემდეგ ჩვენ მრავალი კონცერტი ჩავატარეთ. ჯო ნამდვილი ოსტატია, ისევე როგორც პროექტის ყოველი მონაწილე. ეს გახლავთ ღვაწლმოსილი ხალხი, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი თანამედროვე გიტარის განვითარებაში. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა ამ ადამიანებთან ერთად სცენაზე გამოსვლა. ისინი შთამაგონებენ, რომ ვიყო საუკეთესო - სწორედ ეს არის G3-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე. სტივ მორსი იქნება ეს თუ ინგვი მალმსტინი, ჯონ პეტრუჩი თუ რობერტ ფრიპი, ყოველ მათგანს აქვს თავისი დამახასიათებელი, უნიკალური ხმა. ისინი არ ცდილობენ, რომ მათი ინსტრუმენტი ჟღერდეს სხვების მსგავსად. როდესაც მათთან ერთად ვუკრავ, არ ვცდილობ გავიმეორო მათი შესრულების მანერა, რადგან ამას ვერ შევძლებ და მცდელობის შემთხვევაშიც სულელად გამოვაჩენ თავს. ყოველ მათგანს აქვს საკუთარი ლიგა, ისინი გაიძულებენ, რომ იყო საუკეთესო. წლევანდელ ტურზე გატრი გოვანი შემოგვიერთდა, რომელიც ჩინებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენ ჟანრში აიწიოს თამასა.

- ვფიქრობ, რომ ძველად უფრო აგრესიული ჟღერადობა გქონდათ. მოგეხსენებათ, რომ დროთა განმავლობაში იქმნება ახალ აუდიო მოწყობილობები, გიტარის ეფექტები და გამაძლიერებლები. რა გავლენას ახდენს თქვენი ინსტრუმენტის ხმაზე აღნიშნული პროცესი?

- თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რაიმე ახალი მოწყობილობა გამოდის, აუცილებლად ვამოწმებ და თუ ჩემ მუსიკალურ ხედვას ერგება, ჩემი ჟღერადობის ნაწილი ხდება. იყო თუ არა ჩემი ადრეული ნამუშევრები უფრო აგრესიული? სავსებით შესაძლებელია.

როდესაც ახალგაზრდა ხარ, როგორც პანკს, უშიშარი ხასიათი გაქვს და თვითდამკვიდრება გსურს.

მე მიყვარს აგრესიული მუსიკა და სწორედ ასეთ მუსიკას მოისმინეთ ჩემ ახალ რელიზში Modern Primitive, რომელიც Passion and Warfare-ს 25 წლის საიუბილეო გამოცემაში ცალკე დისკად შევიდა. კომპოზიცია Dark Matter მოიცავს გიტარის ძალზე აგრესიულ ჟღერადობას. გეცოდინებათ ჩემი პირველი ალბომი Flexible, რომელიც ფრიად ექსპერიმენტული და ექსცენტრიული ნამუშევარი გამოვიდა, მას მოსდევს Passion and Warfare, როგორც გიგანტური ნახტომი. Modern Primitive-ში შესული მასალის ძირითადი ნაწილი ჩაწერილი იქნა Flexible-ს გამოშვებიდან Passion and Warfare-ის შექმნამდე. ამ პერიოდში ჩაწერილი მუსიკის გამომზეურებას ყოველთვის ვფიქრობდი, თუმცა ამას მხოლოდ ახლახან მოვაბი თავი და ამიტომაც შევურჩიე ასეთი სახელი.

ვცდილობ გავამძაფრო ჩემი ემოციური მდგომარეობა შემოქმედებითი პროცესის დროს. მუსიკალური ნაწარმოები არის ემოციური გარემოს ანაბეჭდი და რაც უფრო მეტად შედიხარ ასეთ გარემოში, მით უფრო მეტად აისახება ის ნაწარმოების ინტიმურობასა და სიძლიერეზე. თუ უბრალოდ ზიხარ ინსტრუმენტით ხელში და აკორდებს ცვლი, შეიძლება შენ არც თუ ისე ურიგო სიმღერა შექმნა, მაგრამ ნამდვილი სიღრმე მუსიკაში მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც ემოციურად იხარჯები. შეიძლება მე აღარ ვარ ისეთ აგრესიული როგორც წარსულში, რადგან ახლა უფრო მშვიდი გავხდი. ალბათ ასაკის ბრალია.

მუსიკაში სიღრმეს ვეძებ, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

- Vai Academy თქვენი ერთ-ერთი წარმატებული პოექტია, რომელიც ასობით ახალგაზრდა გიტარისტს აერთიანებს. როგორ შეაფასებთ მათ დონეს?

-  აქ ყველა კატეგორიას შეხვდებით, ზოგი ცალკეულ ნოტს გაჭირვებით იღებს, ზოგიც მაღალ ტექნიკურ დონეზე ფლობს ინსტრუმენტს. თანაბრად მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა, რადგან მიყვარს როდესაც ადამიანი გიტარაზე უკრავს. მსიამოვნებს იმის ყურება თუ როგორ წვალობენ ახალგაზრდები ინსტრუმენტის დასაკრავად და შემდგომ, თავისთვის, მცირე აღმოჩენებს აკეთებენ. ყოველთვის კარგად ვგრძნობდი თავს მასწავლებლის ამპლუაში, როდესაც ასწავლი თავად სწავლობ. ჩემი კარიერა დიდ გამოცდილებას მოიცავს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიმუშავო საკუთარი ხმა, როგორ მოიპოვო დამოუკიდებლობა მუსიკალურ ინდუსტრიაში, რა მნიშვნელობა აქვს საკონცერტო გამოცდილებას, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს აუდიტორიასთან, როგორ უნდა მისცე შენებური იერსახე შენსავე მუსიკას. ასეთ საკითხებს ყველგან ვერ გაივლით, ვინაიდან ბევრს, ვინც მუსიკას ასწავლის მსგავსი გამოცდილება არ აქვს. Vai Academy ჩემთვის არის დიდი შესაძლებლობა გადავცე ახალგაზრდებს ის, რაც პროფესიული კარიერის განმავლობაში შევიძინე. მსიამოვნებს საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ვინაიდან მსურს, რომ ჩემ სფეროში თამასა კიდევ უფრო მაღლა აიწიოს.

- სოციალური მედია შესანიშნავი საშუალებაა ახალი ინსტრუმენტალისტების აღმოსაჩენად. ბევრი მათგანი ტექნიკურად საკმაოდ კარგად უკრავს, თუმცა ვფიქრობ, მათ ჩანაწერებში არ ჩანს მელოდიურობა, რომელიც გიტარისტების თქვენმა თაობამ ინსტრუმენტულ როკში ერთგვარ სტანდარტად დაამკვიდრა. რატომ არის თაობებს შორის ასეთი სხვაობა?

- ყველაფერი შედარებითია, ვინაიდან ეს საკითხი მსმენელმა უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ ახალგაზრდების მსჯელობას, სადაც ისინი თავიანთ ფავორიტ გიტარისტებად ტექნიკის დემონსტრიტებაზე ორიენტირებულ შემსრულებლებს ასახელებენ. ისინი მათ მუსიკაში მელოდიურობას პოულობენ და აქ არაფერია უჩვეულო. როდესაც გარკვეულ მუსიკალურ ჟანრში ხართ და ამ დროს, ახალი ჟანრი მკვიდრდება, ყოველთვის გგონიათ, რომ თქვენი მიმდინარეობა ჯობია ახალს. ჩემ მშობლებს იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემი თაობის მუსიკასთან და მეც იგივეს ვგრძნობ ჩემი შვილების მუსიკალური გემოვნების მიმართ. თუმცა, თუ პირადად ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე თქვენ გეთანხმებით. არაერთი ფენომენალური შემსრულებელი მინახავს, ვინც ჩემზე გაცილებით ტექნიკურად უკრავს, თუმცა ძალიან იშვიათია, როდესაც მელოდიური ევოლუციის მოწმე ვხდები.

- თქვენი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე არაერთი კონცერტი გაგიმართავთ. რომელი გაგონდებათ საუკეთესოდ?

- რთული სათქმელია. ვფიქრობ, ეს იყო Real Illusions ტურის დროს, ბარსელონაში. დიდ კლუბში ვუკრავდით, ბილეთები ისე სწრაფად გაიყიდა, რომ იმავე ღამით, დამატებით, მეორე კონცერტი ჩავატარეთ. ავად გავხდი, საშინელი გრიპი დამემართა. პირველი კონცერტი ძალზე რთული გამოდგა, თუმცა მეორე გამოსვლის დროს ჩემში რაღაც გარდატეხა მოხდა, შეიძლება ეს ავადმყოფობის ან დაღლილობის ბრალი გახლდათ, მაგრამ თითქოს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში შევედი. თავს ჰაერში ვგრძნობდი, თუმცა კონტროლი არ დამიკარგავს და საქმეს ჩინებულად გავართვი თავი. ვერ ვიტყვი, რამდენად  გრძნობდა იგივეს აუდიტორია, შეიძლება ისიც ეფიქრათ, რომ ამ სანახაობას არაუშავდა და ჩემი უკეთესი გამოსვლაც ჰქონდათ ნანახი. ეს კონცერტი ყველაზე მეტად მახსენდება. იყო თუ არა ის საუკეთესო, ამის თქმა გამიჭირდება, მე ყოველთვის ვიმედოვნებ, რომ ჩემი საუკეთესო კონცერტი ყოველი მომდევნო კონცერტია.

- რა ხდება, როდესაც სტივ ვაი არ უკრავს გიტარას? როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?

- თუ მუსიკასა და ოჯახზე არ ვისაუბრებთ, დიდ დროს ვუთმობ სპირიტუალურ დისკურსებს ისეთი დიდი პიროვნებებისგან, როგორებიც არიან ეკჰარტ ტოლე, კრიშნამურთი, აბრაჰამ ჰიკსი. მიყვარს სირბილი, ვარჯიში, ცურვა და ველოსიპედით სეირნობა. კიდევ ერთი საქმე, რაც ჩემთვის შედარებით ახალია და რომელსაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, არის მხატვრობა. ვებ გვერდზე ვიდეოც კი განვათავსე, სადაც ჩემი ნამუშევრებია ნაჩვენები.

- არ გიფიქრიათ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება თქვენ მუსიკაზე?

- თქვენ ჩემ გულისნადებს ამბობთ. დიდი ხანია მსგავსი იდეა მაქვს. მინდა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ვიდეო კლიპების გადაღება, თუმცა ეს საკმაოდ რთულად შესასრულებელი საქმეა. პირველი რიგში, საჭიროა ისეთი რეჟისორი, რომელიც ჩემ ხედვებს გაიზიარებს, ამასთან ერთად, ასეთი საქმე სერიოზულ ფინანსებს მოითხოვს. არის დროის ფაქტორიც, ჩემი გეგმები, როგორც წესი, ერთი წლით ადრეა გაწერილი.

სტივ ვაის სანახავად Tbilisi Open Air-ზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. გიტარისტმა კონცერტი Bad Horsie-ს შესრულებით გახსნა, თავისი ცნობილი EP-დან Alien Love Secrets. ამას მოყვა Crying Maschine ალბომიდან Fire Garden, Tender Surrender EP-დან Alien Love Secrets და შედარებით ახალი ინსტრუმენტალი Gravity Storm ალბომიდან The Story of Light.  

ვირტუოზმა დამსწრეთ ბენდის წევრებიც წარუდგინა: დრამერი ჯერემი კოლსონი და გიტარისტი დეივ ვეინერი უკვე დიდი ხანია, რაც მისი ჯგუფის შეუცვლელი წევრები არიან. რაც შეეხება ბასისტ ფილიპ ბაინოს, მას სტივ ვაის მსმენელი კარგად იცნობს ჯერ კიდევ 1996 წლის ლეგენდარული G3 ტურნედან.

Liberty, Erotic Nightmares, The Animal, Answers, The Riddle, Ballerina, For The Love Of God, The Audience Is Listening, ეს ის კომპოზიციებია, რომელიც ვიტრუოზმა გიტარისტმა ქართველი მსმენელის დიდი ოვაციების ფონზე დაუკრა. დამსწრეთა აზრით, სტივ ვაის თბილისური კონცერტი მისი ერთ-ერთი საუკეთესო ცოცხალი შესრულება გახლდათ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა