ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სხვა მეგობრობა უშბასთან | ირაკლი გუჯაბიძე

- რატომ მიდიხარ მთაში?

- ალბათ იმიტომ, რომ დავბრუნდე, - ასე ვუპასუხე ამ კითხვას, თუმცა ზუსტად მაქვს გააზრებული, რომ ერთხელაც, შესაძლოა, ვეღარც დავბრუნდე.

მთავარია, რომ აქამდე სულ ვბრუნდები! ზევიდან ცოცხალი დაბრუნება კიდევ ბევრად მარტივია, თუ ქვევით მელოდებიან, ალბათ მაგიტომაა, რომ ალპინისტებს ყოველთვის ჰყავთ მეუღლე, შეყვარებული, ვინმე... ვისთან დაბრუნებაც ყველაფრის გადალახვად ღირს.

შეიძლება პირიქითაც იყოს - ეს თბილისში ვარ სტუმრად და მთაში ვბრუნდები, აქ არავინაა ჩემით არც ბედნიერი, არც უკმაყოფილო. მთაზე როდესაც ვლაპარაკობ, როგორც წესი, უშბას ვგულისხმობ. ის ყველას სჯობს, ის სხვანაირია, სადაც არ უნდა წავიდე, რომელ შორეულ ექსპედიციაშიც არ უნდა ვიყო, ჩემს ოცნებად რჩება.

მგონი მასაც მოვწონვარ, რადგან აი უკვე მეხუთედ მიმიშვა. არ სწყინს, თუ სხვა მთისკენ გავიხედე, ეგ კი არა, ცოლ-შვილი რომ მასზე უფრო მეტად მიყვარს, მაგაზეც კი არ ეჭვიანობს. ხშირად ცდილობს, რომ ვეებერთელა მხრებიდან მავნე მწერივით გადამიფერთხოს, თოვლში დამმარხოს, ღამე გამყინოს, ქვები დამიშინოს, სამუდამოდ დამიტოვოს, მაგრამ ამავდროულად გვერდში მიდგას და მეც მის გვერდებს ავყვები ხოლმე მხრებისკენ.

გუშინ დავბრუნდი "მწვანეზე", ეს ასვლა არ იყო რთული, უფრო - სავარჯიშო, მოსამზადებელი. ზეგ ისევ უშბაზე გავდივართ, უკვე რაღაც წარმოუდგენელზე, უზარმაზარ კედელზე, რომელზეც ბოლოს ვინ იყო, აღარავის ახსოვს.

ჩვენ არც გმირები ვართ, არც კაი ტიპები, ჩვენ არც არაფერს ვეძებთ იქ, ჩვენ შეიძლება სხვაგან ვერ ვნახეთ ჩვენი ადგილი. ერთი ვიცი, რომ სანამ დამელოდებიან, სულ დავბრუნდები და თუ აღარ ექნებათ ჩემი ლოდინის ნერვები, მხოლოდ იმიტომ დავბრუნდები, რომ მერე ისევ უკან წავიდე, ზევით, და ასე უსასრულოდ.

ავტორი: ირაკლი გუჯაბიძე

 

ექსპედიციის წევრები:
ბიძინა გუჯაბიძე
ზურა კვესტაძე
ილია ბერულავა
ანი დულარიძე
ბექა ფაჯიშვილი
ლევან ბუიღლიშვილი
ირაკლი გუჯაბიძე 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა