ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თიხა, შროშა და მაგისტრალი | ბექა შათირიშვილი


ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეების პროტესტს იწვევს, რადგან როგორც წესი, პროგრესსა და პოტენციურ ფინანსურ სარგებელს მიღმა უგულებელყოფილია გარემო, ადამიანების პოზიცია და კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა.ადამიანებს ამ ადგილების მიმართ ემოციური კავშირი აქვთ. ზრუნავენ, უვლიან და მზად არიან წინ აღუდგნენ  სიახლეს, რომელიც მთლიანად უკარგავს იდენტობას ძველს.

ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროექტებიდან ერთ-ერთი  ყველაზე გამორჩეული  თბილისი-ბათუმის ავტობანია, რომლის მშენებლობაც 2006 წელს დაიწყო და მაშინდელი პრეზიდენტის დაპირებით, 2010 წელს ამ გზას სოხუმში უნდა ჩავეყვანეთ. გასაგები მიზეზების გამო გეგმა შეიცვალა და მაგისტრალი ბათუმზე კონცენტრირდა.

ახალი და კომფორტული ავტომაგისტრალი, რომელიც აღმოსავლეთის გაწელილ, მოსაწყენ გზას სწრაფად გაივლის, ასევე სწრაფად ჩაუვლის სოფლების იმ პრობლემებს, რომლებიც ავტობანის მშენებლობამ წარმოშვა. გზამ, რომელმაც სოფლებზე, მოსახლეობის სახნავ-სათეს მიწებზე, საძოვრებსა და სავაჭრო სივრცეებზე გაიარა, ადგილობრივებს გადაადგილების, მუშაობისა და არსებობის საშუალება წაართვა. ეს პრობლემები ხშირ შემთხვევაში პოპულარული მედიის და მოქალაქეების ყურადღების მიღმა რჩება.

რიკოთის გვირაბის გავლა და იქით მხარეს მოხვედრა ყოველთვის სხვა, ცოტა უკეთეს სამყაროში გაღწევასავითაა. ხელშეუხებელი ბუნება დედაქალაქში მცხოვრებისთვის დიდი ფუფუნებაა. მაგრამ გრანდიოზულმა მშენებლობებმა აქ ყველაფერი შეცვალა. ხიდები, გვირაბები და ახალი გზები სწრაფი ტემპით შენდება. აფეთქებული და ჩამოშლილი მთები, გაკაფული ტყე და მდინარე, რომელიც აღარ არსებობს. ძალიან სევდიანია იმის ნახვა, თუ როგორ გადაიქცა წყალუხვი მდინარე პატარა, სადინარის მსგავს თხრილში მოქცეულ ნაკადულად.

ჩემი გაჩერება სოფელი შროშაა. ამ ადგილს თიხის წარმოების ძალიან დიდი ისტორია აქვს და ახლაც, სოფლის მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა მთლიანად თიხის ჭურჭლის გაყიდვაზეა დამოკიდებული. აქაურებმა დიდი ხანია რაც გაიგეს, რომ ავტობანი შროშას გზას აუვლის და მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო სივრცეს  ავტობანზე სადღაც შორს გამოუყოფენ, მომავალს პესიმისტურად უყურებენ.  ვაჭრობა სტაბილური შემოსავლის წყაროა და სხვა სოფლებთან შედარებით აქაურები ბედს არ უჩივიან, მაგრამ ბევრს უკვე ქალაქისკენ მიუწევს გული. მიტოვებული სახლები და  სამეურნეო მიწები, პირუტყვის შემცირებული რაოდენობა და აქაურების სასოფლო საქმეებში შედარებით ინერტულობა, დრო და დრო უფრო თვალშისაცემია.

ზუსტად სოფლის შესასვლელშია ის მასშტაბური სავაჭრო სივრცე, რითაც განთქმულია შროშა. ამ ადგილს  „ბოგირი“ ჰქვია. სოფლის მკვიდრ ყველა ოჯახს ერთ კონკრეტულ ადგილას ვაჭრობის უფლება აქვს და ეს ადგილი ყოველ კვირას ლატარიის პრინციპით ირჩევა. პატარა ჩანთიდან ამოღებული ლოტოს კოჭი განსაზღვრავს შემდეგ კვირას სად მოგიწევს ჭურჭლის დაწყობა. არის კარგი და ცუდი ადგილები. ბუნებრივია, რომ კიდეში ყოფნა არავის აწყობს, ყველას ცენტრში მიუწევს გული, რადგან მანქანიდან გადმოსული პოტენციური კლიენტი უმეტეს შემთხვევაში მათკენ მიდის. ადგილების გადანაწილების შემდეგ ჭურჭლის გადაზიდვის დრო დგება. ქაოსურად მოფუსფუსე მოვაჭრეების დანახვა ხშირად მყიდველისთვის უჩვეულო სცენაა და ვერ ხვდებიან, რატომ დააქვთ ადამიანებს აქეთ-იქეთ ჭურჭელი.

არაა გასაკვირი, რომ ამ გამოფენა-გაყიდვაზე გამოტანილი თიხის ქმნილებები გასტრონომიულ ინტერესებთანაა გადაჯაჭვული. სხვადასხვა ტევადობის, ფორმისა და ზომის სასმისების ფართო არჩევანი ყველა გამყიდველთან შეგხვდებათ. ერთ რიგში, მწკრივად და სკრუპულოზურად დაწყობილი საერთო ფერში გადაწყვეტილი ჭურჭლის თვალიერება აქ მოსული მყიდველისთვის ერთგვარი ჰიპნოზია.ტრადიციული შროშის ნაკეთობების გარდა ძალიან პოპულარული გახდა ფერად-ფერადი, ტურისტებზე გათვლილი სუვენირები. ამ ადგილმა ნაწილობრივ გადმოიღო თბილისის ტურისტული ადგილებისთვის დამახასიათებელი ვულგარული  ესთეტიკა.

“ბოგირის” მოვაჭრეები სავაჭრო უნარების გარდა ორი რამით არიან შეიარაღებულნი - ფლომასტერი და ქვა. პირველს ჭურჭლის მოხატვისთვის იყენებენ. ძირითადად მაშინ, როცა კლიენტი ვინმესთვის საჩუქრად ყიდულობს დოქს, ან სხვა ჭურჭელს და წარწერის გაკეთება სურს. ქვა კი, მათი პროდუქტის ხარისხის დასამტკიცებლად სჭირდებათ. ხშირად, ქალები ქვის მაგივრად ნიშნობის ბეჭედს უკაკუნებენ და ამის შემხედველი ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანაა, როცა ქორწინებას სარგებელი აქვს მათთვის.

სამუშაო დღე რვა საათზე მთავრდება. ჭურჭელზე გრძელ პარკს აფარებენ და სახლებში მიდიან. რჩება ორი ყარაული, რომლებიც მთელი ღამე აქ არიან და მხოლოდ ისინი ყიდიან თავიანთ ჭურჭელს. მაგრამ ვაჭრობაზე მეტად მნიშვნელოვანი „ყარაულობის“ ფენომენია, ორი კაცის ღამის თენება და განსაკუთრებული მზრუნველობა ძალიან წმინდა მამა-შვილური აქტია. დღის განმავლობაში ქალები ვაჭრობენ, უვლიან და აქცევენ ყურადღებას თიხის ნაკეთობებს, ხოლო ღამე, სიბნელეში კაცები იღებენ პასუხისმგებლობას.

თიხის ჭურჭლის დამზადება საინტერესო და თერაპიული პროცესია, რომელიც დიდ ოსტატობას მოითხოვს. სანამ გასაყიდად გამოიტანენ ჭურჭელს, ბოლო, ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი მისი გამოწვაა. ეზოში, იზოლირებულ ადგილას აგურით ნაშენი დიდი ბუხარია, სადაც ჭურჭელს აწყობენ  და მაღალ ტემპერატურაზე წვავენ. ეს პროცესი დიდ დროს და ღამის თენებას მოითხოვს. გვიან ღამეს, ცის ქვეშ კვამლში გახვეული, გაუსაძლის სიმხურვალესთან მყოფი, ცეცხლის, გაწითლებული ჭურჭლისა და აგურის მაცქერალი დარაჯი რაღაც საიდუმლო რიტუალის მონაწილეა, რის მერეც თიხის ქმნილებაში ახალი სიცოცხლე შთაიბერება. 

შროშა ერთადერთი ადგილია, სადაც შუშისა და პლასტმასის ბოთლების მაგივრად ძირს დამტვრეული თიხის ჭურჭელი ყრია. გატეხილი სასმისი, ან სხვა თიხის ჭურჭელი ნაგვის კატეგორიაში არ გადის. ეს ყველაფერი ისევ ამ ადგილის ნაწილია, მიწას შეერევა და რაღაც დროის მერე ისევ დაუბრუნდება ცხოვრების ახალ ციკლს, შროშელი ოსტატის დაფაზე. ეს თეორია სულაც არაა შორს რეალობისგან, რადგან სოფლის შიდა გზაზე რომ მოხვდები ნახავ, რომ მიწის მაგივრად თიხაზე დადიხარ.

ჩვენი სახლი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს. შემაღლებულ გორაზე, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს ერთმანეთის პარალელურად ჩამწკრივებული ბოგირი, მაგისტრალი, მდინარე და სტადიონი. სტადიონი ქართული ფეხბურთის საუკეთესო ტრადიციებში პირველი გამოეთიშა სხვებთან პაექრობას და ახლა ვერც მიხვდები, აქ თუ  ოდესმე ფეხბურთის მატჩები იმართებოდა. ამ ადგილას ახლა ტირიფები იზრდება და კარგი იქნებოდა, თუ შროშელი ფეხბურთელების მსგავსად სხვებიც თავიანთ მოედნებს ბიომრავალფეროვნების გასავრცელებლად დათმობდნენ.

ახალი ესტაკადა შროშაზე არ გაივლის. ძველი მაგისტრალი მეორეხარისხოვანი, შემოვლითი გზა გახდება, სადაც შიდა სოფელში მომავალი მანქანა ივლის, ხოლო ბოგირი კი აღარ იარსებებს.

აქაურები ემზადებიან  ცვლილებებისთვის, ვემზადები მეც. ამ სოფელთან 20 წელზე მეტი ხნის მოგონებები მაკავშირებს და  ყოველ ახალ ჩასვლაზე ვცდილობ ყველაფერი ისეთი დავიმახსოვრო როგორიც ახლაა, სანამ ავტობანი მთლიანად შეცვლის რეალობას.  ძალიან სევდიანია იმის წარმოდგენა, რომ სხვა მოგონებებთან ერთად მალე მომიწევს აქაურობა ჩემს მეხსიერებაში გადავიტანო ისეთი, როგორიც ოდესღაც იყო, სანამ შემოვლითი გზის მსგავსად სოფელიც მეათეხარისხოვანი გახდება. თიხის ტრადიცია ნელ-ნელა დაიკარგება, ხოლო ბოგირზე დაწყობილი ჭურჭლის მაგივრად სიცარიელე დარჩება.

რა თქმა უნდა, ჩემ მოგონებებზე და გრძნობებზე მნიშვნელოვანი ამ სოფლის მაცხოვრებლების მდგომარეობაა. აქაურებს სავაჭრო სივრცეს სოფლიდან შორს სთავაზობენ, იქ სადაც ახალი მაგისტრალი გაივლის და შეძლებენ ისევ ივაჭრონ, მაგრამ ერთი მხრივ,  ბოგირის სხვა ადგილას გადატანა აქრობს შროშის ჭურჭლით ვაჭრობის ტრადიციას და მეორე მხრივ, სავაჭრო ადგილების გამოყოფის მიუხედავად, შორ დისტანციაზე ბევრი აქაური მოვაჭრისთვის გართულდება გადაადგილება და ჭურჭლის ტარება.

თბილისის მკვიდრისთვის კომფორტული და სასიამოვნოა ბათუმში სწრაფად ჩასვლის პერსპექტივა და ამ მხრივ, ეს მაგისტრალი ნამდვილად პროგრესია. თუმცა, მიმდებარე სოფლებისთვის ამ გზას რეგრესის მეტი არაფერი მოუტანია. დაპირებულ განვითარებას სოფლის მაცხოვრებლებისთვის  ცხოვრება  უკეთესი უნდა გაეხადა და ბუნება არ შეელახა.  პროგრესი და განვითარება როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება არაა საზოგადო, არამედ ექსკლუზიურია,  ერთი კონკრეტული წრისთვის, სადაც ხალხის ადგილი ისევ არ არის. და რამდენად ღირს პროგრესი, რომელიც ისეთ ადგილას  სწრაფად ჩაგიყვანს, სადაც აღარაფერი და არავინ იქნება დარჩენილი.



ფოტო ფეისბუქ გვერდიდან შროშა
ავტორი: ბექა შათირიშვილი