გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თუ ჩაგივლია წინამძღვრიშვილზე

„ციფრული ტაეპით“ გარითმული ქართული პოეზია

 ივნისი ის დროა, როცა თბილისში ჯერ საგანგაშოდ არ ცხელა და საღამოს თავისუფლად შეგიძლიათ ისეთ ადგილზე წახვიდეთ, სადაც არც პოეზია იქნება ზედმეტი და არც მასთან დაკავშირებული მუსიკა (თუნდაც ციფრულ-ელექტრონული) - მოსაბეზრებელი. მითუმეტეს, თუ აუდიო-ვიზუალურ საღამოზე ქართველ კლასიკოსთა ლექსები და მკვეთრად განსხვავებული, თანამედროვე მუსიკოსები ციფრული ფორმატით გაერთიანდება.

12 ივნისის საღამოს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სახელწოდებით „თბილისური ეზო: ციფრული ტაეპი“ გაიმართა აუდიო-მუსიკალური საღამო, რომელიც „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში მოეწყო. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.

„თბილისური ეზო: ციფრული ტაეპი“, „არტარეას“ პროექტ „თბილისური ეზოების“ მორიგი საღამო გახლდათ.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ძველ თბილისურ ეზოში შეკრებილებს, საქართველოს აუდიოფონდში დაცული პოეტების ხმის ჩანაწერების მოსმენა, მუსიკასთან ერთად, ორი საათის განმავლობაში შეეძლოთ. აკაკი წერეთლის „განთიადი“, პაოლო იაშვილის „მაგიდა - ჩემი პარნასი“, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი“, იოსებ გრიშაშვილის „გამოთხოვება ძველ თბილისთან“ და ზურაბ რთველიაშვილის „მე ვარ ვენახი“ - რადიკალურად განსხვავებული  ლიტერატურული ნაწარმოებებია, რომელთა ემოციური კავშირი ამბიენტურ მუსიკასთან ჩვენთვის ახალი და ორიგინალურია.

ამბიენტური მუსიკა - ეს არის ბუნებრივი ხმებისა და ხმაურების ერთგვარი სინთეზი. მუსიკოსები მათ ყველგან იწერენ და აგროვებენ - ქარში, წვიმაში, ზღვაზე, ტყეში, გამოქვაბულში თუ უდაბნოში. ამიტომაც ამბიენტური და ელექტრონული მუსიკის კავშირი არქივებში დაცულ ქართველ პოეტების ხმებთან, ემოციური მოულოდნელობის ეფექტს ქმნიდა. ეზოში შეკრებილ მაყურებელს მუსიკოსების ჯგუფი - ვაჟა მარი, ბენ ვილერი და სანდრო ჩინჩალაძე - ცოცხალი მუსიკით ეხმარებოდა.

აკაკის თითქმის მოცახცახე და მამობრივი ხმის ტემბრი („ვერ ავიტანე ობლობა, სისხლის ცრემლები ვღვარეო“...), გრიშაშვილის წამღერებითი ინტონაციები („სიძველისადმი გრძნობა, პატივი, თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს...“), გოგლას ვნებიანი ხმა („ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა“...), პოეტი-ტრიბუნის, ზურა რთველიაშვილის ემოციურ-საბედისწერო ინტონაციები („ყური დამიგდე, შენ კი არა, მე ვარ ვენახი! ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ მჩატე სხეულზე, ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი, ყურძნის ტევრი ვარ, საწნახელში გამომწყვდეული.“), იმ ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიდა, რომელსაც თითქოს სხვაგვარი ინტონაციით იმეორებდა ელექტრონული თუ ამბიენტური მუსიკა.  

„ციფრული ტაეპის“ წყალობით, პოეზიისა და მუსიკის ატმოსფერომ, ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ეზოშიც იოლად დაისადგურა... ზოგადად, ძველი თბილისის ეზოებსა და ქუჩებს თავისი ისტორია აქვთ. ისინი ცხადია, იცვლებიან ისევე, როგორც ქუჩის ხმაური და რიტმი. ჯერ კიდევ შემორჩენილ აგურის სახლებს, ქვით მოკირწყლულ ქუჩებსა და აივნებს, ახსოვთ ადამიანების ხმები, რომლებიც ამ გარემოცვაში ცხოვრობდნენ.

სწორედ ცოცხალი მუსიკისა და პოეზიის კავშირის, სიტყვების მაგიური ძალის შესახებ შეგვახსენებდა საღამოს მოდერატორიც - პოეტი რატი ამაღლობელი, რომელიც პუბლიკას ბევრ საინტერესო ისტორიას უყვებოდა ქართველი პოეტების შესახებ.

სიტყვებისა და ხმაურის ძალა, კიდევ უფრო ორიგინალურად შეიგრძნობოდა ფინალურ მუსიკალურ პერფორმანსში სახელწოდებით „150 ათასი მეგაჰერცი“ - ზურა რთველიაშვილის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, რომელიც მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრმა წარმოადგინა.

ძველი წიგნების დავარდნის, ხის ტოტების მოძრაობის, დასარტყამი ინსტრუმენტის, ქვაბებისა და ჩაიდნის სახურავების, მარცვლების ხმები - ქაოსურად ერწყმოდა ზურა რთველიაშვილის პოემის ტექსტს. ორგანიზატორებმა წინამძღვრიშვილის 102 და მისი ეზო, შემთხვევით არ შეარჩიეს. სწორედ ამ ძველი თბილისური ეზოში დაიბადა პოეტი, პერფორმატორი, პუბლიცისტი და აქტივისტი - ზურა რთველიაშვილი.

ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ზურა რთველიაშვილი პოეტურ პერფორმანსებს აწყობდა დავით ჩიხლაძესთან და შოთა იათაშვილთან ერთად. ხშირად მონაწილეობდა პოეტურ პერფორმანსებში საქართველოსა და ევროპაში. გამოაქვეყნა რამდენიმე პოეტური კრებული, მათ შორის, კრებული „პოეზიის დიქტატურა“, რომელმაც 2018 წელს დაიმსახურა პრემია „საბა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის. შვედეთში ცხოვრების პერიოდში, ზურა რთველიაშვილი თანამშრომლობდა სტოკჰოლმის ავანგარდულ თეატრთან CILJOTIN, სადაც დაიდგა მისი ექსპერიმენტული სპექტაკლი PASS PORT. გარდაიცვალა ავადმყოფობის შედეგად, 2021 წლის 20 აპრილს... ასე რომ, „თბილისური ეზო: ციფრული ტაეპი“ ერთგვარი გადაძახილი და მიძღვნა აღმოჩნდა კლასიკოს და თანამედროვე პოეტებს, მუსიკასა და არტ-ფორმებს შორის.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა