ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თვალთვალი | ნინო ავქაფაშვილი, კონსულტანტი

ნინო ავქაფაშვილი, 24 წლის კონსულტანტი

წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ვმუშაობდი მაღაზია „ნიუ ბალანსში“ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 6 იანვარს გამათავისუფლეს სამსახურიდან ცამოწმენდილზე. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, სწავლის გადასახადს ვიხდიდი და მქონდა გეგმებიც, რომლებიც უცებ ჰაერში დამრჩა. 

გავბრაზდი. მინდოდა, ამ უსამართლობაზე პასუხი გამეცა. არ გამოვრიცხავდი სასამართლოში წასვლასაც. 

ჩემს გათავისუფლებას საფუძვლად დაუდეს სოციალური ქსელების გამოყენება, რასაც დაარქვეს ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევა. სასამართლო პროცესზე წარმოადგინეს ვიდეომონიტორინგის ჩანაწერები, სადაც ჩანდა, როგორ გამოვიყენე რამდენჯერმე სოციალური ქსელი სამსახურში. 

ამბობდნენ, რომ გამაფრთხილეს, მაგრამ არ გავუფრთხილებივარ, არც წერილობით და არც სიტყვიერად. სოციალური ქსელების გამოყენებას არც ხელშეკრულება არეგულირებდა და არც შინაგანაწესი. შინაგანაწესი საერთოდ არ ჰქონდათ – ეს თავადაც აღიარეს საქმის მსვლელობისას. 

ამიტომ, ფაქტობრივად, არანაირი ბერკეტი, გარდა ვიდეომონიტორინგის ჩანაწერებისა. ეს კი ჩვენ იქით ვაქციეთ სადავოდ – ვიდეოთვალთვალი, სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა დისციპლინის კონტროლის მიზნით, სწორედ რომ სადავო საკითხია. 

ვითხოვდით, რომ ეს მასალები საერთოდ ამოეღოთ საქმიდან, ამის საფუძველს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი გვაძლევდა. საბოლოოდ, დავის დასასრულს, საქალაქო სასამართლომ ასეც გადაწყვიტა – ვიდეომონიტორინგის ჩანაწერები საქმეში აღარ დარჩა. 

ასევე ვითხოვდი იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და გათავისუფლების ბათილად ცნობას. და სასამართლომ ეს პუნქტებიც დააკმაყოფილა. მაგრამ, სამსახურში მაინც არ აღმადგინეს – თქვეს, რომ მეტი კადრი ფიზიკურად არ სჭირდებოდათ. 

თუმცა, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი, ვიდეომონიტორინგის თემა იყო. გავბრაზდი, როდესაც გავაცნობიერე, რომ რეალურად არალეგალური, უფლებისშემლახავი და დამამცირებელი იყო თანამშრომლების თვალთვალი. მუშაობის დროს, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ გვითვალთვალებდნენ და ეს მძაბავდა, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ამას კანონიც ეწინააღმდეგებოდა. სასამართლოსთვის რომ არ მიგვემართა, და ჩემს წარმომადგენელს, „სოლიდარობის ქსელის“ იურისტს დავით ომსარაშვილის რომ არ დაეწყო ამაზე საუბარი, ეს თემა ალბათ ჯერ არც წამოიწევდა წინ.

კანონში მხოლოდ ის წერია, რომ ვიდეომონიტორინგი სამუშაო ადგილებზე დასაშვებია რამდენიმე მიზნით: ადამიანის უსაფრთხოების დაცვა, კერძო საკუთრების დაცვა, და კიდევ საიდუმლოს დაცვა. ესეც მაშინ, თუ ეს ყველაფერი სხვა ფორმით ვერ ხერხდება. კანონითვეა გაწერილი ვიდეომასალების დამუშავების წესი და ისიც კი, რომ დასაქმებულებს წერილობით უნდა აცნობონ ვიდეომონიტორინგის შესახებ, მასალის გამოყენების ნებართვა კი მან დასაქმებულს წერილობითვე უნდა მისცეს. 

მე ამის ნებართვა არავისთვის მიმიცია. 

როცა გესმის, რომ სხვა ფილიალში იმიტომ დააჯარიმეს თანამშრომელი, რომ მომხმარებელს არ გაუღიმა, ხვდები, რომ იგივე შეიძლება შენც გადაგხდეს თავს. ვიდეოკონტროლი ირიბი მუქარაა. მისი შიშით გაიძულებენ, „თითის წვერებზე“ იარო.


ტექსტი: მაია წიკლაური