ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ულვაში | ანა მედოვა, ცხინვალი

ანა მედოევა, 21 წლის, ცხინვალი.
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 2008 წელი, აგვისტოს ომი

9 წლის ვიყავი მაშინ (2008). მთელი ზაფხული ისროდნენ. მაგრამ ჩვენ ქუჩაში მაინც გვიანობამდე ვთამაშობდით. ძალიან რომ დაიძაბა, მერე თქვეს მშობლებმა, შენ და შენი ძმა აქედან უნდა წაგიყვანოთო. სამის იყო მაშინ ჩემი ძმა. ბებიაც ავადმყოფობდა, ამიტომ ვერ გავდიოდით. 7 აგვისტოს ვაპირებდით, მაგრამ საღამოს სააკაშვილმა თქვა ომი არ იქნებაო, ჩვენც დავრჩით. მამა სამსახურში იყო, უშიშროებაში მუშაობდა. 

11 საათიდან ატყდა სროლა. დედამ შემოსასვლელში გაგვიყვანა, ლეიბები დააგო და იქ დაგვაწვინა. ღამე სარდაფში ვერ ჩავედით, ჩახერგილი იყო. დილამდე ალაგებდნენ. მერე ჩვენც ჩაგვიყვანეს, მეზობლებიც ჩამოვიდნენ. ვიღაცას რაცია ჰქონდა, გასუსულები ვუსმენდით მოლაპარაკებებს. კიდევ მახსოვს, რომ ტელეფონზე ლაპარაკის უფლებას არ გვაძლევდნენ, უსმენენო. ვიღაცებს ისე შეეშინდათ, ტელეფონები დალეწეს. 

ვიღაცები ცდილობდნენ ბავშვები გაერთოთ, სარდაფში ბევრნი ვიყავით. მეზობლებთან ნათესავის ბავშვებიც ჩამოვიდნენ. მთელი ღამე გავათენე. ამიტომ სარდაფში მაშინვე ჩამეძინა. 

რვა აგვისტოს მამაც მოვიდა. ბებია სარდაფში ვერ ჩამოგვყავდა, ამიტომ, დედა აირბენდა ხოლმე, დახედავდა. კიდევ კარგი, ჩვენს სახლს რომ ასცდა ჭურვი. ღამე სკამზე ვისხედით, დედას ვეყრდნობოდით, ასე გვეძინა. დასაწოლი ადგილი არ იყო. 

ცხრაში მამა მოვიდა, მანქანაში მამიდაჩემი და მამიდაშვილები ჰყავდა. ჩვენც ჩავსხედით და წავდით. მამაჩემის ნოლშესტში შვიდნი ვისხედით, არ ვიცი როგორ ჩავეტიეთ. მაგარი სროლა იყო. სახლიდან დივანის ბალიშები წავიღეთ და ფანჯრებს ავაფარეთ. ეხლა მეცინება, ვითომ ეგენი დაგვიცავდა. ცოტა ვიარეთ და მერე მანქანა გაჩერდა. სანამ მამაჩემი აკეთებდა თავზე ვერტმფრენები დაგვტრიალებდნენ. არ ვიცი ქართველები იყვნენ, ოსები, თუ რუსები. 

მამამ რუსეთის საზღვრამდე მიგვიყვანა. იქ დედაჩემის ძმა დაგვხვდა. გადავუსხედით. სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი, მამაჩემის მანქანას პატარა ნაწილი მოვატეხე. მინდოდა რამე სამახსოვროდ დამეტოვებინა. მამა მაშინვე დაბრუნდა უკან. 

16 აგვისტოს ჩამოვიდა ჩვენთან, ვლადიკავკაზში. დაჭრილი იყო. საფეთქელში მოხვდა ნასხლეტი. მაგრამ მე მაგის ჭრილობა კი არა, ის დამამახსოვრდა, რომ ულვაში მოიპარსა. ერთი დღე იყო ჩვენთან, მერე მოსკოვში გაფრინდა სამკურნალოდ. 

როცა დავბრუნდით, ძლივს ვიცანი ქალაქი, საერთოდ ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავით. ყველაზე უჩვეულო სუნი იყო. მთელ ქალაქში დენთის, ან ჭურვების შიგთავსის სუნი იდგა.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

__________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“

ტექსტი: ნინო ლომაძე