ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ვინ არის ძიძა? | თიკო ნაჭყებია

„ვცხოვრობთ ოთხნი, მე, ჩემი ქმარი და ბავშვები, – უყვება გასაუბრებაზე მშობელი პოტენციურ ძიძას, – ორი ბავშვია მოსავლელი. ერთი სკოლიდან რომ დაბრუნდება, უნდა აჭამო, მეორე ჩვილია ჯერ. ასევე, მინდა, რომ სადილი გამიკეთო, ჭურჭელი გარეცხო, სახლი მიალაგო. დამლაგებელი კი მოდის კვირაში ერთხელ, მაგრამ მაინც მოსაწესრიგებელი იქნება. შაბათსაც მჭირდები. ზაფხულში დასასვენებლად უნდა წამომყვე. ამაში, რა თქმა უნდა, დამატებით ანაზღაურებას აიღებ. მე ამ ყველაფერს ვაკეთებდი დეკრეტულ შვებულებაში, ანუ ყველაფრის მოსწრება შეიძლება. მაგრამ პრიორიტეტი ბავშვია, თუ ხედავ, რომ ვერ ასწრებ მილაგებას, მე მივალაგებ საღამოს, მთავარია, ბავშვი უყურადღებოდ არ დატოვო“.

პასუხად ისევ უარს იღებს. უკვე მეხუთეა, ვისაც ეს პირობები შესთავაზა. „ბოლოს მაინც დამირეკა იმან, ვინც პირველად უარი მითხრა. შენი ხმა მომეწონა და შევხვდეთო. მოვიდა, გაგვიცნო და დათანხმდა“.

საქართველოში არ არსებობს ოჯახებში, ძიძებად დასაქმებულების ზუსტი სტატისტიკა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად (გაეროს ქალთა ორგანიზაცია (გქო), გამოქვეყნდება 2021 წლის ივნისში), საოჯახო მშრომელებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა, რამდენია ძიძა საოჯახო მშრომელებს შორის, უცნობია. ოჯახში დასაქმებულები არაფორმალურ სექტორს განეკუთვნებიან – ისინი არსად არიან რეგისტრირებული, სხვის ოჯახებში ასრულებენ სამუშაოს და სახელმწიფოსა და კანონისთვის უხილავებად რჩებიან.

„ჩვენ ყველას ძიძას გვეძახიან, – ჰყვება მარინა, რომელიც მეშვიდე წელია ძიძად მუშაობს, – აღმზრდელს ამდენი არ ეკუთვნის, თუ აღმზრდელია, ის არ უნდა რეცხავდეს. აქ რეცხავ, აუთოებ და საჭმელსაც აკეთებ. ზოგან ალაგებინებენ კიდევაც. ზღვარი წაშლილია. მე თუ ვალაგე, ბავშვს რა ვუყო მაშინ? ამ დროს მშობელს აქვს პრეტენზია, რომ მისმა შვილმა ყოველდღე რამე ახალი ისწავლოს. იმიტომ გარბიან საზღვარგარეთ. იქ იცი, რა უნდათ შენგან, რა ვალდებულებები გაქვს“.

„იქ“ განვითარებული ქვეყნებია, საიდანაც ემიგრანტების ნაშრომი, ფულადი გზავნილების სახით ისევ ქვეყანაში ბრუნდება. ამ გზავნილებმა 2020 წელს, 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. რამდენიმე წლის წინ, მზიაც შვეიცარიაში წავიდა, როცა ოჯახმა ძიძად მიიწვია სამუშაოდ. „ძალიან კომფორტულად და დაცულად ვგრძნობდი თავს. ზედმეტს არავინ არაფერს დაგავალებდა. შაბათ-კვირა დასვენების დღე მქონდა, მშობლები რჩებოდნენ ბავშვთან. დასვენების დღეებში ბევრჯერ მითქვამს, დაგეხმარებით-მეთქი, მაგრამ მეუბნებოდნენ, არა, შენ უნდა დაისვენოო. ასე როდის იქნება ჩვენთან“. 

საქართველოში შრომის კოდექსი ოჯახურ, არაფორმალურ შრომას საერთოდ არ ცნობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც ამგვარ შრომას დაარეგულირებს. დამსაქმებელს დასაქმებულის შესახებ სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაც კი არ აქვს. ძიძები კანონისა და სახელმწიფოსთვის არ არსებობენ, შესაბამისად, არ არსებობს მათი, როგორც მშრომელების უფლებებიც. როგორც თავად და ოჯახებშიც ჰყვებიან, ძიძები სამსახურში სიტყვიერი შეთანხმებით აჰყავთ. ამას ადასტურებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევაც: არაფორმალური მშრომელების დასაქმება 96%-ში, სწორედ ზეპირი შეთანხმებით ხდება.  

ძიძებთან ის იშვიათად გაფორმებული ხელშეკრულებაც, არა შრომითი, არამედ მომსახურების ხელშეკრულებაა. ძიძა ისევ არ არის დასაქმებული, ის დამოუკიდებელი სუბიექტია, რომელიც მის თანასწორ სუბიექტს, უბრალოდ, მომსახურებას უწევს. სწორედ ამიტომ, ის შრომითი კოდექსის რეგულაციის მიღმა რჩება, რადგან კოდექსი მხოლოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობებს არეგულირებს. შესაბამისად, ასეთი მშრომელი ვერც კი სარგებლობს იმ უფლებებით, რაც შრომის კოდექსითაა ყველა დასაქმებულისთვის დადგენილი: შვებულება, დეკრეტული შვებულება, ბიულეტენი, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და ა.შ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევამ ისიც აჩვენა, რომ გამოკითხული ოჯახური მშრომელების 23%, ვინც ხელშეკრულების საფუძველზე იყო დასაქმებული (8%), ხელშეკრულების პირობების დარღვევას უჩივის. იმის გამო, რომ დამსაქმებელი დამატებითი ვალდებულებების შესრულებას ან ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთურ მუშაობას სთხოვდა. 

„მე ვიცი ჩემი შრომის ფასი, ვიცი ჩემი შესაძლებლობები და არასოდეს დავთანხმდები ისეთ წინადადებას, რაც ჩემთვის მიუღებელია, – ამბობს 57 წლის მზია, – მაგრამ ვიცნობ ძიძებს, ვისაც არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ სხვა შემოთავაზებას დაელოდონ, რადგან სამსახური ძალიან სჭირდებათ“.

ძიძის სამსახური ზრუნვის შრომის დეფინიციაში ხვდება. ამ საქმეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია ასე განმარტავს: ოჯახური შრომა ეს არის სამუშაო – შესრულებული შინამეურნეობაში შინამეურნეობისათვის. 

ძიძები სამსახურს ძირითადად (74%) ნათესავების, ნაცნობების ან ყოფილი დამსაქმებლების რეკომენდაციით შოულობენ (გქო, 2021). სხვები დასაქმების სააგენტოებს მიმართავენ. დღეს ბაზარზე რამდენიმე ასეთი სააგენტოა. მათი პირობებიც განსხვავებულია. დასაქმების შემთხვევაში, ძიძა, როგორც წესი, სააგენტოს პირველი ხელფასის ნახევარს ან სრულ ხელფასს უხდის. სააგენტო შუამავლობას სწევს, ოჯახებს ძიძებს ახვედრებს და ერთგვარ გარანტორადაც დგას, რომ, ერთი მხრივ, ოჯახი სანდო, მათ კრიტერიუმებზე მორგებულ ძიძას მიიღებს, მეორე მხრივ კი, ძიძა აღმოჩნდება მისთვის ხელსაყრელ პირობებში. 

„ყოფილა შემთხვევები, შეთანხმებულან, რომ ძიძას მხოლოდ ბავშვის მოვლა დაევალება, მაგრამ, როცა მისულა ოჯახში – სხვა მოვალეობებიც დაუკისრებიათ, – ჰყვება დასაქმების სააგენტო „მერი პოპინსის“ ხელმძღვანელი, ლელა, – თუმცა, არიან ძიძებიც, ვინც ამბობს: თუ დრო გვექნება, ბავშვსაც მივხედავთ და სხვა საქმესაც შევასრულებთო. მთავარია, ერთმანეთში შეთანხმდნენ“. 

მოულოდნელი ის იყო, რომ მაშინაც, როდესაც დამსაქმებელი ძალიან ხშირად არღვევს სამუშაო პირობებს, ძიძების უმრავლესობა მაინც ამბობს, რომ კმაყოფილია ამ ურთიერთობით (გქო, 2021). გამოკითხულთა 75% აცხადებს, რომ თავს დამსაქმებელთა ოჯახის წევრად გრძნობს, 37% უპრობლემოდ ასრულებს დამატებით სამუშაოს ანაზღაურების გარეშე, 40% კი ამბობს, რომ შეუძლია სხვა მოვალეობებიც შეასრულოს, რომლებიც ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის. 

„მაშინვე ვუთხარი, მე შემოვდივარ თქვენთან როგორც ოჯახის წევრი, ამიტომ არანაირი შეზღუდვა, – მიყვება 66 წლის ნანული, – მარტო ბავშვი კი არა, ყველაფერი მეხება. როგორც ბებია, ისე ვარ მათთან. არ მეთაკილება არც გამოგვა, არც დასუფთავება, არც უთო, ან რომ მივართვა რამე. როგორც საკუთარ ოჯახში, ისე. თან 24-საათიანი ვარ და ჩემს ოჯახში უფრო ვარ სტუმარი, ვიდრე მათთან. ერთი დღე მაქვს თავისუფალი კვირაში. ანაზღაურებითაც კმაყოფილი ვარ, პრემიებსაც მაძლევენ დღესასწაულებზე, დედის დღეზე ყვავილებიც მომართვეს. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა“.

საშუალო სტატისტიკური ოჯახისათვის იდეალური ძიძაა: 45-დან 55 წლამდე, გამოცდილი, კულტურული, განათლებული, სასიამოვნო გარეგნობის, გამართული მეტყველების, ჰიგიენური, მოწესრიგებული ქალი. სასურველია, ფლობდეს რომელიმე უცხო ენას: რუსულს ან ინგლისურს. ოჯახები უპირატესობას ანიჭებენ კანდიდატებს, ვისაც მცირეწლოვანი შვილები არ ჰყავთ – რომ ოჯახში გვიანობამდე დარჩენა, ზაფხულსა და ზამთარში დასასვენებლად გაყოლა შეძლონ. 

დასაქმების სააგენტო „მერი პოპინსი“ პირველი იყო ბაზარზე. ის 1997 წელს გაიხსნა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმუშევრად დარჩენილი მასწავლებლები უკვე მეორედ გაიფიცნენ. „მერი პოპინსში“, გახსნისთანავე, სწორედ უმუშევრად დარჩენილი პედაგოგებისა და ექთნების რიგი დადგა. 

„დასაქმების მსურველი ძალიან ბევრი იყო, – ამბობს ლელა, სააგენტოს ხელმძღვანელი, – დამსაქმებელი კი ძალიან ცოტა. თავიდან თვეში მხოლოდ ოთხი, ან ხუთი ადამიანის დასაქმებას ვახერხებდით. დამსაქმებელს დიდი არჩევანი ჰქონდა. უპირატესობას ექთნებს და პედაგოგებს ანიჭებდნენ, ერთ-ერთი ძირითადი შესარჩევი კრიტერიუმი გამოცდილება იყო, მაგრამ ეს იყო საკუთარი შვილების ან შვილიშვილების აღზრდის გამოცდილება“.

მალე ბაზარზე ბევრი სხვა სააგენტო გაჩნდა. დამსაქმებლების რიცხვმაც მნიშვნელოვნად მოიმატა. დღეს „მერი პოპინსს“ შეიძლება ყოველდღიურად შვიდმა ან რვა დამსაქმებელმა მიმართოს. ამასობაში, გაჩნდა ახალი სურვილებიც. დამსაქმებელმა შეიძლება მოითხოვოს ძიძა, ვინც, მაგალითად, კარგადაც ცურავს – რომ ბავშვი ზღვაზე წაიყვანოს და ყურადღება წყალშიც მიაქციოს. ან ძიძა, ვინც თხილამურზეც სრიალებს – ზამთარში, სათხილამურო კურორტებზე ბავშვთან ერთად რომ ისრიალოს. პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად იმატა მოთხოვნამ 24-საათიან და თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრებ ძიძებზე. 

„ოჯახების დიდი ნაწილი, ვინც მოგვმართავს, ძირითადად თბილისის ცენტრალურ უბნებში ცხოვრობს, – მიხსნის ლელა, – ამიტომ ისეთი ძიძა უნდათ, ვისაც რეგულაციების გამკაცრების პირობებში, გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება. ამ მოთხოვნამ დასაქმება გაართულა, რადგან ძიძების უმრავლესობა თბილისის გარეუბნებში ცხოვრობს“. 

სამუშაო პირობების შემდეგ, ძიძა და დამსაქმებელი ხელფასზე თანხმდებიან. ძიძის ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ 700-800 ლარია, სადღეღამისო ძიძის შემთხვევაში, ანაზღაურება 1200-1500 ლარამდე იზრდება. თუმცა, ზოგჯერ, ძიძები გაცილებით ნაკლებ ხელფასს, 400-500 ლარსაც თანხმდებიან. 

სამუშაო საათების ჯამი თვეში 160 საათს აჭარბებს (გქო, 2021). შემთხვევათა 51%-ში ძიძები კვირაში 5 დღე მუშაობენ, 21%-ში კი – ექვსი დღე. 

მარინა უკვე თითქმის ექვსი წელია ძიძად მუშაობს. ის პროფესიით ბიოლოგია. უმუშევრად რომ დარჩა, იფიქრა, დროებით ძიძად ვიმუშავებო. „მაგრამ, მერე დრო გავიდა, ერთი ოჯახი მეორემ შეცვალა. ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, ძიძობა რომ დავიწყე. ჯერ შვილებს ვუთხარი. ვთხოვე, მამას არაფერი უთხრათ-მეთქი. დიდი ხანი არ იცოდა ქმარმა, სად ვმუშაობდი. მერე იმანაც გაიგო. სამივე ოჯახი, ვისთანაც მომიწია მუშაობა, კარგი შემხვდა. მაგრამ, მაინც ვთვლი, რომ ძიძობა უმადური შრომაა. დღის განმავლობაში სულ დაძაბული ვარ. ბავშვს როცა სძინავს, იმაზე ფიქრობ, პატარა საწოლიდან არ გადმოვარდეს. თუ ცუდად ჭამა, ან რამეზე ინერვიულა, შენც ნერვიულობ. 

მშობლები ვერ აცნობიერებენ, რა ენერგიასა და შრომას მოითხოვს. სახლში გათანგული და დაცარიელებული ვბრუნდები. ეს ბოლო ოჯახია. სხვებთან ძიძად აღარ წავალ, შვილებსაც და ქმარსაც ერთი სული აქვთ, როდის დავანებებ თავს ამ სამსახურს“. 

ძიძის საქმეს ნელ-ნელა არქმევენ პროფესიას – კერძო ინსტიტუტებსა და კოლეჯებში, აქა-იქ, უკვე ჩნდება ასეთი დასახელების კურსები: ბავშვზე ზრუნვა, აღზრდის მეთოდები. არსებობს სადიპლომო პროგრამებიც, სადაც პროფესორები: თერაპევტები, ფსიქოლოგები, ნუტრიციოლოგები, იურისტები, მასწავლებლები ახალი თაობის ძიძებს ამზადებენ. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი სკოლა ლონდონშია – „ნორლანდის ძიძები“. იქ სტუდენტები დღემდე უნიფორმებში დადიან. მათი უმრავლესობა გოგონაა. ნორლანდი 1892 წელს, ემილი უარდმა დააარსა იმისთვის, რომ შინამოსამსახურეები სკოლამდელი ბავშვების აღზრდისა და შინ სწავლების მეთოდიკაში მოემზადებინათ. დღეს ნორლანდში სწავლა 45.000 ფუნტი სტერლინგი ღირს და იქ ყველაზე შეძლებული ოჯახებისათვის ამზადებენ ძიძებს. სტუდენტები იქ მზარეულობის, კვების, ხელგარჯილობის, თეატრის, თავდაცვის, ძილის, ნეირომეცნიერებებისა და ბავშვთა ფსიქოლოგიის სრულფასოვან კურსებს გადიან. ოთხწლიანი პროგრამის ბოლოს, „ნორლანდის ძიძებს“, მინიმუმ, ექვსი შეთავაზება დახვდებათ, ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან – ჯორჯ კლუნის სახლამდე“, – წერს გარდიანი 2020 წლის სტატიაში. 

მეცხრამეტე საუკუნეში მარქსმა უცხო მამაკაცის - ევროპელი ქარხნის მუშის მკაფიო იმიჯი შემოგვთავაზა, მე კი მინდა, მისი განახლებული ვერსია წარმოგიდგინოთ. ესაა 21-ე საუკუნის ქალი მუშა მომსახურების სფეროდან, „გლობალური სამხრეთიდან“, – წერს ამერიკელი სოციოლოგი, არლი რასელ ჰოუკშილდი. ეს უახლესი არქეტიპული სახე მოიცავს ყველა არაფორმალურ მშრომელსაც, მათ შორის ძიძებს. ჰოუკშილდი, თავის წიგნში „მართული გული“ (1983), წერს, რომ ემოციური შრომა ისეთი სამსახურია, როცა ადამიანებისგან პოზიტიური განწყობის „წარმოებას“ ითხოვენ. მან უნდა დათრგუნოს ყოველგვარი ნეგატიური ემოცია და სამუშაოსთვის მუდმივად „შესაფერისი“, მხოლოდ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს. 

ამგვარი შრომა, ყველაზე ხშირად, მომსახურების სფეროში გვხვდება, ძიძებთან, მომვლელებთან, ბორტგამცილებლებთან, ცხელი ხაზის ოპერატორებთან, მიმტანებთან – მათთან, ვისი სამუშაოც ადამიანებთან უშუალო კონტაქტს და კომუნიკაციას მოიცავს. 

ძიძებსა და მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობაზე რომ ვეკითხებით, ძალიან განსხვავებულ პასუხებს ვიღებთ. 

მარინაც ამბობს, რომ თავისი მეთოდი აქვს. „ბავშვი უნდა იყოს კარგად აღზრდილი, მე უზრდელ ბავშვთან ვერ ვიმუშავებ. მშობელს თუ გათამამებული ჰყავს, ჩემთანაც ასე მოიქცევა. მე კი მინდა, გარეთ რომ გავიყვან, ბავშვის ქცევით ვიამაყო, – მიყვება მარინა, – არც ზედმეტად არ ვანებივრებ. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ კოცნის. ჰიგიენური თვალსაზრისითაც არასწორია. როცა ვხედავ სხვა ძიძებს, წამდაუწუმ რომ კოცნიან, სულ ვფიქრობ, ნეტა დედა ვერ ხედავს-მეთქი ამას?!“ 

მაკამ კი, სამ წელიწადში ხუთი ძიძა გამოიცვალა, ვიდრე 80 წლის მანანა არ გაიცნო. „გიჟდებოდა, ისე უყვარდა ბავშვი. თვითონ შვილი ჰყავდა დაღუპული და ამბობდა, გიომ სიცოცხლე დამიბრუნაო. სამსახურში მშვიდად ვიყავი. ვიცოდი, რომ ბავშვს ისეთ ადამიანთან ვტოვებდი, ვისაც ძალიან უყვარდა. ხანდახან ათამამებდა გიოს. რამეს რომ შევუსწორებდი, კი მიპასუხებდა, ნუ გამიწყალეთ გულიო, მაგრამ მაინც ითვალისწინებდა თხოვნას“.

ნანული საპენსიო ასაკამდე სამხედრო ნაწილში მუშაობდა. მერე ძიძობა გადაწყვიტა. „ვიფიქრე, რა უნდა იყოს ასეთი, ორი შვილი გავზარდე, სხვის შვილს როგორ ვერ გავზრდი-მეთქი. სააგენტოს მივმართე და პირველივე ოჯახში დავსაქმდი“.

ფსიქოლოგი, მაიკო ნანიტაშვილი ამბობს, რომ მთავარი გაურკვევლობა გაუაზრებელი მოლოდინიდან იწყება. ოჯახები ხშირად არა ძიძის, არამედ ოჯახის წევრის ძებნას იწყებენ. „ძიძა მშობლების დამხმარეა, ის ვერ ანაცვლებს ოჯახის წევრს. ბავშვის აღზრდაზე სრული პასუხისმგებლობის აღებას მშობელს კანონი ავალდებულებს. ამიტომ ამ პასუხისმგებლობის სხვისთვის განაწილება, პირველ რიგში, კანონიერი უნდა იყოს და ბავშვის ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს. მშობელმა ძიძასთან ურთიერთობა ისე უნდა მართოს, რომ ის აღზრდაში, როგორც დამხმარე ისე დარჩეს. ბავშვს, რასაკვირველია, ძიძასთან ემოციური კავშირიც აქვს, მაგრამ ეს არ არის იმაზე ღრმა კავშირი, ვიდრე ბავშვს ბაღის აღმზრდელთან შეიძლება ჰქონდეს“. 

რამდენიმე მშობელი ასეც მიხსნის, რომ ძიძას „ბავშვის მეთვალყურედ“ ქირაობს: დროულად რომ აჭამოს, მის უსაფრთხოებაზე იზრუნოს, გაასეირნოს, დააძინოს. ძიძისაგან ბავშვის აღზრდის თეორიებისა და პედაგოგიკის მეთოდოლოგიის ცოდნას არავინ ითხოვს. ძიძების შეფასების კრიტერიუმებშიც, ეს მოლოდინი არ ჩანს. „გვქონდა ძიძებისთვის ტრენინგები, – ამბობს ლელა, – მაგრამ, დამსაქმებელი ამ სერტიფიკატებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მთავარი მაინც რეკომენდაციები იყო, ამიტომ აღარ ვატარებთ“.

სივრცე, სადაც ძიძები, ან ამ საქმიანობის დაუფლების მსურველები, საჭირო ცოდნას მიიღებენ, დღეს საქართველოში არ არსებობს. როგორც თავად ამბობენ, არც ისეთი ადგილი მოიძებნება, სადაც ძიძები საკუთარი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ. დღეს ისინი სხვის ოჯახებში, ერთმანეთისაგან იზოლირებულად, არა მხოლოდ სახელმწიფოსა და კანონისთვის, ერთმანეთისთვისაც უჩინარებად რჩებიან.

გაეროს ქალთა კვლევაში საინტერესოა ისიც, რომ ძიძების 77% არ არის დაინტერესებული მათი შრომის ფორმალიზებით. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ უნდობლობა აქვთ, მეორე მხრივ კი, იმის გამო, რომ რეგულაციებთან ერთად, ფიქრობენ, რომ დამატებითი გადასახადები სწორედ მათ – ძიძებს დაეკისრებათ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ფინანსურ მდგომარეობას. მხოლოდ 17% ამბობს, რომ სამუშაო პირობების დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება სასამართლოს ან შრომით ინსპექციას მიმართოს. დანარჩენები კი სამსახურის დატოვებას ამჯობინებენ. 

„ვთქვათ, გავაფორმეთ ხელშეკრულება, და შემდეგ დამსაქმებელმა დაარღვია პირობები, რას იზამ?, – ამბობს მზია, – მე სასამართლოში ვერ წავალ. სკანდალს ვერ მოვაწყობ. ჩვენი საზოგადოება არ არის ამისთვის მზად. ადამიანს უნდა ჰქონდეს შეგნება, რომ არ დაარღვიოს შეთანხმება. ალბათ, უნდა არსებობდეს პროფკავშირიც, რომ ჩვენი უფლებები დაიცვას, მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენ ვიყოთ მომთხოვნი“. 

ეს მთელი ინდუსტრია დღეს არაფორმალურად არსებობს, მეტიც, ის ყოველდღიურად იზრდება. ამ ინდუსტრიის ცენტრი, მისი არსებობის მიზეზი კი ბავშვია – ფაქტორი, რომელიც, როგორც მაიკო ნანიტაშვილი ამბობს, ყველაზე უხილავია. „ამ დისკუსიაში, საზოგადოების, სახელმწიფოს პრიორიტეტები ცხადად ჩანს. იქ ვერ ვხედავთ ბავშვებს. ამიტომ, როდესაც აღზრდაზე ვლაპარაკობთ, მუდამ ზრდასრულების პერსპექტივიდან ვუყურებთ სურათს. აღზრდაზე დისკუსიები ბავშვის ინტერესებზე საუბრით რომ დაიწყება, საზოგადოებას ეს საკითხები უკვე გადაჭრილი ექნება“. 

ტექსტი: თიკო ნაჭყებია
ფოტო: მანო სვანიძე