ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ომი

ვინ ზეიმობს გამარჯვებას აზერბაიჯანში? | ინტერვიუ ჰეიდარ ისაიევთან

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სომხეთში საპორტესტო აქციები მოჰყვა. ხალხი აზერბაიჯანშიც დაბნეული იყო. ნაწილი ზეიმობდა, ნახეთ, სომხები რა დღეში არიან, ჩვენ გავიმარჯვეთო, ნაწილი კი ამბობდა, რომ ეს არ იყო ბოლომდე გამარჯვება.

შეთანხმებაც  მოულოდნელი იყო აზერბაიჯანელებისათვის. უმრავლესობა ამბობდა და ახლაც ამბობს, რომ მათი სურვილი ყოველთვის მთლიანი ყარაბაღის დაბრუნება იყო, იმ შვიდ რეგიონთან ერთად, რომლებიც სომეხთმა 90-იან წლებში შეიერთა. მათთვის მხოლოდ შვიდი რეგიონის დაბრუნება და მშვიდობის დამყარება არ იყო საკმარისი მიზეზი ზეიმისთვის.აზერბაიჯანის პრეზიდენტიც, ყველა გამოსვლაში ამბობდა, რომ შეთანხმება ამ რეგიონების  ყარაბაღის ტერიტორიასთან ერთად დაბრუნებასაც მოიცავდა. ჩვენი მიზანია სომხურმა ჯარებმა მთელი ყარაბაღის ტერიტორია დატოვონო, ამასაც აღნიშნავდა. ხალხი ელოდა, რომ აზერბაიჯანის არმია იქამდე იბრძოლებდა, სანამ უკანასკნელი სომეხი ჯარისკაცი არ გავიდოდა ყარაბაღიდან.

უმრავლესობა ომს ამართლებდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ სომხეთი არასდროს დათმობდა ყარაბაღს მშვიდობიანად.

ახალ შეთანხმებაში კი, არაფერი წერია იმის შესახებ, აღიარა თუ არა სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად, ან გაიყვანდა თუ არა სომხეთი ჯარებს. შეთანხმების ტექსტი ყველასთვის გაუგებარი იყო. ხალხის ნაწილი ამბობდა, რომ მთავრობამ ჩვენი მიწები გაყიდა და ბოლომდე არ მიიყვანა საქმეო. 

ყველაზე მეტად ადამიანებს ახლა რუსული ჯარების შემოყვანა ადარდებთ. მე ვიცი, რომ სომეხი ხალხიც ნაკლებად ენდობა რუსულ არმიას.აზერბაიჯანში რუსეთის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკულები არიან.90-იან წლებში, ომის დროს, რუსეთი სომხეთს უჭერდა მხარს, მათ 600 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ჩვენი სკოლის წიგნებშიც ასე წერია. ამიტომ რთულია აზერბაიჯანელმა ხალხმა დაიჯეროს, რომ რუსები მშვიდობისმყოფელები არიან.

ასევე გაუგებარია ვინ გააკონტროლებს შეთანხმების დაცვას. მაგალითად, შეთანხმებაში ისიც წერია, რომ რუსული ჯარი მსუბუქი აღჭურვილობით შემოვიდოდა, მაგრამ ფოტოებში ვხედავთ, რომ ტანკები მოდიან. არ ვიცით ვის შეიძლება პასუხი მოვთხოვოთ. მე ვერასდროს დავუჭერ მხარს ომს. ახლაც ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა სომხეთთან ერთად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.

ეს სიძულვილი სადღაც უნდა დამთავრდეს.

როცა სომხეთმა ქალბაჯარის რეგიონის დატოვებისთვის დროის გახანგრძლივება ათი დღით მოითხოვა, ხალხი გაბრაზდა. იცით რატომ? 90-იან წლებში, როცა აზერბაიჯანელებს სახლების დატოვება მოუხდათ, მაშინ მათ მხოლოდ ათი საათი მისცეს ამისთვის. მანქანებიც კი არ ჰყავდათ, ხალხი ფეხით მოდიოდა. როცა იმ ქვეყანაში ცხოვრობ, რომელმაც 30 წლის წინ ომი წააგო და ნახევარ მილიონ ადამიანს სახლის დატოვება მოუწია, ომი გასამართლებელი მიზეზების მოძებნა თითქოს იოლია. სამწუხაროდ, ჩემ ქვეყანაში ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც ომს არ უჭერდა მხარს. ამის გამო ხშირად მიგრძვნია უცხოდ თავი საკუთარ ქვეყანაში. თითქოს მე ამ ხალხს არ ვეკუთვნი. და ამის გაცნობიერება ძალიან მტკივნეულია.