ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბავშვები, #LGBTQ

ვინ ზრუნავს ლგბტქ ბავშვებზე?



„სკოლაში ერთადერთი რამე მინდოდა - ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ, - ჰყვება 15 წლის დრიუ ადამსი, ფლორიდიდან (2016). მეცხრე კლასიდან ოჯახის წევრებთან უკვე ღიად ვთქვი, რომ ტრანსგენდერი კაცი ვარ. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, სკოლაშიც მამრობითი ნაცვალსახელით მომმართავდნენ, ბიჭების ტუალეტში დავდიოდი. მაგრამ ერთ დღეს სკოლაში დამიბარეს და მითხრეს, რომ „ანონიმური საჩივრის გამო” ბიჭების საპირფარეშოთი სარგებლობა მეკრძალებოდა. სამაგიეროდ შემომთავაზეს გენდერულად ნეიტრალური ტუალეტი, რომელიც ერთი ექთნის ოთახში იყო,  მეორე კი საკლასო ოთახის შიგნით. ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი! ნახევარი გაკვეთილი ვუნდებოდი იმ საპირფარეშოსთან მისვლას და მერე უკან დაბრუნებას”.

2017 წელს, დრიუმ თავის სკოლას ბიჭების ტუალეტის გამოყენების აკრძალვის გამო, ფლორიდის საოლქო სასამართლოში უჩივლა. სამწლიანი ბრძოლის შემდეგ, აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ მე-14 შესწორების დარღვევა დაადგინა, რაც განათლების სისტემაში გენდერული ნიშნის გამო დისკრიმინაციას კრძალავს.

„სკოლის საბჭომ ადამსი გარიყა სხვა სტუდენტებისგან და განსხვავებულად სწორედ ტრანსგენდერობის გამო ექცეოდა”, წერია მოსამართლეების განცხადებაში.

ეს პირველი სასამართლო საქმე იყო აშშ-ში, რომელიც ტრანსგენდერი მოსწავლისთვის საპირფარეშოებზე თანაბარ წვდომას მოითხოვდა.

2021 წლის სექტემბერს შოტლანდიის სკოლებში ახალი სახელმძღვანელო გამოჩნდა, სადაც წვრილადაა აღწერილი როგორ შეიძლება სკოლებში საპირფარეშოების და გასახდელი ოთახების მოწყობა, როგორი შეიძლება იყოს სკოლის უნიფორმები, ასევე როგორ უნდა მართოს სკოლამ ქამინგ აუთის პროცესი ისე, რომ სკოლა განსხვავებული გენდერული იდენტობის ბავშვებისთვისაც უსაფრთხო გარემოდ რჩებოდეს.

შოტლანდიის მთავრობამ სახელმძღვანელოს შექმნა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც 2018 წელს 700 ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანი გამოკითხეს და აღმოჩნდა, რომ: გამოკითხულთა 82%-ს LGBTQ ორიენტაციის გამო სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო. 

68%-მა თქვა, რომ ბულინგს უარყოფითი გავლენა ჰქონდა მათ განათლების ხარისხზე.

გამოკითხულთა 27%-მა კი აღიარა, რომ სკოლაში სიარული საერთოდ შეწყვიტა იმიტომ, რომ სკოლა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ბავშვებისთვის საშიში, მტრული გარემო იყო. 

სახელმძღვანელო სკოლას ავალდებულებს, რომ სწავლების და გართობის მეთოდები, შეფასების სისტემები გენდერულად ნეიტრალური ჰქონდეს. რომ ნებისმიერი წიგნი და სასწავლო რესურსი გენდერულ სტერეოტიპებს, მათ შორის ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ არსებულ ცრუ წარმოდგენებს უნდა ებრძოდეს. 

სახელმძღვანელოში წერია, რომ აუცილებელია სკოლებმაც მიიღონ მონაწილეობა ისეთ დღესასწაულებში, რომლებიც ლგბტქ ადამიანებს ეძღვნებათ.

ადამიანის უფლებადამცველები მრავალ ქვეყანაში წლებია ამტკიცებენ, რომ ტრანსგენდერი ბავშვებისთვის საპირფარეშოსა და გამოსაცვლელი ოთახის გამოყენების წესების გადაწყობა უეცრად შეცვლის მათ დამოკიდებულებას სკოლის მიმართ - ისინი სკოლაში თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ.

უფლებადამცველები იმასაც ამბობდნენ, რომ ქვეყნების უმრავლესობას არც კი აქვს კანონი, რომელიც ტუალეტების გამოყენების წესებს ბიოლოგიური ნიშნით ადგენს და მაგალითად, ქალის საპირფარეშოს გამოყენებას კაცს უკრძალავს და პირიქით. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ორიენტაციის ადამიანს, მოზარდსა თუ ზრდასრულს თავად შეუძლია გადაწყვიტოს რომელი საპირფარეშოთი ისარგებლებს. შოტლანდიური სკოლების სახელმძღვანელოში წერია ისიც, რომ სკოლაში აუცილებელია გენდერულად ნეიტრალური საპირფარეშოს არსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი გენდერულად განსხვავებული ორიენტაციის ბავშვი რომელიმე კონკრეტული სქესის საპირფარეშოში თავს უხერხულად გრძნობს.

მაგალითად, 13 წლის ტრანსგენდერი ფელიქსი არასდროს ყოფილა სკოლის საპირფარეშოში, რადგან სკოლაში არ არსებობდა გენდერულად ნეიტრალური საპირფარეშო.

„გოგოების საპირფარეშოში იტყოდნენ „რა უნდა ამ ბიჭს გოგოების ტუალეტშიო”, ბიჭების ტუალეტში კი პირიქით: „გაიყვანეთ ეს გოგო ბიჭების საპირფარეშოდანო”. როგორ ამერჩია რომელი ჯობდა?”.

ამერიკელი კლინიკური ფსიქოლოგი დაიან ერენსაფტი ხსნის: თუკი ბავშვი სკოლაში თავს არიდებს საპირფარეშოს გამოყენებას, შესაძლოა მან დღის განმავლობაში არ მიიღოს საჭირო რაოდენობის სითხე ან შარდის გამოყოფა შეიკავოს. ეს კი საშარდე გზების ინფექციებს, ნაწლავურ გართულებებს იწვევს, საბოლოოდ კი, ბავშვისთვის სკოლა საფრთხის შემცველ, მტრულ გარემოდ იქცევა. ერენსაფტი ამბობს, თუკი სკოლის განვითარება გვინდა, ჯობს სკოლამ საკუთარ მოსწავლეებს მოუსმინოს: „ისინი საუკეთესო სახელმძღვანელოები არიან“.

bavshvebi2



ჯანდაცვა ლგბტქ ბავშვებში

გენდერული მედიცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით მეცნიერების ის დარგია, რომელიც სწავლობს თუ როგორ მოქმედებს ბიოლოგიური (სქესი) და სოციოეკონომიკური, კულტურული (გენდერი) თავისებურებები ადამიანის ჯანმრთელობაზე.  

სწორედ ამ ორ სიბრტყეს შორის შეუთავსებლობას დაარქვეს გენდერული დისფორია, რომელიც დიაგნოზად 1980 წელს აღიარეს. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA) გენდერულ დისფორიას არქმევს ტანჯვას, რომელიც ადამიანს დაბადებისას ბიოლოგიურად განსაზღვრული სქესისა და გენდერული იდენტობის შეუთავსებლობისას ევლინება.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ტრანსგენდერ ადამიანს გენდერული დისფორიის დიაგნოზი აქვს. ზოგიერთი მათგანი სრულებითაც არ გრძნობს დისკომფორტს საკუთარ სხეულთან.

მოზარდებს ყველაზე ცოტა ექვსი თვე აკვირდებიან, ვიდრე გენდერული დისფორიის დიაგნოზს დასვამენ. ამ დროის განმავლობაში ისინი მუდმივ დისკომფორტს უნდა განიცდიდნენ, აწუხებდეთ საკუთარ სხეულში მეორე სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნების აღმოჩენა, მაგალითად, გოგონებს სტანჯავდეთ სახის თმის ზრდა, ბიჭებს კი მკერდის ზრდა.

გენდერული დისფორია მოზარდებს ცხოვრების ყველა სფეროში აფერხებს, ხელს უშლის სრულფასოვნად სწავლასა და კომუნიკაციაში, რადგან თან ახლავს ძლიერი შფოთვები, ან დეპრესია.

გენდერულ დისფორიას სხვადასხვა გზით მკურნალობენ, ზოგჯერ საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა, ან შველიან ფსიქოთერაპიით.

თუმცა, ამ ახალგაზრდა დისციპლინაში ცენტრალურ კითხვად ისევ რჩება: თუ რა ასაკიდან შეიძლება გენდერული დისფორიის მკურნალობა ბავშვებში. 

მაგალითად, გენდერული დისფორიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს, რომლებსაც სქესობრივი მომწიფების პერიოდი ჯერ არ აქვთ დაწყებული, ექიმები ურჩევენ, რომ მედიკამენტოზური ჩარევისგან თავი შეიკავონ - ვკითხულობთ ენდოკრინული საზოგადოების კლინიკური პრაქტიკის სახელმძღვანელოში, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებზე ზრუნვის სტანდარტებს ადგენს.

„სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე არც ჰორმონებია შესაკავებელი. ამ დროს მნიშვნელოვანია მხარდამჭერი გარემოს შექმნა და სოციალური ადაპტაცია, მაგალითად, სახელისა და ტანისამოსის, ვარცხნილობის სტილის შეცვლა“, - აღნიშნავს ამერიკელი ექიმი იოჰანა ოლსონ-კენედი.

თუკი გენდერული დისფორიის დიაგნოზის მქონე ტრანსგენდერ ბავშვს სქესობრივი მომწიფების პერიოდი დაწყებული აქვს და უკვე შესამჩნევია ფიზიკური ცვლილებები, ექიმები მათ „პუბერტატის ბლოკატორებით” მკურნალობას ურჩევენ.

მედიკამენტები აჩერებენ სქესობრივი მომწიფების პერიოდს და ხელს უშლიან მოზარდებისთვის არასასურველ ცვლილებებს სხეულში, როგორიცაა მენსტრუალური ციკლი ტრანსგენდერ ბიჭებში ან ხმის შეცვლა ტრანსგენდერ გოგონებში. ნებისმიერ მომენტში ტრანსგენდერ მოზარდს შეუძლია შეწყვიტოს მედიკამენტების მიღება და ჩვეულებრივ გააგრძელოს დაბადებისას მინიჭებული სქესის სქესობრივი მომწიფების გავლა.

ამ ტიპის მედიკამენტებზე კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე კვლევამ მაინც აჩვენა, რომ ტრანსგენდერი ახალგაზრდები, რომლებიც ჰორმონოთერაპიას გადიან, ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისა და შფოთვისკენ.

სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების გამოყენებას ახლავს რისკებიც. 

სქესობრივი მომწიფების დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მინერალიზაცია. ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი მაიკლ ბიგსის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში ნათქვამია, რომ პაციენტს, რომელმაც 12 წლის ასაკში დაიწყო სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მიღება, 16 წლის ასაკში ოთხი მოტეხილობა უკვე ჰქონდა. დოქტორის ბიგსი ამბობს, რომ ეს უკვე ოსტეოპოროზის დიაგნოზი იყო, რომელიც ჩვეულებრივ ხანდაზმულ ადამიანებში გვხვდება. 

„მიზანი ბავშვის განკურნება კი არ არის, არამედ ბავშვის მოსმენა და უსაფრთხო გარემოში ურთიერთგაგების მიღწევა”, ამბობს ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) წევრი რაფერტი.

bavshvebi1

2020 წლის ივნისში ფინეთმა პუბერტატის ბლოკატორების გამოყენების გადახედვა ითხოვა, რომ უპირატესობა ფსიქოთერაპიისთვის მიენიჭებინათ. სექტემბერში კი უელსმა და ინგლისმაც დაადგინა, რომ 16 წლამდე ბავშვებს არ შეუძლიათ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მიღება მშობლის ნებართვის გარეშე. შვედეთში, ასტრიდ ლინდგრენის ბავშვთა ჰოსპიტალმა სქესობრივი ბოლატორების და ჰორმონების გამოყენება 18 წლამდე ბავშვებში აკრძალა, გარდა კლინიკური კვლევებისა.

მედიკამენტოზური ჩარევის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მიუთითებენ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები. სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებს ბევრი არაფერი გაუკეთებიათ ტრანსგენდერ ბავშვებში დისფორიის გასაქრობად და ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, თუმცა არც გაუუარესებიათ.

შვედეთის ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს 2022 წლის რეკომენდაციების თანახმად, 18 წლამდე ბავშვებისთვის, ვისაც გენდერული დისფორია აწუხებთ, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მკურნალობაა პრიორიტეტი და ჰორმონალური ჩარევა მკაცრად შეიზღუდება. არსებობს მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი იმ ბავშვებისთვის, რომლებშიც გენდერული დისფორია აშკარა ტანჯვას იწვევს და თანაც დროშია გაწელილი. თუმცა, მედიკამენტოზურ ჩარევამდე აუცილებელია მულტიდისციპლინური ჯგუფის შეფასება. შვედეთში მინიმალური ასაკი ბავშვისთვის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მისაღებად 12 წელია, ხოლო ჰორმონოთერაპიის ჩასატარებლად 16 წელი.

ევროპული ქვეყნების უმრავლესობა სქესის შეცვლის ოპერაციას 18 წლამდე მოზარდებში კრძალავს. მათ შორისაა დანია, შვედეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, ჩეხეთი. მხოლოდ ორ ევროპულ ქვეყანაში ირლანდიასა და მალტაშია ეს ასაკი 16 წელი.

მკვლევრები წერენ, რომ ე.წ. ტრანზიციის პროცესში ბავშვების გარემოსთან სოციალიზაციასა და აღიარებას მაინც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ნიდერლანდებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 16 წლამდე ტრანსგენდერი ბავშვების 80%-ს ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის შეცვლა სურთ, რადგან შეუსაბამობის გამო ისინი პრობლემებს ყოველდღიურად აწყდებიან და ეს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.

დანია პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც 18 წელზე უფროსი ასაკის ტრანსგენერი ადამიანისთვის სქესის ლეგალურად შეცვლა დაუშვა თვითაღიარების საფუძველზე - ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე. 2019 წელს კი დანიის პარლამენტმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც იგივე კანონმდებლობის გავრცელებას 18 წლამდე მოზარდებზეც მოისაზრებს. მსგავსი პოლიტიკა მსოფლიოს მასშტაბით ოცამდე ქვეყანას აქვს. ერთ-ერთი ბოლო, რომელიც მათ რიცხვს შეუერთდა შვეიცარიაა. 2021 წლის კანონმდებლობის მიხედვით, 16 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერ ადამიანი შეძლებს საკუთარი სქესის და იურიდიული სახელის შეცვლას სამოქალაქო რეესტრის ოფისში, 16 წლამდე მოზარდებს კი მეურვის თანხმობა დასჭირდებათ.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია (UNCRC) ცალსახად აღიარებს მშობლებისა და ოჯახების ცენტრალურ როლს ბავშვების ჯანსაღად, ბედნიერად და უსაფრთხოდ გაზრდაში. კვლევებმა აჩვენა, რომ

ახალგაზრდებს, რომელთაც მხარდამჭერი მშობლები ჰყავთ, ფსიქიკურად გაცილებით ჯანსაღები არიან და მაღალი თვითშეფასება აქვთ.

ტრანსგენდერი ახალგაზრდის ქამინგ აუთს შესაძლოა განსხვავებული რეაქციები ჰქონდეს მშობლების მხრიდან და გაუჩნდეთ ლეგიტიმური კითხვები, რა მოხდება ამის შემდეგ და რა გავლენას იქონიებს ეს მათი შვილების მომავალზე. მაშინ, როცა მშობლებს ამ საკითხზე არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, შესაძლოა თავადაც დასჭირდეთ მხარდაჭერა საკუთარ განცდებში გასარკვევად. ამისთვის შოტლანდიის მთავრობა მშობლების მხარდასაჭერად რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას აფუძნებს: Mermaids და Transparentsees. ეს ორგანიზაციები აძლიერებენ ოჯახებს და აღრმავებენ ურთიერთობებს მშობლებსა და შვილებს შორის.


ლგბტქ ბავშვები საქართველოში

„განსაკუთრებული საჭიროება აქვს იმ ბავშვსაც, ვინც საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად არ გრძნობს“, - ამბობს სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი. 

საქართველოში ლგბტქ თემის წევრი ბავშვებისთვის არ არსებობს რაიმე სახელმწიფო პროგრამა, ან სერვისი. არსებობს მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ლგბტქ ბავშვების მშობლებს მხარდაჭერას უწევენ. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს” მულტიდისციპლინური სერვისიც აქვთ, ასევე არის “თანასწორობის მოძრაობა” და “თემიდა”. თუმცა, ამ ორგანიზაციებსაც შეზღუდული რესურსი აქვთ და როგორც ქეთი ხუციშვილი ამბობს, მშობლებს სახელმწიფო პროგრამების  მიმართ ყოველთვის მეტი ნდობა აქვთ. 

ლგბტქ ბავშვებისთვის ჯანდაცვის სფერო სრულიად დერეგულირებულია. სამედიცინო ტრანზიციისთვის ქვეყანას საერთოდ არ აქვს ოფიციალური გაიდლაინი, შესაბამისად არაფერია დადგენილი, არც ჰორმონოთერაპიის დაწყების ასაკი და არც თანმდევი ეფექტების მართვის გზები. 

„როდესაც მეცხრე კლასელმა ტრანსგენდერმა გოგონამ კლასელებს თავისი იდენტობა გაუმხილა, იმ დღის მერე სკოლაში მუდმივი ბულინგის მსხვერპლად იქცა. იყო ფიზიკური ძალადობის მუდმივი საფრთხეც. სანამ გოგოს მშობელმა რამდენიმე სამინისტრო ფეხზე არ დააყენა და იმდენი არ იბრძოლა, რომ სკოლაში სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები შეეყვანა, არაფერი შეიცვალა. თუმცა, ფაქტია, რომ ერთი მშობლის ძალისხმევით მთელს სკოლაში გარდაიქმნა გარემო. სამწუხარო ისაა, რომ ეს ინდივიდუალური შემთხვევაა და არა სისტემური მოვლენა. მაგრამ თან იმედიანად ვარ, რადგან ეს ერთი შემთხვევა ყოველთვის შეიძლება იქცეს პრეცედენტად, თუ მოვინდომებთ - ამბობს ქეთი ხუციშვილი.

ილუსტრაციები: ანანო ტაბაღუა

logo
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა