გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვისმინო

„ვისმინომ“ უნდა ისმინოს

აქამდე ჩემთვის ღვინოს თავისი მუსიკა ჰქონდა, რომელიც ვაზის რიგებში ამედევნებოდა და ჭიქამდე გამომყვებოდა. ვენახში ნიავსა და წვიმაში ყურძნის შრიალს ვუსმენდი, კრეფისას - მტევნის მოწყვეტის ღიღინნარევ ხმას, წურვისას - ჭყაპაჭყუპს, დუღილს თავისი სიმფონია ახლდა, ჩამოსხმას კიდევ თავისი.

ახალი ღვინო „ვისმინო“ რომ აღმოვაჩინე, თან გავიგე, რომ, თურმე, მისი არომატის უკეთესად ჩამოსაყალიბებელ-დასაგემოვნებლად ხან რახმანინოვი ერთვება, ხან შოპენი, ხან მოცარტი და ხანაც კიდევ ბეთჰოვენი.

არ დაიბნე, ახლავე თავიდან მოვყვები. ზაფხულში ღვინოს დიდად არ ვეტანები. ვიცი, გვაქვს კარგი, მსუბუქი საზაფხულო სახეობებიც, მაგრამ სიცხეში გემოების აღქმის ძალა მეკარგება. ამიტომ ვერიდები. აი, შემოდგომა კი თავიდან ბოლომდე ღვინისაა. როგორც კი პირველმა სიგრილემ თავი გვაგრძნობინა, ღვინის საყიდლად გავეშურე და თაროზე, სრულიად შემთხვევით, რაღაც ახალი აღმოვაჩინე.

ყურადღება ეტიკეტმა მიიქცია. განსხვავებული იყო, არატრადიციული, წერტილებად დაფანტული უნაზესი ფერებით. ღვინის არომატის ბუკეტი შენს გემოს რეცეპტორებზე ნელ-ნელა რომ დაიშლება, თითქოს ზუსტად ამ მომენტის ილუსტრაციაა. საფერავის ეტიკეტი სერგეი რახმანინოვის დიზაინითააო, წავიკითხე. დავიბენი, აქამდე რახმანინოვი კომპოზიტორი მეგონა. მერე უკანა ეტიკეტზე რეკომენდაციაც ვნახე, მიირთვით მუსიკის თანხლებითო. რახმანინოვის კონკრეტული პრელუდია იყო მითითებული. მოვიშველიე ყოვლისმცოდნე Google და გავარკვიე „ვისმინოს“ ახალი კონცეფციის საფუძველი. ეს ღვინო კლასიკური მუსიკის თანხლებით იქმნება.

ბრენდის ღვინის თითოეულ სახეობას კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოები აქვს შერჩეული. მუსიკა ღვინის ხასიათის მიხედვით შეურჩევია ენოლოგების ჯგუფს.

ბოთლის ეტიკეტი ბგერებისა და ფერების ერთმანეთთან დაკავშირების სკრიაბინის თეორიის საფუძველზე შეუქმნიათ, ოღონდ რაიმე კომპიუტერული პროგრამით კი არა, ამ საქმისთვის სპეციალურად გამოგონილი ნამდვილი ფორტეპიანოთი. მე რამდენიც არ უნდა მოგიყვე, ამის ნახვას არაფერი სჯობს. როგორ ხატავს ფორტეპიანო ბახის ნაწარმოებით უნიკალურ ეტიკეტს. მოძებნე „ვისმინოს“ გვერდი და ნახე ფილმი, რომელიც ერთგვარი თერაპიაცაა.

ბევრი აღარ მიფიქრია, „ვისმინოს“ საფერავით შინ დავბრუნდი. ახალი ფლეილისტი შევქმენი, რახმანინოვის პრელუდია დავამატე, ჩავრთე, აივანზე შემოდგომის ჩამავალ მზეს მივეფიცხე და დავიწყე.

ჯერ მაყვლის კომპოტის სურნელი ამოვარდა ბოთლიდან. ჰაერი მოხვდა და გაიხსნა და გაიხსნა სხვა არომატები. ალუბლები, ნაირ-ნაირი კენკრა და მაყვალი – ჩემთვის 2013 წლის მოსავალში დომინანტი სწორედ ისაა.

შემდეგ შევიტყვე, რომ „ვისმინოს“ ღვინოები ღვინოდ ქცევის მთელ პროცესს მუსიკის თანხლებით გადიან. მომავალი წლის მოსავალი ვენახიდანვე მუსიკით გამოზრდილი იქნება. ვენახებში უკვე აპარატურას ამონტაჟებენ.

საფერავის გარდა, „ვისმინოს“ კიდევ 5 ღვინო შეგიძლიათ მიირთვათ მუსიკის თანხლებით: ხვანჭკარა, მწვანე, გრანდ საფერავი ნაფარეულის ვენახებიდან, წინანდალი და ტვიში.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა