გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ვოლვოს დრო მოდის | პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელი Volvo საქართველოში შემოვიდა

26 ივნისს თეგეტა მოტორსმა Volvo Cars-ის „პოპ-აპ“ შოურუმი გახსნა და ტურზე მიგვიწვია. წინ საინტერესოდ მოწყობილი გარემო, ვოლვოს ისტორიაში მოგზაურობა და, რა თქმა უნდა, ბოლო წლების არაერთი ჯილდოს მფლობელი ვოლვოს SUV ხაზის მოდელების: XC40-ის, XC60-ისა და XC90-ის წარდგენა გველის.

„ჩვენთვის პატივია, წარმოგიდგინოთ პირველი Volvo Cars-ის „პოპ-აპ“ შოურუმი საქართველოში, – განაცხადა გახსნაზე Volvo Cars Group-ის EMEA-ს ბაზრის აღმასრულებელმა დირექტორმა ხესუს ფერნანდეს დე მესამ, –

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც თეგეტა მოტორსია, რომელიც რეგიონის საავტომობილო ბაზარზე ლიდერი კომპანიაა და თავის მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს. შეხვედრის პირველივე დღეს მივხვდით, რომ ფასეულობათა ერთი სისტემა გვაქვს: კლიენტის უსაფრთხოება, მუდმივი ტრანსფორმაცია და მაღალი გაყიდვები“.

სანამ სტუმრები შოურუმის ეზოში მოწყობილ გამოფენებსა და ინსტალაციებს ათვალიერებენ, ვირტუალურ რეალობაში გადავდივარ – 360-გრადუსიან კამერას ვირგებ და ვოლვოს XC90-ის ინტერიერის აწყობას ვადევნებ თვალს. მსხვილი ჭანჭიკები, რკინის ფირფიტები, ხის ფრაგმენტებით გაწყობილი ინტერიერის დეტალები და ტყავის დახვეწილი სალონი წამების განმავლობაში იქმნება. უკან ვიხედები და მგზავრთა სკამების რაოდენობას ვითვლი – ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი საუკუნის პრემიუმ მანქანა 7 კაცზეა გათვლილი. თავს ზემოთ ვწევ და დიდი პანორამული ჭერი, გასაოცარი სიმსუბუქის შეგრძნებას ბადებს. ცოტაც და მგონია, რომ ღვედს გავიკეთებ, გაზის პედალს ტერფს მივაჭერ და სუპერკომფორტული მანქანით, ელვის სისწრაფით გავქროლდები.

რეალობაში დაბრუნება არც ისე მარტივია, რადგან ახლა ყველაზე უჩვეულო გამოფენის – მანქანის მიერ დანახული სამყაროს თვალიერებას ვიწყებ. თქვენ რას იტყოდით, ვინმეს ცხოვრებისთვის ვოლვოს XC60-ის თვალით შეხედვა რომ შემოეთავაზებინა? პულიცერისა და ემის პრემიების ლაურეატმა, ფოტოგრაფმა ბარბარა დევიდსონმა ზუსტად ეს გააკეთა – XC60-ში ინტეგრირებული უსაფრთხოების კამერით შავ-თეთრი ფოტოების საინტერესო სერია შექმნა – ქალაქის ხედები, ხიდის ქვეშ მოსიარულე ადამიანები, რომელთა ფიგურებიც თხელი ჩარჩოებითაა გამოკვეთილი. ვოლვოს მფლობელებმა ხომ ამ გამოფენით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რაც შექმნის დღიდან, მათ მთავარ ფასეულობას წარმოადგენს – ადამიანის უსაფრთხოება მანქანაში და მის გარეთ. ვოლვოს მიზანია, 2020 წლისთვის მის ახალ მანქანებში არცერთი ადამიანი აღარ დაიღუპოს და სერიოზულად აღარავინ დაშავდეს.

ამ ამბიციური გეგმის რეალიზება ვოლვოს არ გაუჭირდება. ამაში მას მერე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რაც სპეციალურად ამ დღისთვის ეზოს კედელზე  მომზადებულ მნიშვნელოვან თარიღებს ვუყურებ: 

მაშ ასე,1959 წელს ნილს ბოჰლინი ვოლვოსთვის სამწერტილოვან უსაფრთხოების ღვედს იგონებს, რომელიც მთელ მსოფლიოში, 1 მილიონზე მეტ ადამიანს გადაარჩენს სიკვდილს. ამერიკის მთავრობამ ხომ მაშინ ყველა ავტომწარმობელი აიძულა, ვოლვოს უსაფრთხოების სტანდარტები დაეცვა. 1985 წელს კი, გერმანულმა საპატენტო სააგენტომ ბოჰლინის ღვედი ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებად დაასახელა. 1972-ში ვოლვო ყველაზე უსაფრთხოდ აღიარებულ – უკან-ხედვად ბავშვის სავარძელს ქმნის, მთელ მანქანაში გვერდითი დაზიანებებისგან და, რაც მთავარია, ხერხემლის დაზიანებისგან დამცავ სისტემებს იგონებს. ჭკვიანი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი, 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, წარმოუდგენელ ნაბიჯებს დგამს – მანქანებში ფეხითმოსიარულეთა და ველოსიპედისტთა ამომცნობ სისტემებს, გზიდან გადასვლისგან დამცავ და აუცილებლობის შემთხვევაში, ავტომატური დამუხრუჭების მექანიზმებს ქმნის. მოკლედ, იმ ყველაფერს, რამაც სტატისტიკის მიხედვით მნიშვნელოვნად შეამცირა შეჯახებების რიცხვი და უამრავ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. 2025 წლისთვის ვოლვო ავტონომიური მართვის სისტემების დანერგვას  და 1 მილიონი ელექტროავტომობილის გამოშვებას გეგმავს. უსაფრთხოებასთან ერთად ეკოლოგიაზე ზრუნვა ხომ მისი კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისებაა.

აღმაშენებლის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე, თეგეტა მოტორსის მთავარი ოფისის გვერდით, Volvo Cars-ის მთავარი შენობა 2020-ში გაიხსნება, სადაც პროდუქტების სრული პორტფოლიო და ავტორიზებული სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი. მანამდე კი, იმავე მისამართზე შეგიძლიათ მის შოურუმს ეწვიოთ და 2018 წლის ევროპული და მსოფლიო მანქანების ტიტულის მფლობელი XC40-ის, XC60-ისა და XC90-ის სუპერკომფორტულ, სტილიზებულ ინტერიერში ცოტა ხნით მაინც მოსწყდეთ რეალობას.

„ვოლვო არ არის ყველასთვის. ეს მანქანა მათთვისაა, ვინც აფასებს დროს და ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებაში. ასე რომ, ვოლვოს დრო მოდის!“ – განაცხადა გახსნის ბოლოს გაგა კოხრეიძემ, Volvo Cars კავკასიის კომერციულმა დირექტორმა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა