გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ტიფლისის ღამის რაინდები

„უხეირო“, წიგნის ქურდი, „უპატიოსნესი“ ტუსაღი და კამპანია


ტფილისში, ქალაქში, სადაც ავაზაკობდნენ „ღამით, საღამოთი, დღისით, შუადღეზედ“, ძარცვავდნენ მიყრუებულ ქუჩებში, ბაზრებში, მოედნებზე, ერთი სიტყვით, ყველგან და ყოველთვის, იმგვარი „რაინდებიც“ მოიძებნებოდნენ, რომელთა დანაშაულის აბსურდულობა მკითხველს ღიმილს მოჰგვრის.

ამ მასალაში გთავაზობთ 10 „სახალისო“ ამბავს „საბას“ ფინალისტი წიგნიდან „ტფილისის ღამის რაინდები | ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა“, ისტორიებს, რომელთა შინაარსი არაფერია იმ სისასტიკესთან შედარებით, ტფილისის ღამის სხვა „რაინდებს“ რომ ახასიათებდათ...

მოუსვენარი „სანთლის მქრობელი“

★ ძველ თბილისს არაერთი დანაშაული და კრიმინალური შემთხვევა ახსოვს, მათ შორის ისეთებიც, წარმოუდგენლად და ამავდროულად, სასაცილოდაც რომ შეიძლება მოგეჩვენოს.

ერთი ასეთი ამბავი 1876 წლის აღდგომის ღამეს, ქაშვეთის საყდრის გალავანში მომხდარა – ერთ იმერელ კაცს სტამბაში მოსამსახურე ბიჭი დაუჭრია.

მნახველები ამბობენ, რომ ამ იმერელს თავი მოაბეზრაო მისმა ხან მასხარად აგდებამ და ხან სანთლის ქრობამო. შემდეგ რომ არა იქნა რა, ეს იმერელი მოთმინებიდან გამოვიდაო.

 საცვლების ქურდები...

★ 1878 წლის ბოლოს, ქაშვეთის ეკლესიასთან მდებარე მაღაზიებს გარდა, ალექსანდრეს ბაღში დაბანაკებულ ავაზაკებს ექვთიმე ხელაძის სტამბის სარდაფიც გაუტეხავთ, საიდანაც ორი სამოვარი და ასოთ-ამწყობების საცვლებიც მოუპარავთ.

ავაზაკები სტამბის გატეხვასაც აპირებდნენ, თუმცა პატრონს შეუტყვია და გაქცეულან.

ამას გარდა, ერთი ამ ავაზაკთაგანი ქაშვეთის ეკლესიის ქვემოთ მდებარე გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში შევარდნილა და იქ მყოფ ზაქარია ჭიჭინაძისათვის პალტო და სამი მანეთი წაურთმევია.

 ქალაქის მთავარი მკითხავის – ნინო კოდელის „მკვლელობა“

★ სანამ ამ საქმის დეტალებს შევეხებით, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება.

XIX საუკუნის ბოლო პერიოდში თბილისში პროფესიონალი ექიმების დეფიციტი იყო, ყოველ შემთხვევაში, ცრურწმენებთან ერთად, ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისელები ხშირად ცრუ-ექიმებსა და მკითხავებს მიმართავდნენ.

ბუნებრივია, მკითხავებზე არსებული დიდი მოთხოვნა განაპირობებდა იმასაც, რომ „ტფილისში, მკითხავების ბუნაგში“, როგორც 1886 წლის გაზეთი „ივერია“ მოიხსენიებს ჩვენს ქალაქს, ლამის ყველა უბანს თავისი მკითხავი და მჩხიბავი ჰყავდა.

რასაკვირველია, არც ის არის გასაკვირი, რომ ეს მკითხავები ქალაქში პირველობისთვის იბრძოდნენ და არც ერთმანეთისთვის სახელის გატეხვასა თუ ჭორების გავრცელებას ერიდებოდნენ, თუმცა, ერთ დროს ქალაქის მთავარი მკითხავის – ნინო კოდელის შესახებ გავრცელებული ცნობა გამორჩეულად საინტერესოა.

1879 წელს, „თფილისის მოამბემ“ გაავრცელა ცნობა, რომ 11 სექტემბერს, ავლაბარში გამოჩენილი მკითხავი – ნინო კოდელი მოკლეს.

„კოდელი ნინო თითქმის მთელ საქართველოში განთქმული იყო მკითხაობით და მაჭანკლობით. ზოგიერთი გასათხოვარი ქალები და სასიძო ვაჟები, უეჭველია, ძალიან ინანებენ ამ საბრალო ქალის მოკვლას...“.

ეგ კი არადა, გაზეთის ცნობაში დაკონკრეტებული იყო, რომ მოკლულს რამდენიმე ჭრილობა ჰქონია სახეზე, ზოგი მუცელსა და თავში. მეტიც, გვამი კლინიკაში წაუღიათ, სადაც ექიმები აპირებდნენ მის შემოწმებას.

რეალურად კი, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ნინო კოდელი არათუ მოუკლავთ, ან დაუჭრიათ, „იმას ბრჩხილიც არ ასტკივნიაო, მშვიდობით არის და ძველებურად, ხელოვნურად ასრულებს თავის წარჩინებულ ხელობას – მკითხაობასაო...“.

 პოლიცმეისტერის რჩევა თფილისის გერმანული კოლონიის მოსახლეობას...

★ ბატონი თფილისის პოლიცმეისტერი აცხადებს, რომ ამ უკანასკნელ დროს მიხაილოვის ქუჩაზე და კალონიაში ქურდობა გახშირდაო, ღამე ფანჯრებს ღიას უშვებენ, იქიდამ იპარავენო და ამის გამო ურჩევს ამ უბნის მცხოვრებლებს, რომ ღიას ნუ გაუშვებენ ღამე ქვემო-სართულების ფანჯრებს...

 წიგნის ქურდი...

★ „ჩვენ შევიტყეთ, რომ ერთს ნემეცს, რომელსაც თბილისის გეოგრაფიის საზოგადოების ბიბლიოთეკა ჩააბარეს წესში მოსაყვანად, წიგნები უზიდნია და უბრალო ქაღალდის ფასად უყიდნია. ეხლა პოლიცია დადის და აქა-იქა დუქნებში პოულობს წიგნებს. ნემეცი მეტეხის ციხეში დაუჭერიათ“.

აი ეს საქმე როგორ ყოფილა:

„როდესაც ხსენებული ბიბლიოთეკა წესიერებაში მოუყვანიათ, რომ გარეშე ხალხსაც შესძლებოდათ წიგნებით სარგებლობა, მოუწვევიათ ბიბლიოთეკაში სამუშაოდ ავსტრიის ქვეშევრდომი ფ. ჩამომავლობით ჩეხი. ამან ისარგებლა თურმე, საზოგადოების საქმეების-მწარმოებელის ავადმყოფობით და ბევრი წიგნები მოიპარა.

ბევრი ძვირფასი და ძნელად საშოვნელი წიგნები დაიკარგა, როგორც, მაგ., „კავკასიაში მოგზაურობა დიუბუასი“, ამ თხზულების შესახები კარტა, „შარდენის მოგზაურობა“ და სხვ.

გეოგრაფიული საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ის პირნი, რომელთაც შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში საზოგადოების წიგნები, დაუბრუნებენ მათ საზოგადოებას, რისთვისაც უნდა მომართონ საზოგადოების საქმეების მმართველს, ელისეი ისიდორეს-ძეს კონდრატენკოს. ნახვა შეიძლება დილის ათის საათიდამ 12 საათამდის. წიგნების მომტანთ ფული მაშინვე მიეცემათ“.

 ბატკნის ქურდი მენახშირე

★ „ერთს სოლოლაკელს სახლის პატრონს დაეკარგა ბატკანი, რომელიც მოეპარათ მენახშირეებს. ერთი ამ მენახშირეთაგანი შეიპყრა პოლიციელმა ქუჩაზე, რადგანაც ეჩხუბებოდა მეორეს, შენ რომ ბატკანი მოიპარე ამა-და-ამისა, ერთი მანათი მე უნდა მომცეო. ქურდი მენახშირე მალე გამოტყდა და გუშინ პატრონს თავისი დაკარგული ბატკანი ისევ მიჰგვარეს“.

 „უპატიოსნესი“ ტუსაღი მეტეხის ციხისა...

★ ეს სახალისო ამბავი 1889 წელს მომხდარა, როდესაც ტფილისს სტუმრად სწვევია სპარსეთის სახელგანთქმული შაჰი – ნასერ ალ-დინ ყაჯარი თავისი ამალით.

როგორც წესი და რიგი იყო, ძვირფასს სტუმარს დიდებულად დახვდნენ და ქალაქიც „დილიდგანვე ძნელად საცნობელი იყო. ყველა სახელმწიფო და კერძო სახლები გამშვენიერებული იყო დროშებით“.

გზა, რომელიც მის უდიდებულესობას უნდა გამოევლო, გალამაზებული იყო ბოძებით, მწვანე, ყვითელი გრეხილებით და დროშებით; ქუჩის ორივე მხარეს ჯარი და სამხედრო მუსიკა გამწკრივებულიყო; სასახლის ახლო, რომლის თავზეც სპარსეთის შაჰის დროშა ფრიალებდა, ზღვა ხალხი იყო თავმოყრილი, განსაკუთრებით კი თბილისელი მუსლიმები, რომლებიც ირანის მბრძანებელს ელოდნენ.

თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რამდენად მნიშვნელოვან სანახაობას წარმოადგენდა ეს ყოველივე ტფილისელებისთვის და აქედან გამომდინარე, სულაც აღარ გაგვაკვირვებს მეტეხის ციხის „უპატიოსნესი“ ტუსაღის თავგადასავალი.

მიუხედავად იმისა, რომ ნასერ ალ-დინ ყაჯარი თბილისში დიდხანს არ გაჩერებულა, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ტუსაღ ალახპერ-სულეიმან-ოღლისათვის, რომ მეტეხის ციხიდან, სამუშაოზე გაყვანის დროს გაქცეულიყო.

სამართალდამცავებმა პატიმარი ავლაბარში დააკავეს – „შეპყრობის დროს ტუსაღმა გამოუცხადა პოლიციის მოხელეთ, რომ შაჰის სანახავად მივდიოდი, მინდოდა მენახა როგორ დაუხვდნენ, და ისევ უკან დავბრუნდებოდიო“.

 უხეირო...

★ „1894 წლის 28 მაისს ორბელიანის ქუჩაზე ფირალოვის სახლის მესამე სართულში მცხოვრებს ნიკოლოზ ბაღატეროვს ძილის დროს სადგურში ქურდი შეეპარა.

ბაღატეროვს გამოეღვიძა და ქურდი გაიქცა, აივნიდგან გადმოხტა და ორივე ფეხი მოიმტვრია.

ქურდი აღმოჩნდა ერევნის გუბერნიის მცხოვრებელი ალექსანდრე სულხანოვი, რომელიც სამკურნალოში იქმნა გაგზავნილი“.

 დრამა ორ მოქმედებად...

★ „პოლიციის მეოთხე განყოფილებაში მოვიდა ქვრივი ელენა საპიცაია და გამოაცხადა, რომ ერთად ერთი ლეიბი მქონდა და ისიც მომპარესო.

პოლიციის მოხელემ, საყვარელიძემ რამდენსამე შენიშნულ კაცს გაუჩხრიკა სახლები, მაგრამ ვერა იპოვნა-რა.

ღამის 12 საათზედ, კოჯრის ქუჩაზე მცხოვრებს რაჭველს ანტონ გოგნიძეს შეშინებოდა და ისევ უკანვე მოეტანა ლეიბი და დაედო ელენა საპიცკაიას ბალკონში“.

 თქვენო ბრწყინვალებავ, გამძარცვეს!

★ ეს სახალისო ამბავი ტფილისის პოლიციის მეათე სამმართველოში მომხდარა. დილაუთენია ვიღაც კაცი თეთრეულის ამარა გამოჭიმული ბოქაულის წინაშე და ჯარისკაცთათვის დამახასიათებელი მანერით მიუმართავს:

– თქვენო ბრწყინვალებავ, გამძარცვეს.

– ვინ გაგძარცვა?

– რა მოგახსენოთ! გამომეღვიძა და ვნახე, რომ არსად იყო არც წაღები, არც შალვარი, არც რევოლვერი...

– რა რევოლვერი?

– ხმალიც-კი წაიღეს!..

– მერე შენ ვინა ხარ?

დაზარალებული პოლიციელი ეფრემ ნოვოკრეშჩევი აღმოჩენილა, რომელიც სულ ახალი მიღებული ყოფილა სამსახურში. იმ დღეს, როდესაც ავადსახსენებელი ამბავი შეემთხვა, ნაძალადევში ყოფილა დანიშნული სადარაჯოდ, თუმცა, ცოტათი ჩასთვლიმა და...

„რაღა თქმა უნდა, ეს ფხიზელი პოლიციელი იმ წამსვე დათხოვნილ იქმნა სამსახურიდგან“.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა