გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ილუსტრაცია სესხი
თეგები: #ინდიგო N9

ზაზა ლოუნი: ახდენილი კოშმარი თხუთმეტ წუთში, შემოსავლების დადასტურების გარეშე!

თუ გიკვდებათ მშობელი, ან შვილს სჭირდება ოპერაცია, ან უბრალოდ საუკუნეა ნორმალურად არ გიჭამიათ, დაფარეთ ან გადაავადეთ თქვენი სესხი.

ნუ გაირთულებთ ცხოვრებას.

თუ თქვენ იმდენად არარაობა ხართ, რომ ათასი ლარიც კი არ გაქვთ, რომ დაფაროთ ასლარიანი სესხი, ჩვენ დავხვდებით სადარბაზოსთან თქვენს უპერსპექტივობისგან გალოთებულ და სუიციდისკენ მიდრეკილ მამას და მივიყვანთ თვითმკვლელობამდე.

თუ თქვენ დღესვე არ დაფარავთ სესხს, თქვენი საქმე გადაეცემა მჩხიბავებს, რომლებიც დიდი სიამოვნებით აქცევენ თქვენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად. მათი წყევლა გადადის იმდენ თაობაზე, რამდენლარიანი სესხიც გაქვთ. თქვენი შთამომავლები დაიბადებიან კუზით, გოგოები ვერ გათხოვდებიან, ბიჭებს ექნებათ პატარა ყლეები.

თუ თქვენ დღესვე არ დაფარავთ აღებულ თანხას, ჩვენ გამოვიძახებთ წინაპრების სულებს, რომლებიც მოვლენ თქვენთან, სწორედ მაშინ, როცა მათ სადღეგრძელოს სვამთ და მოგაყენებენ შეურაცხყოფას მეგობრების თვალწინ.

სასწრაფოდ დაფარეთ სესხი, თორემ ჩაგაგდებთ ბნელ სარდაფში და გამოგკეტავთ იქ უამრავ ვირთხასთან ერთად,

ჩვენ ვიცით თქვენი შიშები!

თქვენ გაქვთ სამთვიანი ვადაგადაცილება სესხზე, ჩვენ დავიქირავეთ ქირურგები და ფინანსისტები, რომლებმაც თქვენი სესხი მიაბეს თქვენს მთავარ არტერიას, რომელსაც სულ მალე გადაგიჭრით, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ მომენტში, სექსის დროს, ჭამის დროს, შვილთან ერთად სეირნობის დროს ან სულაც ახლა, როცა ამ ტექსტს კითხულობთ.

აი, ახლა, ამ წუთას ვჭრით არტერიას.

აი, გადავჭერით კიდეც.

თქვენ ისევ ცოცხალი ხართ?

ეს სიცოცხლე არ არის, ბატონო, ეს გახლავთ აგონია, თქვენ მალე მოკვდებით და თუ არ გსურთ სიკვდილი, დაფარეთ სესხი, სანამ ჯერ კიდევ აგონიაში ხართ.

თუ თავს მშვენივრად გრძნობთ, მაშინ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავჭრით თქვენს არტერიას, ხვალ – და გარწმუნებთ, ხვალ ეს ნამდვილად გამოიწვევს თქვენს სიკვდილს, – თუ დღესვე არ დაფარავთ ან გადაავადებთ სესხს! 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა