გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ზინკა ადამიანი
თეგები: #პროზა

ჭერი ასწიეთ, დურგლებო! | ანა კორძაია-სამადაშვილი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ტექსტი: ანა კორძაია-სამადაშვილი

შუქი მოვიდა!

თბილისური

 

გულნარი გათხოვდა.

– რაო?

– აბა. გათხოვდა. და ნიგო გაუჩერებლად ტირის.

ალექსის ეცინებოდა. კოტიკო ჯერ ვერ მიხვდა, ეცინებოდა თუ არა.

– ვინაა ის ბედნიერი?

ესპანელია. თუ ებრაელია. რაღაცა. რა ვიცი. ლეტ? პიონერი არაა, იასნია. კაცია, რა. ვის ბებოსაც უვლიდა. ბებოს შვილიშვილი. ვა-ხა-ხა-ხა! აბა... გულნარი. მერე, ამას რა ატირებს? წაიყვანს ესპანეთში... ნიგო – ესპანეთში. გულნარი და ნიგო და მამინაცვალი და კორიდა. ვა-ხა-ხა-ხა!

გულნარი და ესპანეთი იმთავითვე დიდი სიხარული იყო. გულნარმა იდიოტი ნათესავის რჩევა ყურად იღო, საკუთარი და ნიგოს მზითევი გაყიდა...

– არა, მზითევი ნახე, რა!

...და ერთი ქვეყნის ვიზა იყიდა და მეორეში გადავიდა...

– ტყე-ტყე! გულნარი! რუსთაველზე ბავშვობაში რო იყო, ისიც ერთხელ, ისიც მარშიროვკებზე!

...და იმ მეორე ქვეყანაში, კერძოდ, ესპანეთში, მუშაობა დაიწყო. ცხადია, მომვლელად, დამლაგებლად, მონად.

მიუხედავად იმისა, რომ მოსავლელ ბებოს ყველაფერი სჭირდა, რაც კი მოსავლელ ბებოს შეიძლება სჭირდეს, გულნარი თვლიდა, რომ სხვა ქალებზე მეტად გაუმართლა: გულნარი ბებოსთან დასახლდა და არა ას ქალთან ერთად, საკუთარი საძინებელიც ჰქონდა და, წყლის შიში რომ არა, აუზშიც კი შეეძლო ნებივრობა. სახლი იყო ისეთი, ფოტოების დანახვაზე თამრიკოს ენა ჩაუვარდა და ერთი პირობა, ისიც კი დაიწრიპინა, ბიჭო, მეც ხომ არ წავსულიყავიო, მაგრამ იქვე ჩაკვდა, იმიტომ რომ კოტიკომ და პაპამ მაგრად დასცინეს: სადაა შენი მზითევი, თამრო?

– მაქვს! – ბრაზობდა თამრიკო.

– კი, კაცო, – ხითხითებდა კოტიკო, – ბაღდადები, ხალიჩები... გაგატანინებთ ხიდამდე.

გულნარი – არა, ღმერთი რატომ არ გაიცინებს? – გულნარი წერილებს წერდა! და საქართველოში მომავალ ხალხს ატანდა ხოლმე. ბლომად კი იყვნენ, თვეში ორი-სამი კაცი მაინც ჩამოდიოდა, და ნიგო მათ დასახვედრად სუფრასაც შლიდა და წერილის წაკითხვამდე ჯვარედინ დაკითხვასაც უწყობდა: როგორაა ჩემი დედიკო? არ მომწერს, თუ არაა კარგად, და არ დამიმალოთ, მითხარით, მართლა?.. გასაკვირი ის იყო, რომ გულნარი, რომელიც წიგნიერებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, ეპისტოლარულ ჟანრში დიდ სიმაღლეებს იღებდა, წერილებს იწერებოდა არნახულს, გრძელს და ხატოვანს, სამნაწილიანს: მალე ჩამოვალ და ავშენდებით; ბებო ჯოჯოხეთია; ნიგო, მიყვარხარ.

– მე ამ ქალისგან რთული თანწყობილი წინადადებაც არ გამიგონია და იქ რა გაეხსნა, მაგის ეშმაკი გამხადა... – შფოთავდა კოტიკო. – შენა და, – მიმართა ნიგოს, – ლამაზი ხელი აქვს? ნანახი გაქვს შენ ის წერილები?

– რა – ხელი? ნაბეჭდია. კომპიუტერზე. – იყო პასუხი.

– რაო? – ერთხმად შეიცხადეს კოტიკომ და პაპამ.

მცირე დუმილის შემდეგ კოტიკომ პაპას გულის ჯიბიდან პაპიროსი ამოაცოცა, უშველებელი, საოჯახო ასანთის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, მოუკიდა, გააბოლა, ნამწვი კრიტიკულად შეათვალიერა და თქვა:

– მდა...

ჯადოსნური წერილები იუწყებოდა, რომ ბებო ჩვეულებრივი კომბოსტო იყო, ეძინა, ჭამდა – პირი დააღე, ბებო, ქალი არა ხარ,por favor... დიდი არაფერი მოვლა უნდოდა, და გულნარიც მალე შეეჩვია, ერთობოდა კიდეც: ბებოს თმას უხვევდა, თბილისურად, ქაღალდებზე, მანიკურსაც უკეთებდა – ამ საქმეში მაინც დიდოსტატი იყო, და, რაც მთავარია, ელაპარაკებოდა და ელაპარაკებოდა, იმიტომ რომ გულნარს ხმის გამცემი არ ჰყავდა და ბებოსთვისაც რომ არაფერი ეთქვა, ნამდვილად მოკვდებოდა, დარდისა და მარტოობისგან.

– ის შაბათ-კვირის ხალხი ხომ მოდის ხოლმე? შვილები თუ ოხრები... – კოტიკო გულნარის ევროპულ ცხოვრებას გაფაციცებით ადევნებდა თვალს. – იმათთან ვერა?

– რა ენაზე? – ჰკითხა ალექსიმ. – ისე, ნიგოჯან, ბებოს რა ენაზე ელაპარაკება დედაშენი, ჰა?

ნიგოს ეწყინა და დაიქადნა, აღარაფერს მოგიყვებითო, მაგრამ რა გული გაუძლებდა...

ნელ-ნელა გულნარმა ცხიმი მოიკიდა...

– სულაც არა! – აღშფოთდა ნიგო.

– გოგო, ქართული ისწავლე, – შეუტია კოტიკომ. – ამ წიგნებს ტყუილად კითხულობ?

...საჩუქრების გამოგზავნა დაიწყო და ფულსაც გზავნიდა, რაც სულძაღლი რევოლუციონერის პირველში ყოველთვის დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა ხოლმე.

– მე მგონი, აღარ ახსოვს, როგორი ხარ, – ოხრავდა ზინკა და გიგანტურ მაისურს ატრიალებდა. – დისკობოლია? ეს აქ რა კოკოა? ვარდია თუ ლოკოკინა? ჰა?

– მოვაძრობ, – თავს იმშვიდებდა ნიგო. – და ღამით ჩავიცვამ.

– სინთეტიკაა, – არ გაახარა ზინკამ. – დენს ირტყმევინება. კანის კიბოს გაგიჩენს. მოგკლავს.

გულნარი ისე გათამამდა, რომ ესპანურზე სიარული დაიწყო – ამ ცნობამ კოტიკო საბოლოოდ წაახდინა, და – არა, რა წყალში ჩავვარდე? – ვეგეტარიანელი გახდა. ნიგომ ტირილი დაიწყო.

– იოგაზე ჯერ არ დაუწყია სიარული? – ჩასძახა ონკანთან, პირის დასაბანად გასულ ნიგოს კოტიკომ. – რა გატირებს, რო არ მითხრა? ჰა? აშტანგა თუ უბრალოდ, ჰათჰაო?

– მექადაგება, – ამოსძახა ნიგომ. – ხბოებზე დამიწერა ერთი გვერდი... სატირალი!

კოტიკო ჩაბჟირდა. ნიგომ თავის ენაზე მიაძახა რაღაც და ონკანთან ხაზგასმით ხმამაღლა ატეხა ცხვირის ხოცვა.

– არადა, რა კრასავიცაა, – უთხრა კოტიკომ რავიატას წმენდით გართულ ალექსის, – აფსუს...

– კი, – თავი დაუქნია ალექსიმ, – ლამაზი და შტერი.

– უზრდელიც, – სიტყვა ჩაურთო გვერდით აივანზე მწეველმა ლეკვიშვილმა. – თბილისელი კაცი ხარ, – მიმართა კოტიკოს, – რა გითხრა, ვერ გაიგე? ისე, უკეთ რომ მოგესმინათ, იმასაც გაიგონებდით, ზინკა რა ენაზე ლაპარაკობს. თამრიკოა თუ ზინკა, ვერ გაიგებ. შენ რაღა მოგივიდა, წიგნიერი კაცი მგონიხარ...

კოტიკოს არ ესმოდა. არაფერი არ ესმოდა. გულნარის არსებით იყო მოცული.

დიდი უბედურება აწ უკვე ესპანურენოვან და ვეგეტარიანელ გულნარს გაზაფხულზე, სავსემთვარობას შეემთხვა. მას ეძინა, ძალიან მშვიდად, ისე მშვიდად, როგორც მხოლოდ ვალმოხდილ და მართალ ადამიანებს სძინავთ ხოლმე, და უცებ თავზე ბებო დაადგა, ბებო-კომბოსტო, ორი წლის განმავლობაში უძრავი და უტყვი. ბებოს ეცვა მაქმანებიანი ღამის პერანგი – არა ის, რომელიც გულნარმა ძილის წინ ჩააცვა, არა! სხვა! ყვითელი! ის კომოდის ქვედა უჯრაში იდო! ბებოს ეკეთა გულნარის ოქროს საყურე-ბურთი, ცალი, და ფანჯრიდან შემოღვრილი მთვარის შუქზე ძალიან სახიფათოდ უელავდა თვალები და ფაიფურის კბილები.

– Una vez dos tres! – დასძახა ბებომ. – Ola, cariño! Bailar!

და გულნარმა დაუარა. გულნარმა მუსიკალური თანხლების გარეშე იცეკვა სამბა-რუმბა-ჩა-ჩა-ჩა, ლეკური და კინტოური. და როცა ირიჟრაჟა – ალბათ, მამალმა იყივლა სადმე ან რამე სხვა სიკეთე მოხდა, – მანამდე თავის კანტურით და ტაშისკვრით გართული, გუინპლენივით მოღიმარი ბებო ლოგინზე გადავარდა და კვლავ გაბოსტნეულდა.

ამ ამბავმა რევოლუციონერის პირველის ეზოს თავზარი დასცა.

მხოლოდ ნიგომ გაიხარა.

– დაბრუნდება! – ხარობდა ნიგო. – ამას ნაღდი ვერ გადაიტანს! ჩემი დედა დაბრუნდება!

ოლოლო შენ, ნიგო. გულნარს დაბრუნება აზრადაც არ მოსვლია. ერთი დაიჩივლა მხოლოდ, ცუდი სიზმრები მესიზმრებაო, ეს იყო და ეს.

ერთხელაც, – ცეკვის შემდეგ რამდენიმე თვე იყო გასული – საყიდლებით დახუნძლულ, ქერად შეღებილ, თეთრჯინსებიან გულნარს ბებო მკვდარი დახვდა. გულნარი აკივლდა.

ბებო გარდაიცვალა!

– 111 წლისა. – აღნიშნა ნიგომ. – ნათელი დაადგეს. მორჩა. ახლა მაინც ხომ ჩამოვა?!

გულნარი ისე იქცეოდა, როგორც წესი და რიგია. გულნარმა გიჟურად გაპრიალებული სახლ-კარი კიდევ უფრო გააპრიალა, სარკეებს და ნახატებს მიტკალი ჩამოაფარა, ვინც კი მოვიდა, ყველას კივილით შეხვდა, დაკრძალვის დღეს ბებოს კინაღამ მიწაში ჩაჰყვა...

– თბილისშია დაბადებული და გაზრდილი, ნეტა, ეს კივილ-წივილი საიდან მოიტანა, ჰა? – უკვირდა ალექსის. – მე არასოდეს გამიგონია... ქართველი იყოს, ვიტყოდი, გენეტიკა, რამე, მაგრამ აი, ამას რაღა დაემართა, ჰა?

– არ იკივლებდა, – ანუგეშა კოტიკომ. – უბრალოდ, ასე დაწერა, კარგი პონტი ჰგონია.

არა, არა, შეცდა კოტიკო. გულნარმა მართლა იკივლა და იწივლა. გულნარი ბებოს ძალიან შეეჩვია, გულნარს ბებო გულით შეუყვარდა, და ამ სიყვარულით სავსე გულის სიღრმეში ეგონა, გამოვაჯანმრთელებ, ავაყენებ და მერე ისტორიაში შევალო. ასე ეგონა, და – აჰა... და იმასაც ტიროდა გულნარი, რომ ნამდვილად ვეღარსად იშოვიდა სახლკარიან, უწყინარ, კომბოსტო ბებოს. კაი, იცეკვა ერთხელ, ეგრე, ვის არ უცეკვია...

ამ ამბავს, ცხადია, ბებოს მემკვიდრეებიც შეესწრნენ, და ერთმა შვილიშვილმა, რომელსაც ანდერძით სახლი რჩებოდა, და – ციტატა: „არის მაღალი, ლამაზი, შავთმიანი და იახტა ჰყავს“, აი, ამ შესანიშნავმა კაცმა გულნარს უთხრა, შენზე უკეთესს ვის ვიშოვი, სანამ სახლი გაიყიდება, იცხოვრე აქ და მიხედე აქაურობას, მე, ცხადია, გადაგიხდიო. გულნარი, ცხადია, დაყაბულდა. და მერე, როცა სახლის გაყიდვას საშველი არ დაადგა და „ამას ძლივს დაადგა საშველი და მიხვდა, რომ ჩემისთანას ვერავის მონახავს, მშრომელს და გულიანს“, კაცმა გულნარს უთხრა, მე – ქვრივი, შენ – ქვრივი, მე – შვილიანი, შენ – შვილიანი, ცოლად გამომყევი, გულნარ, ერთად ვიცხოვროთ, სულ სიყვარულში, და ერთად დავბერდეთ და ერთად დავიხოცოთ, ჩემო ვარდოო, და გულნარმა თავი დახარა და დაიჩურჩულა: „Oh sí...“

ნიგომ ამბავი დაასრულა, თავი ჩაქინდრა და გაჩუმდა. ზინკა გვერდით ჩამოუჯდა და მხარზე ხელი მოჰხვია.

ალუბლის ქვეშ ისხდნენ. ყველანი დუმდნენ. მხოლოდ ონკანი ახველებდა თავისთვის და ქუჩიდან მოისმოდა: „ზელენ! ზელენ! ზელენ, ლუკ, წიწმატ, ზელენ!“

– მე აი, რა მაინტერესებს, – დაიწყო კოტიკომ. – გულნარი, ფისო, წყლის რომ ეშინოდა და აუზში ვერ ჩადიოდა, იმ იახტას რა თავში იხლის?

– აღარ ეშინია, – ამოიხედა ნიგომ. – ზღვაშიც ბანაობს. ოკეანეშიც იბანავა.

– მოგწერა, გავცურეო? – გაიკვირვა ზინკამ. – როდის? რო არ გითქვამს?

– არ მოუწერია, ფოტოები ვნახე. კაი ერთი წლის წინ. იქვე დავივიწყე.

– კუპალნიკში გადაღებული?

– ჰო. და მაგარ ტანზეა, სხვათა შორის.

– დედა, რაღა ვქნა... – დაიჩურჩულა თამრიკომ.

ნიგო წელში გაიმართა, თმა ყურსუკან გადაიწია და დაიწყო.

– მოკლედ. ღმერთმა კარგად ამყოფოს. მე გულით ვუსურვებ ყველანაირ სიხარულს. დედაჩემს ჩემი გაჩენის მერე საერთოდ არანაირი კაცი არ დალაპარაკებია, მდიდარი კაცი და იახტა სიზმარშიც არ უნახავს, და თუ ასე უნდა, – უნდა, აბა, არ უნდა? – ღმერთმა გაუმარჯოს. ძალიან კარგი. ოღონდ მე ათასი წელი მაგათი არც ფული მინდა, არც საჩუქრები და არც ესპანეთი და არც ოკეანე, რამენაირად მე თვითონ გადავრჩები, აი, რამენაირად, რა... და აგერ თქვენ ხართ და აგერ – მე: მე გავთხოვდები, ძალიან კარგ კაცზე. დათა რომ იყო, იმაზე ნაკლებ და, საერთოდ, ლამაზებზე ნაკლებ კაცს მე გამარჯობასაც არ ვეტყვი, და შვილს ერთს კი არ გავაჩენ, ღორულად, რომ მთელი ცხოვრება მარტო ეგდოს და ამ ჩემ შავ ტრაკს იყოს მიჩერებული, მე გავაჩენ ოთხს, ორ ბიჭს და ორ გოგოს, რომ ყველას ჰყავდეს დაც და ძმაც, და ბიჭებს დავარქმევ დათას და კოტიკოს და გოგოებს – თამრიკოს და ზინკას, აი, ეგრე! და ყველას პაპას მოვანათლინებ, მერე რა, რომ თვითონ მოუნათლავია, და ყველაზე მაგარი ოჯახი მექნება. და თუ ის კაცი ისეთი არ იქნება, როგორებიც ლამაზები არიან, აიღებს და გააჯვამს ჩემი ცხოვრებიდან, როგორც ჩემმა დედამ გააჯვა. ქალს სამ წელიწადზე მეტი ველოდი, და ახლა არ დამიწყოთ, შენი გულისთვის წავიდა, და რაღაც ეგეთები! და კი, ბატონო, გასაგებია, ახალგაზრდა ქალია და ეკუთვნის კაციც და ბედნიერებაც, მაგრამ ახლა კიდევ ოთხი წელი ვერ ჩამოვა თურმე, საბუთები მე უნდა შევუგროვო თურმე და ვათარგმნინო და დავამოწმებინო და გადავუგზავნო, ლიპა საბუთი, რომ ის ახვარი კაცი, მამაჩემი რომ ჰქვია – ერთი მე გამაკეთა და მეორე ეს ალუბალი დარგო, მალადეც, კაცია, რა! ვერ გავიგე, ეგ რანაირი მამაა? ჰა? ეგრე, პაპა ასჯერ უფროა ჩემი მამა, მთელი ცხოვრება ეგაა ჩემი პატრონი, და კოტიკოს დავყავდი მე ზღვაზე და დათა მაკატავებდა თავისი ინვალიდის მანქანით, და ეგ ახვარი, ახვრის გაზრდილი, მკვდარი რომ იყოს, კიდევ ჰა, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ცოცხალია და აგდია ალბათ სადმე, ვინმე დედიჩემისნაირ დებილთან, სადმე, რუსეთში, მუხასრანსკში, მე შენ გეტყვი და იპოვი! და მე კიდე აქ თურმე ვიღაცას ქრთამი უნდა მივცე და ვიღაცას ტრაკი უნდა მივცე, რომ მაგ ახვრის სიკვდილის ცნობა გავაკეთო და ესპანურად ვათარგმნინო და ნოტარიუსს დავამოწმებინო, რომ დედაჩემი გულნარი ქვრივია და, აი, ნუ იტყვი და გათხოვება უნდა! არა, რა! ხელი მოწერილი არა აქვთ, რა ჭირად და მიწად უნდა ეს ქაღალდი! მაგრამ არა, იმ ესპანელ ყევერს ხომ უნდა დაუმტკიცოს, რომ ქართლის დედაა, მაგის ქართველობა და მაგის დედა რო მოვტყან, და ვიძახო მე აქეთ „დედიკო, დედა!“ აი, არა, რა! მე, ჩემო ლამაზებო, ნიგო ვარ, პაპას კრასავიცა – ხო ეგრეა, პაპა? და ვისაც არ მოსწონს ჩემი სტალინი, იმას მოვუტყან იმის ლენინი!

ეს თქვა და ადგა და თავის სახლში შევიდა.

– რა სიტყვები სცოდნია... – თქვა თამრიკომ, რომელიც ნიგოს მონოლოგს პირდაღებული უსმენდა. – ეს რა იყო?

– აბა, ძველარამეულად ხომ არ იღაღადებდა?! რაც ესმის მთელი ცხოვრება, იმას იმეორებს, – გაისმა ზემოდან ლეკვიშვილის ხმა. ლამაზებმა ახედეს. ლეკვიშვილი ამაყად იდგა, წელში გამართული და რატომღაც ძალიან კმაყოფილი. – ახლა მე კონიაკს ჩამოვიტან, კარგს, დიდ ბოთლს, ჩემი მკვდარი ქმრის კოლექციიდან, აჰა! ჯანდაბას! და ჩვენ გულნარის ბედნიერების და ნიგოს აზრზე მოსვლის დავლიოთ. იალქანი! ღუზა! ზღვა! – დასძახა ლეკვიშვილმა. – თამრიკო, ამოდი, დამეხმარე! ზინკა, შედი ერთი და ის გოგო გამოიყვანე! და ჰო: ალექსი, აკორდეონი! Але, босота! Танцуют все!

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა