თბილისის მთავარი სალოკომოტივო დეპო აფრიკაშია. ეს ის ადგილია, სადაც ყველა სატვირთო ელმავალი და ყველა მემანქანე, რომელიც სატრანზიტო ტვირთს ემსახურება იწყებს და ასრულებს მუშაობას.
1971 წელს, ქალაქის ამ მიყრუებულ უბანში დეპოს მშენებლობით ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო როგორც უბანს, ასევე აქ მცხოვრებ ადამიანებს. მაშინ არავის უფიქრია, რომ დეპო და მატარებელი სამუდამოდ გამიჯნავდნენ აფრიკას ქალაქის ცენტრისგან.
მას შემდეგ არაფერი შეცვლილა დეპოს შენობაში. კედელზე ისევ არის შემორჩენილი ფერადი მოზაიკის ფრაგმენტები. ეს შენობა ერთადერთი არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობაა აფრიკაში. დეპოსა და დასახლებას შორის რკინიგზის სატრანზიტო მაგისტრალია, როგორც აქაურები ამბობენ, ერთადერთი ცოცხალი ლიანდაგი, რომელზეც მიმავალი მატარებლებისთვის აფრიკის დეპო ბოლო გაჩერება არ არის.