ტექსტი: მარიამ აბესაძე
ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ლექსო ოთახში შემოდის. ხელს მართმევს, მიღიმის და სკამზე ჯდება. კითხვებს სოციალური მუშაკი ლალი წულეისკირი უსვამს.

– დედაშენია ხო შენი მეურვე? – ეკითხება ლალი.

– ხო, – მოკლედ პასუხობს ლექსო.

– აქედან გაწერა რატომ არ გინდა?

– ხმები მაქვს.

– აქ როცა ხარ, რა, არ გესმის ხმები?

– აქაც მესმის.

– აქ რამდენ ხანს რჩებით ხოლმე? – ვერთვები მე.

– 4-5 თვე.

– რამდენი ხანია, რაც დედა თქვენი მეურვეა?

– სულ დედაჩემი მეხმარებოდა. დედამ რაც უნდა გააკეთოს, აკეთებს.

– პენსია შენ გამოგაქვს? – ეკითხება ლალი.

– კი. შემიძლია მეც თანხის გამოტანა.

– ვინ განკარგავს ხოლმე იმ ფულს?

– დედაჩემი.

– შენზე ხარჯავს?

– ხო, წამლები და რაღაცეები.

– აქ ხშირად მოდის ხოლმე?

– დღეს მოვა.

– შენ კმაყოფილი ხარ? თუ უფრო ხშირად გინდა, რომ იაროს?

– აი, რავი, იმასაც შვილები ჰყავს.

– და-ძმა გყავთ? – ვეკითხები მე.

– ორი და და ერთი ძმა მყავს.

– ერთობით ხოლმე?

– ხო. პატარები არიან.

– მერე არ გიყვართ ერთად ყოფნა?

– კი, მაგრამ ეს ავადმყოფობა... 3 თვე ნემსები ვიკეთე და მაინც არაფერი არ მიშველა.

– და გარეთ რომ გადიხართ, როგორ ერთობით?

– მუსიკებს ვუსმენთ ხოლმე.

– არა, ერთად არ უსმენთ მუსიკებს, – ეუბნება ლალი.

– ჩართული როა და ჩემთან რო არიან, ისინიც უსმენენ.

– სკოლა დაამთავრე და მერე რა ქენი? – აგრძელებს ლალი.

– კოლეჯში ვსწავლობდი. სანტექნიკა ვისწავლე, მარა მუშაობას ვიწყებ და ისევ საავადმყოფოში ვწვები.

– ლექსები რომ მოგეცი, არ კითხულობ ხოლმე?

– მომპარეს ის ლექსები.

ლექსო ჩუმდება, კითხვებს აღარ პასუხობს. ღიმილი ქრება, სახე ეცვლება, თავს ხრის.

– ხმა ესმის ეხლა, – ლექსოს თანდასწრებით მეუბნება ლალი. ეხლაც გესმის, ხო? უთხარი წავიდეს, გააგდე.

ლექსო აღარ გვისმენს, სულ ცოტა ხანიც ჩერდება ოთახში, მერე დგება და ჩუმადვე გადის.

– ხმები ეუბნება, ცუდი ხარო, არ ვარგიხარო, – მიხსნის ლალი.

ერთი კვირის შემდეგ, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ლექსოს მეორედ ვხვდები. ცოტა ხნის წინ ისევ დაბრუნდა. როცა გრძნობს, რომ ხმებს მარტო ვერ უმკლავდება, თავისით მოდის.

კლინიკაში, ხის დაკეტილ კართან დიდხანს ვდგავარ და ვაკაკუნებ. ველოდები, როდის ჩაივლის ვინმე და ხმას გაიგონებს. გრძელ, ნეონის შუქით განათებული დერეფნის ორივე მხარეს ერთნაირი ოთახები სიმეტრიულადაა ჩამწკრივებული. ჩემგან მარჯვნივ პირველივე, არტთერაპიის კაბინეტია – სავსე ნახატებით, თიხისგან გამოძერწილი სევდიანი, მხიარული, გაბრაზებული სახეებით, ხისგან გამოთლილი ნივთებით, ჭრელი კვერცხებით. მალე აღდგომაა.

არტთერაპიის ოთახს სოციალური მუშაკების და ექიმის კაბინეტები მოსდევს. მარჯვნივ მეორე კარში უკვე სტაციონარია, იქ შესვლა აკრძალულია. დერეფანი ჩახუთულია, ყველა ფანჯარა დაგმანული – სახელური არცერთს არ აქვს. ფანჯრიდან მოპირდაპირე შენობის ჩაჟამული კედლები მოჩანს. შუაში პატარა ეზოა, ფერადი სათამაშო მოედნით. ეზოს ოთხივე მხრიდან მაღალი კედელი აკრავს. ბეტონზე მთები, მწვერვალი და ზღვა ხატია. ზღვაში იალქნიანი ნავები დაცურავენ, მათ თავზე კი თოლიები დაფრინავენ.

თვითმფრინავის
ხმა ისმის

კალათბურთის ფართან ენი დგას, ხელში ბურთს ათამაშებს. „სიამოვნებით შეგხვდებათ, – მეუბნება ფსიქიატრი, – ოღონდ, ცოტა საუბარი უჭირს“.

ძალიან გამხდარია. ფართო შარვალი, თხელი მაისური და მუცელთან გამონასკვული ჟაკეტი აცვია. ყურებზე, კისერზე, მაჯაზე, თითებზე – ყველგან სამკაული უკეთია. დერეფნის გაყოლებაზე ჩამწკრივებულ სკამებზე ვსხდებით. ენი დიდხანს ეძებს სიტყვებს და მერე ძალიან მოკლედ მპასუხობს. ჰყვება ნახატებზე, როგორ ეხმარება თანამშრომლებს, ხანდახან ფილმებსაც უყურებენ ერთად. ერთი ახსენდება. კომედიაა, ეპიზოდებს წარმოიდგენს და ეცინება.

ცენტრის მოპირდაპირე შენობაში სკოლაა. შესვენებებზე, ფანჯრის წინ მორბენალ მოსწავლეებს შორის თავის შვილებს ეძებს, „სკოლაში არიან და წუთი წუთზე მოვლენ“. სხვები ამერიკაში ცხოვრობენ და ამერიკული სახელები ჰქვიათ.

თვითმფრინავის ხმა ისმის.

იქ მისი უფროსი ბიჭი ზის. პილოტია, ბევრს დაფრინავს. ცოტა ხნის წინ რეკლამაშიც გადაიღეს. უმცროს შვილს ალერგია აქვს, ექიმმა ზღვაზე წაყვანა ურჩია. მალე აპირებენ კიდეც წასვლას.

არქაულ მითებსა და იგავებში, სიგიჟეს ღმერთები ადამიანს სასჯელად უვლენენ. ეს საკუთარ გონებაზე, სულსა და სხეულზე კონტროლის დაკარგვაა. ამან შეიძლება ადამიანი ბოროტებითა და ღვარძლით აავსოს, გამოუთქმელი ტანჯვა და ტკივილი განაცდევინოს. ადრექრისტიანულ სამყაროში კი, ადამიანის სულისთვის ბრძოლას კეთილი და ბოროტი ძალები იწყებენ. სიგიჟე – სულზე ეშმაკის გაბატონებაა. ქრისტიანულ სამყაროში სიგიჟეს სულის დაავადებად მიიჩნევდნენ და ეგონათ, რომ განკურნება მხოლოდ რელიგიური რიტუალებით ან ხალხური მედიცინით შეიძლებოდა (Roy Porter, Madness, a brief history. 2002).

შუა საუკუნეების სოფლებსა და პატარა ქალაქებში ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების საერთო წესებსა და რიტმს ვერ მიჰყვებოდნენ, ოჯახები ბინძურ, ბნელ ქოხებსა და თავლებში კეტავდნენ. დიდ ქალაქებში კი, მათ სპეციალურ დაწესებულებებში – სხვა ავადმყოფებთან, დამნაშავეებთან, უსახლკაროებთან ერთად აცხოვრებდნენ.

ფსიქიკურად დაავადებულებისთვის ინსტიტუციები ევროპაში მე-18 საუკუნიდან იხსნება. ეს უმართავი და ნორმიდან ამოვარდნილი ადამიანების საზოგადოებისგან მოკვეთის მცდელობაა. საგიჟეთებში ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს აწამებენ – გალიებში ამწყვდევენ, ბორკილებით აბამენ და შეშლილების ნახვას დამთვალიერებლებს ერთი პენის სანაცვლოდ სთავაზობენ.

მოგვიანებით განმანათლებლობის გავლენა ფსიქიკურ ინსტიტუციებსაც სწვდება. ციხე-თავშესაფრებში იწყება მსჯელობა იმაზე, რომ მიდგომა შესაცვლელია. ფსიქიატრიაც, როგორც დისციპლინა, ამ მსჯელობების შედეგად, მე-18 საუკუნის ბოლოს ყალიბდება (ედვარდ შორტერი, ფსიქიატრიის ისტორია. 1997).

XIX-XX საუკუნეებში სიგიჟის შეცნობისა და მკურნალობის გზების ძიებამ მიმართულება იცვალა. იგი ტვინსა და ნერვულ სისტემას დაუკავშირდა.

1936 წელს ამერიკაში პირველი ლობოტომია ტარდება. ხანმოკლე ქირურგიული ოპერაციისას ადამიანს თავის ქალას ორ ადგილას უხვრეტენ და ნეირონების დამაკავშირებელ ბოჭკოებს ჭრიან – შუბლის წილს ტვინის დანარჩენი ნაწილისგან თიშავენ. შუბლის წილი ემოციების გამოხატვაზე, მეხსიერებზე, მეტყველებაზე, ლოგიკურ აზროვნებასა და სექსუალურ ქცევაზეა პასუხისმგებელი. წარმატებული ოპერაციის შემთხვევაში, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები ინფანტილურ არსებებად იქცევიან.

ოთხ წელიწადში ლობოტომიას ფსიქიატრიის საოცარ მიგნებად მიიჩნევენ და კიდევ 34 წელი გავა მანამდე, სანამ ოპერაციის ჩატარება საბოლოოდ აიკრძალება, როგორც სასტიკი და არაჰუმანური სამედიცინო მეთოდი. ამ პერიოდში მსოფლიოში ლობოტომიის მსხვერპლი ოთხმოცი ათასი ადამიანი ხდება, მათ შორის – ბავშვები. ოპერაციების უმრავლესობა ქალებზე ჩატარდა.

ფსიქიატრიულ პაციენტთა მკურნალობა ანტიფსიქოზური მედიკამენტებით ორმოცდაათიან წლებში დაიწყო და ის დღემდე წამყვან მეთოდად რჩება.

„სტუდენტი ვიყავი, პირველად ფსიქიატრთან რომ წამიყვანეს. დედაჩემისთვის ორი რამე იყო უჩვეულო: ადრე თუ შავ-თეთრში ვხატავდი, უცბად ფერებზე გადავედი, და კიდევ, სულ ვიღიმოდი. მაგრამ ეს მე ვიყავი, მაგარი შრეების გარეშე. მანამდე, ასეთს ვერ მხედავდნენ“, – მიყვება ოლგა კალინა.

21 წლის ოლგამ უეცრად იგრძნო, რომ გვერდით ვიღაც ედგა და მასთან დალაპარაკება უნდოდა. ხმები ჩაესმოდა. ეჭვი არასდროს შეჰპარვია, რომ ეს ნამდვილი იყო. მალე პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. 

ოლგა კალინა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფსიქიატრიული სერვისების ყოფილი მომხმარებლების და გადარჩენილების ევროპული ქსელის“ თავმჯდომარეა და პაციენტების უფლებებს იცავს. მას თბილისის ერთ-ერთ პარკში ვხვდები. ჩემკენ სწრაფად და თავდაჯერებულად მოაბიჯებს. ღიად საუბრობს, დიაგნოზს არ მალავს.

ფსიქიკური აშლილობა იწყება მაშინ, როდესაც ნერვულ უჯრედებში იმპულსების გადაცემას ნეიროტრანსმიტერების ჭარბი ან ნორმაზე ნაკლები გამოყოფა აფერხებს. ორგანიზმში დოფამინის მომატება და სეროტონინის სიმცირე ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებს იწვევს – აღქმული საგნები და მოვლენები ობიექტურ სინამდვილეს აღარ ემთხვევა – შეიგრძნობ, აღიქვამ, გესმის, ხედავ იმას, რაც გარშემო არ არსებობს.

„აი, გესმის ბავშვის ტირილი, – მიხსნის ოლგა, – ამ დროს იცი, იქ ბავშვი არ არის. სევდიანდები. ვიცი, თუ წამლებს დავლევ, ტირილის ხმას იშვიათად გავიგონებ, მაგრამ სულ ხომ მაინც არ გაქრება. ცხოვრების ბოლომდე შეიძლება მესმოდეს“.

ანტიფსიქოზური მედიკამენტებისა და ანტიდეპრესანტების ფუნქცია სწორედ დარღვეული ქიმიური ბალანსის აღდგენაა. თუმცა, რა იწვევს ამ დისბალანსს, მედიცინამ ზუსტად დღესაც არ იცის. ნებისმიერი სტრესული  სიტუაცია შეიძლება მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს. თუმცა, კვლევები ვერც იმას ამტკიცებს, რომ ხშირი და მძაფრი სტრესი

 აუცილებლად აშლილობას გამოიწვევს. ადამიანებს სტრესთან გამკლავების სრულიად განსხვავებული უნარები აქვთ: ზოგისთვის ერთი ტრავმაა საკმარისი, რომ ფსიქიკური აშლილობა განუვითარდეს, ზოგს მრავალ ასეთ გამოცდილებასთან შეუძლია გამკლავება.

არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობაც, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს

სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფსიქიკური აშლილობაა – დიაგნოზთა სიაში ის კიბოსა და გულის დაავადებებზე წინაა (© WHO). მსოფლიოში 450 მილიონამდე ადამიანი ასეთი დიაგნოზით ცხოვრობს, სტატისტიკას კი, სწრაფი ზრდის ტენდენცია აქვს.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, 86 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს ფსიქიკური აშლილობა. ბევრი სტატისტიკის მიღმაც რჩება – ფინანსური პრობლემების გამო, ან იმიტომ, რომ ამ ინსტიტუციის მიმართ ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა, პაციენტები ცენტრებს ხშირად არც კი მიმართავენ.

„ფსიქიკურად დაავადებულებს ყველგან გაურბიან, – აგრძელებს ოლგა, – ვინმე რამე საშინელებას რომ გააკეთებს, მაშინვე ამბობენ, რომ ის ფსიქიკურადაა ავად. განსხვავებული ახლაც ურჩევნიათ, იზოლაციაში ჰყავდეთ. ეს ქვეცნობიერი შიშია. იქ მოხვედრა არავის უნდა. იქ არაფერს გეკითხებიან. არაფერს გიხსნიან, თქვენ იცით საერთოდ, ნეიროლეპტიკები რა არის?! ვერ ისვენებ. მოძრაობებს ვერ აკონტროლებ. ემოციები არ გაქვს. კონცენტრაცია გიჭირს. ფილმს გადაბმულად 5 წუთიც ვერ ვუყურებდი. შინაარსი არ მესმოდა. მერე ინტერესი დავკარგე, და სურვილებიც. მანამდე ლექსებს ვწერდი და ვხატავდი. მიღირდა ასეთი მკურნალობა? ჩემთვის არასდროს უკითხავთ“.


ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდის ხელმძღვანელი, ჯენი ედუარდსი ამბობს, რომ ხარისხიან მკურნალობაზე დღეს მსოფლიოში ხელი ისევ ძალიან ცოტას მიუწვდება, ის უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა უფულობაზე არანაკლებ მწვავე მიზეზი დიაგნოზისადმი დამოკიდებულება ანდა მისი იგნორირებაა. ფსიქიკური აშლილობა იარლიყს, პროფესიული და ნათესაური წრეებიდან გარიყვას ნიშნავს.

ფსიქიკური აშლილობა ორგანული მოცემულობაა, რომელსაც თანამედროვე მედიცინა ნეიროლეპტიკებით ებრძვის. ასეთ მკურნალობას სხვადასხვა სიმძიმის გვერდითი მოვლენებიც ახლავს თან. ენდოკრინული და მოტორიკის დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, წონის მატება, კრუნჩხვა, ყაბზობა, შარდის შეკავება და სხვა.

იმ კვლევათა საპირისპიროდ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დღეს მედიცინას ანტიფსიქოზურ მედიკამენტებსა და ანტიდეპრესანტებზე უფრო ეფექტიანი ჯერ არაფერი შეუქმნია, ჩნდება ნაშრომები, სადაც სვამენ კითხვას: რამდენად სარწმუნოა ეს კვლევები? ვინ აფინანსებს მათ და რამდენად თავისუფალია მათი დასკვნები ფარმაცევტული კომპანიების ინტერესებისგან? ხომ არ შეიძლება, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას პრეპარატების მძიმე გვერდითი ეფექტებიც უწყობდეს ხელს?


მაგალითად, 2001 წელს, კვლევამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანტიდეპრესანტი პაროქსეტინი ეფექტურიცაა და უსაფრთხოც, დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ამ ჯგუფის მედიკამენტები ფსიქიკური ჯანმრთელობის გამარჯვებად აღიარეს. თუმცა, 2015 წელს „ბრიტანულმა სამედიცინო ჟურნალმა“ შედეგები ხელახლა შეისწავლა და დაადგინა, რომ პაროქსეტინს პლაცებოს ეფექტი ჰქონდა. უფრო მეტიც, „ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის“ კვლევაში, პრეპარატის მძიმე გვერდითი მოვლენების სიხშირე ორჯერ აღემატებოდა თავდაპირველ ანგარიშში მოყვანილ სტატისტიკას.

„წამალი სიტუაციას დროებით ბლოკავს, ერთ წერტილში გყინავს, – ამბობს ოლგა, – თითქოს მაცივარში ხარ და რეაქციები გინელდება. დიაგნოზი – შტამპი – წამალი. წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთულია. როგორც კი დაეჭვდები და დასვამ კითხვას, მიიღებ უფრო მძიმე დიაგნოზს. ექიმებს, ბოლოს, ყველაფერში უპირობოდ ვეთანხმებოდი. ვინც სისტემიდან გამოსვლას ცდილობს, მხოლოდ უფრო ღრმად ეფლობა ამ სისტემაში“.


ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების გაეროს სპეციალური მომხსენებელი 2017 წლის ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ მას შემდეგ, რაც ფსიქიკური აშლილობის გამომწვევ მიზეზად ტვინში „ქიმიური დისბალანსი“ დავსახეთ, სიმპტომებთან გამკლავებას მხოლოდ მედიკამენტებით ვცდილობთ. საბოლოოდ, დარგი ზედმეტად ბიოლოგიზებული გახდა, უდიდესი ინვესტიციაც ბიომედიცინაში იდება. ძალაუფლება კი ამგვარი მკურნალობის დარაჯებს უპყრიათ ხელთ და პაციენტებს არ აძლევენ უფლებას, თვითონ აირჩიონ მკურნალობის მეთოდი.

„სხეულმა უნდა იცოცხლოს. სხეული უნდა იყოს სტაბილურ მდგომარეობაში. სულზე არ ფიქრობენ. იქნებ მირჩევნია, ერთი თვე ვიცხოვრო ნეიროლეპტიკების გარეშე, რისკის ქვეშ ვიყო, მაგრამ ეს მე ვიქნები და არა ზომბი, კომბოსტოსავით, უემოციო. არ მესმის, თუ ეს მხოლოდ ბიოქიმიური დარღვევაა ორგანიზმში, მაშინ ინტენსიური ფსიქოთერაპიით რატომ გამოვდივარ ხოლმე მდგომარეობიდან?“ – კითხულობს ოლგა.


მედიკამენტოზური მკურნალობა საქართველოშიც წამყვანი მეთოდია. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში, რომელიც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, მედიკამენტები დაბალი ხარისხისაა, სპექტრი შეზღუდული და რაოდენობა არასაკმარისი (საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის კვლევა, 2017). ექიმები ამბობენ, რომ პაციენტები უფასო წამლების მისაღებად, რიგში საათობით დგანან.

ქვეყანაში სულ სამი რეაბილიტაციის ცენტრია, რომლებიც პაციენტების მაქსიმუმ 4%-ს შეიძლება სწვდებოდეს. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა, სხვა თერაპია არც კი გაუვლია: არც ფსიქოლოგს გასაუბრებიან, არც ხელოვნებით, კოგნიტურ თუ ბიჰევიორულ თერაპიებს დასწრებიან, არც კრიზისულ ინტერვენციებზე მიუწვდებათ ხელი, რომელიც დაავადების გამწვავების თავიდან აცილებაში დაეხმარებოდათ.

სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხშირია მედიკამენტების ზედოზირების შემთხვევები. უფასო პრეპარატებს უმძიმესი გვერდითი მოვლენები აქვს, ამ მეტაბოლური ცვლილების ლაბორატორიული კვლევა კი, საქართველოს სტაციონარებში მთლიანად უგულებელყოფილია.

მიშელ ფუკო „სიგიჟესა და ცივილიზაციაში“ წერს, რომ სიგიჟე კულტურული კონსტრუქტია და როდესაც მასზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია არა თვითონ დაავადება, არამედ ის, თუ როგორ იცვლება ამ დაავადების გაგება და მისი მართვის გზები.

დღეს მედიცინა განსხვავებულად უყურებს არა მხოლოდ მკურნალობის მეთოდებს, არამედ საზღვრებსაც, რომლებსაც „გიჟებს“ წარსულში უწესებდნენ. წლები დასჭირდა „კაცობრიობისათვის სასარგებლო“ ანდა „ზედმიწევნით ჰუმანისტურ“ იდეებად გასაღებული მიდგომების გადახედვას.

პაციენტებთან მუშაობის საბაზისო წესები ძალიან ნელა იცვლება.

ეს პროცესი მეურვეობის სისტემის გაჩენით დაიწყო. თავიდან მეურვე ენიშნებოდა ყველას, ვისაც სასამართლო ქმედუუნაროდ აღიარებდა, რაც ყველა სამოქალაქო უფლების დაკარგვას ნიშნავდა. ადამიანის ნებისმიერი სურვილი მეურვეს უნდა დაემოწმებინა, ძალაც მხოლოდ მეურვის ხელმოწერას ჰქონდა. ქმედუუნარო ადამიანს აღარ რჩებოდა უფლება, თავად გადაეწყვიტა, როდის ან რა გზით სურდა მკურნალობა, რაში დაეხარჯა პენსია, ჩამორთმეული ჰქონდა ქორწინების, შვილების აღზრდის, არჩევნებში მონაწილეობის და სხვა უფლებები. მეურვეს პაციენტის შეთანხმების გარეშე შეეძლო სასამართლოში სარჩელის შეეტანა. იმ შემთხვევაში, თუ ქმედუუნარო ადამიანის უფლებებს ვინმე დაარღვევდა, იგი ვერავის მიმართავდა, ვერ დაიქირავებდა ადვოკატს და ვერც სასამართლო პროცესში მონაწილეობას შეძლებდა.

2015 წლიდან ტერმინები მეურვე და ქმედუუნარო აღარ იხმარება. დღეს ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მდგომარეობას აფასებს მთელი გუნდი – ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სოციალური მუშაკი. დასკვნას ინდივიდუალურად წერენ: შესწევს თუ არა პაციენტს ძალა, დამოუკიდებლად მართოს სიმპტომები; შეუძლია თუ არა, გონივრულად გამოიყენოს პენსია, მოიმზადოს საჭმელი, დაიცვას ჰიგიენა, მიხედოს საკუთარ გარემოს და სად სჭირდება სხვისი დახმარება. საბოლოოდ, პაციენტისა და მხარდამჭერის ურთიერთობის დეტალებს სასამართლო ადგენს. თუმცა, იურისტი ნანა გოჩიაშვილი ფიქრობს, რომ პროგრამამ ჯერჯერობით, მხოლოდ სახელი იცვალა. მაგალითად, მხარდამჭერებად, დიდწილად, ყოფილი მეურვეები დარჩნენ, რომელთა უმრავლესობა ამ ორ ცნებას შორის სხვაობას ისევ ვერ ხედავს. მათ გადამზადების პროგრამა ჯერ არ გაუვლიათ. „პროცესი მექანიკურია. როგორ უნდა იმოქმედო, რომ გაუწიო მხარდამჭერობა და არა ისევ მეურვეობა – ეს არ ვიცით“, – ამბობს სოციალური მუშაკი ლალი წულეისკირი.

ევროპასა და აშშ-ში ნელ-ნელა მრავლდება პროგრამები, სადაც იძულებითი მკურნალობის ფორმები უარყოფილია და პრეპარატების გამოყენებაც უკიდურეს შემთხვევებშია დაშვებული. ამ პროგრამების ამოსავალი წერტილი, პაციენტის სურვილები და მოთხოვნებია. თავშესაფრებსაც ხშირად ისინი ქმნიან და მართავენ, ვისაც პირადად აქვთ გამოცდილი ფსიქიკური პრობლემები. ეს ისეთი სივრცეებია, სადაც თანამშრომლები განკარგულებებს კი არ იძლევიან, არამედ მდგომარეობიდან გამოსვლის ინდივიდუალურ სტრატეგიას პაციენტსა და მის ოჯახთან ერთად სახავენ.

ოლგა ამბობს: „დღეს უკვე ადამიანები ტრენინგებზე სწავლობენ, როგორ ისაუბრონ საკუთარ ხმებთან. კი არ უნდა შეგეშინდეს ამ უჩვეულო გამოცდილებების, კი არ უნდა გაიქცე და დალიო წამალი. არა. უნდა გაიგო, რას ამბობს ხმა, სიტყვები გაარჩიო.

ერთი გოგო ჰყვებოდა, რომ უცხო გარემოში მოხვდებოდა თუ არა, საკუთარი ხმა გაქცევას სთხოვდა. გოგო მაშინვე წამლებს სვამდა და ხმის გაქრობას ცდილობდა. ტრენინგზე პირველად გაიგო, რომ ხმისთვის კითხვების დასმა შეეძლო. ხმამაც უთხრა, რომ უცხო ადამიანების ძალიან ეშინოდა, გაქცევას ამიტომ სთხოვდა.

დღეს მობილურის ფუტლარებსაც ყიდულობენ. ცარიელი კარკასებით დადიან. წარმოიდგინეთ, გამვლელისთვის ის ტელეფონზე ლაპარაკობს, ამ დროს კი საკუთარ ხმას ესაუბრება. ისე, რომ ამას ვერავინ ამჩნევს.

იცი, გზების ძიებაში
დახმარებაა ნამდვილი დახმარება.

სხვა ადამიანების არაადეკვატური ქცევები დასაშვებია. ადამიანი კი, ფსიქიკური დიაგნოზით, მუდმივად ეჭვქვეშაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ თავზე მუდმივად კიდია ხანჯალი. გვეშინია, რამე არასწორად არ გაიგონ, არასწორი ზომები არ მიიღონ.

მე რომ წამლებით ტვინის სხვა ნაწილებიც დავბლოკო, არც რეალიზებული ვიქნები და ვერც პრობლემას მოვაგვარებ. ამ დროს, პირიქით, ზედმეტ დოზას ნიშნავენ უსაფრთხოებისთვის. საზოგადოების ჩვენგან დაცვას ცდილობენ. ფსიქიატრიაში გამომწყვდეული ადამიანები კი, კვდებიან ჩუმად“.

გრაფიკული დიზაინი: WER MICHELLE

ვებ დეველოპმენტი: დავით მაკარიძე