როგორ გასცემს მშენებლობის ნებართვას მერია
რა შეიცვალა ახალი მერის არჩევის შემდეგ?
ერთი წლის წინ, როდესაც თბილისმა ახალი მერი აირჩია, ქალაქში ყოველწლიურად 1200 მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობაზე გაიცემოდა ნებართვა. ძველი ადმინისტრაციის დროს, თბილისის ზონალური საბჭო მხოლოდ ტექნიკურად განიხილავდა პროექტს და არ აფასებდა მთავარს - მშენებლობის გავლენას გარემოსა და საზოგადოებაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში.
თბილისს ერთი წელია ახალი მთავრობა ჰყავს.
ჩვენი კითხვებია:
- შეიცვალა, თუ არა ახალი მშენებლობების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი?
- რას გულისხმობს ქალაქის მერი ღია მმართველობასა და “პირდაპირ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან”?
ქალაქის ადმინისტრაცია, არა ერთ საჯარო გამოსვლაში, თავად აღიარებს, რომ ქალაქი ეკოლოგიური კრიზისის წინაშეა, მასიურად მცირდება და კერძო ინტერესებს ეწირება საჯარო სივრცე, კულტურული მემკვიდრეობა.
ახალმა ხელისუფლებამ პირველ რიგში, ზონალური საბჭო გააუქმა. შეიცვალა პრაქტიკაც და დღეს ყველა სამშენებლო პროექტი მერიის სხვადასხვა სამსახურის ჩართულობით განიხილება. ახალი მერის არჩევის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის გასაცემად, დამატებით აუცილებელი გახდა სამშენებლო პროექტთან ერთად გამწვანების პროექტის წარმოდგენა.
საკანონმდებლო ხარვეზები
თუმცა, გატარებული ცვლილებები მხოლოდ ფასადურია - და მათი მდგრადობა ქალაქის მთავრობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. კვლავ ძალაშია კანონი, რაც გარემოსა და საზოგადოების წინააღმდეგ, ინვესტორის მიერ დაბალი განაშენიანების და სარეკრეაციო სივრცეებში მაღალსართულიანი კორპუსების და სასტუმროების მშენებლობის შესაძლებლობას ტოვებს.
კანონი არ ავალდებულებს მშენებელს წარმოადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, თუ სამშენებლო ტერიტორია 10 ჰექტარზე ნაკლებია. გამწვანების პროექტების წარმოდგენის მიუხედავად, ისევ არ არის კანონით გაწერილი კრიტერიუმები, რაც ნარგავის დაავადებას ან/და მისი გადარგვის აუცილებლობას დაასაბუთებდა.
საჯაროობა, მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების პროცესში
ახალი მმართველობის მოსვლის შემდეგ დამატებითი წინაღობები გაჩნდა მოქალაქეებისთვის, ვისაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა სურთ. მერია როგორც წესი, არ მიიჩნევს საჭიროდ მოქალაქეების ჩართვას მშენებლობის ნებართვის განხილვებში, ხოლო საკუთარი ინიციატივით ჩასართავად, მოქალაქეებს ახალი წესის თანახმად, მათი მოთხოვნის სამართლებრივად დასაბუთება მოუწევს, ყველა არსებული ნორმისა და საკანონმდებლო აქტის მითითებით. ეს პირობა პროცესში მონაწილეობიდან გამორიცხავს ყველა ადამიანს, ვისაც ხელი არ მიუწვდება სამართლებრივ დახმარებაზე, არ იცის სამართლებრივი ნორმები და არგუმენტაციის გამოხატვა მხოლოდ ყოფითი პრობლემების აღწერით შეუძლია.
შესაბამისად, რთულდება ნებართვების პროცესში მოსახლეობის, მათ შორის, სამეზობლო ჯგუფების ჩართვა. ზონალური საბჭოს გაუქმების შემდგომ, არქიტექტურის და ურბანული სამსახურები თავად განიხილავენ საკითხებს. საჯარო განხილვები, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, მერიაში ნებართვის გაცემის არც ერთ სტადიაზე აღარ იმართება. სხდომებს ატარებს ისტორიული საბჭო თუმცა, ამ საბჭოს განსახილველი საკითხისა და სხდომის თარიღის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ქვეყნდება საჯაროდ.
ინფორმაციის მოძიების პრობლემები
ქალაქში მიმდინარე გარემოს და საჯარო ინტერესის დამაზიანებელი მშენებლობების შეჩერების მიზნით, მერია ხშირად მიმართავს ადგილმონაცვლეობის მეთოდს, თუმცა საზოგადოებისთვის, როგორც წესი დაფარული რჩება ინფორმაცია, თუ რომელ ტერიტორიაში იცვლება ესა თუ ის მიწის ნაკვეთი. მოსახლეობისთვის, როგორც წესი უცნობია რა არის მშენებლობის შეჩერების ფასი - ხომ არ გაიცვალა ნაკვეთი კიდევ უფრო მნიშვნელოვან საჯარო სივრცეებში.
ისევ რთულია მიმდინარე მშენებლობებზე ინფორმაციის ინტერნეტით მოძიება. მართალია ურბანული სამსახურის ვებ გვერდზე ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომია, მაგრამ სამაგიეროდ, არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე მშენებლობაზე ინფორმაციის მოძებნა თავსატეხის ამოხსნას ჰგავს. ასევე რთულია რაიმეს გარკვევა სამშენებლო მოედანზე განთავსებული საინფორმაციო დაფიდანაც, რომელიც დეტალურად უნდა აღწერდეს პროექტს, მითითებული იყოს საქმის ნომერი, საკადასტრო კოდი, მშენებლობის დაწყების და დასრულების თარიღი.
ასეთი საინფორმაციო დაფა ზოგჯერ ჩნდება მაშინ, როდესაც სამუშაოები უკვე დაწყებულია, ან დაფაზე განთავსებული ინფორმაცია იმდენად მწირია, რომ პროექტზე მეტი ცნობების მოძიების საშუალებას არ იძლევა.
გავლენიანი დეველოპერები
კალაძის მმართველობისას დაიწყო რეფორმები, თუმცა სისტემური პრობლემები კვლავ აქტუალურია იმ საქმეებში, სადაც პრივილეგირებული დეველოპერები ფიგურირებენ. პრივილეგირებული დეველოპერებისთვის სამშენებლო პროექტების განხილვა და მშენებლობის ნებართვის გაცემა, მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გარეშეა შესაძლებელი, იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მშენებლობას საჯარო ინტერესი უპირისპირდება.
ასეა დიღმის ტყეპარკში, სადაც საკონცერტო დარბაზის მშენებლობა იგეგმება, მზიურის პარკში ახალი სასტუმროსთვისაა შერჩეული ნაკვეთი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის უკან, კი სარეკრეაციო ზონაში, მრავალსართულიანი ოთხი კორპუსი უნდა აშენდეს.
კვლევის ავტორი:ანანო ცინცაბაძე
არტ დირექტორი:დათო მსახურაძე
ვებ-დეველოპერი:დავით მაკარიძე
მუსიკა:Lobo Loco. Everglades
მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
2019 წელი