სოლოლაკი

10 წლის შემდეგ

სოლოლაკელებმა ტურიზმის ტრენდებს ადვილად აუღეს ალღო და საკუთარი უბნის ისტორიის, სიძველის კომერციალიზაცია დაიწყეს.

ბინების გაქირავება შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა. ამ პრაგმატული გადაწყვეტილების კვალდაკვალ კი, უბანში თანდათან დაიკარგა სივრცეები - საერთოც და პირადიც. ისინი სავაჭრო ობიექტებმა და ტურისტებმა დაიკავეს.

გიდები ტურისტებს, როგორც წესი ალექსანდრე პუშკინის სკვერში კრებენ, იქ არის თბილისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, იქვეა ღია ავტობუსების ბილეთების სალაროც.

ზურას უკვე მესამე წელია ტურისტები ქალაქის სხვადასხვა უბანში დაჰყავს. ყველაზე ხშირად სოლოლაკში, რადგან უმეტესობა სწორედ ამ უბანს ირჩევს ქალაქის გასაცნობად

ტური ლეონიძის ქუჩიდან იწყება და ასათიანის ქუჩის ბოლომდე ჯგუფი 9 საცხოვრებელ სახლთან ჩერდება. ზურა სოლოლაკის ისტორიას ამ სახლების მაგალითზე ჰყვება.

ჯერ ექსტერიერზე, არქიტექტურულ დეტალებზე, აივნებსა და კიბის დეკორზე ელაპარაკება, მერე ამ სახლის ბინადრებს იხსენებს. ეს ამბები, სახელები და გვარები ყველას ერთნაირად არ აინტერსებს.

სიტუაცია რადიკალურად იცვლება, როცა ზურა შენობის სადარბაზოს დაკეტილ კარზე დაშიფრულ კოდს აკრეფს და თხუთმეტამდე ადამიანს სახლის სადარბაზოში შეუძღვება.

კიბეზე ზურა ტურისტებს აფრთხილებს, რომ ჩუმად იარონ და ხმამაღლა არ ილაპარაკონ, რადგან მეზობელი, რომელმაც სახლს კლიტე დაადო, დიდი ხანია გადაიღალა საათში ერთხელ საკუთარ სამზარეულოში, სააბაზანოსა და შუშაბანდში უცხო ადამიანებთან შეფეთებით.

ამ სახლების ექსპონატები ცოცხალი ადამიანები არიან. მათ მიმართ ასეთი მოთხოვნაა: უნდა იყვნენ კეთილგანწყობილები და ხელგაშლილები დახვდნენ სტუმრებს, რადგან ტურიზმის განვითარების ახალმა ტენდენციებმა მათ თითქოს ავტომატურად მიანიჭა როლები - უმასპინძლონ ძველ უბნებში „თბილისური ეგზოტიკის“ მაძიებელ ტურისტებს და დაუნანებლად შეუშვან თავიანთ ყოველდღიურობაში, მიაქირაონ თავიანთი პატარა და სახელდახელოდ გარემონტებული ბინები.

ხშირად ამ თანამედროვე სტილზე მორთულ სახლებში შესაღწევად სტუმრებს მორღვეული, ძველი კიბის, ან მეზობლების სახლიდან გამოყრილი ძველმანებით სავსე შუშაბანდის გავლა უწევთ - ასეთია გზა თბილისური კოლორიტისკენ, რომელსაც სტუმრები ორ ღამეში უნდა ჩაწვდნენ.

ჭერის სიმაღლე 4 მეტრი და 64 სმ-ია, არც ისე მაღალია სოლოლაკში მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული სახლის კვალობაზე. ჭერი და კედლები შეღებილია, სამაგიეროდ, ჭაღის ირგვლივ ჩუქურთმა თითქმის პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული.

დაზუსტებით ვერ იტყვით, რა დანიშნულება ჰქონდა ოთახს ადრე, ახლა ამ ბინაში ბარია, ბარი და ჰოსტელი ერთად. კობუს ლოურენსი საქართველოში სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა და თბილისში გაიცნო მაშა.

მაშა საქართველოში დაიბადა, რუსეთში გაიზარდა და ორი წლის წინ დაბრუნდა უკან.

„რომ ჩამოვედი, არც ფული მქონდა და არც გეგმა, - ამბობს კობუსი, - ერთი იაფფასიანი ჰოსტელი მქონდა დაჯავშნილი სადღაც სოლოლაკში. ის ჰოსტელი ამ სახლში იყო პირველ სართულზე, მეორე სართულზე მაშინ არაფერი ხდებოდა.

უბრალოდ, აივანი მომეწონა და ხანდახან, იქ ინგლისურის გაკვეთილებს ვატარებდი. ჰოსტელის პატრონს დავუახლოვდი, ცოტა ხანში მითხრა, ეს საქმე აღარ მაინტერესებს და აქაურობის გაყიდვა მინდაო.

მაშას უკვე ვიცნობდი. ისიც ვიცოდი, რომ სასტუმროების მართვა აინტერესებდა და თბილისის ისტორიულ უბნებში ეძებდა სახლებს.“

„ჯერ სახელზე დავიწყეთ ფიქრი, ჰყვება მაშა ჩეხოვა.

- ამ ბინის მომიჯნავედ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, მსახიობი და დრამატურგი, ვალერიან გუნია ცხოვრობდა.

ბევრი არ გვიფიქრია, დავგუგლეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ეს კაცი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ქართული თეატრის ისტორიაში. მისმა ბიოგრაფიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. აქვე პირველ სართულზე მის შთამოვალებს ვთხოვეთ, რომ ჰოსტელისთვის მათი დიდი ბაბუის სახელის დარქმევის ნებართვა მოეცათ, უარი არ უთქვამთ. მათთან რომ მივედით ასე მეგონა ორი საუკუნით უკან ვიმოგზაურე და მივხვდი, რომ იგივე ატმოსფერო უნდა შეგვექმნა ჩვენს ჰოსტელშიც.

ინგლისურ ვიკიპედიაში წავიკითხეთ, რომ ვალერიან გუნიას შინაურები “ვალიკოს” ეძახდნენ, საუკეთესო ვერსიაა სახელწოდებისთვის, ადვილად გამოითქმის და გამახსოვრდება, ასე გადაწყდა ვალიკო, ვალერიანის ნაცვლად.

ეს სხვა ტიპის ტურიზმია, აქ შეგიძლია მინიმალური კომფორტით გახვიდე ფონს იმიტომ, რომ უფრო ამბავს და ისტორიას ჰყიდი, ვიდრე კეთილმოწყობილ ოთახს. ნელ-ნელა ვყიდულობდით ავეჯს, ზოგს ძველმანების ბაზრობაზე, ზოგსაც კარდაკარ ვაგროვებდით.

კობუსმა და მაშამ ორ თვეში მოაგროვეს საკმარისი სიძველე ბარის მოსაწყობად. კედელზე, ოქროსფრად შეღებილ ჩარჩოში ერთმანეთს ენაცვლება „სურამის ციხისა“ და ხანაც „ხანუმას“ ეკრანიზაცია, რომელშიც ვალერიან გუნია თამაშობს.

წარსულის რამდენიმე რეკვიზიტს სადარბაზოშიც შენიშნავთ და იქვე, ამ ისტორიული სახლის გამქრალ, არც თუ ისე პატარა ფრაგმენტსაც აღმოაჩენთ. მოხატული ჭერის ეს ფრაგმენტი სახლის ყოფილმა მფლობელებმა სრულიად პრაქტიკული მიზნით ჩამოხსნეს. და ახლა ის, რაც ადრე სადარბაზო იყო, ბარის შესასვლელად იქცა.

სახლი, სადაც ახლა ბარი ვალიკოა, გალაკტიონ ტაბიძისა და ლადო ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე 1896 წელს აშენდა.

სამსართულიანი, ბაროკოს სტილისა და რუსული აგურით ნაგები შენობაა. მესამე სართული ოცდაათი წლის შემდეგ დააშენეს.

მთავარი სადარბაზოს კართან, მოზაიკიან იატაკზე შავი მარმარილოს წარწერა გვეუბნება, რომ სახლი ვინმე ევილინა ტერაკოპოვას ეკუთვნოდა.

პროექტის მიხედვით, პირველ სართულზე ორი ბინა იყო, დამოუკიდებელი სადარბაზოებით.

მეორე სართულზე ერთ დიდ, განსაკუთრებულად კეთილმოწყობილ ბინაში, სავარაუდოდ, სახლის მფლობელები ცხოვრობდნენ.

ასე ხშირად ხდებოდა იმდროინდელ თბილისში, სახლის მეპატრონეები იკავებდნენ ერთ სართულს, ან საუკეთესო ბინას, დანარჩენს კი აქირავებდნენ.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან სოლოლაკში თავისუფალი ნაკვეთები ქალაქის შეძლებულმა მოსახლეებმა აითვისეს. ქუჩები ევროპულ სტილზე დაგეგმეს და ერთმანეთის გვერდით სამი, ან ოთხსართულიანი საცხოვრებელი - ე.წ. შემოსავლიანი სახლები ააშენეს.

ამ სახლების მფლობელები ქალაქის ახლადგაჩენილ ფენას - ნუვორიშებს წარმოადგენდნენ. ეს ძირითადად არაქართველი საქმოსნები ამიერკავკასიაში ვაჭრობით შეძენილ ქონებას, ფაქტობრივად, თბილისის რამდენიმე უბანში, მათ შორის, სოლოლაკში აბანდებდნენ.

ქირაობდნენ ცნობილ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ევროპიდან იწერდნენ ავეჯსა და აქსესუარებს და ახალ ტრენდად ამკვიდრებდნენ ქალაქური ტიპის მდიდრულ ცხოვრებას - იმას, რაც თბილისს მანამდე თითქმის არ ჰქონია.

მფლობელები და არქიტექტორები ერთმანეთს განსაკუთრებით ფასადის მოპირკეთებაში ეჯიბრებოდნენ. სოლოლაკში ამ კონკურენციის შესახებ ლეგენდებიც კი შეთხზეს.

სინამდვილეში ეს ორი შენობა ერთდროულად არ აუშენებიათ და მასკარონებიანი სახლი, ტერ-აკოპოვის სახლის აშენებამდე რამდენიმე წლით ადრე უკვე იდგა. სოლოლაკზე ბევრია ასეთი ლეგენდა.

1920-იანი წლების დასასრულს საბჭოთა ქალაქებში და, ბუნებრივია, თბილისშიც გაკულაკება დაიწყო. კერძო, მდიდრული სახლების მფლობელები საკუთარ საცხოვრებლებშივე შეამჭიდროვეს - საბინაო დეფიციტის აღმოსაფხვრელად. ერთი ადამიანისთვის საცხოვრებელი ფართის ნორმად 9 კვ. მ. დააწესეს და სოლოლაკის მდიდრულ რეზიდენციებში გამოთავისუფლებული ფართი საბჭოთა ელიტას გადასცეს.

სოლოლაკში საცხოვრებლად გადავიდა ლავრენტი ბერიაც. ლეგენდის თანახმად, მან სოლოლაკში მინიმუმ სამ სახლში იცხოვრა. არადა, ბერია მხოლოდ მაჩაბლის 11-ში 1931- 38 წლებში ცხოვრობდა, ის მაშინ საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო, სანამ მოსკოვში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად გადაიყვანდნენ. იმავე სახლში შესახლდნენ პარტიული მაღალჩინოსებიც.

ბერია რუსულენოვანი ტურების მთავარი პერსონაჟია სოლოლაკში. სახლის ისტორიული ღირებულება ზოგჯერ იმითაც იზომება, ცხოვრობდა თუ არა იქ ბერია, მეზობლად მაინც, ან იქნებ სტუმრად დადიოდა…ვალერიან გუნიას სახლში, ასათიანის 21-ში, ბერია მართლაც მიდიოდა ხოლმე სტუმრად.

სახლის ერთ ნაწილში ახლა ჰოსტელი „ვალიკოა“, გადატიხრული კედლის მიღმა კი, ვალერიანის შვილთაშვილი ნინა გუნია ცხოვრობს დედასთან ერთად.

„საშემოსავლო სახლები ისე იყო დაგეგმარებული, რომ იოლად გადაეწყო კომუნალურ საცხოვრებლებად, - ამბობს არქიტექტურის მკვლევარი და ახლა უკვე ქალაქის მერიის ურბანული საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ნანო ზაზანაშვილი, - არსებობს ვერსია, რომ 1930-იან წლებში სოლოლაკის სასახლეები უმეტესად ნაძალადევიდან გადმოსულმა ხალხმა შეავსო.

მეც ვიკვლიე, მაგრამ ის ამბავი, თითქოს შემჭიდროვების პირველ წლებში მუშებმა იხუვლეს და სოლოლაკის დარბაზებში შესახლდნენ, არ დადასტურდა. მასობრივი მიგრაცია შეიძლება უფრო ომის მერე დაიწყო, როცა ხალხი რაიონებიდან ჩამოვიდა და „მდიდრების“ სახლებში ბინები დაინაწილა“.

ხშირად მომიჯნავე ოთახების ბინადრებს მეზობლები მხოლოდ იმიტომ ასმენდნენ, რომ მათი ფართის მითვისებით საკუთარი საცხოვრებელი სივრცე გაეფართოვებინათ. ასე მოხდა ცნობილი კომერსანტის ბოზარჯიანცის სახლშიც - შემჭიდროვების შემდეგ, ბოზარჯიანცის შვილს ერთი ოთახიღა დარჩა.

იმდროინდელ რუსულ გამოცემებში ვკითხულობთ, რომ გადატიხვრასა და ფართების გადაკეთებაზე სახელმწიფომ სუბსიდიაც კი გამოჰყო. ეს ტიხრები და დავიწროვებული დერეფნები კომუნალური ცხოვრებიდან თავის დაღწევის შედეგია, რომელიც თბილისში 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო.

მობინადრეებმა ერთმანეთთან დაიწყეს მოლაპარაკება, და ჯერ გაიყვეს სამზარეულოები და დერეფნები, დაინაწილეს 3-5 კვადრატული ფართის აივნები, მერე კი საერთო საკუთრებასაც მიადგნენ: კიბის უჯრედს, სადარბაზოს ვესტიბიულს, საერთო სათავსოებს, სადარბაზოს კარსაც კი.

1991 წლის პრივატიზაციის შემდეგ, ზეპირი შეთანხმებებით დანაწილებული ტერიტორიები ოფიციალურად მიაკუთვნეს სახლების ცალკეულ ბინადრებს

ეს იმ სათავსოს ნაწილია, რომელიც მათ ბინებს შორისაა ვაკანტურად მოქცეული. 1990-იან წლებში უძრავი ქონების სამართლიანი გადანაწილება ამას გულისხმობდა: როგორი პატარაც არ უნდა ყოფილიყო ფართი, მას ტოლ ნაწილად ჰყოფდნენ და ყველა მეზობელს უფორმებდნენ.
ამ სათავსოებსა და საერთო ფართებში შეიძლება არც არასოდეს ეცხოვრათ, მაგრამ საკუთრებად გაფორმებული კვადრატული მეტრები მნიშვნელობას და ფასს მაშინ შეიძენდნენ, როცა სახლებით ინვესტორი დაინტერესდებოდა.
ასათიანის #21-ში, მეორე სართულზე, საერთო დერეფანში მეზობლად ცხოვრობენ ხათუნა წულაძე და ლაურა კაბესნაძე. წლებია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და სასამართლოში 7 კვადრატულ მეტრ ფართზე დავობენ.

ხათუნას ბინა საერთო დერეფნის შუაგულშია მოქცეული და დაახლოებით 20 კვადრატული მეტრია.

კორიდორიდან ნელ-ნელა ქრებიან ხათუნას კარის მეზობლები, ეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მეზობელმა, თითქმის ყველა მომიჯნავე ოთახი შეისყიდა, გაარემონტა და დღიურად აქირავებს.

შენობის პირველი სართულის 80 პროცენტი უკვე კომერციალიზებულია - ბოლო თავისუფალი საცხოვრებელი ფართი, ერთი თვის წინ მაშამ და კობუსმა შეიძინეს. სულ მალე აქაც ანტრესოლიანი ბინა მოეწყობა და გაზაფხულისთვის ალბათ airbnb-ზეც გამოჩნდება.

ამ პატარა ოთახებში მყუდრო ანტრესოლების დამატება მარტივი და მომგებიანი გადაწყვეტილებაა. ეარბიენბის სტატისტიკით, ასეთი ოთახები მთაწმინდაზე, დღიურად საშუალოდ, 35 დოლარად ქირავდება და ხშირად უფრო მეტადაც, ვიდრე რამდენიმეოთახიანი აპარტამენტი

ანტრესოლი ბევრად ადრე გახდა ინტერიერის ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტა. ალა სვერჩკოვა მთელი ცხოვრებაა მაჩაბლის #17-ში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს: „ჩვენს სახლებში სიგანეში ვერ დაეტევი, მაგრამ რა კარგია, რომ სიმაღლეში შეგიძლია დაეტიო“. ალამ სამზარეულოც, მისაღები ოთახიც და საძინებელიც ერთ ოთახში მოათავსა, დერეფნის ბოლოს კი, ორი საერთო ტუალეტიდან ერთი საკუთარ სახელზე გადაიფორმა.

ალა სვერჩკოვას სახლი სოლოლაკში ყველა ტურისტულ მარშუტში ხვდება. სახლის პირველ სართულზე დიდი რესტორანია, ჰოსტელიც არის, რამდენიმე ბინა დღიურადაც ქირავდება. წლების წინ, შენობა კაპიტალურად გაამაგრეს და რესტავრაციაც ჩაუტარეს, რამაც ამ შენობაში უძრავი ქონების ფასი საგრძნობლად გაზარდა.

თუმცა, ინტენსიური კომერციალიზაციის მიუხედავად, სოლოლაკში მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო პირობები მაინც არ უმჯობესდება, მათი ნაწილი კი, ისევ ავარიულ სახლებში ცხოვრობს.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, თვითნებურმა მშენებლობამ შენობების საყრდენი კედლები დააზიანა, ამას მიწისქვეშ გამავალი გრუნტის წყლებიც დაემატა და სახლებმა ნელ-ნელა ნგრევა დაიწყო. ბოლო ოთხ წელიწადში მთაწმინდის რაიონში 61 ავარიული შენობა კაპიტალურად გაამაგრეს. მიუხედავად ამისა, 286 სახლი კვლავ ავარიულია. მათგან 80 სოლოლაკშია.
ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე შემოსავლიანი რაიონის გამგეობა წელიწადში სამ მილიონ ლარზე მეტს სოციალურ შემწეობაზე ხარჯავს, რაც მათი წლიური ბიუჯეტის 24 პროცენტია. ამ თანხიდან ნახევარ მილიონზე მეტი ხმარდება უსახლ-კაროებსა და იმ მობინადრეებს, რომლებიც ავარიული სახლებიდან გაასახლეს.
„ჩვენ მიმართ არის ასეთი მოთხოვნა, - ამბობს მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი, გიორგი კირკიტაძე, - გამგეობამ გამიკეთოს, გამირემონტოს, რომ მე ფული ვიშოვო. ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ თუ ფლობს საკუთრებას და თუ უნდა რომ ეს საკუთრება გადააქციოს ბიზნესად, სასტუმროდ, კაფედ, გასაქირავებელ ოთახად, სახელმწიფო არ არის ვალდებული მის კერძო კომერციულ ინტერესში ფული ჩადოს.

სახლი გაგვიმაგრებია, მოგვიწესრიგებია და რამდენიმე თვეში აღმოგვიჩენია, რომ ადამიანებს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესაბაში კი არ მივეხმარეთ, კონკრეტულ ბიზნესმენს კაპიტალური რემონტი გავუკეთეთ სასტუმროში“.

მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი ამბობს, რომ ჰოსტელებისა და წვრილი ტურისტული ბინების მოწყობის ტენდენცია სოლოლაკში დროებითია. 5-10 წლის შემდეგ ის თავის რესურსს ამოწურავს.

„მერე უკვე სხვაგვარად უნდა განვითარდეს უბანი და აქ ისეთი ტურისტები ჩამოვიდნენ, რომლებიც დღეში, საშუალოდ, 700-800 ევროს ხარჯავენ. ასეთებს უკვე სხვა მოთხოვნები აქვთ. ჰოსტელები და გასაქირავებელი ოთახები სასტუმროდ უნდა გადაკეთდეს და იქ ღამის გათევა დაახლოებით, 150 ევრო უნდა ღირდეს. ჩვენც არ უნდა დავუშვათ, რომ სოლოლაკში ტურისტებმა 50 წლის შემდეგაც შეძლონ ღამეში 20 დოლარად დარჩენა. ფასიცა და ტურიზმის კლასიც უნდა ამაღლდეს“.

სოლოლაკის მაღალი კლასის ტურისტული დანიშნულების ადგილად გადაქცევას განსხვავებულად უყურებს ნანო ზაზანაშვილი.

„სოლოლაკში პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული. ჯერ იმის აღიარებაა საჭირო, რომ ამ უბნის ცალკეული სამეზობლოები მობინადრეებისგან იცლება. თუ ასე გაგრძელდა, სოლოლაკში მაცხოვრებელი აღარავინ დარჩება. ეს იქნება მხოლოდ კომერციულ მოგებაზე გათვლილი ტერიტორია - უბანი ტურისტებისთვის.

ეს ადგილი განვითარდა, მცირე მეწარმეები შემოვიდნენ და აუცილებლად გასაანალიზებელია, სად მიდის ეს ფული, რა გადასახადები შედის სახელმწიფოში?

ჩემთვის კონცეპტუალური კითხვაა - რა არის თბილისი. ეს კონცეფცია მხოლოდ ფულში კონვერტირდება? გვაქვს ქალაქის ნაწილები, რომლებსაც მოგება მოაქვს, თუ გვინდა, რომ გვქონდეს ფასეულობათა ურბანული სისტემა? ბევრი პლასტი აქვს ამ კითხვას, და თუ შევთანხმდებით, რომ თბილისის ურბანული სოციალური ქსოვილი შესანარჩუნებელია, მაშინ ბევრი პრობლემა ჯერ უნდა ვაღიაროთ და შემდეგ მოვაგვაროთ.
თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური გეგმავს თბილისის ისტორიული ნაწილისთვის ახალი რეგულაციების დაწესებას. საჭიროა ძალიან მკაფიო რეგულაციები, რომ თბილისმა თავისი არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი სტრუქტურის შენარჩუნება შეძლოს. მოსაფიქრებელია ისიც, როგორ შეიქმნას სისტემა, რომელიც წარმატებულ საერთოშირისო გამოცდილებას დაეყრდნობა.

სიუდად ველლას ბარსელონას ერთ-ერთ უძველეს რაიონს, წლების წინ ტურისტები, დეველოპერები და სხვადასხვა ბიზნესის მფლობელები შეესივნენ.

ასეთი იყო ქალაქის მეთაურების პოლიტიკა ოცი წლის მანძილზე - სიუდად ველლაში, რაც შეიძლება მეტი ტურისტი უნდა მიეზიდათ. თუმცა, ვითარება 2015 წელს, ახალი საბჭოს არჩევის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა.