ხედი დაგმანული ფანჯრიდან

ნინო რამიშვილის ქუჩის ჩაყოლებაზე, ერთ პატარა ჩიხს „მზიურის“ პარკი ესაზღვრება. ზუსტად პარკის მიჯნაზე, ქუჩის ბოლოს, ნელი ნარჩემაშვილი ცხოვრობს.

 

ორი წლის წინ, რამიშვილის მახლობლად, ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ქუჩის ხმაური არ აღწევდა. ნელის სახლის ფანჯრებიდან გორაკის ფერდი ჩანდა, მრავალწლიანი ხეებით.

ჩიხში, ერთ დღესაც, ტრაქტორი გამოჩნდა.

ასე გაიგო ნელიმ, რომ მის მეზობლად დიდი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

მეზობლებს ხელოსნებმა უთხრეს, რომ სამი ახალი 14-სართულიანი კორპუსი ორ წელიწადში დასრულდებოდა. ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული სახლებიდან ერთ-ერთი, წესით, ნელის ფანჯრების წინ, ხუთ-შვიდ მეტრში უნდა აშენდეს.

ჯერ ხეების გაჩეხვა დაიწყეს.

კომპანიისთვის გაცემულ ნებართვაში ეწერა, რომ მშენებელს კერძო მიწაზე ხილკენკროვანი ხეების მოჭრისთვის ნებართვა არ სჭირდებოდა.

„არადა, ფანჯრიდანაც ჩანდა, იქ მხოლოდ ხილკენკროვანი ხეები არ იდგა – კედარიც იყო, ჭადარიც, ცაცხვიც. ერთი პალმაც იდგა“, – ამბობს ნელი.

მერიაში წერილები გაგზავნა.

წერდა, რომ მისი სახლის წინ დიდი მშენებლობა დაიწყო, ჭრიან ხეებს, მძიმე ტექნიკა ქუჩასაც აზიანებს. ვიწრო ჩიხი უკვე ჩახერგილია და ცოტა ხანში მრავალსართულიანი სახლების მანქანებს ქუჩა ფიზიკურად ვეღარ დაიტევს – მოძრაობა უბრალოდ გაჩერდება.

რომ, მის წინ კორპუსები მთლიანად დაჩრდილავს მზეს, დააბნელებს „მზიურის“ პარკსაც. წერილს მეზობლებიც აწერდნენ ხელს და პროექტის განხილვაზე დასწრებას ითხოვდნენ.

მერიიდან უპასუხეს, რომ მათ მოთხოვნაზე იმსჯელებენ.

თუმცა, სანამ ნელი და მისი მეზობლები პასუხს ელოდნენ, მშენებლობისთვის ტერიტორია ოთხმოცდაათამდე ხისგან გაწმინდეს.

პირველი კორპუსის ჩონჩხს სწრაფად ემატებოდა სართულები, მეორე კორპუსის საძირკველიც ჩაასხეს.

„მანამდე ჩვენი ფანჯრების წინ ციყვები დარბოდნენ, აივანზეც ხტებოდნენ ხოლმე, – ჰყვება ნელი

– ახლა აღარც ციყვები არიან და არც ჩიტები. კატებიც კი წავიდნენ“.

ნელი ვეღარც შვილიშვილს ასეირნებს „მზიურში“. საბავშვო მოედანზე მტვერი დგას და სამშენებლო ნაგავი ყრია.

მესამე კორპუსი სარეკრეაციო ზონაში იჭრებოდა, სადაც კანონით მხოლოდ პარკის დამხმარე ნაგებობების აშენება შეიძლებოდა, მაგალითად, მომცრო ზომის ფარდულის ან ერთსართულიანი, პატარა კაფესი.

ზონალურმა საბჭომ კი ჯერ ეს სარეკრეაციო ზონა საცხოვრებელ ზონად აქცია, შემდეგ კი დასაშვები კოეფიციენტი 2.5-დან 9.9-მდე გაზარდა და კომპანიას, ფარდულის ნაცვლად, 14-სართულიანი კორპუსის აშენების უფლება მისცა.

კანონით მიწისთვის სტატუსის შეცვლა მხოლოდ ძალიან იშვიათი გამონაკლისი უნდა იყოს. ინვესტორმა მუნიციპალიტეტი უნდა დაარწმუნოს, რომ მშენებლობის გავლენა გარემოზე სრულადაა შესწავლილი და დაამტკიცოს, რომ მწვანე საფარის მოსპობით, ან დადგენილზე უფრო დიდი ნაგებობის აშენებით, არც გარემოს დააზიანებს და არც ადგილობრივ მოსახლეობას გაურთულებს ცხოვრებას. ან, თუკი მშენებლობას ზიანი მაინც მოაქვს, კომპანიას მისი აღდგენის დეტალური გეგმა უნდა ჰქონდეს, რომელიც მეცნიერულ კვლევას ეფუძნება.

თუმცა, ქალაქის მუნიციპალიტეტი სარგებლობს კანონის ჩანაწერით და ნებართვის გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წესით, ღია დისკუსიის გარეშე გასცემს (კვლევა „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“, 2017). „სონნეთ ქონსთრაქშენის“ მშენებლობის ნებართვებში არც ზონალური ცვლილებების, არც კოეფიციენტების გაზრდის გადაწყვეტილების მიზეზებია ახსნილი და არც რისკებზე ან ზიანის კომპენსაციაზეა საუბარი, რაც უკვე სამართლებრივი დარღვევაა.

ქალაქის მერიას, პარალელურად, ნელი ნარჩემაშვილისა და მისი მეზობლებისგან მრავალი პრეტენზია და წერილი აქვს მიღებული, მაგრამ მათ აღარც პასუხობენ.

იქ, სადაც ახლა კორპუსები შენდება, წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან ბარაკები იყო. ტერიტორიაზე შეჭრილმა ხალხმა თავისივე ხელით დაიწყო სახლების აშენება. ხისა და მიწისგან აგებული პატარა მიწურები უკვე ნახევრად დანგრეული იყო – კედლები დაბზარული, ჩამოგრეული ჭერიდან წვიმა ჩამოდიოდა, ზამთარში ოჯახებს გათბობა უჭირდათ. ბარაკებში არ ჰქონდათ არც კანალიზაცია. კუსტარულად მოწყობილი საკანალიზაციო არხი „მზიურის“ პარკს უერთდებოდა და სათამაშო მოედანზე ჩაედინებოდა.

მაშინაც, როცა ვაკე უკვე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი იყო, სადაც დეველოპერები ერთმანეთს უსახური კორპუსების ჩადგმას ასწრებდნენ, ორმოცდაათამდე ოჯახი ამ ბარაკებში ცხოვრობდა. 2017 წელი ისე დადგა, მათი პრობლემებით არც მერია და არც სხვა სამსახურები არ დაინტერესებულან. ოჯახებისთვის ინვესტორის გამოჩენა და მათი სახლების ადგილას მშენებლობის დაწყება ამ მძიმე პირობებისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა აღმოჩნდა.

მართლაც, კომპანიამ საკომპენსაციოდ ოჯახების ნაწილს ბინები, ნაწილს კი თანხა გადასცა. მერიასა და საკრებულოში პროექტის განხილვასაც მხოლოდ ბარაკების მოსახლეობა დაასწრეს. იურისტმა ანანო ცინცაბაძემ რამიშვილის ქუჩაზე მშენებლობის შესახებ შემთხვევით გაიგო. მალე კი აქტივისტების პატარა ჯგუფი გაჩნდა, რომელიც „სონნეთ ქონსთრაქშენის“ პროექტს დაუპირისპირდა და განხილვაში ჩართვა ითხოვა.

„მეც მხოლოდ იმიტომ ჩამრთეს, რომ იურისტი და აქტივისტი ვიყავი, – ამბობს ანანო, – ეს ხალხი ფიქრობდა, რომ უკეთესი ცხოვრების შანსებს ვართმევდი. მერიაშიც და საკრებულოშიც მეუბნებოდნენ, რომ ამ მშენებლობასთან დაპირისპირებით ადამიანების საცხოვრისის გარეშე დატოვებას ვუჭერდი მხარს.

საჯარო ინტერესის დაცვა ერთდროულად ამ ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ქალაქის რეკრეაციული ნაწილის გადარჩენასაც გულისხმობს. მუნიციპალური ორგანოები კი ამ ხალხის საცხოვრისის უფლების დაცვაში, სარეკრეაციო ზონის განადგურებას ცვლიდნენ.

სინამდვილეში, მხოლოდ ინვესტორის ინტერესებს იცავდნენ. ამ ადამიანებს არავინ ეუბნებოდა, რომ მათ კეთილდღეობაზე ინვესტორი კი არა, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს“.

ნელი ნარჩემაშვილმა და მისმა მეზობლებმა ადვოკატი აიყვანეს და ზონალურ ცვლილებას უკვე სასამართლოში ასაჩივრებენ.

„გვინდა, კომპრომისზე წამოვიდნენ, – ამბობს ნელი, – პირველი კორპუსის მშენებლობა მალე დასრულდება. ჩვენ გვინდა, მეორე და მესამე კორპუსები საერთოდ აღარ აშენდეს“.

2010 წელს „მზიურის“ პარკის მიმდებარედ, ვერეს ხეობაში საბურთალოსა და ვაკის დამაკავშირებელი ესტაკადა აშენდა. პირველი საპროტესტო ტალღაც ამ მშენებლობას მოჰყვა – სპეციალისტები და აქტივისტები მეწყერსაშიშ ზონაში ესტაკადის მშენებლობას აკრიტიკებდნენ და საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

ეს ტერიტორია სარეკრეაციო ზონა იყო და ისინი შიშობდნენ, რომ გზის გაყვანა მის გარშემო მასიურ მშენებლობასაც გამოიწვევდა. მართლაც, 2010 წლიდან მზიურის პარკის მიმდებარედ მშენებლობები დაიწყო, მწვანე სივრცე დღითი დღე კლებულობს. მასიური ნაგებობებიდან „მზიურის“ პარკის ზოგიერთ ნაწილში მზე უკვე ვეღარ აღწევს. ნინო რამიშვილის ქუჩაზე მშენებლობა ქალაქის პოლიტიკის კიდევ ერთი ილუსტრაციაა – ჯერჯერობით ის არ იცვლება. პარკის გარშემო ახალი ნაგებობები ისევ ჩნდება, მიწის ნაკვეთების სტატუსის ცვლილება უკვე გამონაკლისი კი არა, წესია.

კახა კალაძემ თბილისის მერად არჩევისთანავე განაცხადა, რომ „მზიურის“ პარკის მიმდებარედ, ვერეს ხეობაში განაშენიანებას შეაჩერებდა. „ეს არის რეკრეაციული ზონა. ჩვენ გვექნება სპეციალური მიდგომა ამ ხეობის განვითარებისთვის“, თქვა მან.

თუმცა, ახალი მერის პირობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ვერეს ხეობაში მერია ახალი მშენებლობის ნებართვას გასცემს. ატენის ქუჩის შესახვევში 8-სართულიანი სასტუმრო აშენდება.

„ეს უკვე პრეცედენტია, – ამბობს ანანო ცინცაბაძე, – ამას ვეღარ გააჩერებ. „მზიურის“ ტერიტორია უკვე განსაზღვრულია, როგორც სამშენებლო ზონა“.

ავტორი:                          მაკო აბესაძე

სტატიაზე მუშაობდა:  ანანო ცინცაბაძე

ფოტო/ვიდეო:               ლაშა Fox ცერცვაძე

მონტაჟი/ხმა:                მაკო აბესაძე

ვებდეველოპერი:            დავით მაკარიძე


მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.