ამ დროს მხოლოდ სხეულს კი არა, სულის ნაწილსაც უზიარებ სხვას – სჯეროდათ შუმერებს და სწამდათ, რომ სექსუალური აქტისას გაცემულ ენერგიას სულის განკურნებაც შეეძლო.
გილგამეშის ეპოსშიც ველური ენქიდუ ადამიანად სწორედ სექსუალური აქტის შემდეგ იქცევა.
თიხის ფირფიტებზე შემორჩენილ სიმღერებში მესოპოტამიელები ეძებენ და უმღერიან სიყვარულს, ჰყვებიან თავიანთ ვნებებსა და ლტოლვებზე.
ძველი ეგვიპტელები, ჯერ კიდევ 5000 წლის წინ, ხედავდნენ სულისა და ხორცის ერთიანობას და მათი რწმენით, ამ ორის ჰარმონიის გამოხატულება სწორედ სექსუალური აქტი იყო.
ანტიკური ბერძნები და რომაელები, თავიანთი ღმერთების მსგავსად, არც სექსის თავისუფალ ფორმებს კიცხავდნენ და მათ არც ჰომოსექსუალობას უკრძალავდა მორალური კანონი.
როცა წვიმს, ღრუბლები დედამიწას ერწყმის – ჩინელებისთვის ეს ღრუბლებისა და დედამიწის ანუ ღვთიურისა და ამქვეყნიურის სექსუალური აქტი იყო. ამიტომაც, ძველ ჩინურ ლიტერატურაში წვიმას სექსის მეტაფორად ხშირად იყენებდნენ.
იაპონელები კი ფიქრობდნენ, რომ სექსის დროს მამაკაცი ქალს უზიარებდა იმას, რაც მას აკლდა. ერთმანეთის ამგვარად შევსება ამქვეყნიურ და ღვთიურ ჰარმონიას ქმნიდა.
ინდოელებისთვის სამყარო ეროტიული კავშირისას შეიქმნა. სექსუალობაც მათთვის კოსმოსის ერთიანობის კვლავ აღმოჩენა, ამ ერთიანობის კვლავ განცდა და მასთან შერწყმაა.
ის თუ რა საზღვრებს ვუწესებთ სექსუალობას, მითებში, ლეგენდებსა და რელიგიურ წარმოდგენებში ყველაზე კარგად იკითხება. ისინი გვკარნახობენ მორალურ და სოციალურ ნორმებს, გვკარნახობენ, როდის ვიგრძნოთ თავი დამნაშავედ და როდის გავათავისუფლოთ ჩვენი იმპულსები და ინსტიქტები წნეხისგან.
კონფუციანობაში, დაოიზმში, ბუდიზმში, ინდუიზმში – აღმოსავლეთში გავრცელებულ ფილოსოფიასა და რელიგიებში – სექსუალური აქტი სამყაროს, ღმერთის განცდის მეტაფორაა. ქრისტიანულ რელიგიაში კი მესია სექსუალური კავშირის გარეშე განსხეულდა. ქრისტიანულმა ეკლესიამ სექსუალურ აქტს სრულიად გამოაცალა ღვთიურობის გაგება და ის მხოლოდ ხორციელ სიამოვნებამდე დაავიწროვა. ქრისტიანობამდელი თავისუფალი სექსუალური ფორმებიც უკუაგდო და სექსის ნება მხოლოდ დაოჯახებულ წყვილებს, მხოლოდ გამრავლების ფუნქციით დართო.
თუმცა დასავლური კულტურის ისტორია იმასაც აჩვენებს, რომ სექსის ცოდვითა და შიშით დამძიმება მის თავისუფალ იმპულსებს მაინც ვერ აქრობს. მე-16 საუკუნეში დასავლეთში გავრცელებულმა სიფილისმა ეკლესიას დაანახა, რომ ოჯახის კულტის სიმყარე ხშირად მოჩვენებითი იყო. რენესანსში ხელახლა აღმოჩენილმა ანტიკურმა ხელოვნებამ შიშველი სხეულით ტკბობისადმი ინტერესი და სურვილი გაამძაფრა. ამ ეპოქის მაღალი წრეებისთვის ჰომოსექსუალობა მორალური კრედოსგან ისევ გათავისუფლდა.
მყარი სოციალური და რელიგიური ნორმები შემდეგ უკვე ინდუსტირული რევოლუციის თანმდევმა პროცესებმა შეარყია. ადამიანების მჭიდრო ურბანულ დასახლებებში კულტურულად განსხვავებულმა სამეზობლოებმა ცხოვრების მრავალფეროვანი, ნაკლებად შეზღუდული სტილი დაამკვიდრა.
თუმცა, საბოლოოდ, დასავლეთმა უარი მე-19 საუკუნის ვიქტორიანული ეპოქიდან გამოყოლილ, ეკლესიის მიერ სექსუალობის მკაცრად განსაზღვრულ წესებზე მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თქვა. მშვიდობიანობის დამყარების შემდეგ, ეტაპობრივად მომწიფდა სიტუაცია დიდი სექსუალური რევოლუციისთვის, რომელმაც დიდი ძალით 1960-იანი წლებში იქუხა და ერთხელაც ამოაყირავა წარმოდგენები სექსზე – სიამოვნების და ტკბობის ფუნქცია, ლტოლვა და ვნება კვლავაც მთავარ, ღიად გამოხატულ მისწრაფებებად იქცა.
კონტრაცეპტივებმა, რომლებიც აბების სახით სწორედ ამ დროს გაჩნდა, ქალს სხეულზე მეტი კონტროლის შესაძლებლობა მისცა. კულტურულმა ძვრებმა ქალს მიანიჭა ის, რაც მანამდე თითქმის არცერთ კულტურაში არ ჰქონია – თანასწორობა მამაკაცთან.
„თუკი წყვილების, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს ოჯახების ისტორიაა“, – ამბობს ფრანგი ფსიქიატრი და სექსოლოგი ფილიპ ბრენოტი, – ოჯახი თითქმის ყველა კულტურაში საზოგადოების ხერხემლად მიიჩნეოდა. მისი სიწმინდის დაცვა კი ქალს ერთგულებით ეკისრებოდა“. აღმოსავლური და დასავლური კულტურების უმეტესობა ქალს სექსუალობის გამოვლენის უფლებას მხოლოდ კანონიერ ქორწინებაში რთავდა, მამაკაცს კი – ოჯახშიც და მის მიღმაც.
წყვილებს შორის თანასწორობა მხოლოდ ერთი საუკუნის მონაპოვარია. ის 1970-იან წლებში აშშ-სა და ევროპაში ჩნდება და ნელ-ნელა ცვლის პატრიარქალური საზოგადოების წესებს. თანამედროვე წყვილები უბრალოდ სანდო ადამიანზე მეტად ახლა სრულყოფილ ურთიერთობებს – სრულყოფილ სიყვარულს და სექსს ეძებენ. სექსის ამგვარმა გაგებამ ის სხვა ადამიანის აღმოჩენის, მასთან ძლიერი ინტიმური კავშირის დამყარების საშუალებად აქცია.
„თუმცა სექსის დასავლურ, ქრისტიანულ ისტორიას თანამედროვე საზოგადოებები ჯერ კიდევ მარწუხებში ჰყავს მოქცეული, – ამბობს ბრენოტი, – სექსზე საუბარი ნებისმიერ საზოგადოებაში დღემდე ქმნის უხერხულობას. ის სიცარიელე კი, რომელსაც ამ თემაზე ცოდნის გაზიარება უნდა ავსებდეს, პორნოგრაფიამ დაიკავა“. სექსუალობაზე ცოდნის მთავარი წყარო დღეს პორნოგრაფიული მასალებია. პორნოგრაფია კი ძალადობრივი ხასიათისაა და არასწორ გზავნილებს შეიცავს. სექსუალური აქტი, აღგზნება ხშირად ძალადობას ამიტომაც უკავშირდება. „ადამიანები ეკრანებზე ნანახის იმიტაციას ცდილობენ და იმედგაცრუებულები რჩებიან. მათ ხშირად არ გამოსდით ის, რაც ეკრანებზე სხვებს მარტივად შეუძლიათ, – ამბობს ბრენოტი, – ამიტომ, სქესობრივი განათლების გზით, ადამიანებს ჯერ კიდევ სასწავლი აქვთ მთავარი – კომუნიკაცია, თანხმობა და პატივისცემა“.
ეს პროექტი პირველი სქესობრივი კავშირის გამოცდილებებს უღრმავდება. არის ეს გაცნობიერებული არჩევანი და სურვილი ერთად? ისტორიებში ძირითადად, ყველაფერი სპონტანურად ხდება. რა კვალს ტოვებს შემდეგ ურთიერთობებზე პირველი სასიყვარულო რიტუალი, როგორ აყალიბებს მოლოდინებს სიამოვნების, გათავისუფლების, გაზიარების, შეერთების უნიკალური აქტის მიმართ?
პირველი განცდები და სურვილები პროექტში „ჩემი პირველი სექსი“.