ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

7 სიტყვა, რომელიც უნდა შეიძულო

სიტყვა: ქალბატონი
გამოყენების მაგალითი: „ბრალდებული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა“.

რას აშავებს?: თუ სადაც საჭიროა, იქ ვიტყვით, მაშინ არაფერსაც არ აშავებს. პირიქით – „ქალბატონოს“ გარეშე ყველანი უზრდელები ვიქნებოდით. პრობლემა ისაა, რომ, როგორც ჩანს, რაღაც დროს გადავწყვიტეთ, რომ „ქალი“ ცუდი სიტყვაა და ვიღებთ ხოლმე აბსურდულ ვითარებას, როდესაც „8 მარტს ძირითადად ქალბატონები იბადებიან“ (არადა, თუ ადამიანი ყოველდღე იფსამს, სავარაუდოდ, შეგვიძლია ქალბატონობით არ მოვიხსენიოთ). „ქალბატონს“ ერთი პლუსი აქვს – უარესი სიტყვებიც არსებობს: „მანდილოსანი“ და „მდედრი“.

სიტყვა: საკმაოდ
გამოყენების მაგალითი: „ნესტან-დარეჯანი საკმაოდ ლამაზი ქალი იყო“.

რას აშავებს?: რას და ამ სიტყვას მისი საპირისპირო მნიშვნელობით იყენებენ. საღამოს თუ ახალ ამბებს ჩართავ, ალბათ აჩვენებენ რამე კონფერენციას, რომლის მონაწილეც აუცილებლად აღნიშნავს, „ეს საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყოო“. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა“, წესით, უნდა ნიშნავდეს საკმაოდ საინტერესოს, ანუ, „პივაზე წავა“ საინტერესოს. არადა, მოლაპარაკემ იგულისხმა, რომ შეხვედრა საინტერესო იყო. მოკლედ, ეს სიტყვა სარეველად გადაიქცა, რაც საკმაოდ ნერვებისმომშლელია და სადაც შეგვხვდება, იქ უნდა ამოვძირკვოთ.

სიტყვა: პოზიტივი
გამოყენების მაგალითი: „მეტი პოზიტივი, ერო!“

რას აშავებს?: ასე, ერთი შეხედვით, თითქოს უწყინარი სიტყვაა. პოზიტიური. დადებითი ემოციებისკენ მოგიწოდებს. შედეგი კი საპირისპირო აქვს. დაახლოებით ისე, რამე წვეულებაზე შენთვის რომ აბირჟავებ და ვიღაც უხეში დაგატყდება თავზე: „რატომ არ ერთობი? გაერთე! ადექი და იცეკვე! გაერთეე! გააიიღიიმეეე!“ მერე უნდა ეწყინოს, როცა აუხსნი, სად უნდა წავიდეს და იქ რა გააკეთოს. მოდი, ეს სიტყვა რუსებს და ძალად მხიარულ FM რადიოებს დავუტოვოთ.

სიტყვა: გათითოკაცებული
გამოყენების მაგალითი: „გათითოკაცებული ერი უნდა შედუღაბდეს, განმტკიცდეს და ერთ მუშტად შეკრული ჩაებას ფერხულში“.

რას აშავებს?: წესით, აშავებს კი არა, პირიქით – ნიკო ლორთქიფანიძის ან ჭაბუა ამირეჯიბის ხელში ქართული ენის სიძლიერეს და ხიბლს გამოსახავს. აბა, მიდი და თარგმნე სხვა ენაზე, თუ ბიჭი ხარ! მაგრამ, დღეს ეს სიტყვა სხვა ხალხმა ჩაიგდო ხელში. გაზეთებში შეგხვდება ხოლმე ხშირად (იცოდი, რომ გაზეთები კიდევ გამოდის?). აი, ისეთ სტატიებში, თავიდან რომ წერენ, ქართველები ერთად უნდა ვიყოთო და მერე რომ აგრძელებენ – არც ამერიკა გვინდა და არც რუსეთიო და სინამდვილეში ზუსტად რომ იცი, რა უნდათ. ჰოდა, მოდი, ცოტა ხნით დავივიწყოთ ეს სიტყვა და ათი წლის მერე თავიდან აღმოვაჩინოთ და გაგვიხარდება.

სიტყვა: კომუნიცირება
გამოყენების მაგალითი: „გუნდმა კომუნიცირება განახორციელა დედა-შვილთან, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს მათხოვრობაში ატარებენ“.

რას აშავებს?: უკეთესი შეკითხვაა – „მოიცა, ამას მართლა ამბობს ვინმე?“ ვაგლახ, რომ ამბობენ და წერენ კიდეც! ვინც ამ სიტყვას იყენებს, იმსახურებს, რომ ერთ დღეს წაშალოს ფრენდებიდან ყველამ. რემსი ბოლტონი უფრო სათნო ადამიანია, „ყაზბეგი“ უკეთესი ლუდია, ვიდრე „კომუნიცირება“ სიტყვაა. მართალია, ეს ბოლო წინადადება გრამატიკულად გაუმართავია და აზრიც მხოლოდ დაახლოებით გამოდის, მაგრამ, არა უშავს! ეს სიტყვა არ იმსახურებს, რომ გრამატიკულად გამართულ წინადადებებში მოიხსენიონ.

სიტყვა: როგორც ასეთი
გამოყენების მაგალითი: „გამოყენების მაგალითი, როგორც ასეთი“.

რას აშავებს?: ახლავე გეტყვი, რასაც აშავებს. ჯერ მოდი სხვა კითხვას გავცემ პასუხს. კი, „როგორც ასეთი“ ორი სიტყვაა. პრობლემაა რამე, ძმა? თუ გინდა, ქურდებთან ავიდეთ. ან, თუ გინდა, მიჩივლე. ორ სიტყვას დავწერ და ერთად გავასაღებ – მეამბოხე ვარ ნამდვილი. ახლა საქმე: აი, არავინ გაძალებს სტატუსის წერას. არც კვოტა გაქვს შესასრულებელი და არც ვალში ხარ ვინმესთან (სტატუსის ამბავში, თორემ ვივუსის ვალი ალბათ გაქვს). ჰოდა, თუ ვერც აზრი დაალაგე და არც ზმნა გაგახსენდა, მაშინ შეეშვი და როცა სათქმელი გექნება, მერე დაწერე. „მეჭიაური, როგორც ასეთი“ კიდევ დასრულებული აზრი არაა.

სიტყვა: ბიუსტი
გამოყენების მაგალითი: „ის ფაშფაშა ქალბატონი გახლდათ, რომლის ბიუსტიც ყველა მამაკაცის ყურადღებას იპყრობდა“.

რას აშავებს?: არც არაფერს. უბრალოდ, ყველაზე არასექსუალური სიტყვაა მსოფლიოში. საერთოდ, სხეულის ნაწილების აღმნიშვნელი ქართული სიტყვების ნახევარი მაინც (კი, ვიცი, რომ ბიუსტი ქართული სიტყვა არაა. პრობლემაა რამე, ძმა?) გადასაყრელია. ხელს და ფეხს არ ვგულისხმობ, ცხადია. სექსი ადგილებზე მაქვს ლაპარაკი. დუნდულები. გავა. ბაყვი. ბარძაყი. თეძო. ფუჩური. წარმომიდგენია, რა რთულია ქართული პორნოტექსტების წერა!

რადიო თავისუფლება, სპეციალურად „ინდიგოსთვის"