გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძირითადი პრინციპები

“ინდიგო” მედიასაშუალებაა, რომელიც ორიენტირებულია ამბების სიღრმისეულად გაშუქებაზე, რაც აუდიტორიას მოვლენების ანალიზსა და შეფასებაში დაეხმარება. ამასთან ხელს უწყობს ახალი იდეების და ადამიანების წარმოჩენას.

რედაქციის ძირითადი პრინციპებია:

  • ხარისხი - ჩვენ ვქმნით მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალები
  • ინოვაცია - არ გვეშინია ექსპერიმენტების
  • ნდობა - ვავრცელებთ მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას რათა შევინარჩუნოთ ყველაზე მთავარი - საზოგადოების და წყაროების ნდობა
  • დამოუკიდებლობა - ვემსახურებით მხოლოდ საჯარო ინტერესს, რადგან თავისუფლები ვართ საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის გავლენისგან
  • სამართლიანობა - ყველა ადამიანი თანასწორია - ეს ჩვენი მთავარი პრინციპია
  • გავლენა - ჩვენი მასალები გავლენას ახდენს ადამიანებზე, ჯგუფებსა თუ ზოგადად საზოგადოებაზე და ხელს უწყობს პოზიტიურ ცვლილებებს

ინტერესთა კონფლიქტი

ინდიგო ცდილობს, თავიდან აირიდოს ჟურნალისტთა ინტერესთა კონფლიქტი. ინდიგოში დასაქმებულ პირებს, ცხადია, გააჩნიათ პირადი ცხოვრება, რაც ხელშეუხებელია, თუმცა, სამსახურს გარეთ, როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ სივრცეში მათმა ქმედებამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ორგანიზაციის ავტორიტეტს, მის მიუკერძოებლობას და სანდოობას.

  • რადგან მიუკერძოებლობა ჩვენი ძირითადი ღირებულებაა,  ჟურნალისტები ინფორმაციის სანაცვლოდ არ ვიხდით თანხას. წყაროებისგან არ ვიღებთ ძვირადღირებულ საჩუქრებს, მათ შორის მოგზაურობის თუ კომერციული ღონისძიებების ბილეთების დაფინანსებას.
  • ჟურნალისტები არ იღებენ რაიმე ჰონორარს საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური პარტიებისგან, ასევე იმ კომპანიებისგან, რომელთა საქმიანობასაც ვაშუქებთ. 
  • ინდიგოში დასაქმებულები თავს ვიკავებთ იმგვარ საჯარო ღონისძიებებში, დემონსტრაციებსა და აქციებში მონაწილეობისგან, რომლებიც პოლიტიკური პარტიის ანდა ხელისუფლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად და რაც ხელს შეუშლის ამბების  მიუკერძოებლად გაშუქებას. 
  • კონტრიბუტორების შემთხვევაში, ეს საკითხები ინდივიდუალურად განიხილება.

წყაროები

ყოველთვის ვეყრდნობით რელევანტურ და სანდო წყაროებს. რამდენადაც შესაძლებელია, ვცდილობთ, მკითხველისთვის ნათელი იყოს, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია წყაროებზეა დაფუძნებული.

  • რესპონდენტებს ყოველთვის წარვუდგენთ თავს, ვუხსნით სად და რა ფორმატით გამოქვეყნდება მათი ნათქვამი.
  • ჩვენთვის მიუღებელია ინფორმაციის ანდა კომენტარის გაკეთების სანაცვლოდ წყაროებისთვის თანხის გადახდა.
  • რესპონდენტებს არ ვწერთ ფარულად. გამონაკლის შემთხვევაში უნდა არსებობდეს რედაქტორების დასაბუთება, რატომ ვერ მოხერხდა ღიად ჩაწერა და რა საჯარო ინტერესი არსებობდა ამ ჩანაწერის გამოქვეყნების მიმართ.
  • სრულად ვაცნობიერებთ წყაროს დაცვის ვალდებულებას და კონფიდენციალური წყაროების ნდობის მოპოვების მნიშვნელობას. შესაბამისად, არ ვამჟღავნებთ წყაროს ვინაობას და  როდესაც:
    •  მოთხრობილი ამბავი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი ვინაობა და თავად არ სურთ იდენტიფიცირება.
    • იდენტიფიცირების შემდეგ მათი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება და პრობლემები შეექმნებათ.

როდესაც რესპონდენტის ანონიმურად დატოვება გვსურს, შესაძლოა შევცვალოთ სახელი, მოვიხსენიოთ ის ამ სახელით და არ მივუთითოთ გვარი, რათა თავიდან ავიცილოთ რომელიმე ადამიანთან მსგავსება და  მკითხველის შეცდომაში შეყვანა.  

  • რედაქტორების ვალდებულებაა, დარწმუნდენენ, რომ წყარო რეალურად არსებობს. მისი იდენტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება კი მასალის ავტორთან ერთად უნდა მიიღონ. წყაროს ვინაობა ცნობილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი რედაქტორისთვის. 
  • პატივს ვცემთ რესპონდენტების მოსაზრებებს და რედაქტირებისას არ ვცვლით მათ აზრებს. 
  • ზოგჯერ რესპონდენტები ითხოვენ საკუთარი კომენტარის გამოქვეყნებამდე გადახედვას, რის შესაძლებლობასაც მათ ვაძლევთ, რათა თავიდან ავიცილოთ უზუსტობა და ბუნდოვანება. თუმცა, დაუშვებელია მოსაზრებების თუ პოზიციების მნიშვნელოვნად შეცვლა.
  • ყურადღებით ვარჩევთ იმ ადამიანებს, რომელთაც ექსპერტის სტატუსით ვწერთ. არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე პოზიციის მქონე სპეციალისტებს და ვცდილობთ, ავსახოთ მოსაზრებების მრავალფეროვნება, ამასთან ვეძებთ ახალ მკვლევარებს, ანალიტიკოსებს და ხელს ვუწყობთ მათ წარმოჩენას.

მრავალფეროვნება

მრავალფეროვნება და ყველა ადამიანის პატივისცემა ინდიგოს მუშაობის მთავარი სტანდარტია. თითოეულ ამბავს ვაშუქებთ ყურადღებით და ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ყველა ჯგუფის ხმა. მივცეთ მათ საზოგადოებისთვის საკუთარი სათქმელის გაზიარების შესაძლებლობა. 

  • ჩვენს პლატფორმებზე გამოქვეყნებულ მასალებში არ ვიყენებთ სიძულვილის ენას რომელიმე პირის მიმართ და არც რესპონდენტებს ვაძლევთ ამის საშუალებას. 
  • ვცდილობთ ვებრძოლოთ სხვადასხვა იდენტობის მქონე ჯგუფთა დისკრიმინაციას, მათ მიმართ ნეგატიურ სტერეოტიპებს და ჩვენი გაშუქებით ხელი შევუწყოთ მათ უფლებების დაცვას და თანასწორობას.
  • პატივს ვცემთ აუდიტორიის მოსაზრებებს, მაშინაც კი თუ ის მკვეთრად განსხვავებულია ჩვენი სარედაქციო პოლიტიკისგან, თუმცა, სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, გინება მიუღებელია. ამიტომ ვებსაიტსა და სოციალური მედიის პლატფორმებზეც ვფილტრავთ მსგავს კომენტარებს. 

შესწორება

პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ინფორმაციას, რომელსაც ვავრცელებთ. თითოეული მასალა გადის რედაქტორების შემოწმების ფილტრს, ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ უზუსტობა, ვამოწმებთ ფაქტებს ყველა შესაძლო გზით. თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი მაინც დავუშვით შეცდომა, ვასწორებთ დაუყოვნებლივ.

  • არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისას ვებსაიტიდან არ ვშლით მთლიან მასალას, ვასწორებთ და ვუთითებთ იმგვარად, რომ მკითხველისთვის ნათელი იყოს, რა შეიცვალა.
  • ინფორმაციას ვასწორებთ ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც უზუსტობა გამოქვეყნდა და ვცდილობთ, განახლებული ინფორმაცია იმავე აუდიტორიას მივაწოდოთ, რომელმაც შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიიღო. 
  • შესწორებისთვის არ გვჭირდება სპეციალური ფორმით მომართვა. თუკი აღმოაჩენთ რაიმე უზუსტობას, დაგვიკავშირდით სოციალური ქსელის ნებისმიერ პლატფორმაზე ანდა ამ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით info@indigo.com.ge 

მასალის გამოყენების წესი

  • როდესაც ვიყენებთ რაიმე ტიპის ვიდეოს, ფოტოს თუ ტექსტს, რომელიც ინდიგოს არ მოუმზადებია, შესაძლებლობის შემთხვევაში ვიღებთ ნებართვას და ყოველთვის ვუთითებთ წყაროს.
  • მკითხველისთვის ნათელი უნდა იყოს რისი თვითმხილველია მასალის ავტორი და რა ინფორმაცია ეფუძნება სხვა წყაროებს.
  • როგორც წესი, სხვა პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელი სახით არ ვაქვეყნებთ, ეს მხოლოდ გამონაკლისი შეიძლება იყოს, და ამ დროსაც აუცილებელია ავტორის თანხმობა გამოქვეყნების ფორმაზე.
  • ამ წესების დაცვას ვითხოვთ სხვების მიერ ინდიგოს მასალების გამოყენების შემთხვევაშიც. ჟურნალ ინდიგოში ისევე, როგორც ვებსაიტსა და სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალის გამოყენებისას, აუცილებელია რედაქციასთან შეთანხმება.

რეკლამის განთავსება

ინდიგოს შინაარსი სრულიად თავისუფალია პარტნიორთა, რეკლამის განმათავსებელთა თუ სპონსორთა გავლენებისაგან და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა არ ემთხვეოდეს სპონსორთა შიდა კორპორაციულ ღირებულებებსა და ფასეულობებს. ინდიგოს მისია დაარსების დღიდან უცვლელია და ის თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვასა და ღირსების პატივისცემაზე დგას, მისი საქმიანობაც და ყოველი პროექტი სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება.

სარეკლამო და სარედაქციო მასალები მკვეთრად გამიჯნულია ვებსაიტზე. რუბრიკაში "სპონსორის ამბები" თავსდება ყველა ის ვიზუალური თუ ტექსტური ნამუშევარი, რომელიც მომზადდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვა კომპანიის/პირის დაკვეთით.

ხოლო რუბრიკაში "ამბები პარტნიორებისგან" განთავსებულია ისეთი მასალები, რომლებიც პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადდა და ინდიგომაც უფასოდ განათავსა. 

ინდიგოსთან თანამშრომლობა

მუდმივად ვცდილობთ საკუთარი პლატფორმა დავუთმოთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ახალი იდეები, ხედავენ და აანალიზებენ იმ მოვლენებს, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.  ინდიგოს დიდი გამოცდილება აქვს მკითხველთან თანამშრომლობის და მათი მასალების გამოწვეყნების. არაერთი ავტორი სწორედ მკითხველებში აღმოგვიჩენია. 

  • მკითხველების მიერ მომზადებულ მასალებს ამოწმებენ რედაქტორები და იღებენ მათ გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილებას. 
  • დასაშვებია ფსევდონიმით გამოქვეყნება
  • თუ თქვენი მასალა მოხვდა შერჩეულთა შორის, საავტორო უფლებები მის გამოქვეყნებასა და შემდეგ განკარგვაზე გადაეცემა ინდიგოს.
  • იმ შემთხვევაში თუ გსურთ, ინდიგოზე გამოქვეყნებული მასალა სხვა პლატფორმაზეც გამოაქვეყნოთ, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ინდიგოს და შეთანხმდეთ გამოქვეყნების წესებზე.
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა