ნინო ჯაფიაშვილმა, ნინო ლომაძემ, თამარ ბაბუაძემ, თინა ოსეფაშვილმა, თორნიკე ლორთქიფანიძემ და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ “ინდიგო” 2015 წელს დააფუძნეს. პირველი ნომერი ამავე წლის ოქტომბერში გამოვიდა. ჟურნალს თავიდანვე ჰქონდა პრეტენზია მიმდინარე მოვლენების მიღმა დაენახა ადამიანები და ის ტენდენციები, რაც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. აღმოეჩინა ახალი ავტორები და დაეთმო მათთვის საკუთარი პლატფორმა.
თავდაპირველად 120-გვერდიანი ჟურნალი ყოველ თვეს გამოდიოდა, 2018 წლიდან კი პერიოდულობა შეიცვალა. “ინდიგოს” ახალი ნომერი ორ თვეში ერთხელ გამოდის. თითოეული ნომერი ერთ კონკრეტულ თემას ეძღვნება.
თანდათან “ინდიგო” ბეჭდური გამოცემის პარალელურად ონლაინ სივრცეშიც გამოჩნდა და ტრანსმედია პროექტების განხორციელება დაიწყო, რასაც არაერთი ჟურნალისტური პრიზი მოჰყვა. პროექტებს შორის გამორჩეულია 080808.ge, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომგამოვლილი ადამიანების ზეპირ ისტორიებს ინახავს და ერთადერთი ამგვარი პლატფორმაა. მეორე გამორჩეული პროექტი “საპატრიარქოს კაპიტალი” კი 5000-ზე მეტი საჯარო დოკუმენტის ანალიზის შედეგად შეიქმნა და მართლმადიდებლური ეკლესიის ქონებას აღწერს.
2018 წელს ინდიგომ მეორე ჟურნალის, ინგილისურენოვანი adventurer-ის გამოცემა დაიწყო. ჟურნალი საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს გიდობას უწევს ქვეყნის ტერიტორიაზე და აცნობს იმ ადგილებს, სადაც კულტურის, ისტორიის გაცნობა და გართობა შეიძლება. ამასთან, ინდიგო სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობს და მათთვის ამზადებს კომერციულ გამოცემებს.
ჟურნალისა და ონლაინ გამოცემის გააქტიურების შემდეგ “ინდიგომ” პროფილი გაიფართოვა და წიგნების გამოცემაც დაიწყო. “100 წელი, 100 ფოტო” იყო პირველი წიგნი, რომელიც “ინდიგომ” გამოსცა. მას მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომგამოვლილი ადამიანების ზეპირი ისტორიების კრებული - “ვაშლის ბაღები”, დევიდ ლინჩის “როგორ დავიჭიროთ დიდი თევზი”, გიორგი მაისურაძის “სხვა ენა”, გურამ წიბახაშვილის “ზამთარი გადატანილია” და სხვა ნამუშევრები. უკვე 2018 წელს ინდიგომ, როგორც წიგნების გამომცემლობამ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც მიიღო მონაწილეობა. ერთი წლის შემდეგ კი ლიტერატურული პრემიები - საბა და ლიტერა დაიმსახურა. დღეს “ინდიგო" საქართველოში გამართული წიგნის ბაზრობებისა თუ ფესტივალების უცვლელი მონაწილეა. საგამომცემლო საქმეშიც ინდიგოს მთავარი ღირებულებაა, მკითხველს ამბის სხვადასხვა კუთხიდან დანახვის შანსი მისცეს. ინდიგო დასაბეჭდად არჩევს მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს, რომლებიც მოვლენებისა და ადამიანების ისტორიის სწორედ ამ სხვა პერსპექტივას აჩვენებს მკითხველს.
ინდიგო აწყობს შეხვედრებსაც საკუთარ აუდიტორიასთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან განიხილავს იმ თემებს, რაზეც ჟურნალისტურ პროდუქტებს ამზადებს, ეძებს ინოვაციურ გზებს სათქმელის გადმოსაცემად და პრობლემის მოსაგვარებლად.
დაფუძნების დღიდან “ინდიგოს” დაფინანსების წყაროები სარეკლამო შემოსავლები და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებია.