გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შინ - ლოპოტას ტბაზე

მერამდენე წრეა? ერთზეც წავალ. და დანიშნული წერტილიდან ტბის პირას, ისევ წინ, ოვალურად გაყვანილ ბილიკზე ვაგრძელებ გზას. 

ბუნებაში ყოფნა ამშვიდებს გარეგან ხმაურს, რომელშიც ვცხოვრობთსაინფორმაციო არხების ხმაურს, მოსაზრებების, გადასაჭრელი საკითხების ტვინზე ზეწოლას. და ამ სიმშვიდეში ახალი ფიქრი იბადება, რაც ზრდის სიამოვნების განცდას მთელ სხეულში და თვითრწმენას. ასე არ არის? – თან უცებ ამაზე მეფიქრება. 

გზის განაპირას მეგობარს ვხვდები, ხის ქვეშ პლედი გაუშლია, ფეხებზე მკლავებშემოხვეული ზის, ნიკაპით მუხლებს ეყრდნობა და გაჰყურებს უძრავ წყალს.  

ტბის წყალი ასეა - ხშირად, უბრალოდ, დგას. მაგრამ ზამთრის უქარო დღეს – კიდევ უფრო უძრავი ჩანს. 

ლოპოტას ტბის გარშემო ამ წრეებზე სიარულიც კი ავსებს ადამიანს. რატომ ამ ტბაზე, მაინც და მაინც, და რატომ – ასე გამორჩეულად? 

უცნაური ნაერთის გამო, ალბათ - ვპასუხობ საკუთარ თავს: როცა მოისურვებ, ლოპოტაზე ყოფნისას ველური ბუნების ფრაგმენტში შეხვალ, როცა მოისურვებ, ესთეტურ, დახვეწილ გარემოში, რომელიც ადამიანების ხელმა შექმნა. 

ხელთქმნილი – ეს სიტყვა ლოპოტას რეზორტის იდეაში წამყვანია. წერენ - “ხელთქმნილი მასპინძლობისთვის” და მომწონს ეს გულახდილობა. რადგან ბუნების ხელთუქმნელობა და პირვანდელობა აქ ნაწილია იმისა, რაც ადამიანმა დაფიქრების შემდეგ სხვა ადამიანების სიამოვნებისთვის შექმნა. შენებისას, დეკორის მოწყობისას გამოყენებული მასალები კი, ბუნებრივია – ხშირად გვხვდება სხვადასხვაგვარი ხეც და მდინარის ქვებიც, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი ფიქრის და კეთების შედეგია – სტუმრის გათვალისწინების, სტუმრისა და ბუნების. ამიტომაცაა აქ ველური ბუნების მოზრდილი ნაწილები ხელუხლებლად დატოვებული. თავიდანვე ბუნების დაცვაზე ზრუნვა გახდა ლოპოტა რეზორტის მთავარი მახასიათებელი ნიშანი. მშენებლობის დროს ახლაც ცდილობენ ბუნებას არ შეეხონ, არ მოარგონ ადამიანებს. აქ საპირისპირო იდეაზე დგას ყველაფერი - ინფრასტრუქტურული განვითარება და ადამიანები უნდა მოერგონ ლოპოტას პირვანდელ ბუნებრივ პირობებს. ამიტომაც უვლიან გარშემო ტყეს და ცდილობენ დაზიანებული ხეების გადარჩენას. 

ტბის გარშემო წრეზე სიარულში, აქაურობის მასპინძლის, ანა მაისურაძის ნათქვამი გამახსენდა - “ხელთქმნილი – ამ სიტყვიდან მოდის სითბოც, რადგან აქ ეს ყველაფერი ხელებმა შექმნა და ამ ყველაფერშიც სითბოა”. 

ლოპოტა რეზორტი 2008 წელს, ერთ წელიწადში გაიხსნა იქიდან, რაც ანამ ტბა და მის გარშემო გაშვებული, გაუვალი ტყე პირველად დაათვალიერა. 

“მამამ წამიყვანა. დავაბიჯებდით ხეებს შორის, ამ ჯუგლებისმაგვარ ადგილას და ვერ ვხდებოდი, რეალურად სად ვიყავით და რატომ. მაშინ, პატარა ვიყავი და უბრალოდ, მამასთან ყოფნა მინდოდა. მიუხედავად ამისა, შთაბეჭდილება არ მავიწყდება სიმწვანეში სიარულის. იმ პერიოდიდან დღემდე ლოპოტას განვითარების მომსწრე ვარ”.

ანა ამბობს: “სტუმრების შეფასება, რაც მეხსიერებაში ჩამრჩენია, ასეთია, რომ ლოპოტას აქვს განსაკუთრებული აურა, რომ ამ ადგილს სული აქვს, რომ, თითქოს, არის ცოცხალი და დგას ადამიანებზე - სრულიად უცხო ხალხისგან ასეთი შეფასებები მომისმენია; და მერე, ვისაც არ სცოდნია, რომ ეს ჩვენი საოჯახო ბიზნესია, თვითონვე დაუკავშირებიათ - ამიტომაც ჰგავს აქაურობა სახლის სიმყუდროვეს. 

ჩვენ, ოჯახიც აქ ვცხოვრობთ დაარსების დღიდან - ჯერ დედა და მამა, ბოლო ოთხი წელია – მეც და, რომ დაუფიქრდე, ბიზნესი თავის შემქმნელს ემსგავსება. ჩვენი მშობლების ხელი თავიდანვე ყველაფერში იგრძნობოდა და ჩვენც ვცდილობთ ასე გაგრძელებას”.

ლოპოტას ხშირ სტუმრებსაც ემახსოვრებათ – ჩასვლიდან ჩასვლამდე როგორ შეიძლებოდა შეცვლილიყო იქაურობა. და ანაც ამბობს, რომ რეზორტი მართლა ასე განვითარდა – როგორც საკუთარ შვილს უვლი და სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაგვარად ზრუნავ მასზე, ისე ზრუნავდა ლოპოტას დამფუძნებელი, გოგა მაისურაძე რეზორტის განვითარებაზე. კომფორტის, სიმყუდროვის და ჰარმონიის, შექმნისას ასეთი მზრუნველობა იყო მთავარი იმპულსი, რომელსაც განვითარების გეგმა დაეფუძნა. ეს იყო პირველი ტურისტული რეზორტი კახეთში, ის სტუმრების თვალწინ განვითარდა და გაიზარდა და ამით დღემდეა ცნობილი. არიან ოჯახები, რომლებიც ათ წელზე მეტია, დადიან ლოპოტაზე. 

“ერთ-ერთი პირველი აქტივობა, რაც დავამატეთ, ცხენით ჯირითი იყო. ჯერ სულ ოცი ნომერი გვქონდა, მაგრამ ჯირითი მამამ მაშინვე დაამატა, რადგან თვითონვე წარმოიდგენდა, რა კარგი იქნებოდა ლოპოტას გარშემო ცხენით ევლო. იფიქრა, რომ ეს სხვებსაც ესიამოვნებათ”, - ამბობს ანა.

ლოპოტაზე, ასევე, თავიდანვე ეწყობოდა ჯაზის საღამოები, მართავდნენ რთველს და რთველის დღესასწაულსაც. სტუმრობდნენ მეთევზეები, ან მხატვრები და რჩებოდნენ ტბაზე. “მათთან ერთად სხვადასხვაგვარი, პატარ-პატარა ღონისძიებები სულ ეწყობოდა, ხოლო ჯაზის საღამოები განსაკუთრებით უხდებოდა ზამთრის ლოპოტას”. 

ზამთრის ლოპოტას, ჯაზის გარდა, საშობაო ტბისპირა სოფელიც უხდება, რომელიც პანდემიის შემდეგ ტრადიციულად ეწყობა. მაშინ, როცა შიდა სივრცეში ღონისძიებები იკრძალებოდა, ლოპოტას სტუმრებს მასპინძლებმა ევროპული საშობაო ბაზრის კონცეფციით მოწყობილი გარემო დაახვედრეს. მაგრამ აკრძალვების პასუხად მოფიქრებულმა ახალი წლის კრიზისულმა გეგმამ გაამართლა და ეს ექსპერიმენტი ლოპოტას ნაწილი შემდეგ დღესასწაულებზეც გახდა. საზეიმოდ მორთული და მოციმციმე გარემო დასასვენებლად ყოფნის შეგრძნებას, რაც ისედაც გაქვს ლოპოტაზე ყოფნისას, უფრო ამძაფრებს. ევროპული შობის ურბანული ტრადიციები აქ კახურ, ადგილობრივ ტრადიციებთან თანხვედრაში ცოცხლდება და საინტერესო მიქსს სთავაზობს სტუმრებს. 

ლოპოტაზე მოწყობილ დღესასწაულებზე განსაკუთრებულ როლს ასრულებს ღვინო, რომელსაც თვითონვე წურავენ ძველი კახური მეთოდით. რეზორტს საკუთარი ვენახიც აქვს და, თავისთავად, ყურძნის კრეფა და ღვინის დაწურვაც ზეიმად გადაიქცევა ხოლმე. ამ დროს სტუმრებსაც იწვევენ. ლოპოტას რთველზე ვინც ჩადის, იცის, რომ თანამედროვედ მოწყობილ გარემოში ტრადიციული კახური მეღვინეობის წეს-ჩვეულებებს ნახავს და ამით ისიამოვნებს.  

ასევე, სადაც ველოსიპედები და ცხენებით ჯირითი შეიძლება ლოპოტა რეზორტზე, იქაც - ჩოგბურთის თამაში, რატომაც არა. ლოპოტას თავისი ტურნირიც აქვს - “ლოპოტას თასი” ჩოგბურთში პირველად 2014 წელს ჩატარდა. დღეს იქ ოთხი პროფესიონალური კორტი აქვთ და ტურნირები, სხვადასხვა სპონსორის მხარდაჭერით, წყვილებისა და ერთეუების თანრიგებში ეწყობა. 

ტბის პირზე, ბილიკზე სიარულისას კიდევ ერთი მიგნება ხდება ცხადი, რომ ლოპოტაზე დასვენების გამოცდილებას უნიკალურს ხდის გუნდური თავგადასავალი. თუმცა, ესეც არჩევითია. ლოპოტაზე განმარტოებაც შეგიძლია და, ასევე, ახლობლებთან ან სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად გართობა, სპორტში ჩართვა და გამარჯვებისა თუ დამარცხების გაზიარება. 

ამბობენ, რომ ლოპოტაზე დაბრუნების სურვილს სხვებს უჩენს ისიც, რომ აქ თავიანთ ნამუშევარს ტოვებენ. ასე იქცევიან კერამიკოსები, რომლებიც სიმპოზიუმ Bird of Paradise-ში ერთვებიან - ესაა ტრადიციად ქცეული ღონისძიება, რომლის განხორციელებაც გოგა მაისურაძეს და მის მეგობარს, კერამიკოს ნატო ერისთავს ერთად სურდათ და, საბოლოოდ, განხორციელდა კიდეც. “ყველა კერამიკოსი თავისი ხასიათის მიხედვით შექმნილ ქანდაკებას გვიტოვებს, ყველა, თითქოს, ჰგავს თავის შემქმნელს, როგორც ლოპოტა ჰგავს თავის დამაარსებელს”, - ამბობს ანა. 

კერამიკოსები ავსებენ აპლიკაციას და ლოპოტას კერამიკის სიმპოზიუმის ორგანიზატორები არჩევენ მათ, ვისი სტილი და ესთეტიკაც შეესაბამება მათ ტერიტორიას. ქანდაკებების რაოდენობაც იზრდება და ნელ-ნელა იხვეწება გარე მუზეუმის იდეაც – მას თავისი რუკა ექნება, რომლის საშუალებითაც სტუმარი შეძლებს, დაათვალიეროს სხვადასხვა ნიჭიერი არტისტის ნამუშევარი, რომელიც ლოპოტას დაუტოვა.

თითქოს, ბევრი სხვადასხვა რამეა ერთად, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს, ტრადიციულის – ქართულის და თანამედროვეს შერწყმას; უნივერსალურის – ბუნებაში ყოფნის, ბუნებაზე ზრუნვის და სპორტისა და კულტურის – ჯაზის, კერამიკის, ჩოგბურთისა და ცხენოსნობის – თანხვედრას. 

რა თქმა უნდა, განსხვავებულობებში ჰარმონიის მიღწევაა მთავარი იდეა კულინარიაშიც. ამოსავალი წერტილი კახეთია – შესაბამისად, კახური კუთხე პირველი  რესტორანი იყო, რომელიც ლოპოტაზე გაიხსნა. თუმცა, იქვეა იტალიური და აზიური სამზარეულოები და, ასევე, შატო ბუერა, სადაც მთავარი თემა ღვინისა და კერძის შეხამებაა. ამიერიდან, ლოპოტაზე ჩასულ სტუმრებს, რესტორნებში მეტად და მეტად დახვდებათ ისეთი პროდუქცია, რომელიც ლოპოტაზე მოიყვანეს და აწარმოეს – ეს ასეა, რადგან ორგანული მეურნეობის განვითარება ლოპოტა რეზორტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ლოპოტას მეურნეობაში მოჰყავთ საკუთარი ბოსტნეული, აქვთ ლოპოტას თაფლი, და ორგანული წესებით დაწურული ზეითუნის ზეთიც კი. ფიქრობენ, რომ ლოპოტას რესტორნები თავიანთ მეურნეობაში მოწეული პროდუქციით სულ უფრო მეტად უნდა მომარაგდეს, რადგან ასე შეძლებენ პროცესის ყველა რგოლის მუდმივ კონტროლს – ლოპოტას სტუმრებს ეცოდინებათ, რომ საკვების უმაღლეს ხარისხზე ზრუნვას აქ სულ თავიდანვე იწყებენ.  

ლოპოტა რომ წლიდან წლამდე იცვლება, ეს ყველამ იცის, პირველ რიგში, ერთგულმა სტუმრებმა. თუმცა, ასევე, მათ იციან საუკეთესოდ, რომ არის რაღაცები, რაც ლოპოტაზე არასდროს შეიცვლება. 

“არ შეიცვლება მთავარი — ლოპოტა დგას მთლიანად ადამიანებზე. აქედან გამომდინარე, ლოპოტას ოჯახის თითოეული წევრი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. აქ ერთად გვიწევს ცხოვრება და განსაკუთრებული ურთიერთობების გარეშე არაფერი გამოგვივა. 

და არ შეიცვლება ერთგული სტუმრების მიმართ მადლიერებაც. ვამაყობთ იმით, რომ გვყავს ოჯახები, რომლებიც 2008-2009 წლებიდან დადიან ჩვენთან”, - ამბობს ანა, მაგრამ იმასაც ამატებს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სტუმრების გაოცება და მოლოდინის შენარჩუნება, რომ მორიგ ჩასვლაზე ლოპოტას რაღაც ახალი ექნება. 

“დაარსების დღიდან, როცა  ბევრი რესურსი ჯერ კიდევ არ ჰქონდა, ლოპოტა მაინც ვითარდებოდა. ამიტომ განვითარება და ცვლილება ჩვენს მთავარ ღირებულებად დღემდე რჩება – გავახაროთ სტუმრები ახლით და თან არ გამოგვრჩეს ძველიც, რომელიც ჩვენი ნაწილი გახდა“. 

ავტორი: თამარ კვინიკაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა