გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თაობა Z-ის (თვითაღიარებული) სევდა | ფოტოამბავი

ყველა თაობას თავის სევდა აქვს, კოლექტიური ტკივილი, რომელიც თითოეულს სულ თან დაგვყვება. ჩემი თაობის სევდას თავისსავე უპირატესობის მიღმა იპოვით. იპოვით ღამის სამ საათზე, ჩაბნელებულ ოთახში მიმობნეული ეკრანული სინათლის რამდენიმე წვეთში, სახეს რომ გვინათებს და ძილს ჩვენთან მოკარებას არ აცდის.

იპოვით მეგობრების შეკრებებზე, როცა ხანმოკლე სოციალური ბატარეის დაცლის შემდეგ მათ ხელებში მოქცეული სამყაროები ჩაანაცვლებს რეალურს და სიტყვები სიჩუმესთან ბრძოლას წააგებენ.

იპოვით უფროსების შეცხადებებში, მათ ბრაზსა და წყენაში, რომ ადამიანის განვითარების უახლესი ნაყოფი ავიღეთ და საწამლავად ვაქციეთ, სამუდამოდ ჩავკალით რაღაც ჩვენში, დავკარგეთ, სანამ ვიპოვიდით.

საქმე ისაა, რომ ჩემმა თაობამ ეს ყველაფერი იცის. ვიცით, რომ ჩვენი დეპრესია, სტრესი, სოციალური შფოთვა, შიში, იზოლაცია რაღაცით უნდა უკავშირდებოდეს იმ ახალ ხილს, რომელსაც ბავშვობაში დავეწაფეთ და ახლა ვეღარ ვჩერდებით. საერთაშორისო კვლევები, ბავშვებსა და მოზარდებში შესამჩნევად გაუარესებულ მენტალურ მდგომარეობასთან ერთად, იმასაც ადასტურებენ, რომ ჩვენ ვხედავთ პრობლემის არსს, მაგრამ მაინც ვერ ვჩერდებით - ზღვარი წაშლილია.

ამიტომ, სანამ გამოსავალს ვიპოვით, სანამ ბალანსს აღვადგენთ და საწამლავს წამლამდე დავიყვანთ, დაგვაკვირდით. სიჩქარის, ხმაურის, თავისუფლების, დროის კარგვის იდეალური უნარისა და ზედაპირული უდარდელობის მიღმა მარტოობას დაინახავთ, რომელიც ორ რეალობას შორის გაჭედილებს მუდამ თავს დაგვტრიალებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა