ადრედაობლებული და უცხო ოჯახში გაზრდილი ალექსანდრე დვანოვი - მოზარდობაშივე რკინიგზაზე იწყებს მუშაობას. ეს ოქტომბრის რევოლუციის და სამოქალაქო ომის პერიოდია. დვანოვიც წითელი არმიის მხარეს აღმოჩნდება, მალე გაიცნობს „რევოლუციის რაინდს“ - კოპიონკინს, როზა ლუქსემბურგში შეყვარებულ ახალგაზრდას, რომელიც თავის ცხენზე - „პროლეტარულ ძალაზეა“ ამხედრებული და როზა ლუქსემბურგის საფლავს დაეძებს. დვანოვი ანდრეი პლატონოვის 1927 წელს დაწერილი რომანის - „ჩევენგურის“ მთავარი გმირია. “ჩევენგური” სრულად მხოლოდ 1988 წელს გამოქვეყნდა. ეს ტექსტი კომუნისტური და ქრისტიანული უტოპიების უნიკალური სინთეზია, რომლის მსგავსი მსოფლიო ლიტერატურაში ჯერ არ განხორციელებულა.

დვანოვი რუსეთის ერთი შორეული გუბერნიის დედაქალაქში ვინმე ჩეპურნის გაიცნობს, რომელიც იმავე გუბერნიაში, პატარა ქალაქ ჩევენგურის რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარეა. მისგან შეიტყობს, რომ ჩევენგურში კომუნიზმი განხორციელდა. დვანოვს უნდა საკუთარი თვალით ნახოს ეს სურათი და კოპიონკინთან ერთად ჩევენგურში მიემგზავრება. „ის რუსეთი, რომელშიც დვანოვი ცხოვრობდა, ცარიელი და დაღლილი იყო: რევოლუცია დამთავრდა, მისი მოსავალი მოიმკა, ახლა ადამიანები მდუმარედ ჭამდნენ მწიფე მარცვლებს, რათა კომუნიზმი მათი სხეულის ხორცად ქცეულიყო.“

ჩევენგურულ კომუნიზმში შრომა იკრძალება: ერთადერთი მზე მუშაობს - ანათებს და ათბობს, ადამიანები კი ბალახზე წვანან და მზისგან ამ ძღვენს იღებენ. ჩევენგურელები ასე თითქოს სიტყვა-სიტყვით ასრულებენ სახარებისეულ მცნებას: „ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ და რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე? შეხედეთ ცის ფრინველებს, რომ არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ“ (მათე 6 25-26). ჩევენგურელები მუდმივად იცვლიან სახლებს და ეზოებს, რადგან კომუნიზმში კერძო საკუთრება არ არსებობს. პროლეტარიატი მოხეტიალე უსახლკაროთა ჯგუფებსაც იტევს, „პროლეტარებზე უარესი“, “სხვანი”, რომლებსაც არ გააჩნიათ „კლასობრივი მამა“ და მათ „უმამოებს“ (безотцовщина) უწოდებენ. ეს არანათესაობითი თუ არასამეზობლო ერთობაა, ადამიანები - ყოველგვარი გენეალოგიისა და იდენტობის გარეშე, რომლებიც, „ღვთის ხალხის“ მსგავსად სასუფევლისკენ მიაბიჯებს. კითხვაზე, თუ საით მიეხეტება ეს ხალხი, რომანის ერთ-ერთი გმირი, პროკოფი, ასე პასუხობს: „რას ქვია, საით? ცხადია, კომუნიზმში.“

"რევოლუცია დამთავრდა, მისი მოსავალი მოიმკა, ახლა ადამიანები მდუმარედ ჭამდნენ მწიფე მარცვლებს, რათა კომუნიზმი მათი სხეულის ხორცად ქცეულიყო."

რომანში ქრისტიანული და კომუნისტური უტოპიების სინთეზი ენობრივ დონეზე ჩნდება - 20-იანი წლების პროლეტარულ-რევოლუციური პათოსი ქრისტიანული ესქატოლოგიის ენაში ირევა და ეს ჰიბრიდი არა უბრალოდ სტილისტური თამაშია, არამედ ამ ენების ორგანულ მსგავსებას ავლენს. ორივე ენა სამყაროს სრულიად გულუბრყვილო, გროტესკულობამდე ინფანტილური ცნობიერების ხატებს გადმოსცემს. ენები გროტესკულია იმდენად, რამდენადაც „პირველქმნილობამდე“ უმანკოა; თითქოს რეალობას, როგორადაც მას ზრდასრული ადამიანი აღიქვამს, ცნობიერებაში არ შეუღწევია და პრაგმატული ლოგიკისაგან გაწმენდილია. ამ უმანკო ცნობიერების ვერბალიზაციით ჩნდება პლატონოვისეული ირონია, რასაც სიტყვათა შეთავსების ლოგიკა წარმოშობს: „რაკი ბურჟუები აღარ არიან, ხოლო ქარი კვლავინდებურად უბერავს, ჭოკი კი ქანაობს, მაშასადამე ბურჟუაზიაც არაბუნებრივი ძალაა.“ იოსიფ ბროდსკი თავის მოკლე წერილში „სამშენებლო ორმოზე“ (Котлован) წერს, რომ „პლატონოვმა თავი დაუმორჩილა ეპოქის ენას, ერთხელ ჩაიხედა  მასში და ისეთი უფსკრულები დაინახა, რომ აღარ შეეძლო ლიტერატურულ ზედაპირზე ელივლივა. მან უარი თქვა სიუჟეტის ხლართვით, ტიპოგრაფიული ძიებებით, სტილისტური არშიებით შეემკო ტექსტი.“ ბროდსკი ამბობს, რომ მისი ენა არ არის ლიტერატურული სტილიზაცია, არამედ თავად ენა იქცევა ტოტალობად, რომელიც რეალობას იქვემდებარებს: „პლატონოვი გვიყვება ნაციაზე, რომელიც, გარკვეულწილად, თავად იქცა საკუთარი ენის მსხვერპლად. უფრო სწორედ, გვიყვება ენაზე, რომელსაც აღმოაჩნდა უნარი ფიქტიური სამყარო ეშვა და მის გრამატიკულ დამოკიდებულებაში თავადვე მოექცა.“

ის, რაც პლატონოვის ნაწერებში აბსურდულ და გროტესკულ ატმოსფეროს ქმნის, რაც სასაცილოცაა და შემზარავიც, ისტორიაში იმ ენის შეღწევის შედეგია, რომლის ადგილიც, როგორც წესი, ისტორიაში არ მოიპოვება. დაბალი, „უხმო“ სოციალური ფენები არასდროს ყოფილან ისტორიის სუბიექტები, მათი ენა და გულისტკივილი იშვიათად და მხოლოდ სწავლულთა, მწიგნობართა გადაწერილ - გახმოვანტკბილებული აღწევდა ისტორიულ ნარატივებამდე. ეს ისტორიისთვის უადგილო, უხმო ენა, ასეთი მასშტაბებით, ადრექრისტიანობის შემდეგ, შეიძლება ითქვას, სწორედ 1920-იანი წლების საბჭოთა კავშირში გამოჩნდა. მაშინ, როდესაც, თუნდაც ხანმოკლედ, უტოპიამ რეალობა ჩაანაცვლა და ის თავის ენაზე აამეტყველა. ადრეული ქრისტიანობაც და საბჭოთა კავშირის პირველი წლებიც კაცობრიობის ისტორიის ის უნიკალური მომენტებია, როდესაც ისტორიის ასპარეზზე ის უმრავლესობა გამოჩნდა, ვისი ენაც უცნობი და გროტესკულობამდე უცხო იყო, ჰეგემონიური კულტურის პერსპექტივიდან კი, სიცილის მომგვრელ უაზრობად აღიქმებოდა.  

პროლეტარულ და ქრისტიანულ ენათა შერწყმით „ჩევენგურში“ კლასობრივი ბრძოლა განკითხვის ჟამად გადაიქცევა, სადაც ბურჟუაზიის - მჩაგვრელი კლასის განადგურება „უფლის მეორედ მოსვლისთვის“ მზადებაა. კომუნიზმის აშენების პირველი ეტაპი კლასობრივი მტრებისგან ჩევენგურის გაწმენდაა: „კომუნიზმი თავისით დადგება, თუ ჩევენგურში სხვა აღარავინ იქნება, გარდა პროლეტარიატისა.“

ის, რაც პლატონოვის ნაწერებში აბსურდულ და გროტესკულ ატმოსფეროს ქმნის, რაც სასაცილოცაა და შემზარავიც, ისტორიაში იმ ენის შეღწევის შედეგია, რომლის ადგილიც, როგორც წესი, ისტორიაში არ მოიპოვება. 

კომუნიზმის კლასიკური ვერსიისგან განსხვავებით, ჩევენგურის კომუნიზმი სხვა იდეალს ესწრაფვის: „უკეთესი იქნება დაინგრეს მთელი კეთილმოწყობილი სამყარო, სამაგიეროდ კი შიშველ წესრიგში ერთმანეთი ვჰპოვოთ.“ ეს ერთგვარი გადაძახილია ქრისტეს სიტყვებთან: „რას არგებს ადამიანს, მთელი სოფელი რომ შეიძინოს, თავისი სული კი დაკარგოს“ (მარკოზი 8, 36). მატერიალური კეთილდღეობის დათმობა, ამ სურვილის გაქრობა პროლეტარიატს შრომისგან ათავისუფლებს, - „(პროლეტარიატი - გ.მ.) ისვენებდა საუკუნოვანი ჩაგვრისგან“ - სანაცვლოდ ერთად ყოფნის სიხარულით აჯილდოვებს. უპოვარი და ნატანჯი პროლეტარიატი ღვთის ხალხის თანამედროვე სახელია, რომლისთვისაც კომუნიზმის სახით „ქრისტეს ათასწლოვანი სამეფო“ უნდა დამყარდეს. ასე განიმარტება „ჩევენგურში“ კომუნიზმი ქილიაზმად.

ქილიაზმი, ანუ მილენარიზმი - ქრისტიანული სწავლება ქრისტეს ათასწლოვანი სამეფოს შესახებ, რომელიც ანტიქრისტეს დამარცხების შემდეგ დადგება, II საუკუნეში გაჩნდა და იქიდან მოყოლებული დღემდე სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საგნად რჩება. ქრისტეს ხელმწიფების მოლოდინი, რასაც წინ განკითხვის ჟამი უძღვის, ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან იწყება. XX საუკუნეში ამ წარმოდგენის მითვისება სცადეს ნაცისტებმა და გერმანიის სამყაროზე გაბატონების ინტერპრეტაცია შეთხზეს. ნაცისტებმა „ათასწლოვან სამეფოდ“ მესამე რაიხი გამოაცხადეს და ქრისტეს ხელმწიფება „არიული რასის“ მბრძანებლობით ჩაანაცვლეს.

XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე ორიგინალურმა მემარცხენე ფილოსოფოსმა ერნსტ ბლოხმა თავის წიგნში „ამა დროის მემკვიდრეობა“, რომელიც ნაციზმის ეპოქაში ნაციზმზე კრიტიკული ფილოსოფიური რეფლექსიის უნიკალური ნიმუშია, ფაშისტურ მითს ისტორიული ქილიაზმი დაუპირისპირა და მთელი ყურადღება ამ რელიგიური მოძღვრების სოციალურ განზომილებაზე გადაიტანა. ბლოხის თანახმად, ქილიასტური ცნობიერების მამოძრავებელია „ნება ზეცისა მიწაზე.“ ასეთი სურვილი ჩნდება ადამიანთა იმ კატეგორიაში, სადაც ბედნიერების დეფიციტი ყველაზე მაღალია: „სადაც ბევრის ნაკლებობაა, ბევრი სურვილი ჩნდება, ბევრი თრობა სურვილ-ხატებში, განსაკუთრებით რელიგიურებში. მაგრამ აქ თრობას ორმაგი სახე აქვს: ერთი - სიდუხჭირეზე სასოების მომგვრელი, მეორე - იმავე სიდუხჭირის წინააღმდეგ მშფოთავი.“ ტრადიციულად, ეკლესია სააქაო შვებას მოკლებულ ადამიანებს საიქიო ცხოვრებით ანუგეშებდა. ქილიაზმში კი, თანასწორობისა და სამართლიანობის სამეფო მიწაზე უნდა დამყარდეს. ქრისტეს ათასწლოვანი სამეფო - ესაა კომუნისტური ერთობა და თანასწორობა, მისი საიქიოდან სააქაოში გადმოტანა, მისკენ სწრაფვა და მისი დამყარების გზებზე ფიქრისა და ქმედების დასაწყისი.

ერნსტ ბლოხი საუბრობს ქილიასტური მოძღვრების უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელზე, იოაკიმე ფიორელზე [ჯოაკინო და ფიორე] (1130-1202) და მისი სწავლების შესახებ - სამ დროით მდგომარეობაზე, რომლებსაც წმინდა სამების თითო იპოსტასი შეესატყვისება: მამის დრო - ძველი აღთქმის პერიოდი, ძის დრო - ახალი აღთქმიდან 1260 წლამდე და სულიწმინდის დრო. სწორედ ეს მესამე დროითი მდგომარეობაა ის ათასწლოვანი სამეფო, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლას წინ უსწრებს. იოაკიმეს თქმით, „პირველი (დროება) იყო მონათა მონობის, მეორე - ძეთა მსახურების, მესამე - თავისუფლების. პირველი - წუხილში, მეორე - შრომაში, მესამე - ჭვრეტაში. პირველი - შიშში, მეორე - რწმენაში, მესამე - სიყვარულში. პირველი - მონობაში, მეორე - თავისუფლებაში, მესამე - სიხარულში.“ იქვე იოაკიმე ფიორელი „სულიწმინდის დროებაში“ მცხოვრები კაცობრიობის მდგომარეობას შესაქმის ბოლო დღეს - შაბათს ადარებს: „რათა მან დაისვენოს გაჭირვებისა და ტანჯვისგან, რომლების მოთმენაც მას ექვსი დროის (იგულისხმება შესაქმის ექვსი დღე, როგორც კაცობრიობის განვლილი ეტაპების ალეგორია - გ.მ.) მანძილზე უხდებოდა.“ ერნსტ ბლოხი ასე ახასიათებს იოაკიმეს რევოლუციურ „წინასწარმეტყველებას“: „პირველქრისტიანული თემი ციდან მიწაზე ეშვება, კომუნისტური ძმობა და მშვიდობის საუფლო იწყება.“ 

იოაკიმე ფიორელი - აბატი და კალაბრიელთა ორდენის დამაარსებელი იყო. მისი მრევლი ძირითადად დაბალ სოციალურ ფენას წარმოადგენდა. 1215 წელს ეკლესიამ იოაკიმე მწვალებლად გამოაცხადა და მისი მოძღვრებისა და მიმდევრების, როგორც უწოდებდნენ - იოაკიმიტელთა სექტის დევნას შეუდგა. ეკლესიამ გადაიღო და გაითავისა ის, რაც პირველქრისტიანებს მოწამეებად აქცევდა, მათ რწმენას ამტკიცებდა - დევნა. ერთ დროს დევნილთა და წამებულთა ეკლესიამ, თვითონ მდევნელისგან ისწავლა დევნა. დევნილთა და მოწამეთა სახელით კი, უკვე თავად იქცა მდევნელად და მწამებლად. „საკურთხევლებს სამკაულებით კაზმავენ და ღატაკი კი მშიერ-მწყურვალი დაეხეტება.“ - წერდა იოაკიმე. „საიქიო ცხოვრებაზე ფიქსირებული მზერის მიწიერი მომავლისკენ მომართვა და იდეალის არა ცაში, არამედ მიწაზე შექმნის აუცილებლობა“ ბლოხს იოაკიმის მთავარ რევოლუციურ ნაბიჯად მიაჩნდა. „ქრისტეს სამეფო მაშინ გახდება ამა სოფლისა, რაჟამსაც ეს სოფელი ახალ სამყაროდ გარდაიქმნება.“

„პირველი (დროება) იყო მონათა მონობის, მეორე - ძეთა მსახურების, მესამე - თავისუფლების. პირველი - წუხილში, მეორე - შრომაში, მესამე - ჭვრეტაში. პირველი - შიშში, მეორე - რწმენაში, მესამე - სიყვარულში. პირველი - მონობაში, მეორე - თავისუფლებაში, მესამე - სიხარულში.“

ბლოხის აზრით, იოაკიმის (ისევე, როგორც მოგვიანებით პროტესტანტი პასტორის, თომას მიუნცერის სოციალისტურ-რევოლუციური) პათოსი ის მუხტია, რომლისგანაც პირველი ქრისტიანობა, როგორც ჩაგრულთა და უპოვართა იდეოლოგია, პოლიტიკური-რელიგიური მოძრაობა შეიქმნა. ამ მოძრაობას გეზი ეკლესიამ უცვალა, თუმცა ქრისტიანობის მეამბოხე საწყისი ბოლომდე არასდროს გამქრალა. ქრისტიან მორწმუნეთა მიზანი მიწაზე დამყარებული თანასწორობა და ურთიერთსიყვარული უნდა ყოფილიყო. პირველქრისტიანული კომუნები სწორედ ამის იმიტაცია იყო.

ახალ დროებამდე, მიწიერ სამოთხეზე ოცნება ძირითადად რელიგიურ ენაზე გამოითქმოდა და ითვლებოდა, რომ ამით მწვალებლობასა და ოკულტიზმში ეჭვმიტანილი ადამიანები იყვნენ დაკავებული. უკვე გვიანი რენესანსის ხანიდან უტოპია, როგორც სამყაროს მოწყობის იდეალი, უფრო თეორიულ და პოლიტიკურ ხასიათს იძენს. განმანათლებლობის ეპოქაში რელიგიური დოგმატიკა გონიერი სწავლულებისთვის საშარჟო თემად იქცა. ამიტომ, საჭირო გახდა ახალი, მეცნიერული არგუმენტებით უთანასწორობის წარმოშობის მიზეზების ახსნა და უკეთესი საზოგადოებრივი მოწყობის გზების ძიება. ჟან ჟაკ რუსო თავის ტრაქტატში „ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობის საფუძვლების შესახებ“ უძველეს ადამიანს „კეთილშობილ ველურად“ წარმოაჩენდა, რომელიც კერძო საკუთრების და ქონებრივი უთანასწორობის გაჩენამ გააბოროტა: „პირველი, ვინც მიწის ნაკვეთი შემოღობა და თავს უფლება მისცა ეთქვა ეს ჩემია, და ისეთი ხალხი იპოვა, რომელიც საკმარისად ბრიყვი იქნებოდა, რათა მისთვის დაეჯერებინა, იყო სამოქალაქო საზოგადოების დამფუძნებელი. რამდენ დანაშაულს, ომს, მკვლელობას, რამდენ გაჭირვებასა და სიღატაკეს, რამდენ შემზარაობას ააცილებდა ის კაცთა მოდგმას, ვინც იმ პირველს სარებს ამოუყრიდა და ორმოებს ამოუვსებდა, თავის მოძმეებს კი ეტყოდა: თავს გაუფრთხილდით, ყური არ დაუგდოთ ამ მატყუარას! დაიღუპებით, თუ დაივიწყებთ, რომ ნაყოფი ყველასია, მიწა კი არავისი!“

ასეთი წარმოდგენების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო კოლონიალიზმის ეპოქაში წარმოშობილი ახალი მეცნიერების - ეთნოგრაფიის მიერ კოლონიზებულ ქვეყნებში აღმოჩენილმა პრიმიტიულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. „პირველყოფილ საზოგადოებებში“ კოლექტიურმა საკუთრებამ და შრომის თანაბარი დანაწილების პრინციპებმა გააჩინა ვარაუდი, რომ ამგვარი საზოგადოებრივი მოწყობა „პირველყოფილ კომუნიზმზე“ მიანიშნებდა, რომელიც ოდესღაც, მთელ კაცობრიობას უნდა ჰქონოდა გავლილი.

ფრიდრიხ ენგელსმა 1884 წელს დაწერილ თავის ნარკვევში - „ოჯახის, კერძო საკუთრების და სახელმწიფოს წარმოშობა“, რომელიც ბრიტანელი ეთნოლოგის ლუის მორგანის „პირველყოფილი საზოგადოების“ თეორიას და მარქსის გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს ეყრდნობოდა, შემოიტანა ტერმინი „პირველყოფილი კომუნიზმი“ (Urkommunismus), რომელიც პირველყოფილი საზოგადოების ადრეულ ფაზას აღწერს, როდესაც კერძო საკუთრება ჯერ არ იყო გაჩენილი და ადამიანთა ჯოგში მოპოვებული პროდუქცია თანაბრად ნაწილდებოდა.

„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ღვთის სასუფევლის გულისათვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები, და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი, ხოლო მომავალში — საუკუნო სიცოცხლე“ (ლუკა 18, 18-30).

გარდა ეთნოგრაფიული აღმოჩენებით გამყარებული კომუნიზმის თეორიებისა, ყველა წიგნიერ ქრისტიანს, ანუ ვისაც ახალი აღთქმა ერთხელ მაინც ჰქონდა წაკითხული,  თავის რელიგიურ მეხსიერებაში უნდა ჰქონოდა კომუნისტური საზოგადოების გამოცდლება. ესაა სულ პირველი ქრისტიანული თემები, რომლებიც სავარაუდოდ ქრისტეს მოსწავლეების უშუალო გარემოცვაში უნდა გაჩენილიყო. მათი პირველი აღწერა თავად ახალ აღთქმაშია: „ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. ქონებას და სარჩო-საბადებელს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, ვისაც რა უჭირდა. დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდელს სიხარულით და უბრალო გულით“ (საქმენი მოციქულთა 2, 44-46).

პირველქრისტიანული კომუნიზმი არა მხოლოდ ყველანაირი წარმომავლობითი უთანასწორობისა და ბარიერის დამარცხებას, არა მხოლოდ ჩაგვრისა და ყვლეფისგან, არამედ იერარქიული პრივილეგიებისა და ქონებისგან გათავისუფლებასაც ზეიმობდა, რამდენადაც ქრისტეს პირველ მიმდევრებს მატერიალური სიკეთეებიც თავისუფლების წამრთმევ ბორკილებად ესმოდათ. ამისი დასტური მათ სახარებისგან ჰქონდათ:

ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ უთხრა მას იესომ: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღვთისა. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“ მან თქვა: „ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი.“ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი.“ ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.

შეხედე მას იესომ და თქვა: „რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონელთა შესვლა ღვთის სასუფეველში! ვინაიდან უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“ მსმენელებმა თქვეს: „ვიღას შეუძლია გადარჩენა?“ მან თქვა: „კაცთათვის შუეძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია.“ თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“ მან უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ღვთის სასუფევლის გულისათვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები, და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი, ხოლო მომავალში — საუკუნო სიცოცხლე“ (ლუკა 18, 18-30).

ეკლესია - ეს ახალი სისტემა შინაგანი ორგანიზაციითა და ძალაუფლების დანაწილების სტრუქტურით, სახელმწიფო აპარატს უფრო დაემსგავსა, ვიდრე საყოველთაო თანასწორობის კომუნას და სულ მალე მკაცრად სტრუქტურირებულ, ტოტალურ ძალაუფლების მანქანად ჩამოყალიბდა.

პირველმა ქრისტიანებმაც სცადეს სახარების სიტყვების რეალობაში გადატანა და უიერარქიო, უსაკუთრებო კომუნები შექმნეს. ეს იყო მათი მიწაზე დაფუძნებული „ქრისტეს სხეული“, რომელშიც არავინ იყო არც იუდეველი, არც ელინი, არც თავისუფალი, არც მონა, არც მამაკაცი, არც ქალი (გალატელთა მიმართ 3, 28). 

ამ საყოველთაო იდილიისა პარალელურად იბადება ოფიციალური ქრისტიანული ეკლესია, რომელიც ქრისტესა და მისი პირველი მიმდევრების საწინააღმდეგო მიმართულებით იწყებს განვითარებას. ეკლესიამ რომაული ლეგიონის მოდელით საკუთარი იერარქიული სისტემა შექმნა. ეს ახალი სისტემა შინაგანი ორგანიზაციითა და ძალაუფლების დანაწილების სტრუქტურით, სახელმწიფო აპარატს უფრო დაემსგავსა, ვიდრე საყოველთაო თანასწორობის კომუნას და სულ მალე მკაცრად სტრუქტურირებულ, ტოტალურ ძალაუფლების მანქანად ჩამოყალიბდა. ეკლესიამ ქრისტეზე სრული მონოპოლია გამოაცხადა და მისი ცენტრალიზებული ხაზიდან ყველა სახის თვითნებურ გადახვევას ბრძოლა გამოუცხადა. ეკლესიის ძალაუფლების ორგანოდ ქცევისთანავე პირველქრისტიანული კომუნები, მათი იდეებითა და მიზნებით, ოფიციალური ქრისტიანობისგან გაირიყნენ და უმეტესად მწვალებლებად ჩნდებიან საეკლესიო ქრონიკებში, რომლებიც მათი დევნისა და მხილების ამბებს მოგვითხრობენ. ოფიციალური ეკლესიის პირველი საბრძოლო ტერმინიც - „ჰაირესის“ (ერეტიკოსი, მწვალებელი) - ბერძნულად „თავისუფალ არჩევანს“ ნიშნავს და საეკლესიო სწავლებისგან გადახვევას გულისხმობს.

პირველქრისტიანული „კომუნიზმი“, როგორც სულიერის აღმატებულებასა და მატერიალურის უფასურებაზე დამყარებული ერთობა, ბოლომდე არასდროს გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რწმენა-წარმოდგენები მხოლოდ „მწვალებლობის“ იარლიყით რჩებოდა მეხსიერებაში. არა ლიტურგიულ-სიმბოლურ დონეზე, არც მხოლოდ სექტებსა თუ საიდუმლო საზოგადოებათა წყალობით, არამედ უშუალოდ ახალი აღთქმის ისტორიული მეხსიერებით მიწიერი სამოთხის პროექტმა რევოლუციურ დოქტრინებში შეაღწია და პოლიტიკურ პროგრამად გადაიქცა.

ქრისტიანულ სკოლა-ინტერნატში აღზრდილი კარლ მარქსის „გოთას პროგრამის კრიტიკა“ თითქოს „საქმენი მოციქულთაში“ აღწერილი პირველქრისტიანული კომუნის მოდელის პერიფრაზია: „ყველამ - თავისი უნარების მიხედვით, ყველას - მისი საჭიროებების მიხედვით“. ეს საყოველთაო თანასწორობის პირველქრისტიანული პრინციპი კომუნიზმის პროტოტიპად იქცა XIX საუკუნის კომუნიზმის სახელმდებელ თეორეტიკოსებთან. კომუნიზმის წარმოდგენაშიც ქრისტიანული ესქატოლოგიიდან მიღებული ინსპირაცია გამოსჭვივის. „გოთას პროგრამის კრიტიკაში“ მარქსი ასე აღწერს საზოგადოების ევოლუციის ამ უმაღლეს საფეხურს:

„კომუნისტური საზოგადოების უმაღლეს ფაზაში, ...როდესაც შრომა არა მარტო ცხოვრების საშუალება იქნება, არამედ პირველი სასიცოცხლო მოთხოვნილება; როდესაც ინდივიდთა ყოველმხრივ განვითარებასთან ერთად, საწარმოო ძალებიც გაიზრდება და საზოგადოებრივი სიმდიდრის ყველა წყარო უხვი იქნება, - მხოლოდ მაშინ შეიძლება გადაილახოს ბურჟუაზიული უფლების ვიწრო ჰორიზონტი და საზოგადოებამ თავის დროშას წააწეროს: ყველამ - თავისი უნარის მიხედვით, ყველას - მისი საჭიროებების მიხედვით.“

1920-იანი წლების ნაივური და გულისამაჩუყებელი წარმოდგენებიც კომუნისტურ მიწიერ სამოთხეზე პიროვნების კულტზე დაფუძნებულ პარტიულ-ბიუროკრატულ სისტემად იქცა, რომელმაც კომუნიზმის იდილიის დადგომის ლოდინი ტერორითა და განკითხვით ჩაანაცვლა.  

გერმანელი სოციალ-დემოკრატი კარლ კაუცკი (1854-1938) თავის მონოგრაფიაში „ქრისტიანობის დასაბამი“ პირველქრისტიანობა „პლებეურ-პროლეტარული გამოღვიძების ამბოხად“ მოიხსენია, რომელიც კლასობრივი ცნობიერების ჩანასახებს ატარებდა, მაგრამ კონსტანტინეს დიდის ხანიდან პაპიზმმა ის გაბატონებული კლასების საყრდენად აქცია. თავის სხვა ნაშრომში, რომელსაც „ახალი სოციალიზმის წინამორბედები“ ქვია, კაუცკი საუბრობს მილენარიზმზე და სხვადასხვა სახის ქრისტიანულ სექტებზე, როგორც სახალხო-სოციალისტური მოძრაობების უშუალო წინამორბედებზე. კაუცკის გავლენით დაწერა რუსმა ბოლშევიკმა, საბჭოთა კავშირის  განათლების პირველმა სახალხო კომისარმა ანატოლი ლუნაჩარსკიმ თავისი ორტომეული - „რელიგია და სოციალიზმი“ (1908-1911), სადაც ის უკვე არა მხოლოდ მსგავსებათა თანხვედრით შემოიფარგლება, არამედ სოზიალიზმზე, როგორც ახალ, „შრომის რელიგიაზე“ ლაპარაკობს: „სოციალიზმი - ესაა კაცობრიობის ორგანიზებული ბრძოლა ბუნებასთან, მისი გონებისთვის დასაქვემდებარებლად: ახალი რელიგია - გამარჯვების იმედით, სწრაფვაში, ძალისხმევაში. ჩვენ პავლე მოციქულთან ერთად შეგვიძლია ვთქვათ: ,რადგან სასოებით ვიქენით გამოხსნილნი’. (…) ახალი რელიგია, კაცობრიობის რელიგიაა, შრომის რელიგია...“

რელიგიური ელემენტი საბჭოთა იდეოლოგიის მაცოცხლებელი მუხტი იყო, რომლის დაკარგვამაც და სრულმა ნიჰილიზმმა კომუნიზმის იდეალების მიმართ, ამ სისტემის რღვევა გამოიწვია. თუ კომუნიზმი არ დადგება, მაშინ ყველაფერი ნებადართული უნდა იყოს და უკვე 1960-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირიც თვითგამანადგურებელ კორუფციულ სისტემად იქცა, რომელსაც საკუთარი ნგრევის შემაკავებელი არც ერთი მიზანი თუ მექანიზმი აღარ შემორჩა. თუმცა რწმენის გაქრობამდე მრავალი წლით ადრე, ამ ახალმა სარწმუნოებამ თვისობრივი ტრანსფორმაციები განიცადა და, როგორც ერთ დროს პირველქრისტიანული კომუნა ძალაუფლების იერარქიულ და მკაცრად სუბორდინირებულ მანქანად და უმდიდრეს ფეოდალად გარდაისახა. 1920-იანი წლების ნაივური და გულისამაჩუყებელი წარმოდგენებიც კომუნისტურ მიწიერ სამოთხეზე პიროვნების კულტზე დაფუძნებულ პარტიულ-ბიუროკრატულ სისტემად იქცა, რომელმაც კომუნიზმის იდილიის დადგომის ლოდინი ტერორითა და განკითხვით ჩაანაცვლა.       

შეიძლება ითქვას, რომ პლატონოვმა ამ ტრანსფორმაციის გარდაუვალობა და პირველქმნილი სამოთხისებრი იდილიის ტრაგიკული შეუძლებლობა იგრძნო. ჩევენგურში მცირეწლოვანი ბავშვი კვდება, რაც კოპიონკინსა და დვანოვს აფიქრებინებს, რომ ჩევენგურში კომუნიზმი არ შედგა, მიწიერ ღვთის საუფლოში ბავშვის სიკვდილი წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო, მაშინ ის ვეღარ იქნებოდა სრულყოფილი. ბავშვის სიკვდილის თემა კიდევ უფრო მძიმე და შემზარავია პლატონოვის მოთხრობაში „სამშენებლო ორმო“ (1930), რომელშიც ერთ უკაცრიელ ადგილას გიგანტურ ორმოს თხრიან ისეთი დიდი სახლის ასაშენებლად, რომელმაც მთელი პროლეტარიატი უნდა დაიტიოს. ამ გარემოში ჩნდება პატარა ობოლი, უსახლკარო გოგონა ნასტია, რომელსაც მშენებლობაზე მომუშავეები შეიფარებენ და რადგანაც მისთვის თავისუფალი საწოლი არ გამოიძებნება, ორ კუბოს აჩუქებენ: ერთს საწოლად, მეორეს -  სათამაშოების ყუთად. ნასტია, რომელიც საერთო სახლის ყველაზე უმცროსი მობინადრე უნდა გახდეს, კვდება და თხზულების ბოლოს სამშენებლო ორმოს ძირში იმარხება. ბავშვის სიკვდილი და მისი საძირკველში დამარხვა, როგორ რელიგიურ ალუზიებსაც არ უნდა შეიცავდეს, აღარაა რიტუალური მსხვერპლი, რომელზეც მომავალი უნდა დაშენდეს. „ჩევენგურის“ შემდგარ იდილიაში კი თითქოს რეალობა ბრუნდება, როდესაც ქალაქს გაურკვეველი ვინაობის მხედრობა მოადგება და დამდგარი კომუნიზმის ერთადერთ კერას მიწასთან მოასწორებს. ჩევენგურის ყველა დამცველი იღუპება, მთავარი გმირი - ალექსანდრე დვანოვი კი იმ ტბაში გადაეშვება, სადაც მრავალი წლის წინ მამამისი დაიხრჩო, როდესაც წყალქვეშა ჯადოსნურ სამყაროს ეძებდა.