თარგმანი: ირიბი მოქმედების კიბერთეატრი

მოზარდობიდან მოყოლებული დროდადრო დეპრესიით ვიტანჯები. ზოგიერთი დეპრესიული პერიოდი ძალზე დამაუძლურებელი იყო – თავს ვისახიჩრებდი, სამყაროს ვეთიშებოდი (თვეობით ვიჯექი საკუთარ ოთახში და გამოვდიოდი მხოლოდ იმისთვის, რომ მიმეღო უმუშევრობის ანაზღაურება ან მეყიდა იმ პროდუქტების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ვიკვებებოდი) და ფსიქიატრიული კლინიკის იზოლატორშიც მომიწია ყოფნა. ვერ ვიტყოდი, რომ ამ სნეულებისგან გავთავისუფლდი, მაგრამ მახარებს ის, რომ ბოლო წლებში მსგავსი ეპიზოდები სულ უფრო იშვიათია. ეს, ნაწილობრივ, ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შედეგია, და ასევე იმის, რომ ჩემი დეპრესიისა და მისი მიზეზების სხვაგვარი გაგება დავიწყე. მე ვყვები საკუთარი ფსიქიკური აშლილობის გამოცდილებაზე არა იმიტომ, რომ მასში რამე განსაკუთრებულს ვპოულობ, არამედ იმისთვის, რომ გავამყარო ჩემი მტკიცება იმის შესახებ, რომ დეპრესიის ბევრ ფორმასთან გასამკლავებლად საჭიროა მისი განხილვა ზეპიროვნულ და პოლიტიკურ და არა ინდივიდუალურ და „ფსიქოლოგიურ“ დონეზე.

საკუთარ დეპრესიაზე წერა რთულია. ის ნაწილობრივ კონსტიტუირებულია დამცინავი „შინაგანი“ ხმით, რომელიც ბრალს გდებს ეგოიზმში – შენ არ გაქვს დეპრესია, უბრალოდ თავს იცოდებ, თავი ხელში აიყვანე – და ეს ხმა შესაძლოა, გამოწვეული იყოს საკუთარ მდგომარეობაზე საჯაროდ საუბრით. ცხადია, ეს ხმა სრულებითაც არაა „შინაგანი“ – ის წარმოადგენს გაშინაგანებული სოციალური სინამდვილის გამოხატულებას, რომლის ინტერესებშიცაა, უარყოს ყოველგვარი კავშირი დეპრესიასა და პოლიტიკას შორის.

ჩემი დეპრესია ყოველთვის უკავშირდებოდა დარწმუნებულობას, რომ მე უვარგისი ადამიანი ვარ. დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 30 წლამდე, მჯეროდა, რომ არასდროს მექნებოდა სამუშაო. 20 წლის ასაკში მივედ-მოვედებოდი ხან ასპირანტურაში სწავლას, ხან დროებით სამუშაოს და ხანაც უმუშევარი ვიყავი. თუმცა ყველა ამ როლში თავს უცხოდ ვგრძნობდი – ასპირანტის როლში იმიტომ, რომ ნამდვილი მეცნიერი არ ვიყავი, არამედ დილეტანტი, რომელიც იქ ყალბი გზებით მოხვდა. უმუშევრის როლში იმიტომ, რომ ნამდვილი უმუშევარი კი არ ვყოფილვარ, რომელიც გულწრფელად ეძებს სამუშაოს, არამედ მუქთახორა. ხოლო დროებით დასაქმებულის როლში იმიტომ, რომ ვგრძნობდი, ბოლომდე არ ვიხარჯებოდი და შეუფერებელი ვიყავი ოფისისა თუ ქარხნის სამუშაოსთვის. და არა იმიტომ, რომ „ზედმეტად კარგი“ ვიყავი მათთვის, არამედ პირიქით – გამოუსადეგარი, და ვიკავებდი სხვის ადგილს, რომელსაც ჩემზე მეტად სჭირდებოდა და იმსახურებდა მას. ფსიქიატრიული კლინიკის იზოლატორშიც კი მეუფლებოდა განცდა, რომ სინამდვილეში არ მქონდა დეპრესია და რომ ვსიმულირებდი მას, რათა არ მემუშავა, ანდა დეპრესიის ჯოჯოხეთურად პარადოქსული ლოგიკის შესაბამისად, ვსიმულირებდი, რათა დამემალა ის ფაქტი, რომ მუშაობა არ შემიძლია და რომ საზოგადოებაში საერთოდ არაა ჩემი ადგილი.

როცა კოლეჯში ლექტორად დავიწყე მუშაობა, გარკვეული დროით განწყობა ამიმაღლდა. თუმცა ამ ამაღლებულობამ თავისი ბუნება მალე გამოამჟღავნა და კვლავ დამიბრუნდა უსარგებლობის განცდა, რამაც დეპრესიის მორიგ პერიოდში ჩამაბრუნა. მე არ მყოფნიდა ამ როლისთვის გაჩენილი ადამიანის მშვიდი თავდაჯერებულობა. ბოლომდე არ მჯეროდა, რომ გამოსადეგარი ვიყავი ისეთი საქმიანობისთვის, როგორიც ლექტორობაა. მაგრამ საიდან გაჩნდა ასეთი შეხედულება? ფსიქიატრიაში გაბატონებული სკოლა ასეთი შეხედულებების წყაროს ტვინში ქიმიური პროცესების დარღვევაში ხედავს, რომელთა გამოსწორებასაც მედიკამენტებით მკურნალობა სჭირდება. ფსიქოანალიზი და მისგან წამოსული ფსიქოთერაპიის სახეობები, როგორც ცნობილია, ფსიქიკური აშლილობების ფესვებს ოჯახურ ისტორიებში ეძიებს, ხოლო კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოთერაპია ნაკლებად ინტერესდება ნეგატიური შეხედულებების წარმოშობით და უბრალოდ ცვლის მათ პოზიტიური ისტორიების ნაკრებით. მე არ ვამბობ, რომ ეს მიდგომები სრულიად მცდარია, მაგრამ მათ გამორჩებათ არასრულფასოვნების გრძნობის ყველაზე რეალური მიზეზი: სოციალური ძალაუფლება. სოციალური ძალაუფლების ის ფორმა, რომელმაც ჩემზე ყველაზე ძლიერი ზემოქმედება იქონია, კლასობრივი ძალაუფლება იყო. ცხადია, გენდერული, რასობრივი და სხვა ტიპის ჩაგვრები ასევე იწვევენ მსგავს, ონტოლოგიური არასრულფასოვნების გრძნობას. მას კარგად გამოხატავს ჩემ მიერ ადრე გამოთქმული მოსაზრება: შენ არ ხარ ის, ვისაც დომინანტი ჯგუფისთვის განკუთვნილი როლის შესრულება შეუძლია.

ჩემი წიგნის „კაპიტალისტური რეალიზმის“ მკითხველის დაჟინებული თხოვნით დევიდ სმეილის ნაშრომების შესწავლა დავიწყე. სმეილი ფსიქოთერაპევტია, მაგრამ ძალაუფლების საკითხს ცენტრალური ადგილი უჭირავს მის პრაქტიკაში. მან დაადასტურა დეპრესიის შესახებ ჰიპოთეზები, რომლებსაც მე ბორძიკით ვუახლოვდებოდი. თავის მნიშვნელოვან ნაშრომში „უბედურების სათავეები“ სმეილი წერს, რომ კლასობრივი დაღი გათვლილია იმაზე, რომ მისგან გათავისუფლება შეუძლებელი იყოს. მას, ვინც დაბადებიდან მიჩვეულია, საკუთარი თავი უმნიშვნელო ადამიანად აღიქვას, კვალიფიკაციის შეძენა ან გამდიდრება იშვიათად ჰყოფნის საკუთარი უსარგებლობის განცდისგან გასათავისუფლებლად. განცდისგან, რომლითაც მათი ცხოვრება ადრეული ბავშვობიდანვე დაღდასმულია. ის, ვინც გაარღვევს მისთვის „განკუთვნილ“ სოციალურ წრეს, ყოველთვის აღმოჩნდება თავბრუსხვევის, პანიკისა და შიშის წინაშე: „იზოლირებული, სამყაროსგან მოწყვეტილი, მტრული გარემოს პირობებში, თქვენ უცბად კარგავთ ყველა კავშირს, სტაბილურობას, ყველაფერს, რამაც შეიძლება წონასწორობა შეგინარჩუნოთ. თქვენ გეუფლებათ თავბრუდამხვევი და გულისამრევი არარეალობა. გემუქრებათ საკუთარი თავის სრულად დაკარგვის საფრთხე, მოტყუებულობის განცდა. თქვენ კარგავთ უფლებას, იყოთ აქ და ახლა, ამ სხეულში, ამ ტანსაცმელში. თქვენ არაფერს გრძნობთ და თავადაც არაფრად იქცევით“.

გარკვეული დროის განმავლობაში, გაბატონებული კლასის ყველაზე წარმატებული ტაქტიკა პასუხისმგებლობის დაკისრება იყო. ჩაგრულ კლასებს მიკუთვნებულ ყოველ ინდივიდს უქმნიან განცდას, რომ მისი სიღარიბე, უმუშევრობა და შესაძლებლობების არქონა მხოლოდ მისივე ბრალია. ადამიანები იწყებენ საკუთარი თავის და არა სოციალური სტრუქტურების დადანაშაულებას, რომელთა არარსებობაშიც ხშირად არწმუნებენ. ის, რასაც სმეილი „მაგიურ ვოლუნტარიზმს“ უწოდებს – შეხედულება, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს ის, ვინც უნდა და რომ ეს მის ხელშია – წარმოადგენს თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოების გაბატონებულ იდეოლოგიასა და არაოფიციალურ რელიგიას, რომელსაც პოლიტიკოსებზე არანაკლებ ფართოდ ავრცელებენ და ახალისებენ სატელევიზიო „ექსპერტები“ და ბიზნესგურუები. მოცემულ ისტორიულ მომენტში, მაგიური ვოლუნტარიზმი სუსტად განვითარებული კლასობრივი ცნობიერების შედეგიცაა და მიზეზიც. ის დეპრესიის უხილავი მხარეა, რომლის საფუძველშიც დევს მტკიცება, რომ ჩვენ ყველას გვეკისრება უნიკალური პასუხისმგებლობა საკუთარ უბედურებაზე და ამიტომ ვიმსახურებთ მას. განსაკუთრებით მანკიერი ორმაგი პასუხისმგებლობა ბრიტანელ გრძელვადიან უმუშევრებს დაეკისრათ: ადამიანებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება ესმოდათ, რომ უვარგისები არიან, იმავდროულად, ეუბნებიან, რომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ.

მკაცრი ეკონომიის პირობებისადმი ბრიტანეთის მოსახლეობის ფატალური მორჩილება უნდა განვიხილოთ, როგორც დეპრესიის მიზანმიმართული კულტივირების შედეგი. ეს დეპრესია გამოიხატება იმ აზრის აღიარებაში, რომ უარესიც შეიძლება მოხდეს, რომ ჩვენ გაგვიმართლა, რომ სამუშაო მაინც გვაქვს (ამიტომ არც უნდა ველოდოთ ხელფასების მატებას ინფლაციის კვალდაკვალ), რომ თავს ვერ მივცემთ კოლექტიური უზრუნველყოფის უფლებას, როგორც კეთილდღეობის სახელმწიფოში. კოლექტიური დეპრესია გაბატონებული კლასების მხრიდან ჩვენი ხელახალი დაქვემდებარების პროექტის შედეგია. ჩვენ კარგა ხანია სულ უფრო ვეთანხმებით იდეას, რომ ვართ ისინი, ვისაც მოქმედება არ შეუძლია. დეპრესია უკვე აღარ არის ნების სისუსტე, რომელსაც ადამიანი დაეხსნება „თავის ხელში აყვანით“. კლასობრივი ცნობიერების რეკონსტრუქცია ურთულესი ამოცანაა და მის ამოსახსნელად მზა გადაწყვეტები არ არსებობს. თუმცა, რასაც არ უნდა გვიჩიჩინებდეს ჩვენი კოლექტიური დეპრესია, ამ ამოცანის ამოხსნა შესაძლებელია. პოლიტიკური მონაწილეობის ახალი ფორმების გამოგონება, თითქმის დაშლილი ინსტიტუტებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა, კერძო უკმაყოფილების გარდაქმნა პოლიტიზებულ მრისხანებად – ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და როცა მოხდება, ვინ იცის, რა გახდება შესაძლებელი?

ავტორი :
  • მარკ ფიშერი