არავინ არასოდეს არ უნდა მუშაობდეს.

შრომა სამყაროს თითქმის ყველა უბედურების წყაროა. თითქმის ყველა ბოროტება, რომელიც თავში მოგივათ, მოდის მუშაობიდან ან იმ სამყაროში ცხოვრებიდან, რომელიც შრომისთვისაა შექმნილი. ტანჯვა რომ შევწყვიტოთ, უნდა შევწყვიტოთ შრომა.

ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შევწყვიტოთ შექმნა. ეს ნიშნავს ისეთი ცხოვრების წესის შექმნას, რომელიც დაფუძნებულია თამაშზე; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლუდისტურ გართობაზე, თანაარსებობაზე, და იქნებ, ხელოვნებაზეც.

ეს მეტია, ვიდრე ბავშვის თამაში, რაც უნდა ღირებული იყოს ის. მოგიწოდებთ კოლექტიური თავგადასავლისკენ საერთო მხიარულებაში და თავისუფლად გაზიარებული დოვლათისკენ. თამაში არაა პასიური. უთუოა, გაცილებით მეტი დრო გვჭირდება სრული მოცალეობისა და მცონარობისთვის, ვიდრე აქამდე გვქონდა ამის ფუფუნება, მიუხედავად შემოსავლისა თუ საქმიანობისა. მაგრამ დასაქმებით გამოწვეული გამოფიტვის შემდეგ, ყველას მოგვინდება რაღაც ვაკეთოთ.  ობლომოვიზმი და სტახანოველობა ერთი მედლის ორი მხარეა.

ლუდისტური ცხოვრება არსებულ რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. მით უარესი „რეალობისთვის“ – ამ შავი ხვრელისთვის, მთელ ენერგიას რომ იწოვს ცხოვრებისგან და მასსა და გადარჩენისთვის ბრძოლას შორის განსხვავებას სპობს. საინტერესოა ის – ან იქნებ, არც – რომ ყველა იდეოლოგია კონსერვატიულია, რადგან მათ სწამთ შრომისა. ზოგ მათგანს, მაგალითად, მარქსიზმს და ანარქიზმის განშტოებათა უმეტესობას, უფრო მძვინვარედ სწამთ შრომა, რადგან სხვა რამეები კიდევ უფრო ნაკლებად სწამთ.  

ლიბერალები ამბობენ, რომ დასაქმებისას დისკრიმინაცია უნდა აღმოვფხვრათ. მე ვამბობ: დასაქმება უნდა აღმოვფხვრათ.

დასაქმების უფლებას კონსერვატორები უჭერენ მხარს, მე მხარს ვუჭერ მცონარობის უფლებას, კარლ მარქსის გადარეული სიძის, პოლ ლაფორგისა არ იყოს.

მემარცხენეები საყოველთაო დასაქმებას მოითხოვენ. მე, სიურრეალისტების მსგავსად – და მათგან განსხვავებით, სერიოზულად – ვემხრობი საყოველთაო უმუშევრობას. ტროცკისტები აგიტაციას უწევენ პერმანენტულ რევოლუციას, მე – პერმანენტულ მოლხენას.

ყველა იდეოლოგია შრომის მხარესაა – და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს აჰკიდონ თავიანთი ტვირთი – მაგრამ ძნელად თუ აღიარებენ ამას. ისინი დაუსრულებლად ბჭობენ ანაზღაურებაზე, საათებზე, სამუშაო პირობებზე, ექსპლუატაციაზე, პროდუქტიულობაზე, მოგებაზე. ისინი ნებისმიერ რამეზე სიხარულით ისაუბრებენ, გარდა თავად შრომისა. ეს ექსპერტები, ჩვენ მაგივრად რომ ფიქრობენ, იშვიათად გვიზიარებენ თავიანთ დასკვნებს შრომაზე, მის მნიშვნელობაზე ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში. ამის ნაცვლად, ისინი უსასრულოდ ყაყანებენ დეტალებზე. პროფკავშირები და მენეჯმენტი თანხმდებიან, რომ ჩვენ გადარჩენის სანაცვლოდ უნდა გავყიდოთ ჩვენი სიცოცხლის დრო, მხოლოდ ფასზე ვერ თანხმდებიან. მარქსისტები ფიქრობენ, რომ ბიუროკრატებმა უნდა გვმართონ. ლიბერტარიანელებს მიაჩნიათ, რომ ბიზნესმა. ფემინისტებს ჰკიდიათ, ვინ რა ფორმით გვმართავს, მთავარია, ქალი იყოს. ცხადია, ამ იდეოლოგიებით მოვაჭრეებს სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა აქვთ დოვლათის გადანაწილების მხრივ, თუმცა, ისიც ცხადია, რომ არცერთი არ უარყოფს ძალაუფლებას, როგორც ასეთს და ყველა მათგან სურს, ვიშრომოთ.

 

ალბათ გაინტერესებთ, ვხუმრობ თუ არა. თან ვხუმრობ და თან არა. ლუდისტად ყოფნა არ გულისხმობს სისულელეს. თამაში არ უნდა იყოს არასერიოზული, თუმცა, არასერიოზულობაც არაა ტრივიალური: ხშირად არასერიოზულობას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. კარგი იქნებოდა, ცხოვრება თამაში ყოფილიყო – მაგრამ თამაში მაღალი თამასით. მე მოგება მინდა.

შრომის ალტერნატივა უსაქმურობაა. ლუდისტობა არ ნიშნავს დაჰიპნოზებას. ვაფასებ უმოქმედობის სიამოვნებას, მაგრამ ის არასოდეს არის ისე სასიამოვნო, თუ სხვა ტკბობასა და გართობასთან არ იკვეთება. მე არ ვეწევი რეკლამირებას მართული, დროში გაწერილი დამცავი სარქვლისა, სახელად „თავისუფალი დრო“. უმალ პირიქით. თავისუფალი დრო არის უკუშრომა შრომის სახელით. თავისუფალი დრო არის დრო, რომელიც იხარჯება შრომისგან გამოფიტული ძალების აღდგენაში და გააფთრებულ, მაგრამ უიმედო მცდელობაში, დაივიწყო სამუშაო. არაერთი ადამიანი შვებულებიდან ისე გადაღლილი ბრუნდება, რომ სიხარულით ბრუნდება სამსახურში, რათა დაისვენოს. შრომასა და დასვენებას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ შრომის დროს გაგიჟებასა და გამოფიტვაში ფულს მაინც გიხდიან.

 

ტერმინებით არავის ვეთამაშები. როცა ვამბობ, რომ შრომის გაუქმება მინდა, ვგულისხმობ სწორედ ამას. მაგრამ მინდა სათქმელი გამოვხატო ჩემი ცნებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით. მუშაობის ჩემეული მინიმალური განმარტება არის იძულებითი შრომა, ანუ სავალდებულო წარმოება. ორივე ელემენტი არსებითია. შრომა არის ეკონომიკური ან პოლიტიკური საშუალებებით იძულებული წარმოება, მათრახისა და თაფლაკვერის სტრატეგიის გამოყენებით (თაფლაკვერი იგივე მათრახია, შებრუნებული გაგებით). მაგრამ ყველა წარმოება არ არის შრომა. შრომა არასდროს არის მხოლოდ შრომისთვის. ის იქმნება რამე პროდუქტისთვის ან შედეგისთვის, რომლითაც შეიძლება იხეიროს მშრომელმა (ან, უფრო ხშირად, სხვა ვინმემ). ეს არის შრომის არსი. განსაზღვრო, ნიშნავს შეიზიზღო ის. მაგრამ მუშაობა, როგორც წესი, უარესია, ვიდრე მისი განსაზღვრება. შრომისთვის დამახასიათებელი დომინაციის დინამიკა თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება. მძიმე შრომისგან გამოფიტულ საზოგადოებებში, მათ შორის, ყველა ინდუსტრიულ საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, კაპიტალისტურია ის თუ „კომუნისტური“, შრომა მედგრად იძენს ახალ ამაზრზენ თვისებებს.

როგორც წესი – და ეს კაპიტალისტურზე უფრო მეტად „კომუნისტურ“ ქვეყნებს ეხება, სადაც ხელისუფლება არის ლამის ერთადერთი დამქირავებელი და ყველა დაქირავებულია – შრომა არის დასაქმება, ე.ი. შრომა ხელფასისთვის, რაც ნიშნავს საკუთარი თავის ნაწილ-ნაწილ გაყიდვას. შესაბამისად, დასაქმებული ამერიკელების 95% შრომობს ვიღაცისთვის (ან რაღაცისთვის). საბჭოთა კავშირში ან კუბაში, ანდაც იუგოსლავიაში, ან სულაც სხვა ალტერნატიულ წყობაში, ეს რიცხვი უახლოვდება 100%-ს. მექსიკა, ინდოეთი, ბრაზილია, თურქეთი – ჯერჯერობით ეს მესამე მსოფლიოს გლეხური ბასტიონებიღა იფარებენ სოფლის მეურნეებს, რომლებიც ერთგულად მისდევენ უკანასკნელი რამდენიმე ათასწლეულისთვის ტრადიციულ წარმოებას, უხდიან გადასახადს (გამოსასყიდს) სახელმწიფოს ან პარაზიტ მემამულეებს, რათა მათ შეეშვან. ახლა უკვე ეს უსინდისო გარიგებაც კი მიმზიდველი ჩანს. ყველა ინდუსტრიაში (და ოფისში) მომუშავე არის დაქირავებული და გაკონტროლებული, რაც მათ უფრო მორჩილებს ხდის.

მაგრამ თანამედროვე შრომას უარესი შედეგები აქვს. ხალხი უბრალოდ კი არ შრომობს, მათ აქვთ „სამსახური“. თითოეული მათგანი ასრულებს საწარმოო დავალებას, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე. თუნდაც ეს დავალება სასიამოვნო იყოს (რაც, ძირითადად, ასე არაა), ექსკლუზიური სავალდებულოობის მონოტონურობა ცლის მას ლუდისტური პოტენციალისგან. „სამსახური“, რომელსაც შეეძლო, ადამიანთა ნაწილის ენერგია, გარკვეული დროით, სიამოვნებისკენ მიემართა, იქცა ტვირთად მათთვის, რომელთაც კვირაში 40 საათი უწევთ მუშაობა დამქირავებლის სასარგებლოდ, ისე რომ არაფერს ეკითხებიან. მესაკუთრე კი არაფერს აკეთებს წარმოებისთვის, და ვინც აკეთებს, მათთვის შრომის გადანაწილების ან მისი დაყოფის არანაირი საშუალება არ არსებობს. ასეთია შრომის რეალური სამყარო: ბიუროკრატიული უაზრობის, სექსუალური შევიწროების, დისკრიმინაციის, ხისთავა ბოსების მხრიდან ექსპლუატაციისა და მათივე მხრიდან დაქვემდებარებულების განტევების ვაცებად ქცევის სამყარო, სადაც, ყველა რაციონალურ-ტექნიკური კრიტერიუმით, დაქვემდებარებულები უნდა ადგენდნენ წესებს. მაგრამ რეალურად კაპიტალიზმი ორგანიზაციულ კონტროლს უქვემდებარებს პროდუქტიულობის რაციონალურ ზრდას და სარგებელს.  

დეგრადაცია, რომელსაც ყველა მშრომელი განიცდის სამსახურში, არის ჯამი იმ დამცირებებისა, რომელსაც დისციპლინა შეგვიძლია დავარქვათ. ფუკომ კომპლექსური გახადა ეს ფენომენი, მაგრამ ის საკმაოდ მარტივია. დისციპლინა არის ტოტალური კონტროლი სამსახურში – დაკვირვება, ვადები, შრომის დაძალებული რიტმი, პროდუქციის ნორმა, გადარბენა და ა.შ. დისციპლინა – ეს არის ის, რაც წარმოებას, ოფისს და მაღაზიას საერთო აქვს ციხესთან, სკოლასა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან. ეს, ისტორიული თვალსაზრისით, ორიგინალური და საშინელი რამეა. ის იყო ისეთი დემონური დიქტატორების შესაძლებლობების მიღმა, როგორებიც ოდესღაც იყვნენ ნერონი, ჩინგიზ ხანი და ივანე მრისხანე. ცუდი ზრახვების მიუხედავად, მათ უბრალოდ არ ჰქონდათ რესურსი, ისე ეკონტროლებინათ სუბიექტი, როგორც ეს დღეის დესპოტებს შეუძლიათ. დისციპლინა დემონური კონტროლის თანამედროვე რეჟიმია, ის ინოვაციური დაპყრობის ფორმაა და უნდა აიკრძალოს პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში.

ასეთია „შრომა“. თამაში არის მისი საპირისპირო რამ. თამაში ყოველთვის მოხალისეობრივია. ის, რაც თამაშს აქცევს სხვა რამედ, არის იძულებითი შრომა. ეს აქსიომაა. ბერნი დე კოვენი თამაშს განსაზღვრავს, როგორც „თანმიმდევრობის წყვეტას“. ეს მიუღებელია, თუკი ნიშნავს, რომ თამაში არათანმიმდევრულია. მთავარი ის კი არაა, რომ თამაშს თანმიმდევრობა არ აქვს. ეს თამაშის ჩაშლა იქნებოდა. საქმე ისაა, რომ რაგინდარა შედეგი უპირობოა. თამაში და გაცემა ერთმანეთის მსგავსია. ორივე მათგანი ქცევის და შეთანხმების ერთსა და იმავე იმპულსს ატარებს – თამაშის ინსტინქტს. ორივეს ახასიათებს შედეგის მიმართ არისტოკრატიული ზიზღი. მოთამაშე თამაშისგან რაღაცას იღებს, ამიტომაც თამაშობს. მაგრამ მთავარი ჯილდო არის თავად მოქმედების გამოცდილება (რანაირიც უნდა იყოს ის). თამაშის სხვა დაკვირვებული წევრები, ვთქვათ, იოჰან ჰაიზინგა („ჰომო ლუდენსის“ ავტორი), მას განსაზღვრავენ, როგორც წესებით თამაშს. ვაფასებ ჰაიზინგას ერუდიციას, მაგრამ მკაცრად უარვყოფ მის ლიმიტირებულობას. არსებობს წესებს დაქვემდებარებული არაერთი თამაში (ჭადრაკი, კალათბურთი, მონოპოლი, ბრიჯი), თამაში გაცილებით მეტს ნიშნავს. საუბარი, სექსი, ცეკვა, მოგზაურობა – ეს პრაქტიკები წესებს არ ემორჩილება, მაგრამ, რა-რა და, თამაში უთუოდ არის. და წესებიც შეგიძლია გადაათამაშო, როგორც სხვა ყველაფერი.

შრომა მასხრად იგდებს თავისუფლებას. ოფიციალურად ისე ჩანს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს უფლებები და ვცხოვრობთ დემოკრატიაში. სხვა უიღბლოებს, რომლებიც ჩვენსავით თავისუფლები არ არიან, უწევთ პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრება. ეს მსხვერპლები ემორჩილებიან შერჩევით წესრიგს. ხელისუფლებები მათ რეგულარულად აკონტროლებენ. სახელმწიფო ბიუროკრატები აკონტროლებენ ყოველდღიურობის უმცირეს დეტალებსაც კი. მმართველი ოფიციოზი მხოლოდ ზემდგომ ინსტანციებთანაა ანგარიშვალდებული, როგორც კერძო, ისე საჯარო სივრცეში. სხვა შემთხვევაში, შეწინააღმდეგება და დაუმორჩილებლობა ისჯება. ინფორმატორებს ცნობები მუდმივად მიაქვთ ხელისუფლებასთან. ეს ყოველივე ძალზე აუტანელია.

ეს სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე შრომის ადგილის აღწერა. ლიბერალები, კონსერვატორები და ლიბერტარიანელები, რომლებიც ტოტალიტარიზმზე წუწუნებენ, არიან თვალთმაქცები და ფარისევლები. გაცილებით მეტი თავისუფლებაა ნებისმიერ დესტალინიზებულ დიქტატურაში, ვიდრე ჩვეულებრივ ამერიკულ სამსახურში. იმავე სახის იერარქიასა და დისციპლინას ნახავ ოფისში ან ქარხანაში, როგორიც არის ციხეში ან მონასტერში. სინამდვილეში, როგორც ფუკომ და სხვებმა გვაჩვენეს, იერარქია და დისციპლინა ციხესა და წარმოებაში ერთსა და იმავე დროს შევიდა, და მათი ოპერატორები ერთმანეთისგან იღებდნენ კონტროლის ტექნიკას. მშრომელი არის ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მონა. ბოსი წყვეტს, როდის მოხვიდე, როდის წახვიდე და რა უნდა გააკეთო. ის გეტყვის, რამდენი უნდა იმუშაო და რა სისწრაფით. მას თავისუფლად შეუძლია, მძიმე შეურაცხყოფა მოგაყენოს, თუ მოუნდება, დაგირეგულიროს, რა ჩაიცვა და რა სიხშირით ესტუმრო ტუალეტს. გამონაკლისის გარდა, მას შეუძლია, გაგათავისუფლოს ნებისმიერი მიზეზით, ან სულაც უმიზეზოდ, მას შეუძლია, ჯაშუში მოგიჩინოს, შეადგინოს თითოეული დასაქმებულის დოსიე. შეწინააღმდეგებას დაუმორჩილებლობა ჰქვია, გეგონება, მშრომელი ერთი მოურჯულებელი ბავშვია, რომელსაც გაათავისუფლებ, ან სულაც კომპენსაციასაც არ აღირსებ. შესაბამისად, არც ისაა გამართლებული, რომ ბავშვებს სახლში ან სკოლაში ასე ექცევიან და იმით ამართლებენ, რომ ისინი არ არიან მომწიფებულები. როგორ ახასიათებს ეს ქცევა მშობლებს ან მასწავლებლებს?

დომინაციის დამაკნინებელი სისტემა, რომელიც აღვწერე, მთელი აქტიური ცხოვრების მიმდინარეობისას, ათწლეულების განმავლობაში მართავს ქალების და კაცების უმრავლესობას. გარკვეული აზრით, არც ისე დამაბნეველია, ჩვენს სისტემას დემოკრატია, კაპიტალიზმი ან, უკეთეს შემთხვევაში, ინდუსტრიალიზმი ვუწოდოთ, მაგრამ მისი რეალური სახელია საწარმოო ფაშიზმი და საოფისე ოლიგარქია. ყველა, ვინც ამ ხალხს „თავისუფალს“ უწოდებს, ან მატყუარაა, ან სულელი. შენ ხარ ის, რასაც აკეთებ. თუ აკეთებ მოსაწყენ, სულელურ და ერთფეროვან სამუშაოს, დიდი შანსია, შენც გახდე მოსაწყენი, სულელი და ერთფეროვანი. შრომა უკეთესად გვიჩვენებს მცოცავ კრეტინიზაციას ჩვენ გარშემო, ვიდრე უფრო მნიშვნელოვანი ტვინის მრეცხავი მექანიზმები, როგორებიცაა ტელევიზია და განათლების სისტემა. ხალხი, რომელთა ცხოვრება გაწერილია, სკოლიდან სამუშაოს გადაეცემა, თავიდან ოჯახის ნაჭუჭშია, ბოლოს კი მოხუცთა თავშესაფარში, მიდრეკილია იერარქიისა და ფსიქოლოგიური მონობისაკენ. მათი დამოუკიდებლობის უნარი მოდუნებულია და თავისუფლების შიში მათში ის ფობიაა, რომელიც აზრს მოკლებული არაა. სამსახურში დასწავლილი მორჩილება მათ ოჯახშიც მიჰყვებათ, შესაბამისად, ავრცობენ სისტემას არაერთი გზით, პოლიტიკის, კულტურისა და სხვა ყველაფრის გზით. საკმარისია, სამსახურში ხალხს სასიცოცხლო ძალა დაუშრიტო და ისინი უმალ ემორჩილებიან იერარქიას და ეჩვევიან მას. ეს უკვე ჩვევაა.

ჩვენ ისე ახლოს ვართ შრომის სამყაროსთან, რომ ვერ ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს ის ჩვენზე. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ გარედან დამკვირვებლებს სხვა დროის და სხვა კულტურის პრიზმიდან, რათა შევაფასოთ ჩვენი ახლანდელი პოზიციის ექსტრემი და პათოლოგია. იყო დრო, როცა „შრომის ეთიკა“ გაუგებარი იქნებოდა, და შესაძლოა, ვებერი მართალიც იყო, როცა მისი გაჩენა დაუკავშირა რელიგიას – კალვინიზმს, რომელიც, ახლა რომ აღმოცენებულიყო და არა ოთხი საუკუნის წინ, კულტად შეირაცხებოდა, სამართლიანადაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზერა უნდა მივმართოთ ძველი სიბრძნისკენ, რათა შრომა მოვაქციოთ ხედვის არეალში. ძველი ხალხები შრომას ხედავდნენ ისეთს, როგორიც იყო და, კალვინიზმის მიერ გაჩენილი ბზარის მიუხედავად, მათმა ხედვამ ინდუსტრიალიზაციამდე მოაღწია და ეს მისმა მოციქულებმაც შენიშნეს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, თითქოს შრომა არ აქცევს ხალხს უმოქმედო მორჩილად, თითქოს, ნებისმიერი ფსიქოლოგიური ან იდეოლოგიური მოსაზრებისგან განსხვავებით, ის ხასიათის ფორმირებაზე გავლენას არ ახდენს. და თითქოს, შრომა არ არის ისე მოსაწყენი, დამღლელი და დამაკნინებელი, როგორც რეალურად არის. აი, ამის მერეც კი, შრომა მასხრად იგდებს ყველა ჰუმანურ და დემოკრატიულ მისწრაფებას, რადგან ის უბრალოდ შთანთქავს ჩვენს დროს. სოკრატე ამბობდა, რომ ის, ვინც ფიზიკურად შრომობს, ცუდი მეგობარი და ცუდივე მოქალაქეა, რადგან მას არ აქვს დრო მეგობრად და მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის. ის მართალი იყო. რაგინდარა შრომის გამო, ჩვენ მუდმივად ვიყურებით საათზე. თავისუფალ დროში „თავისუფლება“ ნიშნავს იმას, რომ ის ბოსს არაფრად უღირს.. თავისუფალი დრო ძირითადად ეძღვნება სამუშაოსთვის მომზადებას, სამუშაოზე წასვლას, სამუშაოდან მოსვლას, და სამუშაოს გამო დაცლილი ენერგიის შევსებას. თავისუფალი დრო მოხერხებული ევფემიზმია, რათა წარმოების მუშა, როგორც წარმოების ფაქტორი, საკუთარი ხარჯებით წავიდეს სამსახურში და დაბრუნდეს სახლში, და, ამავდროულად, პასუხისმგებელი იყოს თვითაღდგენაზე. ამას ვერ უზრუნველყოფს ვერც ნახშირი და ვერც ფოლადი, ვერც დაზგა და ვერც სტამბა. მაგრამ მშრომელი უზრუნველყოფს. რა გასაკვირია, რომ ედვარდ ჯ. რობინსონი თავის ერთ განგსტერულ ფილმში ამბობს:

სამუშაო ბოთეებისთვისაა!

პლატონიც და ქსენოფონტიც ბოლომდე იზიარებდნენ სოკრატეს აზრს, რომ შრომას დესტრუქციული ეფექტი ჰქონდა მშრომელის, როგორც მოქალაქისა და ადამიანის მიმართ. ჰეროდოტემ შრომისადმი ზიზღი კულტურულ ზენიტში მყოფი ძველი ბერძნების მახასიათებლად გამოიყენა. რომაული მაგალითი რომ ავიღოთ, ციცერონმა თქვა: „ვინც შრომობს ფულისთვის, ყიდის თავის თავს, როგორც მონა“. ასეთ ღიაობას დღეს ვერ წააწყდებით, მაგრამ დღევანდელ პრიმიტიულ საზოგადოებებში, რომელთაც ტუჩს ვუბზუებთ ხოლმე, ბევრია ისეთი, რომელთაც გაანათლეს დასავლელი ანთროპოლოგები. პოსპოსილი წერს, რომ პაპაუკუს ტომს აქვს ცხოვრების ბალანსი, რომლის მიხედვითაც, დღეგამოშვებით მუშაობენ, რათა ერთი დღე „დაკარგული ძალისა და ჯანმრთელობის აღდგენას“ მოახმარონ. ჩვენი წინაპრები, თუნდაც მეთვრამეტე საუკუნეში, როცა ისინი უკვე ადგნენ დღევანდელი უსიამოვნო რეალობის გზას, სულ მცირე, იმას მაინც ხვდებოდნენ, რაც ჩვენ დავივიწყეთ – ინდუსტრიალიზაციის მედლის მეორე მხარეს. რელიგიური „წმინდა ორშაბათი“ საწარმო მფლობელებს უსიამოვნებას უქმნიდა. ანუ დე ფაქტო შემოიღეს ხუთდღიანი სამუშაო კვირა, 150-200 წლით ადრე მის საკანონმდებლო ამოქმედებამდე. მათ დიდხანს გაატარეს ზარის რეკვის ტირანიისადმი მორჩილებაში, რომელიც მაღვიძარას წინაპარი იყო. რეალურად, თაობების ცვლა გახდა საჭირო, რომ მოზარდი კაცები ჩაენაცვლებინათ მორჩილი ქალებით და ინდუსტრიული საჭიროებებისთვის განკუთვნილი ბავშვებით. თვით ექსპლუატირებული გლეხებიც კი გამოიყოფდნენ თავისუფალ დროს მემამულესთან მუშაობისას. ლაფორგის თანახმად, ფრანგი გლეხების კალენდრის მეოთხედს კვირადღე და უქმეები შეადგენდა. ჩაიანოვის მიხედვით კი, ცარისტულ რუსეთში, არც ისე პროგრესულ საზოგადოებაში, მეოთხედი ან მეხუთედი უქმეებზე ისვენებდა. წარმოების კონტროლით ჩვენ უკან ვართ ამ საზოგადოებებთან შედარებით. ამ ექსპლუატირებულ მუჟიკებს გაუკვირდებოდათ, რატომ ვმუშაობთ საერთოდ. ჩვენც უნდა გვიკვირდეს.

თუმცა, რომ გავერკვეთ ჩვენი დეგრადაციის ხარისხში, განვიხილოთ კაცობრიობის უახლოესი კონდიცია, ხელისუფლებისა და საკუთრების გარეშე, როცა ვიყავით მონადირე-შემგროვებლები. ჰობსის ვარაუდით, მაშინდელი ცხოვრება იყო საძაგელი, ბრუტალური და ხანმოკლე. სხვების მოსაზრებით, მაშინდელი ცხოვრება იყო სასოწარკვეთილი, უწყვეტი ბრძოლა გადარჩენისთვის, ბრძოლა უხეში ბუნების წინააღმდეგ სიკვდილითა და სენით ემუქრებოდა უიღბლოებს, ან ნებისმიერს, ვინც არ იყო არსებობისთვის ბრძოლისთვის მზად. სინამდვილეში, ეს იყო ჩვენი შიშების პროექცია, იმ საზოგადოების პირობებში, რომელიც სახელმწიფოს კოლაფსის გამო დამოუკიდებლად ვერაფერს იზამდა, როგორც იყო ჰობსის დროინდელი ინგლისი სამოქალაქო ომის პირობებში. ჰობსის თანამოქალაქეები უკვე შეეჩეხნენ საზოგადოების ალტერნატიულ ფორმებს, რომელიც გამოხატავდა ცხოვრების ახალ ფორმებს – განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ამერიკაში, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან შორეული და გაუგებარი გამოცდილება იყო. (უფრო დაბალი სისტემის მქონე, ინდიელების მდგომარეობასთან ახლოს მყოფ საზოგადოებებს უკეთ ესმოდათ ეს და მიმზიდველადაც მიიჩნევდნენ. მეჩვიდმეტე საუკუნეში ინგლისელი ახალმოსახლეები ერწყმოდნენ ინდიელების ტომებს, ან, ომში თუ შეიპყრობდნენ, უარს ამბობდნენ დაბრუნებაზე. მაგრამ ინდიელები ისე მიდიოდნენ თეთრებთან, როგორც დასავლეთგერმანელები ძვრებოდნენ ბერლინის კედელზე, აღმოსავლეთში). თომას ჰაქსლისეული „ძლიერის გადარჩენის“ დარვინისტული ვერსია – ბუნებივ გადარჩენაზე მეტად, აღწერს ვიქტორიანული ინგლისის ეკონომიკურ მდგომარეობას, – ამბობს ანარქისტი კროპოტკინი თავის წიგნში „ურთიერთდახმარება, ევოლუციური ფაქტორი“ (კროპოტკინი იყო მეცნიერი, გეოგრაფი, რომელიც იძულებული იყო, ეწარმოებინა საველე სამუშაოები ციმბირში: მან იცოდა, რაზეც ლაპარაკობდა.). როგორც სოციალური და პოლიტიკური თეორიების უმეტესობა, ჰობსის და მისი მიმდევრების ნაამბობი რეალურად არაღიარებული ავტობიოგრაფიები იყო.

ანთროპოლოგმა მარშალ სალინსმა, თანამედროვე შემგროვებელ-მონადირეებზე დაკვირვებით, დაანგრია ჰობსიანური მითი სტატიაში „პირველყოფილი მდიდარი საზოგადოება“. ისინი, ჩვენთან შედარებით, გაცილებით ნაკლებს შრომობენ და მათი შრომა თითქმის არ განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ თამაშს ვუწოდებთ. სალინსმა დაასკვნა, რომ „მონადირეები და შემგროვებლები ჩვენზე ცოტას მუშაობენ, უწყვეტი ჯაფის ნაცვლად, საკვებს დროის გარკვეულ მონაკვეთში მოიპოვებენ, უსაქმობა მეტია, ძილიც მეტია დღიურად, თითოეულზე და წელიწადის განმავლობაში, ვიდრე ნებისმიერ სხვა მდგომარეობის საზოგადოებაში“. ისინი მუშაობდნენ დღეში, საშუალოდ, ოთხ საათს, თუ შეიძლება ამას მუშაობა ერქვას საერთოდ. მათი „შრომა“, ჩვენი გადმოსახედიდან, იყო პროფესიონალური, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების განმავითარებელი. როგორც სალინსი ამბობს, არაპროფესიონალური შრომა, ვრცელ პერსპექტივაში, მხოლოდ ინდუსტრიალიზმშია შესაძლებელი. შესაბამისად, ეს დაემთხვა შილერისეულ თამაშის დეფინიციას, რომლის მიხედვითაც, თამაშში ადამიანი სრულად აცნობიერებს თავის ადამიანურობას, მასში ორივე მხარის დუალური ბუნების სრულად ჩართვით, ფიქრით და გრძნობით. შილერი მიიჩნევს, რომ „ცხოველი მაშინ შრომობს, როდესაც დანაკლისის შეგრძნება ხდება მაპროვოცირებელი, და ის თამაშობს, როცა თავისი ძალა სრულად შეგრძნებული აქვს, როცა ჭარბი სასიცოცხლო ძალა ახალისებს მის ქმედებას“ (თანამედროვე საეჭვო ვერსია არის აბრაამ მასლოუს მიერ „დანაკლისისა“ და „მოტივაციის ზრდის“ შეპირისპირება). თამაში და თავისუფლება, როგორც პროდუქტები, თანაარსებობენ. პრუდუქტივისტების პანთეონის მკვიდრი მარქსიც კი, კეთილი სურვილების მიუხედავად, აღნიშნავდა, რომ „თავისუფლების ზეობა მანამ არ იქნება, სანამ შრომას აუცილებლობის იძულება ან გარეგანი მიზეზები დასჭირდება“. მას არ შეეძლო იმის გააზრება, რომ ეს საბედნიერო მოცემულობა შრომის გაუქმებაა – ეს ანომალიურად გამოჩნდებოდა. რაც უნდა იყოს, არ გამოდის, თან მშრომელებს იცავდე და თან შრომის წინააღმდეგი იყო. თუმცა, ჩვენ ეს შეგვიძლია.

წარსულში დაბრუნების ან შრომის გარეშე მომავლისკენ ლტოლვა ყველა სოციალური ან კულტურული ისტორიისთვის ნიშანდობლივია წინარე ინდუსტრიულ ევროპაში, თუნდაც იხილეთ: ჯორჯის „ინგლისი გარდამავალ ეპოქაში“ და პიტერ ბურკეს „პოპულარული კულტურა“ თანამედროვე ევროპაში. ასევე დროულია დენიელ ბელის ესე „შრომა და მისით უკმაყოფილება“ – ჩემი რწმენით, პირველი ტექსტი, „ჯანყი შრომის წინააღმდეგ“ აქ არაერთხელ არის ნახსენები, რომლის გააზრების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ცვლილება იქნებოდა  იმ ტომში, რომელშიც ეს ნაშრომი შევიდა – „იდეოლოგიის დასასრულში“. ვერც მისმა კრიტიკოსებმა და ვერც დამფასებლებმა ვერ შენიშნეს, რომ ბელის იდეოლოგიის დასასრულის თეზისი მიანიშნებდა არა სოციალური შფოთის დასასრულს, არამედ რაღაც ახლის დასაწყისს, იდეოლოგიისგან განუმარტავ და გაუცნობიერებელ, მოუნიშნავ ფაზას. სეიმურ ლიპსეტი იყო ის (და არა ბელი), ვინც ზუსტად ამ დროს დააანონსა, რომ „ინდუსტრიული რევოლუციის ფუნდამენტური პრობლემები გადაიჭრა“. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ კოლეჯის სტუდენტების პოსტ- ან მეტაინდუსტრიულმა უკმაყოფილებამ გასტყორცნა ლიპსეტი ბერკლიდან შედარებით (და დროებით) გაყუჩებული ჰარვარდისკენ.

როგორც ბელი აღნიშნავს, ადამ სმითი თავის „ხალხთა ხვავში“, თავისუფალი ბაზრისა და შრომის დანაწილებისადმი მისი განწყობის მიუხედავად, უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იყო შრომის არაკეთილსინდისიერი მხარისადმი, ვიდრე აინ რენდი, ან ჩიკაგოელი ეკონომისტები, ან სმითის ყველა დღევანდელი ეპიგონი. როგორც სმითი აღნიშნავდა: „ადამიანის უდიდესი ნაწილის გაგება ყალიბდება აუცილებლად მათ ჩვეულ სამუშაო ადგილზე. ადამიანს, რომლის ცხოვრება იხარჯება მარტივი ოპერაციების შესრულებაზე... არ აქვს თვითგანვითარების უნარი... ის, ძირითადად, ხდება უკიდურესად სულელი და უვიცი“. აქ, ჩემ მსგავსად, რამდენიმე ხისტი ფრაზით აკრიტიკებს შრომას. ბელმა 1956 წელს დაწერილ წერილში, ეიზენჰაუერის სიშტერისა და ამერიკული თვითკმაყოფილების დროში, გამოავლინა 70-იანი წლების არაორგანიზებული და ვერორგანიზებული უკმაყოფილება, ის, რაც პოლიტიკური იდეოლოგიისგან შეუბოჭავია, ის, რაც ნახსენებია HEW-ს მოხსენებაში „შრომა ამერიკაში“, ის, რისი ექსპლუატაციაც შეუძლებელია... სახელი მისი არის შრომის წინააღმდეგ აჯანყება. მას ვერ აღმოაჩენთ laissez faire-ის  ეკონომისტების ნაშრომებში – მილტონ ფრიდმანთან, მიურეი როთბარდთან, რიჩარდ პოზნერთან, რადგან, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ „ვარსკვლავური გზიდან“, „ის თვლადი არ არის“.

თავისუფლების მოყვარულთა წინააღმდეგობა არადამაჯერებელია უტილიტარული ჰუმანისტებისა და პატერნალისტებისათვის, მაგრამ არიან სხვებიც, რომელთაც გვერდს ვერ აუვლიან. ერთი წიგნის სათაურისა არ იყოს, შრომა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. მართლაც, შრომა არის მასობრივი მკვლელობა ან გენოციდი. პირდაპირ თუ ირიბად, შრომა კლავს ამ სიტყვების წამკითხავთა უმეტესობას. 14000-დან 25000-მდე ადამიანს კლავენ ყოველწლიურად სამუშაო ადგილებზე. ორ მილიონამდე არის დახეიბრებული. ოციდან ოცდახუთ მილიონამდე მშრომელი იღებს ტრავმას ყოველწლიურად. თანაც, ეს რაოდენობა დაფუძნებულია საწარმოო ტრავმის ძალიან კონსერვატიულ გამოთვლაზე. ისინი მხედველობაში არ იღებენ პროფესიული დაავადებების ნახევარმილიონიან წლიურ სტატისტიკას. მე ჩავიხედე პროფესიული დაავადებების სამედიცინო ცნობარში, რომელიც იყო 1200 გვერდზე მეტი. მაგრამ ესეც კი ზღვაში წვეთია. არსებული სტატისტიკა თვლის აშკარა შემთხვევებს, როგორიცაა, მაგალითად, ფილტვის დაავადების მქონე ასი ათასი მაღაროელი, რომელთაგან 4 ათასი კვდება ყოველწლიურად, უფრო მეტი ინტენსივობით, ვიდრე, მაგალითად, გაცილებით მეტად გაშუქებული შიდსის შემთხვევაში. ეს იმ გაუგებარი ეჭვის გამოძახილია, თითქოს, შიდსით პერვერტები ავადდებიან და მათ შეუძლიათ თავი მოთოკონ, მაღაროელები კი წმინდა საქმეს აკეთებენ და ეჭვებს არ აღძრავს. რასაც სტატისტიკა არ გვიმხელს, ისაა, რომ მილიონობით ადამიანს შრომა სიცოცხლეს უმოკლებს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჰომიციდი. წარმოიდგინეთ ექიმები, რომლებიც 50 წლის ასაკში შრომისგან სიკვდილის პირას მიდიან. წარმოიდგინეთ ყველა სხვა ვორკოჰოლიკი.

თუ მართლაც მუშაობის დროს არ მოგკლავენ ან დაგასახიჩრებენ, თავისუფლად შეიძლება ეს მოხდეს მაშინ, როცა სამუშაოდ მიდიხარ, ან სამუშაოდან მოდიხარ, ან სამუშაოს ძებნის დროს, ან სამუშოას დავიწყების მომენტში. ავტოავარიის მსხვერპლთა უმრავლესობა ამ საქმეთაგან რომელიმეს აკეთებდა – სავალდებულო ქმედებას, ან ვიღაცის დავალებას ასრულებდა. ამ ცხედრების მსუყე სათვალავს უნდა მივუმატოთ ავტოინდუსტრიის გამონაბოლქვისა და სამსახურებრივი ალკოჰოლიზისგან დაავადებულები, ასევე ნარკოდამოკიდებულები. სიმსივნე და გულის დაავადება, პირდაპირ თუ ირიბად, სამუშაოს უკავშირდება.

შრომა მკვლელობის, როგორც ცხოვრების წესის, ინსტიტუციონალიზაციას ეწევა. ხალხი ფიქრობს, რომ კამბოჯელები შეშლილები არიან, რადგან მასობრივი თვითმკვლელობა მოაწყვეს. მაგრამ ჩვენ რით განვსხვავდებით მათგან? პოლ პოტის რეჟიმს ჰქონდა ბუნდოვანი, მაგრამ მაინც ხედვა იმისა, თუ როგორ შეექმნა ეგალიტარული საზოგადოება. ჩვენ ვხოცავთ, სულ მცირე, მილიონობით ადამიანს, რომ გადარჩენილებს მივყიდოთ ბიგ მაკები და კადილაკები. საგზაო შემთხვევებისას დაღუპული 40 ან 50 ათი ათასი ჩვენი მოქალაქე მსხვერპლია და არა წმინდანი. ისინი არაფრისთვის დაიხოცნენ – ან დაიხოცნენ შრომისათვის. მაგრამ შრომისათვის სიკვდილი არ ღირს.

ლიბერალებისთვის ცუდი ამბავი მაქვს: რეგულაციების გაუმჯობესება უსარგებლოა ამ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთან მიმართებით. ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ფედერალური ადმინისტრაცია იმისთვის შეიქმნა, რომ პრობლემის ნაწილი – სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოება უზრუნველეყო. თუმცა, მანამდეც, სანამ რეიგანი და უზენაესი სასამართლო მოსპობდა, ეს ორგანიზაცია ფარსი იყო. კარტერის დროინდელი (დღევანდელი გადმოსახედიდან, საკმაოდ კარგი) დაფინანსების პირობებშიც კი, სამუშაო ადგილზე ინსპექტორის მოსვლის პერსპექტივა იყო 46 წელიწადში ერთხელ.

სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის კონტროლი პანაცეა არ არის. შრომა სოციალისტურ სახელმწიფოებში უფრო საშიშია, ვიდრე ჩვენთან. მოსკოვის მეტროსადგურის მშენებლობისას ათასობით რუსი მოკვდა ან დასახიჩრდა. ჩაფარცხულ საბჭოთა ატომურ კატასტროფასთან შედარებით, Times Beach-ი და Three-Mile Island-ი სასკოლო გასართობად მოგეჩვენებათ. მეორე მხრივ, დღეს მოდური დერეგულაცია ვერ გვიშველის და ალბათ, უფრო დაგვაზიანებს კიდეც. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პერსპექტივიდან, შრომა გაცილებით უარესი იყო მაშინ, როცა ეკონომიკა laissez faire-ის გზით მიდიოდა.

ისტორიკოსი იუჯინ ჯენოვეზე ამტკიცებდა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ქარხნების მუშების პირობები უარესი იყო სამხრეთის პლანტაციების მონებისაზე, რასაც სამოქალაქო ომამდელი მონობის აპოლოგეტებიც იზიარებდნენ. როგორც ჩანს, ურთიერთობების ჩანაცვლება ბიუროკრატებსა და ბიზნესმენებს შორის, ამ მხრივ  დიდად ვერ ცვლის წარმოებას. სერიოზული ზეწოლა თუნდაც უფრო ბუნდოვანი სტანდარტებით, ვიდრე ჯანდაცვის ადმინისტრაცია აკეთებდა, ეკონომიკას, სავარაუდოდ, გაყინავს. მარეგულირებლები, როგორც ჩანს, ამას ხვდებიან, რაკი არც კი ცდილობენ კანონდარღვევებთან შეპირისპირებას.

რაც აქამდე ვთქვი, სადავო არ უნდა იყოს. მშრომელთა უმრავლესობას ყელში აქვს სამუშაო. სამსახურის გაცდენის, მიტოვების, ქურდობის და საბოტაჟის, არასანქცირებული გაფიცვის და, ზოგადად, თავის არიდების რიცხვი მაღალია და კიდევ უფრო იზრდება. აქ შესაძლოა საქმე გვქონდეს რამე მოძრაობასთან, რომელიც ცნობიერად (და არა მხოლოდ ემოციურად) უარყოფს შრომას. და მაინც, გაბატონებული შეგრძნება, რომელიც ბოსებს და მათ აგენტებს ახასიათებთ და ასევე, საკმაოდ გავრცელებულია მშრომელებში, ისაა, რომ შრომა თავისთავად გარდაუვალი და აუცილებელია.

მე არ ვეთანხმები. ახლა შესაძლებელია, გაუქმდეს შრომა და ის ჩანაცვლდეს ახალი სახის სხვადასხვა თავისუფალი აქტივობით, იმდენად, რამდენადაც ეს ემსახურება სასარგებლო ინტერესებს. შრომის გაუქმებამდე ორ გზას მივყავართ – რაოდენობრივს და ხარისხობრივს. მეორე მხრივ, რაოდენობრივი შრომისას მასობრივად უნდა შევამციროთ სამუშაოები. დღეს ბევრი სამუშაო უსარგებლოა და ჩვენ უბრალოდ გვერდზე უნდა გავწიოთ ის. მეორე მხრივ – და მე ვფიქრობ, ეს პრობლემის დედააზრი და რევოლუციური გამოსავალია – ჩვენ უნდა ავიღოთ სასარგებლო შრომა და გადავაქციოთ ის სასიამოვნო თამაშად და ხელობის მსგავს გართობად. ეს არაფრით განსხვავდება სხვა სასიამოვნო გართობისგან, რომელიც საბოლოოდ სასარგებლო პროდუქტს გვაძლევს. ცხადია, ამან გართობა არ უნდა აქციოს ნაკლებად მიმზიდველად. ამის შემდეგ ძალაუფლებისა და საკუთრების ყველა ხელოვნური ბარიერი დაემხობა. ქმნა შესაძლოა გადაიქცეს ახლის ქმნად. და ჩვენ აღარ შეგვეშინდება ერთმანეთის.  

მე არ მიმაჩნია, რომ ამ გზით სამუშაოთა უმეტესობას შევინარჩუნებთ. მაგრამ სამუშაოთა უმეტესობის შენარჩუნება არც ღირს. სამუშაოთა მხოლოდ მცირე და კლებადი ნაწილი ემსახურება სასარგებლო მიზნებს, შრომითი სისტემის დაცვისა და კვლავწარმოების, ან პოლიტიკური და საკანონმდებლო დანართებისგან დამოუკიდებლად. 20 წლის წინ პოლ და პერსივალ გუდმენები ფიქრობდნენ, რომ იმდროინდელი შრომის მხოლოდ ხუთი პროცენტი დააკმაყოფილებდა ჩვენს მინიმალურ მოთხოვნილებას საჭმელზე, სამოსსა და თავშესაფარზე. და თუ ეს რაოდენობა ზუსტია, მაშინ დღევანდელი მოთხოვნილება კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა. მათ მხოლოდ გონივრული ეჭვი ჰქონდათ, მაგრამ არსი საკმაოდ ცხადია: პირდაპირ თუ ირიბად, სამუშაოების უმეტესობა ემსახურება კომერციას ან სოციალურ კონტროლს. უპირველესად, შეგვიძლია გავათავისუფლოთ მილიონობით გამყიდველი, ჯარისკაცი, მენეჯერი, პოლიციელი, მაკლერი, მღვდელი, ბანკირი, იურისტი, მასწავლებელი, მემამულე, დაცვის ბიჭი, რეკლამის აგენტი და ყველა, ვინც მათთვის მუშაობს. ეს არის ზვავის ეფექტი – როცა მაღალჩინოსანს ათავისუფლებ, ათავისუფლებ მის ქვეშევრდომებსაც და მონებსაც. შედეგად, ეკონომიკა ინგრევა.   

სამუშაო ძალის 40 პროცენტს ოფისის თანამშრომლები შეადგენენ, რომელთა უმრავლესობას ყველაზე მოსაბეზრებელი და იდიოტური სამუშაო აქვს. მთელი ინდუსტრია, სადაზღვევო, საბანკო და უძრავი ქონების სექტორი არაფერს აკეთებს, ფურცლების ფრიალის გარდა. შემთხვევითი არაა, რომ მესამე, ანუ მომსახურების სექტორი იზრდება, მაშინ როცა მეორე სექტორი (ინდუსტრია) მცირდება და ძირითადი სექტორი (მეურნეობა) თითქმის გამქრალია. ასეა, რადგან შრომა უსარგებლოა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ძალაუფლების მქონეებს სჭირდებათ დაცვისთვის, მშრომელები გადაჰყავთ შედარებით სასარგებლო სამსახურიდან შედარებით უსარგებლოში, რათა საზოგადოებრივი წესრიგი არ დაირღვეს. სულ არარაობას ესეც სჯობს. ამიტომაც, შენ ვერ წახვალ სახლში ადრე, გინდაც ადრე მორჩე სამუშაოს. მათ შენი დრო უნდათ, თუნდაც არაფერში სჭირდებოდეთ ის. ასე რომ არა, რატომ არ შემცირდა სამუშაო კვირა ბოლო 50 წლის განმავლობაში რამდენიმე წუთზე მეტით?

ამის შემდეგ შეგვიძლია, საწარმოო შრომა დავანაწევროთ. აღარ გვინდა სამხედრო პროდუქცია, ატომური ქარხანა, ჯანქ ფუდი, ქალების ჰიგიენური დეოდორანტები და, რაც მთავარია, ავტოინდუსტრია. Stanley Steamer-ი ან Model-T ასატანია, მაგრამ ავტოეროტიზმზე აღარაფერს ვამბობ, რომელზეც დამოკიდებულია ჭირიანი დეტროიტი და ლოს-ანჯელესი. ასე, ცდის გარეშე, ვირტუალურად  გადავწყვეტდით ენერგიის კრიზისს, გარემოს კრიზისს და მათთან ასოცირებულ გადაუჭრელ სოციალურ პრობლემებს.

დაბოლოს, ჩვენ უნდა გავაუქმოთ ჯერჯერობით ყველაზე მრავალრიცხოვანი პროფესია, ყველა მეტი სამუშაო საათით, ყველაზე მცირეშემოსავლიანი და ყველაზე ერთფეროვანი დავალებით. ვგულისხმობ დიასახლისობას, რომლებიც აკეთებენ საშინაო საქმეებს და უვლიან ბავშვებს. დაქირავებული შრომის გაუქმებით და სრული დაუსაქმებლობის მიღწევით ჩვენ ძირს ვუთხრით შრომის სქესობრივი ნიშნით დაყოფას. ოჯახი ერგება დღევანდელი მუშაობის სისტემის მიერ თავსმოხვეულ დაყოფას. მოგვწონს ეს თუ არა, უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში მიიჩნევა, რომ ეკონომიკურად მოგებიანია, თუ კაცი სახლში სარჩოს მიიტანს, ქალი სახლის ჭუჭყიან სამუშაოს გააკეთებს, რათა კაცი უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოს ამ სასტიკ სამყაროში, ბავშვები გაემგზავრონ საყმაწვილო ბანაკებში, სახელად „სკოლა“, ძირითადად იმიტომ, რომ დედის კალთას მოაშორონ და მაინც აკონტროლონ, მაგრამ, ამასთანავე, სასხვათაშორისოდ, მორჩილების და პუნქტუალობის ჩვევებიც განუვითარონ, რაც ასე საჭიროა მშრომელებისთვის. გინდა გაექცე პატრიარქალურ წყობას? გაექეცი ოჯახს, რომლის აუნაზღაურებელი „ჩრდილოვანი სამუშაო“, ივან ილიჩის ნათქვამის კვალდაკვალ, აჩენს შრომის სისტემას, რომელიც მას გარდაუვალს ხდის. არაატომური სტრატეგიის ნაწილია ბავშვობის და სკოლის გაუქმება. ამ ქვეყანაში გაცილებით მეტი მოსწავლეა, ვიდრე დასაქმებული. ჩვენ გვინდა ბავშვები, როგორც მასწავლებლები და არა როგორც მოსწავლეები. მათ ბევრი რამ შეუძლიათ გაუკეთონ ლუდისტურ რევოლუციას, რადგან ისინი უკეთ თამაშობენ, ვიდრე მოზრდილები. მოზრდილები და ბავშვები არ არიან მსგავსები, მაგრამ იქნებიან თანასწორები ურთიერთდამოკიდებულების დროს. მხოლოდ თამაშმა შეიძლება ამოავსოს თაობებს შორის გაჩენილი ბზარი.

ჯერ არაფერი მითქვამს ავტომატიზაციისა და კიბერნეტიზაციის წყალობით, შრომის ნარჩენის შემცირების შესაძლებლობაზე. სამხედრო კვლევებისა და გაცვეთილი ტექნოლოგიებისგან გათავისუფლებულ მეცნიერებს, ინჟინრებს და ტექნიკოსებს ექნებათ დრო, სიამოვნებით იკვლიონ დაღლილობის გაქრობის მეთოდები, მონოტონურობა, მაღაროს საფრთხეები. ისინი უთუოდ იპოვიან თავშესაქცევს. იქნებ მსოფლიო მულტიმედიაკომუნიკაციის სისტემაც შექმნან ან კოსმოსში კოლონია დააარსონ. იქნებ. მე არ ვარ გაჯეტებზე გადარეული. მე არ მაინტერესებს ღილაკით აღჭურვილი სამოთხე. არ მინდა, მონა რობოტებმა ყველაფერი გამიკეთონ. მე მინდა, თვითონ გავაკეთო რამე. ვფიქრობ, რომ შრომის დამზოგავი ტექნოლოგიის ადგილიც მოიძებნება, თუნდაც მოკრძალებული ადგილი. ისტორიული და პრეისტორიული მაგალითები პესიმისტურია. როცა წარმოების ტექნოლოგია მონადირე-შემგროვებლობიდან მეურნეობაზე გადავიდა და შემდეგ ინდუსტრიაზე, შრომა გაიზარდა, უნარებმა და თვითგამორკვევამ იკლო.   ინდუსტრიალიზაციის შედგომმა განვითარებამ გამოავლინა, ჰარი ბრეივმენის სიტყვებით რომ ვთქვათ, შრომის დეგრადაცია. ჭკვიანი დამკვირვებლები ამას ყოველთვის ამჩნევდნენ. ჯონ სტიუარტ მილი წერდა, რომ შრომის დამზოგავ არცერთ გამოგონებას რეალურად არ დაუზოგავს შრომა.

კარლ მარქსი წერდა, რომ „შესაძლებელია დაიწეროს ისტორია გამოგონებებისა, 1930 წლიდან მოყოლებული, რომელთაც ერთადერთი მიზნით ქმნიდნენ – შეეიარაღებინა კაპიტალიზმი მშრომელთა კლასის რევოლუციების წინააღმდეგ“.

ენთუზიასტი ტექნოფილები – სენ სიმონი, კომტე, ლენინი, ბ.ფ. სკინერი – ყოველთვის მკაცრი ავტორიტარები იყვნენ, ანუ ტექნოკრატები. კომპიუტერული მისტიკოსების დაპირებებს სკეპტიკურად უნდა შევხედოთ. ისინი ძაღლებივით მუშაობენ. რამე რომ იყოს, ჩვენც ასე გვამუშავებენ. მაგრამ თუ მათ აქვთ რამე კონკრეტული იდეა, რომელიც ადამიანურ მიზნებს უკეთ მოემსახურება, ვიდრე მაღალი ტექნოლოგიები, მაშინ ყური დავუგდოთ.

მე რაც მინდა, ესაა შრომის თამაშად გადაქცევა. პირველი ნაბიჯი იქნება ცნებების – „სამსახური“ და „დასაქმება“ – გაუქმება. ლუდისტური არსის მქონე აქტივობებიც კი კარგავს ამ პოტენციალს, რადგან კნინდება სამსახურის იდეამდე, და კონკრეტული ადამიანები ვერ აკეთებენ სხვას ვერაფერს. უცნაური არაა ის, რომ წელში წყდება მინდორში, მაშინ როცა მისი მემამულეები კონდიცირებულ სახლებში ატარებენ უქმეებს და ვითომ შრომობენ საკუთარ ბაღებში? პერმანენტული მოლხენის სისტემის პირობებში, დილეტანტიზმის ისეთ ოქროს ხანაში ამოვყოფთ თავს, რენესანსსაც რომ შერცხვებოდა. აღარ იქნება სამუშაოები, იქნება საგნები და ხალხი, რომელიც მას შექმნის.

შარლ ფურიეს თანახმად, შრომის თამაშად ქცევის საიდუმლო ესაა: სხვადასხვა სასარგებლო ქმედება გადანაწილდეს ისე, რომ სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა დროს აკეთოს სასიამოვნო საქმე, ამისთვის საკმარისია, ამოიძირკვოს ირაციონალურობა და სიმახინჯეები, რომელიც აფერხებს ამ ქმედებებს, როცა ისინი შრომამდე დაგვყავს. მე, მაგალითად, ვიქნებოდი მასწავლებელი (დიდი ხნით არა), მაგრამ არ მინდა მოსწავლეებზე ვიძალადო და არ მინდა საქმე დავიჭირო პათეტიკურ, პედანტ კარიერისტებთან.

გარდა ამისა, არსებობს საქმიანობები, რომელთა კეთებაც ადამიანს მოსწონს დროდადრო, მაგრამ არა დიდხანს, და, მით უმეტეს, არა სამუდამოდ. შეიძლება გსიამოვნებდეს ძიძობა რამდენიმე საათით, რათა ბავშვის გარემოცვაში გაატარო დრო, მაგრამ არა იმ ინტენსივობით, როგორც ბავშვის მშობელს. მშობლები ნამდვილად დაგიფასებენ, თავისუფალი დრო რომ მიეცათ, მაგრამ გაღიზიანდებიან, თუ შვილს დიდი ხნით მოსწყდებიან. ეს განსხვავებები აქცევს ცხოვრებას თამაშად. იგივე პრინციპი მუშაობს სხვა მოქმედებების არეალში, მით უმეტეს, არსებით არეალში. შედეგად, ბევრი ადამიანი სიამოვნებით ფუსფუსებს სამზარეულოში, მაგრამ არა მაშინ, როცა მომუშავე ადამიანების სხეულები უნდა აავსოს საკვებით.

მესამე საკითხი: ყველა არასასიამოვნო საქმე – გაკეთებული არასასიამოვნო გარემოცვაში, ან ზემდგომის დავალებით – შეიძლება იქცეს სასიამოვნოდ, თუ ეს მოცემულობები შეიცვლება. ეს ალბათ ასეა, გარკვეული აზრით, ყველა სახის შრომასთან მიმართებით. ადამიანები საოცარ ენთუზიაზმს იჩენენ, რათა ყველაზე მოსაწყენი შრომა თამაშად გადააქციონ. ერთს რაც მოსწონს, ის შეიძლება სხვას არ მოეწონოს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ყველას აქვს მრავალმხრივი ინტერესი და ინტერესი მრავალმხრივობისადმი. გამოთქმის თანახმად, „ყველაფერი პირველად ხდება“. ფურიე დაოსტატებული იყო სპეკულაციაში, მოეთავსებინა პერვერტული გადახრები პოსტცივილიზებულ საზოგადოებაში, რომელსაც მერე ჰარმონიას უწოდებდა. მისი აზრით, იმპერატორ ნერონს ეშველებოდა, ბავშვობაში სასაკლაოზე მუშაობით რომ დაეკმაყოფილებინა სისხლისღვრის სიყვარული. პატარა ბავშვები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ტალახში გორაობისკენ, შესაძლებელია პატარა ჯგუფებად განაწილდნენ და წმინდონ ტუალეტები და ნაგავი გახვეტონ, საუკეთესოები დაჯილდოვდნენ მედლებით. მე მაინცდამაინც ამ მაგალითს კი არ ვემხრობი, არამედ მსურს, გამოვკვეთო პრინციპი, რომელიც, ჩემი აზრით, მშვენივრად გამოხატავს რევოლუციური გარდაქმნის ერთ განზომილებას.  მხედველობაში იქონიეთ, რომ საქმე არ ეხება დღევანდელ სამუშაოს, რომელსაც გავუნაწილებთ შესაბამის ადამიანებს, რომელთა ნაწილიც პერვერტი აღმოჩნდება. თუ ტექნოლოგიას აქ რამე როლი აქვს, ესაა ნაკლები ავტომატიზაცია და არა შესაძლებლობის გახსნა კვლავწარმოებისთვის. რაღაც მხრივ, კარგი იქნებოდა ხელნაკეთობებთან დაბრუნება, რომელიც უილიამ მორისს კომუნისტური რევოლუციის საბოლოო, სასარგებლო და სასურველ შედეგად მიაჩნდა. ხელოვნება ჩამოერთმევა სნობებს და კოლექციონერებს, ის გაუქმდება, როგორც ელიტური აუდიენციის დასაპურებელი სპეციალური დეპარტამენტი, და მისი მშვენიერების ხარისხი აღდგებოდა ერთიან გარემოში, საიდანაც ის მოიპარეს. ნიშანდობლივია ის, რომ ბერძნული თასები, რომლებზეც ოდებს ვთხზავთ და მუზეუმებში ვფენთ, ძველად ზეითუნის ზეთის შესანახად გამოიყენებოდა. მეეჭვება, დღევანდელ საყოფაცხოვრებო არტეფაქტებს ასეთი პატივი ერგოს მომავალში, თუ საერთოდ იქნება მომავალი. საქმე ისაა, რომ არ არსებობს ისეთი რამე, როგორიცაა პროგრესი შრომის სამყაროში. თუ რამე არსებობს, ეს მისი საპირისპიროა. დაუფიქრებლად უნდა გავძარცვოთ წარსული იმისგან, რისი შემოთავაზებაც მას შეუძლია. ძველები ამით არაფერს წააგებენ, ჩვენ კი მოვიგებთ.

ყოველდღიურობის ხელახლა გამოგონება გულისხმობს ჩარჩოების დამსხვრევას. იმაზე მეტი შთამაგონებელი სპეკულაცია არსებობს, ვიდრე ხალხის უმეტესობას შეუძლია წარმოიდგინოს. ფურიე და მორისი რომ გვერდზე გადავდოთ (და მინიშნების სახით, შიგადაშიგ, მარქსიც), არსებობს კროპოტკინის ნაშრომები, სინდიკალისტები პატო და პუჟე, ძველი ანარქოკუმუნისტი ბერკმანი და ახალი ბუქჩინი. ძმები გუდმენების „Communitas“-ი სამაგალითოა იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ფორმებს იღებს მოცემული ფუნქცია (მიზანი), და ასევე, შეიძლება რაღაცის ამოკრეფა ალტერნატიულ/სახასიათო/ინტერმედიალურ/საზეიმო მეთოდების მოციქულებისგან, როგორებიც არიან შუმახერი და, მით უფრო, ილიჩი, თუმცა, იქამდე საჭიროა, მათ ბურუსს გამოერიდო. სიტუაციონისტები – მაგალითად, ვანეგეიმის „ყოველდღიურობის რევოლუცია“, რომელიც შესულია სიტუაციონისტების ინტერნაციონალურ ანთოლოგიაში – არიან უკიდურესად მკაფიოები და ლაღები, თუმცა, მათ ვერ შეძლეს, მშრომელთა საკონსულოების წესები შეერწყათ შრომის გაუქმებასთან. მაგრამ მათი კონტექსტიდან ამოვარდნილობა სჯობს მემარცხენეობის ნებისმიერ დღევანდელ ვერსიას, რომელთა მიმდევრები ცდილობენ, შრომის აპოლოგეტები იყვნენ. შრომა რომ არა, მშრომელებიც არ იქნებოდნენ და ვინ უნდა დაერაზმათ მემარცხენეებს?

ასე რომ, აბოლიციონისტები მიზანს ალბათ არ უღალატებენ. ვერავინ იტყვის, რა შედეგი დადგება შემოქმედებითი ძალის შრომისგან გათავისუფლების შემდეგ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოსაწყენი კამათი – „თავისუფლება VS აუცილებლობა“ – თავის თეოლოგიურ ოვერტონებიანად პრაქტიკულად დასრულდება, როგორც კი „სამომხმარებლო ღირებულება“ სასიამოვნო გართობას შეუერთდება.

ცხოვრება გახდება თამაში, ან ბევრი თამაში, მაგრამ არა ნულოვანი ჯამის თამაში, როგორც ახლა. კარგი სექსუალური ურთიერთობა ნაყოფიერი თამაშის პარადიგმაა. მისი მონაწილეები უძლიერებენ ერთმანეთს სიამოვნებას, ანგარიშს არავინ ადგენს, და ყველა იგებს. რაც მეტს გასცემ, მით უფრო მეტს იღებ. ლუდისტურ ცხოვრებაში საუკეთესო სექსი დაუკავშირდება ყოველდღიურობის საუკეთესო ნაწილს. განზოგადებული თამაში გაგვიძღვება ცხოვრების ლიბიდურობისკენ. სექსი, თავის მხრივ, არ იქნება ასე გადაუდებელი და სასოწარმკვეთი, უფრო ლაღი იქნება. თუ კარტს სწორად ვთამაშობთ, უფრო მეტს მივიღებთ ცხოვრებისგან, ვიდრე გავეცით. მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ მოსაგებად ვთამაშობთ.

არავინ არასოდეს არ უნდა მუშაობდეს. პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა... მოეშვით!

თარგმანი :
  • პაატა შამუგია
ავტორი :
  • ბობ ბლექი